საქმე N 330100120004046718
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1121აპ-23 ქ. თბილისი
ფ–ა ვ., 1121აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების: ზ. გ–სა და ვ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–მის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების: ზ. გ–სა და ვ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ზ. გ–ს მსჯავრდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ვ. ფ–ს ნაწილში – კვალიფიკაციის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას, ან პირობითი მსჯავრის გამოყენებას, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულის ჩვენება არ არის სანდო და დამაჯერებელი, იგი არასრულყოფილად და არასწორად გადმოსცემს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; ამასთან, მისი ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება მოწმე თამარ გაბროშვილის ჩვენებას, ისევე როგორც ბრალდების მხარის დანარჩენ მოწმეთა ჩვენებები; სააპელაციო სხდომაზე ვ. ფ–მ აღიარა, რომ მან იძალადა დაზარალებულზე, მაგრამ ზ. გ–ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად ჯგუფური დანაშაული არ იკვეთება; სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არასწორად მიუთითა, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
2.1. ზ. გ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. გ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 14 ივლისიდან.
2.2. ვ. ფ–მ, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ. ფ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 6 თებერვლიდან.
გაუქმდა ვ. ფ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს გადამხდელ პირს, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.000 (ათასი) ლარი.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. გ–მ და ვ. ფ–მ ჯგუფურად ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზ. გ–ს და ვ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2019 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში, თ–ში, ხ–ს ქუჩა №..-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ვ. ფ–მ ზ. ო–ს ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც ზ. გ–მ გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა მას სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც ზ. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულების: ზ. გ–სა და ვ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
სააპელაციო სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ზ. გ–ს მიმართ ალტერნატივის სახით მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ხოლო ვ. ფ–ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის, ასევე პირობითი მსჯავრის გამოყენება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულ ზ. გ–ს მსჯავრდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ხოლო ვ. ფ–ს ნაწილში – კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ ზ. ო–ს ჩვენებით, მოწმეების: თამარ გაბროშვილის, მაია სიხუაშვილის, მადინა გასვიანისა და ელისაბედ წივილაშვილის ჩვენებებით, მოწმე პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების – ხ. ჩ–სა და ი. გ–ს ჩვენებებით, პატრულ-ინსპექტორ ხუშუტი ჩქოფოიას მიერ შედგენილი პატაკით, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათით, დაზარალებულ ზ. ო–ს სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 15 ივლისის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ზ. გ–სა და ვ. ფ–ს ალკოტესტით შემოწმების ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ზ. გ–მ და ვ. ფ–მ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას დაზარალებულ ზ. ო–ს ჩვენების სანდოობიისა და დამაჯერებლობის შესახებ. იგი თანმიმდევრულად და დეტალურად გადმოსცემს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მისი ჩვენება სურად შეესაბამება საქმეში არსებულ არაერთ პირდაპირ მტკიცებულებას.
11. დაზარალებულ ზ. ო–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 10 ივლისს, მეზობლებს შორის წარმოქმნილი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ზ. გ–მ და ვ. ფ–მ ერთობლივად, ფიზიკურად იძალადეს ზ. ო–ზე, რაც გამოიხატა ვ. ფ–ს მხრიდან დაზარალებულისათვის ყელში ხელის წაჭერით, ხოლო ზ. გ–ს მიერ მისთვის სახისა და თავის არეში რამდენიმე დარტყმით.
12. დაზარალებულის ჩვენებას სრულად შეესაბამება და ზუსტად იმავე ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს შემთხვევის უშუალო არაერთი თვითმხილველი პირი, პირდაპირი მოწმეები: თ. გ–ი, მ. ს–ი, მ. გ–ი და ე. წ–ი. დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი ასევე დადგენილია მოწმეების, პატრულ ინსპექტორების: ხ. ჩ–სა და ი. გ–ს ჩვენებებით, აგრეთვე – დაზარალებულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 15 ივლისის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით. სამედიცინო ბარათითა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ. ო–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი სისხლნაჟღენთის და ნაჭდევების სახით (მარჯვენა წინამხრის არეში, უკანა ზედაპირზე, იდაყვის სახსართან აღენიშნება ნაჭდევები. მარცხენა მხრის სახსრის არეში, ნაჭდევები, ხოლო მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში - სისხლნაჟღენთი), რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს – 2019 წლის 10 ივლისს.
13. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, მსჯავრდებულებისა და მოწმეების: თ. გ–სა და ბ. კ–ს ჩვენებებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დეტალურად დაასაბუთეს, თუ რატომ არ გაიზიარეს მათი ჩვენებები და რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება და იზიარებს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. გ–სა და ვ. ფ–ს მსჯავრდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია, ამასთან, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შესაბამისადაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.
15. რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. ფ–ს მიმართ განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს მისი პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და დამდგარი შედეგის, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და რომლის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი პალატას არ გააჩნია.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების: ზ. გ–სა და ვ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი