საქმე # 020100121004245990
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1214აპ-23 ქ. თბილისი
ს-ე რ, 1214აპ-23 12 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ს-ძე, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის ზაფხულიდან 2019 წლის თებერვლის თვემდე პერიოდში, წ-ის მუნიციპალიტეტში, რ. ს-ძე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ. კ-ას მიმართ განუწყვეტლივ ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ, რ. ს-ე სისტემატურად პირადად მიდიოდა მეზობლად მცხოვრებ ლ. კ-ან, სთავაზობდა მას სკოლაში ავტომანქანით წაყვანას, რის გამოც ლ. კ-ას ეზღუდებოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. რ. ს-ძე ლ. კ-ას აიძულებდა მასთან ურთიერთობას, იგი სოციალური ქსელის საშუალებითა და მობილური ტელეფონის გამოყენებით, ასევე პირადად კომუნიკაციისას დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, ამყოფებდა მუდმივ სტრესსა და შიშში, მუდმივად მის მიმართ ეწეოდა უკანონო თვალთვალსა და ადევნებას, რითაც აკონტროლებდა ლ. კ-ას ქმედებებს, ასევე უწესებდა კონკრეტულ ქცევის წესებს: ეუბნებოდა, თუ ვისთან უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია და ვისთან - არა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრთხილებდა, რომ მასზე იტყოდა ისეთ რამეს, რაც მას რეპუტაციას შეულახავდა. აღნიშნულმა გარემოებებმა ლ. კ-ას მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებაში, რამაც, თავის მხრივ, მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა, კერძოდ: აღნიშნულის გამო ლ. კ-ია იძულებული გახდა შეეზღუდა საკუთარი თავი, რ. ს-ის თავის არიდების მიზნით ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. ყოველივე ზემონახსენებმა განცდილმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია ლ. კ-ას ფსიქიკური ტანჯვა;
· 2018 წლის ნოემბერში წ-ში, წ-ოს ქ. №..-ში მდებარე მა. ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა არასრულწლოვანი ლ. კ-ია, რ. ს-მ დაამონტაჟა სათვალთვალო კამერები, რითაც იგი 2019 წლის თებერვლის ჩათვლით (მარტის დასაწყისი) პერიოდში უკანონოდ ახორციელებდა თვალთვალს ლ. კ-სა და მისი ოჯახის წევრის მიმართ. კერძოდ, თვალს ადევნებდა ლ. კ-ას ქმედებებს საცხოვრებელ სახლში, ასევე ბანაობის პროცესსა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს შემცველ კადრებს.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
2.1. რ. ს-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა რ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის №020734320004190325 (12/1919-2020) განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით ... უნდა მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
2.3. გამართლებულ რ. ს-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენის გაუქმება, რ. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულმა რ. ს-მ შესაგებლით მოითხოვა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით რ. ს-ს გამართლების შესახებ და მიუთითებს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულადაა თანხვდენილი ერთმანეთთან და იძლევა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ სტანდარტს, კერძოდ:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მართალია დასტურდება რ. ს-ს მიერ ლ. კ-ან პირადად კომუნიკაციის სისტემატურად დამყარების ფაქტი, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ს-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სკოლაში წაყვანის შეთავაზებას, რაც უარის თქმის შესაძლებლობას გულისხმობს და ეს ქმედება - შეთავაზება - არ წარმოადგენს დანაშაულს. რაც შეეხება სოციალური ქსელის, მობილური ტელეფონის გამოყენებით და პირადი კომუნიკაციისას ფსიქოლოგიური ზემოქმედების ჩადენას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. ს-ის მხრიდან კომუნიკაციისას ამორალური ან მართლსაწინააღმდეგო ხერხის გამოყენება, რის გარეშეც კომუნიკაცია ვერ ჩაითვლება არასასურველად და სახეზე არ გვექნება დანაშულის შემადგენლობა.
8. მხოლოდ დაზარალებულ ლ. კ-ას ჩვენებაა ის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ამხელს მას ადევნების ჩადენაში, რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო სტანდარტს (თუმცა ამ ჩვენებითაც არ დასტურდება რ. ს-ის მხრიდან სხვა განზრახი ქმედების სისტემატიურად ჩადენა). სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სხვა პირები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე და თვითმხილველები. მათი ჩვენებები ემყარება ვარაუდებს, მათ კერძო შეხედულებებს, წარმოდგენებსა და შეფასებებს, არ შეიცავს კატეგორიულ მითითებას კონკრეტულ ფაქტებზე და შესაბამისად, ამ კუთხითაც მოკლებულია დამაჯერებლობას. უფრო მეტიც, მოწმეები - მ. ს-ია, ე. კ-ია, მ. გ-ია მიუთითებენ ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულისათვის არ არის ბრალად წარდგენილი, მათზე არ არის მითითება ბრალდების შესახებ დადგენილებაში. ასეთი ეპიზოდებია ტელევიზიაში აყვანის, ავტომობილში ციკლზე საუბრისა და სხვა ეპიზოდები.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეზე ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით შეუძლებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი რ. ს-ის მიერ დაზარალებულის ვიდეოთვალთვალსა და ტანჯვას შორის, კერძოდ:
11. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი ე. ა-მ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ ლ. კ-მ მასთან ისაუბრა ბევრს საკითხზე, მათ შორის ახსენა ისეთი საკითხები, რომლებიც რ. ს-ს ბრალად წარდგენილი არ აქვს და ყველა ამ საკითხმა ერთობლივად გამოიწვია მის მიერ დასკვნის გაკეთება, რომ დაზარალებული იტანჯებოდა. ამდენად, ექსპერტ ე. ა-ის მიერ შედგენილ დასკვნაში არ არის იდენტიფიცირებული, რ. ს-ის რომელმა ქმედებებმა გამოიწვია ეს შედეგი. ამის იდენტიფიცირება აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დასადგენად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა ლ. კ-იას მიერ ექსპერტისათვის მოყოლილი ინფორმაცია ნაწილობრივ არ ემთხვევა ბრალად წარდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
12. რაც შეეხება რ. ს-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად აღნიშნავს შემდეგს: მართალია დადგინდა, რომ რ. ს-მ მ. ს-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა არასრუწლოვანი ლ. კ-ია, დაამონტაჟა კამერები, თუმცა, ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, კონკრეტულად რა კადრები იქნა მის მიერ მოპოვებული, რა დიაპაზონისა და შესაძლებლობის იყო თითოეული კამერა, ხოლო მეორე მხრივ, მის მიერ სავარაუდოდ მოპოვებული ინფორმაცია ვერ იქნება მიჩნეული პირადი ცხოვრების საიდუმლოდ, ის შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, თუმცა ვერაფრით დასტურდება განიცადეს თუ არა დაზარალებულებმა მნიშვნელოვანი ზიანი.
13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადევნებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ჩადენაში რ. ს-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და რ. ს-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენზე რ. ს-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი