Facebook Twitter

საქმე N 330100121005309548

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1119აპ-23 ქ. თბილისი

ჩ–ი გ., 1119აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ჩ–სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას და არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი, ვინაიდან კასატორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესა და ხასიათს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის განაჩენით გ. ჩ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

გ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 7 ნოემბრიდან 2021 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

გაუქმდა მსჯავრდებულ გ. ჩ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა (5000 ლარი), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ჩ–ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გ. ჩ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგით:

ü 2021 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ.თ–ში, ..........ის .......ს N..-ში, გ. ჩ–მა არასრულწლოვანი შვილის - ზ. ჩ–ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - მ. კ–ს. კერძოდ, გ. ჩ–მა ყოფილ მეუღლეს ხელები ძლიერად მოკიდა მაჯებზე და მოუჭირა, შემდეგ კი ზურგით მიახეთქა კედელს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2021 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ. თ–ში, ..........ის .. ჩიხის N..-ში, გ. ჩ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - მ. კ–ს. კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, მ. კ–ს უთხრა, რომ დაახრჩობდა, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ჩ–სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება და არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ გ. ჩ–ს შეუფარდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის წინაპირობების დაცვით, ჩაეთვალა პირობით.

9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. საკასაციო პალატის აზრით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის: გ. ჩ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, რის შესაბამისადაც გ. ჩ–ს განუსაზღვრეს სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიღწევას. ამასთან, ბრალდების მხარეს საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შეუსაბამობასა და მისი დამძიმების აუცილებლობას.

11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი