საქმე N 190100123006819512
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№965აპ-23 ქ. თბილისი
ჯ–ი ზ., 965აპ-23 26 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასა და ზ. ჯ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, რადგან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრადშერაცხილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საფრთხე, დამნაშავის მიერ გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და მისი წარსული ცხოვრება, რისი მხედველობაში მიღებითაც, გამოყენებული პირობითი მსჯავრი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.
2. მსჯავრდებულ ზ. ჯ–ს ინეტრესების დამცველი, ადვოკატი პ. მ–ი, საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განაჩენით ზ. ჯ–ი, – დაბადებული 19.. წლის 22 აპრილს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, ზ. ჯ–ის მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ჯ–მა ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2022 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ქალაქ რ–ში, მე-.. მიკრორაიონის №.. კორპუსში, ალკოჰოლით მთვრალმა ზ. ჯ–მა მეუღლეს, ქ. ჭ–ს, იარაღის დემონსტრირებით უთხრა, რომ თუკი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაიჭერდნენ, ,,მოკლავდა, ვერ გადაურჩებოდა და ცოცხალს არ დატოვებდა“. ზ. ჯ–ს მუქარა ქ. ჭ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.2. 2022 წლის 31 დეკემბერს, შუადღის საათებში, მე-.. მიკრორაიონის №.. კორპუსთან მივიდა ზ. ჯ–ი, იდგა კორპუსის მიმდებარედ და იყურებოდა ბინაში, რომელშიც მისი მეუღლე, ქ. ჭ–ი და არასრულწლოვანი შვილები – გ. და შ. ჯ–ები – ცხოვრობენ. ამ ქმედებით ზ. ჯ–მა არ შეასრულა 2022 წლის 14 დეკემბერს გამოცემული №........, №........., №......... შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლის თანახმადაც, 30 დღით ჰქონდა აკრძალული იმ ადგილსა და სახლთან მიახლოება, რომელშიც მისი მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასა და ზ. ჯ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულისჩადენა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დადგენილი წესის (ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, ზ. ჯ–ის განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; არ არის ნასამართლევი) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება, იქიდან გამომდინარე, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – ზ. ჯ–სათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი 2-წლიანი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი, არ არის აუცილებელი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი