საქმე # 010100122006270123
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1016აპ-23 ქ. თბილისი
ნ–ე ზ., 1016აპ-23 23 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ნ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის კვალიფიკაციის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ზ. ნ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაკვალიფიცირებას და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: ზ. ნ–ე არ უარყოფს დაზარალებულისათვის ხელის დარტყმის ფაქტს, მაგრამ გ. ფ–მ დაზიანება არა მისი ქმედების, არამედ - წაქცევისა და თავის დარტყმის შედეგად მიიღო, შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ვინაიდან მის ქმედებას არ გამოუწვევია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენით ზ. ნ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
გაუქმდა მსჯავრდებულ ზ. ნ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 13 სექტემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ნ–მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ს აღმართში, ნ. ფ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ზ. ნ–მ სახისა და თავის არეში მუშტის დარტყმით, გ. ფ–ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და რასაც არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა ზ. პ–მ და ლ. ნ–მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ. ნ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ზ. ნ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ. ფ–ს ჩვენებით, მოწმეების: ნ. ფ–ს, ლ. ფ–ს ჩვენებებით, თ. მ–ს, ლ. ფ–ს, რ. მ–ს, ს. ფ–ს, რ. ფ–სა და ნ. გ–ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ გ. ფ–ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 19 აგვისტოს დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ღ. უ–ს ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ზ. ნ–ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, კერძოდ:
10. დაზარალებულ გ. ფ–მის, მოწმეების: ნ. ფ–სის, ლ. ფ–სა და თვითონ მსჯავრდებულის მეგობრის, თ. მ–ს (რომლის გამოკითხვის ოქმიც უდავოდ არის ცნობილი) ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ. ნ–მ გ. ფ–ე რამდენიმე მეტრში ცალკე სასაუბროდ გაიყვანა. დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ზ–მ ყვირილი დაუწყო და საჩვენებელი თითი პირში ჩაუყო, ლოყაში ჩააფრინდა და არ აძლევდა განძრევის საშუალებას. ძალიან ეტკინა და თავის გათავისუფლების მიზნით მას ხელი დაარტყა, პასუხად ამ უკანასკნელმა ხელი სახის მარცხენა არეში ისე ძლიერად დაარტყა, რომ ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს, გაითიშა, გონს მხოლოდ საავადმყოფოში მოვიდა. დაზარალებულმა დამატებით დაადასტურა, რომ ნ–მ მას ორჯერ დაარტყა თავის არეში მარცხენა მხარეს, ხოლო დარტყმამდე მასთან და ნ–სთან ერთად სხვა პირი საუბარსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ თავის არეში სწორედ ზ. ნ–ს დარტყმის შედეგად მიადგა დაზიანება.
11. დაზარალებულის ჩვენებასთან სრულად არის თანხვდენილი ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, თენგიზ მოფინაძის განმარტებით, ,,მოსვლისთანავე ზ–მ გ–ს უთხრა, შენ აქ რა წესებს აწესებ, რა ცოცხებს ითხოვო და დაუწყო ყვირილი”. თვითონ მათ საუბარში არ ჩარეულა, ნოდარს სურდა რაღაცის თქმა, თუმცა ,,ზ–ა არ აცლიდა და უყვიროდა მას”. შემთხვევის ადგილზე მყოფი ყველა მოწმე ცალსახად ადასტურებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მხოლოდ ზ. ნ–სა და გ. ფ–ს შორის, რომელშიც ადგილზე მყოფი სხვა რომელიმე პირი არ ჩარეულა და არ მონაწილეობდა. მოწმეები განმარტავენ, რომ გაიგეს ჩოჩქოლი და შემდეგ ნახეს ძირს უგონოდ დაცემული გ–ო. დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის, ღ. უ–ს ჩვენებით დადგენილია ისიც, რომ დაზარალებულ გ. ფ–ს სხეულზე არსებული დაზიანებები (ქვედა ყბის მოტეხილობა, თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა), ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ ის დაზიანებები, რომლებიც გ. ფ–ს აღენიშნებოდა, სავსებით შესაძლებელია თავის არეში ხელის ძლიერი დარტყმის შედეგად მიეღო.
12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაზარალებულმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო სწორედ ზ. ნ–ს დარტყმის შედეგად და რომ მსჯავრდებულის ქმედება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი