საქმე N 330100122005960760
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №817აპ-23 ქ. თბილისი
გ. ს, 817აპ-23 18 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. გ-ს, – დაბადებულის 19.. წლის 11 დეკემბერს, – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაუდო ს. გ-ს მსჯავრდებას. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა კანონის უხეში დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები – საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები; მათივე მონაწილეობით შედგენილი ჩხრეკის ოქმები; ექსპერტიზის დასკვნები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები – რომლებიც დაუშვებელია და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. გ-ს ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (3 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ს. გ-მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და მ. გ-ს უკანონოდ მიასაღა 0,0833 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც 2022 წლის 27 მაისს ... მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს მ. გ-სგან შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.2. ს. გ-მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და მ. გ-ს უკანონოდ მიასაღა 0,0567 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რაც 2022 წლის 30 მაისს ქ... მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს მ. გ-სგან შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.3. ს. გ-მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და მ. გ-ს უკანონოდ მიასაღა 0,1211 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რაც 2022 წლის 2 ივნისს ... მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს მ. გ-სგან შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. ს. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (3 ეპიზოდი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 27 მაისის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 30 მაისის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, ს. გ-ს მიესაჯა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 14 ივნისიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ს. გ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა მოწმეების: ო. ჩ-ს, გ. თ-ს, ა. გ-სა და გ. მ-ს ჩვენებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება (როგორც მხარეების მიერ უშუალოდ გამოკვლეული, ასევე – გამოკვლევის გარეშე მიღებული) უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ს. გ-ს ედავება, რომ 2022 წლის 27 მაისს, 2022 წლის 30 მაისსა და 2022 წლის 2 ივნისს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და მ. გ-ს უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. ამდენად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ბრალდების მხარის სამხილები და ბრალადშერაცხილ თითოეულ დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით გადაწყვიტოს, რამდენად ქმნის წარმოდგენილი (როგორც სასამართლოზე გამოკვლეული, ასევე – გამოკვლევის გარეშე მიღებული) მტკიცებულებების ერთობლიობა ს. გ-ს წარდგენილი კვალიფიკაციებით მსჯავრდების გონივრულ ეჭვს მიღმა საფუძველს.
5. 2022 წლის 27 მაისს ს. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა:
6. მ. გ-ს 2022 წლის 27 მაისის განცხადება, რომლის თანახმად, თბილისში, სანზონაში მცხოვრები ს. გ. ეწევა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო რეალიზაციას, კერძოდ, ერთ შეკვრას, ოდენობის გათვალისწინებით, ყიდის 100-800 ლარამდე;
7. მოწმე მ. გ-ს 2022 წლის 27 მაისის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, გამოკითხვის წინა დღეს, იგი შეხვდა ს. გ-ს, რომელმაც იცოდა წარსულში მისი ნარკოდამოკიდებულების შესახებ და შესთავაზა, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ ერთი ე.წ. ,,წონაკის“ 100-დან 800 ლარამდე ფასად შეძენა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეს იგი მივიდოდა ს. გ-ს უბანში, სადაც მსჯავრდებული მიჰყიდდა მას ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ ერთ ე.წ. ,,წონაკს“ 200 ლარად. დამნაშავის მხილების მიზნით, მიმართა სამართალდამცავებს. ამასთან, აღნიშნა, რომ ს. გ. არის ფრთხილი, შესაძლოა, პირველი შეხვედრის დროს შეემოწმებინა იგი, რის გამოც, ნარკოტიკულ საშუალებას შეიძენდა ფარული აუდიო-ვიდეოჩამწერი აღჭურვილობის გარეშე;
8. 2022 წლის 27 მაისის თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ გამომძიებელმა თ. დ-მ მ. გ-ს საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადასცა 300 ლარი;
9. მოწმე მ. გ-ს 2022 წლის 27 მაისის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, 2022 წლის 26 მაისს ს. გ-ს შეუთანხმდა, მომდევნო დღეს გლდანში, პოლიციის აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრის თაობაზე, სადაც ს. გ. 300 ლარად გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“. შეხვედრისას იგი არ აღჭურვილა ფარული აუდიო-ვიდეოჩამწერი მოწყობილობით, რადგან ს. გ. ფრთხილობდა და, შესაძლოა, შეემოწმებინა იგი. დათქმულ ადგილას ს. გ-ს გადასცა ოპერატიული თანხა – 300 ლარი, რაც მსჯავრდებულმა გადაითვალა და უთხრა, რომ დაახლოებით, 40 წუთში დაბრუნდებოდა და მიუტანდა ნარკოტიკულ საშუალებას. დაახლოებით, 30 წუთში ს. გ-მ იმავე ადგილას შეხვედრისას, გადასცა მას რვეულის ფურცელში გახვეული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც მან წარუდგინა გამომძიებელს;
10. 2022 წლის 27 მაისის ამოღების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ მ. გ-ს, 2022 წლის 27 მაისს, 15:05-15:20 საათზე, ... მიმდებარედ, გამომძიებელმა, თ. დ-მ, ამოუღო უჯრებიან ქაღალდში გახვეული ფხვიერი ნივთიერება, რომელიც, თავის მხრივ, მ. გ-ს გადასცა ს. გ-მ;
11. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2022 წლის 28 მაისის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მ. გ--სგან ამოღებული ნივთიერება შეიცავს 0,0833 გრამ ნარკოტიკულ საშუალებს ,,ჰეროინს“.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წლის 27 მაისის დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით, არ ჩატარებულა და, შესაბამისად, სასამართლოშიც არ ყოფილა წარმოდგენილი ს. გ-სა და მ. გ-ს შეხვედრების ამსახველი ფარული ვიდეო ან/და აუდიოჩანაწერები, რაც, სულ მცირე, მ. გ-სა და ს. გ-ს კომუნიკაციის არსებობას მაინც დაადასტურებდა ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენის დროს და იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის 14 ივნისს ს. გ-საგან ნებაყოფლობით აიღეს ნერწყვის ნიმუში და 2022 წლის 17 ივნისის დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე ადამიანის შესაძლო ბიოლოგიური კვალის აღმოსაჩენად დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მ. გ-სგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან ს. გ-ს კავშირის დასადგენად ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) კვლევის შედეგები განსახილველი საქმის მასალებში არ მოიპოვება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობით, ვერ დაადასტურა 2022 წლის 27 მაისს ს. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და უკანონო გასაღების ფაქტი. მხოლოდ მოწმე მ. გ-ს მტკიცება, რომ მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება თანხის სანაცვლოდ შეიძინა ს. გ-საგან, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი სხვა დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულებით, ვერ გახდება ს. გ-ს მსჯავრდების უპირობო საფუძველი, რისი მხედველობაში მიღებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 27 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
13. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – დაცვის მხარის – არგუმენტებს ს. გ-ს სრულად უდანაშაულობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დგინდება, რომ ს. გ-მ 2022 წლის 30 მაისს მ. გ-ს გადასცა 0,0567 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ხოლო 2022 წლის 2 ივნისს – 0,1211 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობიდან: მოწმე მ. გ--ს გამოკითხვების ოქმებიდან, მოწმეების – ო. ჩ-ს, გ. თ-ს, ა. გ-სა და გ. მ-ს ჩვენებებიდან, ფულადი თანხების გადაცემისა და დათვალიერების ოქმებიდან, 2022 წლის 30 მაისისა და 2022 წლის 2 ივნისის ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმებიდან, 2022 წლის 31 მაისისა და 2022 წლის 6 ივნისის ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებიდან, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც, 2022 წლის 30 მაისისა და 2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდებთან მიმართებით, ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ს. გ-ს ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადგენად.
14. ამდენად, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს – 2022 წლის 30 მაისსა და 2022 წლის 2 ივნისს – ს. გ-ს მიერ მ. გ-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტები, მაგრამ საკასაციო სასამართლოს პოზიცია განსხვავდება ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულის ქმედების – ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის – კვალიფიკაციასთან მიმართებით, რამეთუ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების მ. გ-სათვის გადაცემით, ს. გ-მ, ანაზღაურების სანაცვლოდ, გაასაღა ისინი, ხოლო საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ნარკოტიკული საშუალებების მ. გ-სათვის გადაცემის დროს მსჯავრდებულს მათი რეალიზაციის მიზანი არ ჰქონია, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ქმედების სამართლებრივი შეფასების დროს.
15. იმისათვის, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რომელიც მან ჩაიდინა, საკასაციო სასამართლო ვალდებულია მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭოს, ხოლო იმის გამოსარკვევად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII – ნარკოტიკული დანაშაულის – თავით გათვალისწინებული, რომელი დანაშაულის შემადგენლობაა გამოკვეთილი ს. გ-ს ქმედებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე გადაწყვეტს მსჯავრადშესარაცხი ქმედების საკითხს.
16. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს. გ-ს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში მსჯავრდებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ ორი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, ერთი მხრივ, ს.- გ-მ 2022 წლის 29 მაისსა და 2022 წლის 2 ივნისს გამოართვა თანხები მ. გ-ს და, ორივე ჯერზე, მოგვიანებით, გადასცა მას ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო, მეორე მხრივ, მ. გ-მ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას დაადასტურა, რომ ს. გ-სათვის გადახდილი თანხების სანაცვლოდ, იძენდა მისგან ნარკოტიკული საშუალებებს.
17. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასკვნა იმის თაობაზე, რომ ს. გ-მ უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალებები მ. გ-ს, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:
18. 2022 წლის 27 მაისის განცხადების შინაარსით ირკვევა, რომ მ. გ-მ მიმართა სამართალდამცავებს და აცნობა, რომ თბილისში, სანზონაში მცხოვრები ს. გ. ეწევა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო რეალიზაციას, კერძოდ, ერთ შეკვრას, ოდენობის გათვალისწინებით, ყიდის 100-800 ლარამდე.
19. მოწმე მ. გ-ს 2022 წლის 30 მაისისა და 2022 წლის 3 ივნისის გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2022 წლის 29 მაისსა და 2022 წლის 2 ივნისს იგი დაუკავშირდა ს. გ-ს, რომელსაც შეუთანხმდა შეხვედრაზე, რათა შეეძინა მისგან ნარკოტიკული საშუალებები. 2022 წლის 29 მაისს ს. გ-ს შეხვდა ... მიმდებარედ, სადაც თავის ავტომანქანაში გადასცა ოპერატიული თანხა – 200 ლარი, ხოლო 2022 წლის 2 ივნისს სანზონაში, მუხრანის ქუჩაზე – 400 ლარი, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შესაძენად. 2022 წლის 29 მაისის შეხვედრისას ს. გ. დაჰპირდა, რომ ნარკოტიკს მალე მიუტანდა, თუმცა მოგვიანებით შეატყობინა, რომ შეხვედრას ვერ ახერხებდა. მომდევნო დილას, ვინაიდან მას დამატებით სურდა ნარკოტიკის შეძენა, ს. გ-ს მითითებულ ანგარიშზე, სწრაფი გადახდის აპარატით გადარიცხა ოპერატიული თანხა – 210 ლარი. 2022 წლის 30 მაისს ... მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვდა ს. გ-ს, რომელმაც ავტომანქანაში გადასცა შპრიცი, მასში არსებული სითხით, რომელიც მოგვიანებით წარუდგინა გამომძიებელს. 2022 წლის 2 ივნისს ს. გ-ს შეხვდა ..., სადაც თანხის გადაცემის შემდეგ, მსჯავრდებული დაუკავშირდა და იმავე ქუჩაზე შეხვედრისას, ავტომანქანაში გადასცა მას ე.წ. ,,ფოლგის“ ქაღალდში მოთავსებული ნივთიერება, რომელიც ასევე წარუდგინა გამომძიებელს.
20. ფულადი თანხების გადაცემისა და დათვალიერების ოქმებით დგინდება, რომ გამომძიებელმა, თ.- დ-მ, ს. გ-ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა: 2022 წლის 29 მაისს – 200 ლარი; 2022 წლის 30 მაისს – 210 ლარი, ხოლო 2022 წლის 2 ივნისს – 400 ლარი.
21. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ 2022 წლის 29 მაისს მ. გ-მ ს. გ-ს გადასცა თანხა; 2022 წლის 30 მაისს ს. გ-მ მ. გ-ს გადასცა საინექციო შპრიცში მოთავსებული ნივთიერება; 2022 წლის 2 ივნისს მ. გ-მ ს. გ-ს გადასცა თანხა, ხოლო იმავე დღეს, მოგვიანებით, ს. გ-მ – ე.წ. ,,ფოლგის“ ქაღალდში შეხვეული ნივთიერება.
22. ამოღების ოქმების მიხედვით, მ. გ-ს, 2022 წლის 30 მაისს, 15:10-15:25 საათზე, .... მიმდებარედ, გამომძიებელმა, თ. დ-მ, ამოუღო საინექციო შპრიცი, მასში არსებული მოყავისფრო სითხით; 2022 წლის 2 ივნისს, 15:25-15:40 საათზე, ... მიმდებარედ – ე.წ. ,,ფოლგის“ ქაღალდში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, რომლებიც, თავის მხრივ, მ. გ-ს გადასცა ს. გ-მ.
23. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 30 მაისის №... და 2022 წლის 6 ივნისის №... ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ მ. გ-სგან 2022 წლის 30 მაისს ამოღებული ნივთიერება შეიცავს 0,0567 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, ხოლო 2022 წლის 2 ივნისს ამოღებული ნივთიერება – 0,1211 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ. გ-მ 2022 წლის 29 მაისსა და 2022 წლის 2 ივნისს გამორთვა ს. გ-ს სხვადასხვა ოდენობის თანხა და, ყოველ ჯერზე, მოგვიანებით, გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.
25. იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად ქმნის ერთი პირის მიერ სხვა პირისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი (ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მიზნების, ვითარებისა და იმ ურთიერთობების მხედველობაში მიღების გარეშე, რომელიც წინ უსწრებს ნარკოტიკების გადაცემას) ,,a priori“, მისი უკანონო გასაღების შემადგენლობას, სასამართლომ მოწმე მ. გ-ს გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიცემული განმარტებების კვალდაკვალ, საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალები, რომლებსაც, მათი ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვთ და რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია მ. გ-სა და ს. გ-ს შორის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემამდე არსებული შეთანხმებისა და ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის პროცესში, მათ შორის არსებული კომუნიკაციის შინაარსის დასადგენად და, შესაბამისად, დავის საგნად ქცეული – ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის – საკითხის გადასაწყვეტად.
26. მოწმე მ. გ-ს მტკიცების საპირისპიროდ, რომლის მიხედვით, ს. გ. ნარკორეალიზატორია და თანხის სანაცვლოდ არაერთხელ მიასაღა მას ნარკოტიკული საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების შინაარსი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცხადყოფს, რომ მ. გ.- ნარკოტიკულ საშუალებებს ს. გ-საგან კი არ ყიდულობდა, არამედ – თავადაც ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებული (დაკავების შემდეგ ჩატარებული №... ნარკოლოგიური კვლევის შედეგად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების: ,,მეტადონისა“ და ,,ოპიუმის“ მოხმარების ფაქტი) ეხმარებოდა მას სხვა, გამოძიებით დაუდგენელი პირ(ებ)ისგან, ნარკოტიკული საშუალებების მოძიებასა და შეძენაში, კერძოდ:
27. 2022 წლის 29 მაისს შეხვედრისას, მ. გ. ს. გ-ს ეუბნება: ,, – ნორმალურად მოიტანენ, ძმობას გაფიცებ? ჰა?“, რაზეც ს. გ. პასუხობს: ,, – ნორმალურად რას ნიშნავს?“. მ. გ. კვლავ ეკითხება: ,, – ნორმალურს მოიტანენ-მეთქი?“, რაზეც ს. გ. პასუხობს: ,, – გუშინდელზე ვრიცხავთ, კაცო. აი, მოუწერია იმას. 100 მეც უნდა გადავურიცხო“. თანხის გადაცემის შემდეგ ს. გ. მიმართავს მ. გ-ს: ,, – 5 ლარიც მომე“, რაზეც მ. გ. პასუხობს: ,, – არ მაქვს, ბ...ის შვილი ვიყო. 200 ლარი მაქვს ზუსტად“. [...] ს. გ. განაგრძობს: ,,260 და ასლანს უნდა. დვესტი, ტრისტა...“. მ. გ.-: ,, – დამირეკე, გელოდები, რაა.“ ს. გ.-: ,, – დაგირეკავ და მოდი, მანქანით უნდა ვიმოძრაოთ. ოღონდაც, მარტო მოდი, რაა.“ მ. გ: ,,მარტო მოვალ და შენც მარტო მოდი, არ მინდა ის რაა.“ ს. გ.: ,, – მარტო მოვალ, მე და შენ მოვგვარდეთ, მერე წადი.“ მ. გ.: ,,კაი, კაი, დავაი“. ს. გ: ,, – დავრიცხავ, ახლა მომცემენ“.
28. 2022 წლის 30 მაისს შეხვედრისას, ს. გ. მ. გ-ს ავტომანქანაში გადასცემს საინექციო შპრიცს, რომელშიც მოთავსებულია მუქი სითხე, რომელიც დაათვალიერა მ. გ-მ და მოათავსა ავტომანქანის სალონში.
29. 2022 წლის 2 ივნისს შეხვედრისას, მ. გ. ავტომანქანაში გადასცემს თანხას ს. გ-ს, რაზეც ს. გ. ეუბნება: ,, – აგერ, ათი. ჩაგერიცხა, ტო“. მ. გ. პასუხობს: ,, – სად ჩამერიცხა, აქ ვიყავი ბარემ, ნაძალადევის მეტროსთან. ბ...ის შვილი ვიყო, გახსნილი არ მოიტანოს, ჩემი დედა მ...ნ“. ს. გ. ეუბნება: ,, – არა, რა გახსნილი უნდა მოიტანოს ბიჭო?! არ ავიღებ, კაცო“. მ. გ განაგრძობს: ,, – ცუდი რამე მოხდება, ბ...ის შვილი ვიყო“, რაზეც ს. გ. განაგრძობს: ,, – არ ავიღებ, ბიჭო. კაროჩე, მოდი რა, ის რომ მეტყვის შემხვდიო, მე უმანქანოდ ვარ, შევხვდეთ ერთად რაა“. მ. გ. ამბობს: ,, – კაი, თუ მე მეცალა“ [...] ს. გ. განაგრძობს: ,, – რაღაცნაირად გამოდი, თუ მანქანა დავითრიე, ახლა ,,პიისიატს“ კახა და ბექა რიცხავენ. ბექას ეცალა. მაგისი ,,ვოლკით“ ვიქნები, თუ არადა, მოდი და შევხვდეთ“. მ. გ. მიმართავს: ,, – შენ შენი გადაიყარე, კაცო!“, რაზეც ს. გ. პასუხობს: ,, – არა, მე შენთან ერთად ვიქნები, ერთად ჩავყაროთ ჩვენი“. მ. გ. კვლავ დასძენს: ,, – შენ შენი გადაიყარე, ძმაო. შენ შენი გადაიყარე, მე შემინახე, რაც მეკუთვნის.“
30. იმავე დღეს, მოგვიანებით შეხვედრისას ს. გ. ავტომანქანის სალონში დებს მუჭში მოთავსებულ ე.წ. ,,ფოლგის“ შეფუთვას, რაზეც მ. გ. ეუბნება: ,, – მანახე, აბა როგორია?“ და ხელში იღებს, ხოლო ს. გ. პასუხობს: ,, – ა, ამაში იყო, ძმა. ა, რა დავიტოვე, ძმა, ჩემთვის“, მარჯვენა ჯიბიდან იღებს პატარა შეფუთვას, რომლის გახსნასაც ცდილობს. [...] ს. გ. განაგრძობს: ,,ეს მეყოფა, შენ რა გითხარი? ორი პრაპან?“ მ. გ.: ,, – ეს რანაირია?!“ რა დროსაც ორივე ცდილობს რაღაცის გახსნას და ნახვას. ს. გ.: ,, – კაი, ვსო, არ გინდა რა. სხვისია ახლა შენთანაც“. მ. გ.: ,, – კაი“. ს. გ. განაგრძობს: ,, – დავაი, მჟავა უქენი ცოტა მეტიო და რა ვიცი. გაახსნევინე რა კარგად. დაადე ერთი.“ ორივე ყოფს თითს შეფუთვაში და ილოკავს, რის შემდეგაც ს. გ- დასძენს: ,, – აუფ, შხამია ბიჭო“, მ. გ-ც აღნიშნავს: ,, – აუ, რა მწარეა!“. ს. გ.: ,, – ხო იცი, მწარე უნდა იყო კარგი წამალი“.
31. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ მოიპოვება ს. გ-სა და მ. გ-ს თავდაპირველი შეხვედრის ჩანაწერი და არც მათი სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი მასალები, რაც, ცხადია, მეტ ნათელს მოჰფენდა მათ შორის შეთანხმების პირობებს და, შესაბამისად, სადავოდ გამხდარ საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 2022 წლის 29, 30 მაისისა და 2 ივნისის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დასტურდება, რომ მ. გ-ს მიერ გადაცემული თანხებით, ს. გ. ცდილობდა მისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ხერხებით (მათ შორის – დისტანციურად ფულის გადარიცხვითა თუ უშუალო კავშირებით) მოეძიებინა და შეეძინა ნარკოტიკული საშუალებები როგორც თავისთვის, ასევე – მ. გ-სა და, გამოძიებით დაუდგენელი, სხვა პირებისათვის. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ გამოძიების მიერ არ გამოკვეთილა რეალური მოტივი, რატომ შუამავლობდა ს. გ. მ. გ-ს ნარკოტიკული საშუალებების შეძენის პროცესში და, კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა მისი ინტერესი.
32. იმ პირობებში, როდესაც, გარდა მ. გ-ს გამოკითხვის ოქმისა, საქმეში წარმოდენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ს. გ-ს მიერ მ. გ-სათვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკულ საშუალებების მიყიდვის ფაქტი; მეტიც, მ. გ-ს მტკიცების საპირისპიროდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შინაარსის მხედველობაში მიღებით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მ. გ-სათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ს. გ. ნარკოტიკების რეალიზატორი არ ყოფილა, არამედ – ეხმარებოდა მას ნარკოტიკული საშუალებების მისთვის ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეძენაში (ითვალისწინებდა მის ინტერესს ნარკოტიკების სხვა მომხმარებლებთან ერთობლივად შეძენის დროს; უთანხმებდა შეძენის პირობებს; ერთობლივად ამოწმებდნენ შეძენილის ხარისხსა და რაოდენობას და ა.შ.), საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ს. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მ. გ-ს თანხებით შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების მისთვის გადაცემით ს. გ-მ 2022 წლის 30 მაისსა და 2022 წლის 2 ივნისს ჩაიდინა – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
33. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რომელმაც უკვე არაერთხელ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საქმეზე №844აპ-22, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).
34. ამრიგად, ვინაიდან უტყუარად არ დასტურდება ს. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღება, არამედ მის ქმედებაში გამოკვეთილია – ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში დახმარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 30 მაისისა და 2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში ს. გ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 მაისისა და 2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებები უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2022 წლის 30 მაისისა და 2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდები), რომელთა ჩადენისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
35. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც მსჯავრი უნდა დაედოს ს. გ-ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
37. საკასაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (დანაშაულთა სიმრავლე, რაც წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას ზრდის) გარემოებებისა და ბრუნვაში უკანონოდ მოხვედრილი ნარკოტიკული საშუალების სახეობის (,,ჰეროინი“ შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში) მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ ს. გ-ს უნდა მიესაჯოს – 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენი:
3. ს. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 27 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა (2022 წლის 30 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
4. ს. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ს. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 მაისის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) შეფარდებული თანაბარი სასჯელი და, საბოლოოდ, ს. გ-ს მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2022 წლის 14 ივნისიდან;
7. ს. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას – 10 წლით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 5 წლით;
8. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილი:
· ნარკოტიკული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა და ს. გ-საგან აღებული ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;
· ლაზერული დისკები – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· ,,სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი