საქმე # 330100123006729369
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1019აპ-23 ქ. თბილისი
ჭ–ე ე., 1019აპ-23 22 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ე. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ე. ჭ–ს ბრალეულობის დამადასტურებელი ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის: დანაშაულის შესახებ შეტყობინება, დაზარალებულ მ. გ–ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ე. ჭ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, პოლიციის მუშაკების ჩვენებები, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა მიხედვითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტირდება გამართლებულის ბრალეულობა; სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და მის მიმართ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი.
2. გამართლებულ ე. ჭ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის კრიტერიუმებს.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ჭ–ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).
ე. ჭ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს „..“ მ/რაიონის №..-ე კორპუსის, №.. ბინაში, ე. ჭ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - მ. გ–აზე, კერძოდ, მიაჩნდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, ნათესავებთან, მეზობლებთან ურთიერთობას, სოციალურ ქსელს, უკრძალავდა მუშაობას. აღნიშნული განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, მ. გ–ას გაშლილი ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2022 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე ქ. თ–ში, გ–ს „..“ მ/რაიონის №..-ე კორპუსის, №... ბინაში, ე. ჭ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. გ–ზე. ე. ჭ–ს მიაჩნდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, ნათესავებთან, მეზობლებთან ურთიერთობას, სოციალურ ქსელს, უკრძალავდა მუშაობას. აღნიშნული განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, მ. გ–ს ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2022 წლის 5-6 დეკემბრის პერიოდში, ღამის საათებში, ქ. თ–ში, გ–ს ..“ მ/რაიონის, №..-ე კორპუსის, №.. ბინაში, ე. ჭ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. გ–ზე. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, ნათესავებთან, მეზობლებთან ურთიერთობას, სოციალურ ქსელს, უკრძალავდა მუშაობას. აღნიშნული განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, მ. გ–ს ხელი არაერთხელ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც, მან განიცადა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განაჩენით ე. ჭ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 1 დეკემბრის, 2022 წლის 4 დეკემბრისა და 2022 წლის 5-6 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ე. ჭ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.
გამართლებულ ე. ჭ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ე. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში აღწერილია ის ფაქტობრივი გარემოებები და მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ ე. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 1 დეკემბრის, 2022 წლის 4 დეკემბრისა და 2022 წლის 5-6 დეკემბრის ეპიზოდები) მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.
10. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა მ. გ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, ე. ჭ–ს წინააღმდეგ. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, მაგრამ არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
11. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, იმთავითვე არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. შესაბამისად, დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო მას ვერ გამოიყენებს მტკიცებულებად. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).
13. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: მოწმეების, პოლიციის მუშაკების: პ. ჯ–ს, ტ. ე–ს ჩვენებებითა და ი. ხ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ისინი არ არიან ე. ჭ–ს მხრიდან მეუღლის მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის სამი ეპიზოდიდან არცერთის თვითმხილველები. მოწმეები ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბია, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნის მიხედვით, პირადი შემოწმებით, მ. გ–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო დანაშაულის შესახებ შეტყობინება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და შემაკავებელი ორდერი არ შეიცავს სრულყოფილ და დეტალურ ინფორმაციას დანაშაულების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, ამასთან, მითითებული ინფრომაციის წყაროც არის ერთი და იგივე პირი – დაზარალებული, რომელმაც როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რის გამოც ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის პირველწყაროსგან დადასტურება. ამდენად, ხსენებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ე. ჭ–ს ბრალეულობას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი