Facebook Twitter

საქმე # 330100122006281557

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1232აპ-23 ქ. თბილისი

ი-ე ო, 1232აპ-23 12 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით:

1.1. ო. ი-ე, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 23 აგვისტოდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ი-მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ლ-ა ლ. იმყოფებოდა ქ.თ-ში, ვ-ას გამზირის მე-.. კვარტლის ... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც კუთვნილი ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ფულადი თანხა 63 480 ევროს, 52 570 აშშ დოლარისა და 28 840 ლარის ოდენობით, „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები, მოათავსა მის მფლობელობაში არსებულ „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, შემოუარა ავტომანქანას, ჩაჯდა და მისი დაძვრა დააპირა, რა დროსაც აღნიშნულ ავტომანქანას მიუახლოვდა ო. ი-ძე, გამოაღო წინა მარჯვენა კარი, ხელში აიღო ლ-ა ლ-ს კუთვნილი ზურგჩანთა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მასში არსებულ ფულად თანხას, „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, საფულესა და სხვა პირად ნივთებს. ლ-ა ლ. დაედევნა ო. ი-ს, თუმცა მან შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. აღნიშნულმა ქმედებამ 355 759 ლარისა და 58 თეთრის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ო. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ო. ი-ის გამართლების თაობაზე, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დეტალურად მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ ო. ი-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ-ა ლ-სა და მოწმეების - ა. ლ-ის, თ. პ-ის, შ. ხ-ის, დ. ჩ-ის, ფ. ა-ის, დ. პ-ისა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ამოღების ოქმით, ვიდეოჩანაწერით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.

7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ-ა ლ-მ განაცხადა, რომ ცამეტი წელია, საქართველოში ცხოვრობს და ფლობს ჩინურ რესტორანს. 2022 წლის 22 აგვისტოს, სხვადასხვა ობიექტიდან, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, გამოიტანა ფულადი თანხა, რათა მიმწოდებლისთვის გადაერიცხა 105000 ევრო. 22 აგვისტოს თანხა გამოიტანა სავალუტო ჯიხურიდან და მოათავსა ჩანთაში. ვ-ას გამზირზე მდებარე „თ-ში“ მივიდა, საიდანაც გამოიტანა 15000 ლარი, ხოლო მეორე „თ-ან“ - დაახლოებით 30000 ლარი. ბოლო ოპერაცია განახორციელა ვ-ას გამზირზე მდებარე „რ-ში“, სადაც შეიძინა 2300 ევრო, ვინაიდან მეტი თანხის გადახურდავება ვერ შეძლო. აღნიშნული თანხაც ჩაიდო ჩანთაში და წინა მხარეს გადაიკიდა. ჩანთაში დაახლოებით 60 000 ევრო და 28 900 ლარი ედო. დაზარალებულმა დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მას ჩანთაში ედო 63 480 ევრო, 52 570 აშშ დოლარი და 28 840 ლარი. „რ-ში“ თანხის გადახურდავების შემდეგ მანქანისკენ წავიდა და ვინაიდან ჩანთა მძიმე იყო, გვერდითა მხრიდან, წინა მარჯვენა მხარეს მგზავრის სავარძელზე დადო. შემდეგ შემოუარა ავტომობილს, ჩაჯდა მძღოლის ადგილზე, დაქოქა მანქანა და დაძვრას აპირებდა, როდესაც მოულოდნელად მანქანას მიუახლოვდა მისთვის უცხო მამაკაცი, გამოაღო წინა მარჯვენა კარი და აიღო ჩანთა. იგი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა უშედეგოდ. მამაკაცმა გასტაცა ჩანთა და გაიქცა. გაეკიდა მას, მაგრამ ვერ დაეწია, იგი კორპუსებისკენ გაიქცა. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულმა პირმა მარცხენა ხელი სტაცა ჩანთას, ხოლო მარჯვენა ხელი მიახმარა კარს, ვინაიდან იკეტებოდა. მამაკაცის სახის დანახვა მარტივად შეძლო, მისი ამოცნობა არ გასჭირვებია. დაზარალებულმა სხდომის დარბაზში აღწერა ბრალდებულის გარეგნობა და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მამაკაცს ეცვა თეთრძირიანი კედები, კრემისფერი შორტი, მაისური და ეხურა მუქი ფერის კეპი. თანხის გამტაცებლის სახის ნაკვთები კარგად დაამახსოვრდა, ვინაიდან პირდაპირ შეხედა სახეზე. ხელზეც შეხედა და არაფერი განსაკუთრებული არ შეუნიშნავს. რაიმე განსაკუთრებულად დამახასიათებელი ნიშანი დამნაშავის სახეზე არ შეუმჩნევია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაზარალებულ ლ-ა ლ-ს ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან მან დეტალურად აღწერა როგორც მისი ავტომანქანიდან უცხო მამაკაცის მიერ ჩანთის გატაცების ფაქტი, ასევე გამტაცებლის ვიზუალური მონაცემები. სწორედ აღნიშნული ვიზუალური მონაცემების მითითებით ლ-ა ლ-მ გამოძიების ეტაპზე ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო მსჯავრდებული ო. ი-ძე, რომელმაც მას 2022 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, მანქანის მარჯვენა მხარეს გამოუღო კარები და გასტაცა მისი კუთვნილი ჩანთა, მასში მოთავსებული დაახლოებით 354 097 ლარით. დაზარალებულმა მხარეთა და მოსამართლის მიერ სხვადასხვა ინტერპრეტაციით დასმული არაერთი კითხვის მიუხედავად, დამაჯერებლად განმარტა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულია მისი მხრიდან ო. ი-ის ამოცნობის სისწორეში; ეჭვი არ ეპარება, რომ მან ნამდვილად ის პირი ამოიცნო, რომელმაც მას ჩანთა გასტაცა. ულვაში ან წვერი რომ ჰქონოდა, წესით დაიმახსოვრებდა. თუმცა მას წვერითაც ამოიცნობდა და მის გარეშეც, 1%-ითაც კი არ სჯერა, რომ ამოცნობისას შეცდა.

9. კასატორი - ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ლ-ა ლ-მ ვერ შენიშნა ო. ი-ის ფეხზე არსებული ტატუ. საკასაციო სასამართლო იზიარებს ამ საკითხთან მიმართებით გასაჩივრებულ განაჩენში მოცემულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულმა ნათლად განმარტა, რომ იგი დააკვირდა თავდამსხმელის ხელსა და სახეს, რის შედეგად ნაკვთები კარგად დაამახსოვრდა. დაზარალებულმა როგორც ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში, ასევე სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაასახელა მისთვის თანხის გამტაცებლის არაერთი ვიზუალური მახასიათებელი, რომლებიც სრულყოფილად ემთხვევა მსჯავრდებულ ო. ი-ის გარეგნულ ნიშან-თვისებებს.

10. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს მამაკაცს ეცვა თეთრძირიანი კედები, კრემისფერი შორტი, მაისური და ეხურა მუქი ფერის კეპი. ანალოგიურად მოწმე ა. ლ-აც განაცხადა, რომ მამაკაცს, რომელმაც მანქანის კარი გამოაღო და ჩანთით ხელში გარბოდა, შორტი და მუქი ფერის მაისური ეცვა, თავზე მუქი ფერის კეპი ეხურა. მართალია, მოწმე ა. ლ-ს არ დაუნახავს მამაკაცის სახე და შესაბამისად, მას ო. ი-ძე არ ამოუცვნია, თუმცა მან დაზარალებულ ლ-ია ლ-ს ჩვენების იდენტურად აღწერა, რა სახის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვა პირს, რომელიც ნაცრისფერი ჩანთით ხელში გარბოდა და მას ყვირილით მისდევდა ლ-ია ლ.

11. დაზარალებულ ლ-ია ლ-სა და მოწმე ა. ლ-ის ჩვენებები სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერს, საიდანაც ჩანს, რომ ო. ი-ძე მოძრაობს იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც გადაადგილდება დაზარალებული ლ-ია ლ. და მას აცვია მაისური, მოყავისფრო შორტი, შავი თეთრძირიანი ფეხსაცმელი, ხოლო თავზე ახურავს კეპი. ანალოგიური აღწერილობის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და კეპი ამოიღეს ო. ი-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას. მოპოვებულ ჩანაწერებში არ ფიქსირდება უშუალოდ დაზარალებულ ლ-ია ლ-ს ავტომანქანიდან ჩანთის გატაცების ფაქტი, თუმცა ვიდეომასალისა და მოწმე ა. ლ-ის ჩვენების შინაარსი იძლევა დაზარალებულის ჩვენებისა და მის მიერ ო. ი-ის ამოცნობის ოქმის სამართლიანი, სანდო და სათანადო შეფასების საშუალებას.

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე. დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

13. განსახილველ საქმეზე დაცვის მხარე აპელირებს იმის თაობაზე, რომ ო. ი-ეს შემხებლობა არ ჰქონია დაზარალებულსა და მის ავტომობილთან, მან მხოლოდ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიარა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პოლიციელთა მხრიდან ფაბრიკაციის შედეგია; მათ არ მისცეს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა და თითის ანაბეჭდი ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ იმგვარად იქნა აღებული, რომ კვალი განადგურდა.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა სანდოობა (მათ შორის წინააღმდეგობების ხარისხი) უნდა შეფასდეს გონივრული განსჯის შედეგად, უნდა განისაზღვროს მოწმეთა განმარტებების დამაჯერებლობა, რეალურობა, თანმიმდევრულობა, ჩვენებებში გარკვეული წინააღმდეგობების არსებობის პირობებში უნდა დადგინდეს, რამდენად არსებითია ისინი და, მათი შინაარსიდან გამომდინარე, მოახდენს თუ არა გავლენას მთლიანად მტკიცებულების სანდოობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას საქმეზე დაკითხული მოწმეების, მათ შორის ექსპერტების მხრიდან, არ გამოვლენილა რაიმე პირადი ინტერესი მსჯავრდებულის მიმართ, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. მსჯავრდებულს ან მის ადვოკატებს არ დაუფიქსირებიათ პოზიცია, რომ რომელიმე პოლიციელი, რომელმაც აწარმოა სისხლის სამართლის საქმე, ან ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, იცნობდნენ მას და რაიმე უთანხმოება ან დაინტერესება ჰქონდათ. მხოლოდ ზოგადი მითითება, აპრიორი, სამართალდამცავთა და ექსპერტთა პირად დაინტერესებას ვერ დაადასტურებს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერდა 2022 წლის 22 აგვისტოს, 23:31-01:10 საათამდე პერიოდში, რა დროსაც აღებულ იქნა ხელის კვალის ნიმუშები, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებმა ექსპერტებმა და გამომძიებელმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურეს, რომ ამოღებული კვლები დალუქეს კანონით გათვალისწინებული წესით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. ექსპერტ ნ. კ-ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ხელის კვლები გადაეცა დალუქული სახით და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. დაკავების ოქმის თანახმად, ო. ი-ძე ბრალდებულის სახით დააკავეს 2022 წლის 23 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც უკვე ჩატარებული იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ავტომანქანიდან აიღეს ხელის კვალი. ამდენად, დაცვის მხარის ზოგადი მსჯელობა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, გამორიცხავს სამართალდამცავთა მხრიდან რაიმე ფორმით ფაბრიკაციის შესაძლებლობას, რაც ვერ იქნება გაზიარებული.

15. კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც უპირობოდ ადასტურებს მსჯავრდებულ ო. ი-ის შემხებლობას დაზარალებულ ლ-ა ლ-ს ავტომანქანასთან და შესაბამისად, მის მიერ დანაშაულის ჩადენას, არის საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნა. ამ დასკვნით დგინდება, რომ ო. ი-ის მარჯვენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს შიდა ზედაპირზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება მხოლოდ ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდგომ არ მოხდა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის ამოღება და დალუქვა, რათა შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, დაცვის მხარესაც მისცემოდა მისი კვლევის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში უპირატესად მოხდა დაზარალებულის ინტერესის გათვალისწინება, რომელიც გახდა ძარცვის მსხვერპლი, გასტაცეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ავტომანქანის ამოღებით მისთვის დამატებითი დისკომფორტის შექმნა არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად.

16. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, განსახილველ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას. საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტებმა დეტალურად ისაუბრეს, რომ ლ. კ-მ შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის კარის შიდა მხარე სპეციალური ფხვნილით დაამუშავა და მოახდინა ხელის კვლების გამოვლენა, შემდეგ ფოტოაპარატით ფიქსირება და ბოლოს ამოიღო კვალი სპეციალური წებოვანი ფირებით. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიის, ასევე საქმეში წარმოდგენილი ზეპირი თუ წერილობითი მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა და დაადასტურებდა მათი მხრიდან რაიმე ინტერესის არსებობას მსჯავრდებულის მიმართ.

17. ადვოკატ გ. ნ-ის აზრით, მსჯავრდებულის უდანაშაულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ო. ი-ის ბებიამ - გ. ე-მა მ. ბ-ს 4700 დოლარად მიჰყიდა უძრავი ნივთი - სარდაფი. როგორც ო. ი-ძე და გ. ე-ი აცხადებენ, სარდაფის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის ნახევარი ეკუთვნოდა თ. პ-ეს და მისგან სწორედ ეს თანხა ამოიღეს.

18. ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხვისას თ. პ-ს არ დაუდასტურებია, რომ მისგან ამოღებული 2300 აშშ დოლარი წარმოადგენდა ბებიის კუთვნილი სარდაფიდან მისი წილის ღირებულებას. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული თანხა, 2022 წლის 23 აგვისტოს (ძარცვის ფაქტიდან მეორე დღეს), მას შესანახად გადასცა ო. ი-მ. მოწმე გ. ე-მა განაცხადა, რომ სარდაფის გაყიდვიდან თ-ის უნდა მიეცათ წილი, გერმანულ ენაში მოსამზადებლად, ხოლო ო. ი-მ განმარტა, რომ მის დას ისე მისცა ფული, არ უთქვამს სარდაფის გაყიდვის თაობაზე, ვინაიდან მას ადრე აგარაკი გაუყიდა და არ უნდოდა გაეგო, რომ სარდაფიც გაუყიდა. დაცვის მხარის ეს ვერსია ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული და მიმართულია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობისაკენ, ვინაიდან ჯერ ერთი, სარდაფი ბებიის საკუთრებას წარმოადგენდა და არა მისი დის და მეორეც, არავითარი აზრი არ ჰქონდა ამ ფაქტის დამალვას, ვინაიდან თ. პ-ს ისედაც შეეძლო ბებიისგან ამ ფაქტის გაგება.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ო. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაშაულის ჩადენა.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი