¹ბს-1621-1195(კ-05) 2 მაისი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – თელავის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩლე) – თ. ა-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
დავის საგანი – განკარგულების და დაგენილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გამოარკვია:
2005 წლის 1 თებერვლის თ. ა-მ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თელავის რაიონის გამგოების მიმართ, რომლითაც მოითხოვა თელავის რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 იანვრის დადგენილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-3/.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
თ. ა-ე 2000 წლიდან მუშაობდა გ. ჩ-ის სახელობის თელავის სახლმწიფო ... მუზეუმის ...ად. 2005 წლის 17 იანვარს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად 2005 წლის 13 იანვრის გამგოების დაგდენილებაში, მითითებული იყო, რომ მოსარჩელე თვითნებურად გავიდა შვებულებაში და ამ ხნის მანძილზე უკანონოდ აცდენდა სამსახურს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბრძანებას შვებულებაში გასვლაზე გამოსცემდა თვითონ, შესაბამისად, მოვალეობის შესრულებას აკისრებდა რომელიმე თანამშრომელს. შვებულებაში გასვლას ზეპირი განცხადებით ათანხმებდა კულტურის განყოფილების გამგესთან. ბრძანება მოსარჩელის შვებულების გასვლის შესახებ ან წერილობითი თანხმობა არც გამგეობაში და არც კულტურის განყოფილებაში არასოდეს არ დაწერილა. აღნიშნული დასტურდება კულტურის განყოფილების 2005 წლის 24 იანვრის ¹4 პასუხით, ასევე 2002-2004 წლების სხვადასხვა ბრძანებით.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
თ. ა-ის მოსაზრებით, გამგეობის მიერ გამოცემული აქტები მიღებული იყო კანონის დარღვევით, ვინაიდან იგი არ ყოფილა მიწვეული სხდომაზე, სადაც განიხილავს მისი საკითხი, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, 32-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, განკარგულება გამოიცა მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში. შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუძლებელი იყო შვებულების პერიოდში მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო გამგეობის სხდომის ოქმით და განკარგულებით შვებულება არ იყო ბათილად ცნობილი. მოსარჩელე არ დაეთანხმა განკარგულების გამოცემის საფუძვლად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას. ვინაიდან დაუდასტურებელი იყო მის მიერ სამსახურის უკანონოდ მიტოვების საკითხი და ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ის არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რომელზეც ვრცელდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები /იხ. ს.ფ.1-3/.
რაიონულ სასამრთლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე – თელავის რაიონის გამეგეობამ არ ცნო თ. ა-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკამყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
თელავის სახელმწიფო ... მუზეუმის დირექტორი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მას “მუზეუმის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგაოები ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამდენად თ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება ჰქონდა იმ პირს, ვისაც უფლება აქვს დანიშნოს თანამდებობაზე, თელავის რაიონის გამგეობამ იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99.4 მუხლით და საფუძვლიანად გაათავისუფლა თ.ა-ე თანამდებობიდან, რამდენადაც ეს უკანასკნელი სამსახურიდან თავისუფლდებოდა თვითნებურად /იხ.ს.ფ. 19-20/.
თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის გადაწყუვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შედმდეგნაირად:
რიაონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
თ. ა-ე 2000 წლიდან მუშაობდა გ, ჩ-ის სახელობის თელავის სახელმწიფო ... მუზეუმის ...ად. მოსარჩელე შვებულებაში გადიოდა თავისი ბრძანებით, ე.ი. წლების მანძილზე ირღვეოდა კანონის მოთხოვნა შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამგეობამ სწორად ჩათვალა 2004 წლის დეკემბრიდან მოსარჩელის მიერ გაცდენილი დღეები არასაპატიოდ, რის გამოც იგი გაათავისუფლა სამსახურიდან, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრიაციას შეეძლო გაეთავისუფლებინა მუშაკი სამსახურიდან არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენის შემდეგ და იმავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად მისი საკითხი სწორად არ შეუთანხმა პროფკავშირებს, რადგან მოსარჩელე იყო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია. რომ წლების მანძილზე თ. ა-ის მიერ ირღვეოდა “მუზეუმის შესახებ” მე-15 მუხლის “ბ” პუქნტის მოთხოვნები, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავდნენ და ათავისუფლებდნენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმის დირექტორებს. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მისი შვებულებაში გასვლა შეთანხმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა, რომლის მიხედვით, მხარე ვალდებული იყო დაემტკიცებინა გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებს თ. ა-მ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რითაც მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ იგი წლების მანძილზე თვითნებურად გადიოდა შვებულებაში და არღვევდა ყველა ზემოაღნიშნულ კანონის მოთხოვნებს. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის გათავისუფლებას “მუზეუმის შესახებ” კანონის მიხედვით დაეთანხმა კულტურის სამინისტრო და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად კულტურის სამინისტროს შემდეგომი თანხმობა დადებისთანავე თანხმობას ნიშნავდა და მას უკუქცევითი ძალა არ ჰქონდა /იხ. ს.ფ. 47-50/.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, თელავის მუზეუმი არ წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და არც მისი დირექტორი იყო საჯარო მოხელე. სასამართლომ კი მიუთითა, რომ ადმინისტრაციას შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე შეეძლო სამსახურიდან გაეთავისუფლებინა მუშაკი. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როცა მიუთითა, რომ თ. ა-ე სწორად იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან, ვინაიდან ადმინისტრაციას შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე შეეძლო მუშაკის გათავისუფლება არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენის შემდეგ, რაც უსაფუძვლო იყო, რადგან გამგეობას ეს მუხლი რომც გამოეყენებინა, იგი მაინც კანონდარღვევით იქნებოდა გამოყენებული, რადგან შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად “დისციპლინური სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დარღვევისთვის უნდა ჩამორთმეულიყო წერილობითი ახსნა-განმარტება”, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამასთან, გამგეობას აღნიშნული ნორმის საფუძველზე არ ჰქონდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება, ვინაიდან მითითებული ნორმით ცალსახად განისაზღვრა, რომ მუშაკის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენის შემთხვევაში, თუ ამ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. თ. ა-ის მიმართ დისციპლინური სასჯელი არასოდეს ყოფილა გამოყენებული. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომელის თანახმად სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მხოლოდ მოსარჩელეს და მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოადგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებს, თუმცა სასამართლოს რომც მოეთხოვა მტკიცებულებათა წარმოდგენა, ვერ წარმოადგენდა, ვინაიდან დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე 2004 წლიდან უკანონოდ აცდენდა სამსახურს არ არსებობდა /იხ. ს.ფ. 55-58/.
მოწინააღმდეგე მხარემ – თელავის რაიონის გამგეობამ არ ცნო თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყიფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. სხდომის ოქმი/.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემებრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება, თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თელავის რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 იანვრის განკარგულება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, იგი აღდგენილ იქნა გ. ჩ-ის თელავის სახელმწიფო ... მუზეუმის ...ად, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:L
გ. ჩ-ის სახელობის თელავის სახელმწიფო ... მუზეუმი არ წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის 2005 წლის 22 თებერვლის წერილში მითითებული იყო, რომ “მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ორგანოების მიერ შექმნილი მუზეუმები 2002 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჩამოყალიბებულიყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რაც არ განხორციელებულა, რაც ასევე სადავოდ არ გაუხდია მოწიანაღმდეგე მხარეს, ხოლო, ვინაიდან მუზეუმი არ წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი დირექტორიც არ იყო საჯარო მოხელე და დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში მასზე არ უნდა გავრცელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლი. ამდენად, მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან იმ კანონის საფუძველზე, რომლის მოქმედებაც მასზე არ ვრცელდებოდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემის მომენტისათვის, 2005 წლის იანვრისთვის, მოსარჩელე იმყოფებოდა შვებულებაში. “შრომის კანონთა” კოდექსის 34.2. ნაწილის თანახმად დაუშვებელი იყო შვებულების დროს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნა /იხ.ს.ფ.85-88/.
სააპეალციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონის გამგეობამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტიელბის გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
კასაციის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ რაიონის გამგეობის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებზე “საჯარო სამსახურის შესახებ”, კანონის დებულების გავრცელება უკანონოდ მიიჩნია და ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე. რომ მუზეუმში დაცული სახელმწიფო მნიშვნელობის ექსპონატებზე მატერიალურად პასუხისმგებელი თ. ა-ე თვითნებურად, კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოსცემდა ბრძანებებს საკუთარი თავის შვებულებაში გაშვებისა და სხვა პირის მოვლეობის შემსრულებლად დანიშნვის შესახებ. 1993 წლის ივნისის “შრომის კანონთა” კოდექსის და 1997 წლის 31 ოქტომბრის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად თანამდებობაზე დანიშნვა და გათავისუფლება ფორმდებოდა ბრძანებით (განკარგულებით ან დადგენილებით), ანუ დაწესებულების მიერ ნების ცალმხრივი გამოვლენით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის თანახმად, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებდა მის წერილობით განცხადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ა-ე თავისი ინიციატივის პირობებშიც კი სამსახურიდან თავისუფლდებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ. სასამართლოომ არ შეაფასა თელავის რაიონის კულტურის განყოფილების მიერ გაცემული ცნობები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ თ. ა-ს არასოდეს შეუთახმებია შვებულებაში გასვლა უფლებამოსილი ორგანოსათვის და წლების მანძილზე არღვევდა კანონს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა 103-ე მუხლის მოთხოვნები და არ მოსთხოვა თ. ა-ს წამოყენებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ იყო თანამებობისათვის შესაფერისი ხელმძღვანელი. 2003-2004 წლებში რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების სახაზინო ჯგუფმა მოახდინა გ. ჩ-ის სახელობის თელავის სახელმწიფო ... მუზეუმის სახაზინო წესით შემოწმება, რომლითაც გამოვლინდა, რომ მუზეუმის ყოფილ დირექტორს გატანილი ჰქონდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები, რაზედაც არ იყოს წარმოდგენილი შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელსაც ითვალისწინებდა საქართველოს ეროვნული ბანკის “სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება, მას შეეძლო კონკრეტული სამართალურთიერთობა განსაკუთრებით კი, როცა საქმე ეხებოდა ექსპონატების დაცვას მოეწისრიგებინა კი, როცა საქმე ეხებოდა ექსპონატების დაცვას, მოეწესრიგებინა იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენებით, რომელიც უფრო ეფექტური იყო. სადავო განკარგულება მიღებული იყო რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, რომელიც “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით წარმოადგენდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს თანამაბდებობის პირს. აღნიშნული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველბის ორგანოები და თანამდებობის პირები, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგელბში გამოსცემდნენ შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რომლის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების და მოქმედების წესი განისზღვრება საქართველოს კონსტიტუიციის, ადგილობრივი “თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, როგორც “შრომის კანონთა კოდექსის ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონის გამგეობის მიერ სადავო აქტების გამოცემისას განხორციელდა ყველა ის ფორმალურ-სამართლებრივი ელემენტი, რომელიც გათვალისწინებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “დ” ქვეპუნქტით /იხ.ს.ფ.94-99/.
მოწინააღმდეგე მხარის – თ. ა-ის მიერ თელავის რიოანის გამეგობის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო და სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება /იხ..ს.ფ.123-124/.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 21 მარტის განჩინებით თელავის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” პუნქტის საფუძველზე /აბსოლუტური კასაცია/ /იხ. ს.ფ. 128-131/.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა-საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თელავის რაიონის გამგეობის მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ასეთად ვერ მიიჩნევა კასატორის მიერ წარმოდგენილი თელავის რაიონის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ გ. ჩ-ის სახელობის თელავის სახელმწიფო მუზეუმის სრული დაფინანსება ხორციელდება თელავის რაიონის ბიუჯეტიდან. რაც კასატორს მიაჩნია საფუძვლად, რომ გ. ჩ-ის სახელობის თელავის სახელმწიფო მუზეუმის ... წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მისი გათავისუფლების დროს სწორად იქნა გამოყენებლი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას განმარტავს, რომ საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 2.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისიფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელშიც საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, ხოლო გ. ჩ-ის სახელობის თელავის სახელმწიფო მუზეუმის ... /იმ პირობებში, როცა ეს უკანასკნელი, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არ წარმოადგენს/ ვერ მიიჩნევა საჯარო მოსამსახურედ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტვას, რომ თ. ა-ის, როგორც გ. ჩ-ის სახელობის თელავის სახელმწიფო მუზეუმის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს დაუშვებელი იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის დებულების გამოყენება, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მითითებული კანონის მოქმედების სუბიექტს, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურიდან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, მოცემულ შემთხვევაში _ “შრომის კანონთა კოდექსით”, რაც სწორად იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ბრძანებულების “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” შესაბამისად /რომლითაც დამტკიცდა რანგირების მიხედვით საჯარო სამსახურის თანამდებობათა თანდართული რეესტრი/ განმარტავს, რომ მუზეუმის დირექტორი, როგორც საჯარო მოსამსახურე, აღნიშნულ რეესტრში არ ფიქსირდება, შესაბამისად, მითითებული თანამდებობა ვერ იქნება განხილული საჯარო სამსახურად.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407.2 მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სადავო აქტის გამოცემის მომენტისათვის, 2005 წლის იანვარში (თ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს) 2004 წლის 27.12. ბრძანება (თ. ა-ის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით) გაუქმებული არ ყოფილა და თ. ა-ე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაირღვა “შრომის კანონთა” კოდექსის 34.2 მუხლის მოთხოვნები, რომლითაც დადგენილია მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შეუძლებლობა შვბულების ან დროებითი შრომისუუნარიანობის დროს.
საკასაციო სასამართლო ვერ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ თ. ა-ის შვებულებაში გასვლა არ იყო შეთანხმებული რაიონის გამგეობასა და კულტურის სამინისტროსთან, რაც წარმოადგენდა ამ უკანასკნელის გათავისუფლების საფუძველს დაკავებული თანამდებიდან სამსახურის თვითნებურად მიტოვების გამო და განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ თ. ა-ეს შვებულებაში გასვლა უნდა შეეთანხმებინა თელავის რაიონის გამგეობასა და კულტურის სამინისტროსთან საქმის მასალებით და არც შესაბამისი ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული, ამასთან ის გარემოება, რომ “მუზეუმის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად მუზეუმის დირექტორების თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციას წარმოადგენს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, არ განაპირობებს იმ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევის საფუძველს, რომ მუზეუმის დირექტორის კუთვნილ შვებულებაში გასვლა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის _ თელავის რაიონის გამგეობის, ასევე ზემდგომი ორგანოს _ კულტურის სამინისტროსთან, რამდენადაც სამსახურის ორგანიზაციული საკითხები წარმოადგენს დაწესებულებების ადმინისტრირების სფეროს, რომლის გადაწყვეტა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ თ. ა-ის მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურის თვითნებურად მიტოვებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თელავის რაონის გამგეობის საკასაციო საჩივარში აღნიშნულ კასაციის მოტივებს, რომ 1993 წლის ივნისის “შრომის კანონთა” კოდექსის და 1997 წლის 31 ოქტომბრის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით (განკარგულებით ან დადგენილებით), ანუ დაწესებულების მიერ ნების ცალმხრივი გამოვლენით, რომ სადავო განკარგულება მიღებული იყო რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, რომელიც “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით წარმოადგენდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირს. ამასთან სადავო აქტების გამოცემისას განხორციელდა ყველა ის ფორმალურ-სამართლებრივი ელემენტი, რომელიც გათვალისწინებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტით.
საკასაციო სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს საკააციო საჩივრის ზემოაღნიშნულ მოტივებს სადავო სამართალურთიერთობასთან მის სრული შეუსაბამობის გამო და განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული მოტივები ფაქტობრივად წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინების (ადმინისტრაციულ საქმეზე ¹ბს-713-300(კ-05), ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრისა გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე თელავის რაიონის გამგეობის მიმართ, განკარგულების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ) კოპირებას, რომლითაც განისაზღვრა, რომ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულ ბრძანება, განკარგულება, დადგენილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ნაცვლად ადმინისტრაციული გარიგებისა, როგორი სამართლებლივი შეფასებაც მას მისცა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. “ა” მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და რომ სადავო განკარგულება გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, არამედ დავის საგანს წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული განკარგულების კანონიერება, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, ნაცვლად ადმინისტრაციული გარიგებისა, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა დავის საგანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს თელავის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად თელავის რაიონის გამგეობას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. თელავის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. თელავის რაიონის გამგეობას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩირდება.