Facebook Twitter

საქმე N 330100122005829161

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№913აპ-23 ქ. თბილისი

ს–ე ო., 913აპ-23 26 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა–ს, მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს–სა და მსჯავრდებულ კ. თ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ ო. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა–მ, მსჯავრდებულ ვ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს–მ და მსჯავრდებულ კ. თ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ბ–მ.

2. ადვოკატი გ. ა–ს საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და ო. ს–ს უდანაშაულოდ ცნობას, რადგან მიიჩნევს, რომ სასამართლომ ფაქტები და მოვლენები ცალმხრივად და სუბიექტურად შეაფასა, უგულებელყო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, უარყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს არასწორი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას და გაუქარწყლებელი ეჭვების ბრალდებულების საუარესოდ გადაწყვეტას; სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულის ჩვენებით, ირკვევა, რომ დ. მ–სა და კ. თ–ს შორის არსებული დავის მოგვარებისთვის ო. ს–მ მართლაც შესთავაზა დაზარალებულს იაფი კრედიტის აღებაში დახმარება, ბიზნეს წრეებთან და არა – ,,ქურდულ სამყაროსთან“ მისი კავშირების გამო; საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ო. ს–ე ,,ქურდული სამყაროს“ წევრია; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები ცალსახად გამორიცხავს სადავო მიწის ნაკვეთით მსჯავრდებულის დაინტერესებას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, ასეთი ინტერესი გამოკვეთილია ,,კანონიერი ქურდების“ ქმედებებში, რომელთა დავალებითაც, თითქოსდა, მოქმედებდა ო. ს–ე, რაც ასევე არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით; დაზარალებულის განცხადებით, ,,ვ–ებში“ ო. ს–ე სამართალდამცავებს გულისხმობდა და არა – ,,კანონიერ ქურდებს“, რომლებიც მასთან საუბრის დროს, არასდროს უხსენებია; დ. მ–ს ქმედებაში, რომელიც კ. თ–საგან განსხვავებით პასუხისგებაში არ არის მიცემული, შესაძლოა იკვეთებოდეს დანაშაულის პროვოკაციის ნიშნები.

3. ადვოკატი გიგა სვანიძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდით, რომ ვ. გ–ი ,,ქურდული სამყაროს“ წევრია ან მონაწილეობდა ,,ქურდულ შეკრებაში“, არ არის საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მისი მსჯავრდებისათვის, რამეთუ უტყუარად უნდა დამტკიცდეს, რომ მსჯავრდებული აქტიურად მოქმედებდა ,,ქურდული სამყაროს“ მიზნებისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ არის დადასტურებული; დაზარალებულ დ. მ–ს ჩვენება, რომელიც, თავის მხრივ, ვ. გ–ს მამხილებელ მტკიცებულებად ვერც გამოდგება, თავისი შინაარსით, წინააღმდეგობრივი და მიკერძოებულია; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებში, რომლებიც სიღრმისეულად არც შეუფასებია სასამართლოს, არსად იკვეთება ვ. გ–ს ,,ქურდული სამყაროსადმი“ კუთვნილება, მის სასარგებლოდ მოქმედება ან მისთვის დამახასიათებელი შინაარსის საუბრებში მონაწილეობა; მოწმეებმა – ს. ღ–მ და პ. შ–მ – დაადასტურეს, რომ ვ. გ–სი კ. თ–სთან მეგობრობდა და არასდროს გაუგიათ, რომ იგი ,,ქურდული სამყაროს“ წევრია; ვ. გ–ი აქტიურად იყო ჩართული მისი საქმის სასამართლო განხილვაში, რაც არ ახასიათებთ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ერთგაროვანი დასკვნის შესაძლებლობას, ვ. გ–ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რისი გათვალისწინებითაც, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

4. ადვოკატი კ. ბ–მ მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და ითხოვს კ. თ–ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა; ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ვ. გ–ი ,,ქურდული სამყაროს“ წევრად, მაშინ, როდესაც, ამ დასკვნამდე ვერ მივიდა პირველი ინსტანციის სასამართლო; საქმის ფიგურანტები ვ. გ–ს არ მოიხსენიებენ ,,ქურდული სამყაროს“ წევრის სტატუსით და არც დავის მოგვარებაში მისი მონაწილეობის ხარისხი და ინტენსივობა მიუთითებს პროცესებზე მის გავლენასა თუ გადაწყვეტილების აღსრულების პასუხისმგებლობაზე; სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია კ. თ–სა და ვ. გ–ს მეგობრობაზე და არ დაუსაბუთებია, რომელი მტკიცებულებით დგინდება, კ. თ–ს მიერ ვ. გ–სათვის დანაშაულებრივი მიზნებით მიმართვის ფაქტი; იმ პირობებში, როდესაც, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია ვ. გ–ა და კ. თ–ს ქმედებებში მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ელემენტების არსებობა, გასცდა ბრალდების ფარგლებს და ისეთი ფაქტები დაადგინა (მაგალითად, საქართველოში ,,ქურდული გარჩევის“ მოწყობა, პროცესში ერთზე მეტი ,,კანონიერი ქურდის“ მონაწილეობა), რომლებიც ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული არ ყოფილა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: ო. ს–ს, – დაბადებულს 19.. წლის ...–ს, – ბრალად დაედო ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა; ვ. გ–სს, – დაბადებულს 19.. წლის ..–ს, – ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, ხოლო კ. თ–ს, – დაბადებულს 19.. წლის ..–ს, – „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის/„კანონიერი ქურდისათვის“ მიმართვა, „ქურდული გარჩევის“ განხორციელების, თავისთვის და სხვისთვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგით:

დ. მ–სა და კ. თ–ს შორის გ–ს რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, წარმოიშვა ფინანსური დავა, რომლის თაობაზე შეიტყო „ქურდული სამყაროს“ წევრმა – ო. ს–მ, რომელმაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების, თავისთვის და სხვისთვის სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებისათვის, გადაწყვიტა კ. თ–სთან მოეწყო „ქურდული გარჩევა“, რის გამოც, დაუკავშირდა „კანონიერ ქურდს“, მ. მ–ს. თავის მხრივ, მეორე მოდავე მხარემ – კ. თ–მა თავისთვის მატერიალური სარგებლისა და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრს – ვ. გ–ს და სთხოვა, მონაწილეობა მიეღო მასსა და დ. მ–ს შორის დავასთან დაკავშირებით „ქურდულ გარჩევებში“.

2021 წლის 30 ნოემბერს, „ქურდული სამყაროს“ წევრი – ვ. გ–ი და მოდავე მხარე – კ. თ–ი, ხოლო 2021 წლის 1 დეკემბერს, „ქურდული სამყაროს“ წევრი – ო. ს–ე და მოდავე მხარე – დ. მ–ე, „ქურდულ გარჩევაში” მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ თ–ს რესპუბლიკაში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, მათ შორის – „კანონიერ ქურდ“ მ. მ–სთან.

2021 წლის 1 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში, „კანონიერმა ქურდმა“ – მ. მ–სმა, ასევე – „ქურდული სამყაროს“ წევრებმა: ო. ს–მ და ვ. გ–მა მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“, სადაც განიხილეს დ. მ–სა და კ. თ–ს შორის არსებული დავა, მოისმინეს მათი მოსაზრებები, რის შედეგადაც გადაწყდა სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისება და თანხების განაწილება „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების შეხედულებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მიზნებისათვის.

2021 წლის 3 დეკემბერს, „ქურდული სამყაროს“ წევრები და მოდავე მხარეები დაბრუნდნენ ს–ში, სადაც გაგრძელდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა, კერძოდ: „ქურდული სამყაროს“ წევრებმა – ო. ს–მ და ვ. გ–მა დაიწყეს „კანონიერი ქურდების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად აქტიური მოქმედებები, სადვაო მიწის ნაკვეთის გასხვისების მიზნით. ამავდროულად, „ქურდული სამყაროს“ წევრები უკავშირდებოდნენ მოდავე მხარეებს და ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. 2022 წლის 23 თებერვალს, „ქურდული სამყაროს“ წევრი – ო. ს–სე, შეხვდა დ. მ–სეს, ხოლო 2022 წლის 11 მარტს ,,ქურდული სამყაროს“ წევრი – ვ. გ–სი, შეხვდა დ. მ–სა და კ. თ–ს და ისაუბრეს თ–ს რესპუბლიკაში მოწყობილი ,,ქურდული გარჩევის“ შესახებ. შეხვედრისას ვ. გ–სმა დ. მ–სეს უთხრა, რომ აქტიურად მოქმედებდა ,,კანონიერი ქურდების” მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად – მიწის ნაკვეთის გასასხვისებლად და ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაალაპარაკა „კანონიერი ქურდს“. 2022 წლის 1 აპრილს, დ. მ–სესა და კ. თ–სს კვლავ შეხვდათ „ქურდული სამყაროს“ წევრი – ვ. გ–სი, რა დროსაც დაადასტურა ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შედეგად, მიწის ნაკვეთების გასხვისების შემდეგ მიღებული მატერიალური სარგებლის განაწილების აუცილებლობა.

3. ო. ს–სა და ვ. გ–სს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო კ. თ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით: ო. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ვ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კ. თ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაუსწრებლად მსჯავრდებულია მ. მ–სი.

6. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ კ. თ–სა და დ. მ–ს შორის არსებული დავის გარჩევაში მონაწილეობდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრი – ო. ს–ე, ხოლო გადაწყვეტილებას იღებდა ,,კანონიერი ქურდი’’ – მ. მ–ი, რომლის გადაწყვეტილების აღსრულებას და, შესაბამისად, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, თავისი აქტიური მოქმედებით, ხელს უწყობდა ვ. გ–სი, რომლის ქმედება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ნაცვლად შეფასდა, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, რისი გათვალისწინებითაც, კ. თ–ი, ,,არასწორი“ სუბიექტისათვის – ვ. გ–სთვის –მიმართვის გამო, ,,ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვის ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ, რომელიც ითხოვდა ვ. გ–სა და კ. თ–ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ო. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ–მამ და მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს–, რომლებიც ითხოვდნენ ო. ს–სა და ვ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენი შეიცვალა; ო. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ვ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კ. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულების ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა ო. ს–ს, ვ. გ–სა და კ. თ–ს მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებზეც ამომწურავად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, დაზარალებულ დ. მ–ს ჩვენება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით, სარწმუნო და დამაჯერებელია, რამეთუ საქმის მასალებით არ დადგენილა რაიმე დამაჯერებელი მოტივი, რატომ უნდა ემხილა მას ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშაულებში მსჯავრდებულები და, ამავდროულად, მისი მონათხრობი თანხვდენილია და დასტურდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, რომლებიც შინაარსობრივად შეიცავს ვრცელ ინფორმაციას და სრულ სურათს ქმნის მსჯავრდებულებსა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ო. ს–ს, ვ. გ–სა და კ. თ–ს დანაშაულებრივ ქმედებებზე.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს ამ კატეგორიის დანაშაულების საქმეებში, დიდწილად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული პირები გამოირჩევიან კრიმინალური უნარ-ჩვევებით, სიფრთხილით და, როგორც წესი, თავს იკავებენ კომუნიკაციისას ღია ტექსტებით საუბრისაგან. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების ერთობლივად შეფასება, მთლიანი სურათის უკეთ დასანახად და სათანადოდ შესაფასებლად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის №120აპ-20 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 25). თავისუფალ გარემოში ფორმირებულ ამ ტიპის სამხილებს, როდესაც ჩანაწერების ფიგურანტები მოქმედებენ თავისუფალი ნებით, ყოველგვარი ზემოქმედებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის რისკების გარეშე, სანდოობის კუთხით შეფასებისას, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვთ.

14. დაზარალებულის თანმიმდევრული ჩვენების კვალდაკვალ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ დ. მ–სა და კ. თ–ს შორის არსებული ქონებრივი დავის გადაწყვეტაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი – ,,ქურდული სამყაროს“ წევრები – ო. ს–ე, რომელიც იცავდა დაზარალებულ დ. მ–ს ინტერესებს და ვ. გ–ი, რომელსაც სადავო საკითხის მოსაგვარებლად დაზარალებულის მოდავემ, კ. თ–მა მიმართა. დ. მ–ს ჩვენება 2021 წლის 1 დეკემბერს თ–ს რესპუბლიკაში ,,კანონიერ ქურდთან“ – მ. მ–სთან, ,,ქურდული სამყაროს წევრების“ – ო. ს–სა და ვ. გ–ს, მონაწილეობით გამართულ ,,ქურდულ გარჩევასთან“ დაკავშირებით, სარწმუნოდ დასტურდება ს–ს საზღვრის კვეთის შესახებ დოკუმენტაციით, რომლის მიხედვით, ს–დან თ–ს რესპუბლიკაში, ერთი მხრივ, 2021 წლის 30 ნოემბერს, ერთი და იმავე რეისით, გაფრინდნენ – კ. თ–სი და ვ. გ–სი, ხოლო, მეორე მხრივ, 2021 წლის 1 დეკემბერს, ასევე ერთი და იმავე რეისით – დ. მ–სე და ო. ს–ე, რომლებიც ს–ში, იმავე შემადგენლობით დაბრუნდნენ 2021 წლის 3 დეკემბერს. მ. მ–ს კი ს–ს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი აქვს 2008 წლის 7 თებერვალს და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა; 2022 წლის 23 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერით, რომლის მიხედვით, დ. მ–ე საყვედურობს ო. ს–ს, რომ კ. თ–სმა ტყუილად წაიყვანა ისინი თ–ში, სადაც მისი თქმით: „ – ერთი დუჟინი (дюжина (რუს) – ათეული) ,,ქურდები“ დაახვედრეს, რაღაც ილაპარაკეს, მაგრამ რეალურად საქმე არ სრულდება“, რაზეც, ო. ს–ე, თავის მხრივ, ამშვიდებს, რომ: ,, – ტყუილად არ ყოფილან იქ, დაასრულეს „ქურდებმა“ და უთხრეს, რომ მიწა მათი იყო და აქაც დასრულდებოდა“; ასევე 2022 წლის 29 მარტის ფარული ჩანაწერით, რომლის შინაარსის თანახმად, კ. თ–სი უდასტურებს დ. მ–სეს, რომ ესწრებოდა საუბარს, რა დროსაც ,,ქურდებმა“ დ. მ–სეს უთხრეს, რომ სადავო მიწა ეკუთვნოდა დაზარალებულს. კ. თ–ს თქმით: ,, – მათ შორის არსებული დავა „იმ ხალხმა“ გადაწყვიტა ასე“. ვ. გ–სა და ო. ს–სის „ქურდულ სამყაროსთან“ მჭიდრო კავშირზე მიუთითებს დ. მ–ს, კ. თ–სა და ვ. გ–სის 2022 წლის 11 მარტისა და 1 აპრილის შეხვედრების, ასევე – ო. ს–ს სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ ისინი აქტიურად მოქმედებდნენ ,,ქურდული სამყაროს“ ინტერესების შესაბამისად და მისი ხელდასმით, ზედმიწევნით ცდილობდნენ ,,ქურდული გარჩევის“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ს–ს, ვ. გ–სა და კ. თ–ს მსჯავრდება კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე სამართლებრივი წინაპირობა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივრებშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა–ს, მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს–სა და მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ბ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი