Facebook Twitter

საქმე # 330100123007193657

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1040აპ-23 ქ. თბილისი

ლ–ი ხ., 1040აპ-23 22 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ხ. ლ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა ხ. ლ–ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ინტენსივობა, ქმედების განხორციელების ხერხი და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის განაჩენით ხ. ლ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ხ. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

მსჯავრდებულ ხ. ლ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა მოვალეობა – პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გაუქმდა ხ. ლ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ლ–მა ჩაიდინა: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობა, ე.ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებით, ასევე, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

ხ. ლ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათიდან - 04:00 საათამდე დროის პერიოდში, ხ. ლ–მა, მის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში (მის: თ–ი, გ–ს „.“ მიკრორაიონი, კორპუსი N.., ბინა N..), საკუთარი დომინანტური მდგომარეობის დემონსტრირებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ი. რ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მუშტი დაარტყა სახის არეში, ასევე მოქაჩა თმები და დააგდო იატაკზე, რის შემდგომაც რამდენჯერმე ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. ხ. ლ–ს ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, ი. რ–სემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი.

ü 2021 წლის მარტის თვიდან – 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ხ. ლ–ი საკუთარი დომინანტური მდგომარეობის დემონსტრირებით, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ი. რ–სთან, რაც გამოიხატებოდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, მასთან მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციასა და კონტროლში. ხ. ლ–ი ი. რ–ს ყოველდღიურად, დაჟინებით სთხოვდა სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციისას ჩაერთო ვიდეოთვალი, რათა შეემოწმებინა მისი ადგილსამყოფელი და გაეკონტროლებინა მისი თითოეული ნაბიჯი. ხ. ლ–ს მხრიდან არასასურველი სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, ი. რ–ს ხელი ეშლებოდა სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულებაში და ასევე, ერიდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას. გარდა ზემოაღნიშნულისა, დროის მითითებულ პერიოდში, ხ. ლ–ი უკანონოდ უთვალთვალებდა ი. რ–ს, რაც გამოიხატებოდა მისი გადაადგილების კონტროლში, რის გამოც ი. რ–სე ერიდებოდა ნებისმიერ მამაკაცთან კომუნიკაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხ. ლ–ი იწყებდა უმიზეზოდ ეჭვიანობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას (ვინაიდან ხ. ლ–ი ი. რ–ს აღიქვამდა როგორც საკუთრებას). ხ. ლ–ს ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, ი. რ–ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, რაც გამოიხატა თავისუფალი დროის საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ გამოყენებასა და მუდმივ სტრესში, რომ მას ყოველთვის ვიღაც უთვალთვალებდა. ამას გარდა, ხ. ლ–სის შიშით, ი. რ–მ მაქსიმალურად შეზღუდა ყველა სახის კონტაქტი ნაცნობ მამაკაცებთან და ასევე, ერიდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას, ვინაიდან ხ. ლ–ს მისთვის ნებისმიერ მომენტში შესაძლოა დაერეკა და მოეთხოვა ვიდეოთვალის ჩართვა. ხ. ლ–ს ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, ი. რ–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ხ. ლ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ხ. ლ–ს შეუფარდეს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი (ჩადენილი დანაშაულების აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა), ისე დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გარემოებები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, კანონშესაბამისი, ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი. აგრეთვე ის გარემოება, რომ ხ. ლ–სმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანი და კანონიერია, სრულად შეესაბამება როგორც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. ამდენად, არ არსებობს სასჯელის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითება არ ქმნის უფრო მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის დანიშვნის საფუძველს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი