Facebook Twitter

საქმე # 330100122005403635

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1018აპ-23 ქ. თბილისი

შ–ი გ., 1018აპ-23 23 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. შ–ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და კანონიერი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გ. შ–ს გამამართლებელ ეპიზოდებთან მიმართებით, არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობა და მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა და დაუსაბუთებლად გამოიტანა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პატრულ-ინსპექტორების: რ. კ–სა და ზ. მ–ს ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. შ–ს ბრალეულობა ძალადობის ეპიზოდებშიც; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება დანაშაულების ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; გარდა ამისა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის პიროვნებასა და მიერ ჩადენილ დანაშაულთან.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. შ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2021 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2021 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი).

გ. შ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2021 წლის 28 ნოემბერს, გ. შ–ს მიმართ გამოიცა N........... შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, გ. შ–ს 30 (ოცდაათი) დღით აეკრძალა მეუღლის - ქ. ბ–ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გ. შ–მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2021 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 12:40 საათზე, მივიდა მეუღლის - ქ. ბ–ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში და მასთან დაამყარა კომუნიკაცია.

ü 2021 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 12:40 საათზე, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, გ. შ–მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მეუღლე ქ. ბ–ე, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მოთხოვნები, უკრძალავდა მუშაობას და მისგან მოითხოვდა შეესრულებინა მხოლოდ დიასახლისის ფუნქციები, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მასზე, კერძოდ, ორივე ხელის მტევანზე ძლიერად მოუჭირა ხელები. აღნიშნულის შედეგად, ქ. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2021 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, გ. შ–მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მეუღლე ქ. ბ–ე, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მოთხოვნები, უკრძალავდა მუშაობას და მისგან მოითხოვდა შეესრულებინა მხოლოდ დიასახლისის ფუნქციები, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მასზე, კერძოდ, ხელი ჩაავლო თმაში და მოქაჩა ძლიერად. აღნიშნულის შედეგად, ქ. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის განაჩენით გ. შ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

გ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გ. შ–ს როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

გაუქმდა გ. შ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

გ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 8 დეკემბრიდან 2022 წლის 26 იანვრის ჩათვლით.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, დახმარება და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში უნდა განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. შ–ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელ ნაწილში დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ქ. ბ–მ და მოწმე ნ. შ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის, გ. შ–ს წინააღმდეგ ჩვენება. ამავდროულად, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

10. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს: დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; მოწმეები, პოლიციის მუშაკები: რ. კ–ე და ზ. მ–ი, არ არიან ძალადობის შემსწრე პირები და, შესაბამისად, არ ფლობენ ინფორმაციას მის დეტალებსა და იმ გარემოებაზე, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი; დანაშაულის შესახებ დაზარალებულ ქ. ბ–სა და მისი შვილის შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და გ. შ–ს მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტზე, ხოლო მასში ძალადობის თაობაზე რაიმე ინფორმაცია მითითებული არ არის. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და ვერ ადასტურებს გ. შ–ს ბრალეულობას ძალადობის ეპიზოდებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

11. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას: საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, არც პირდაპირ და არც ირიბად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. შ–მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, შესაბამისად, ამ ნაწილშიც გ. შ–ს ბრალდებიდან კანონიერად ამოირიცხა მითითება აღნიშნული მოტივით დანაშაულის ჩადენის შესახებ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში).

12. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. შ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმება საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი