საქმე # 330100121005290789
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1275აპ-23 ქ. თბილისი
ს-ი გ, 1275აპ-23 12 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით:
1.1. გ. ს-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ნ. მ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ნ. ა-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ა. ზ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და გ. ს-ს შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოებრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოებრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 8000 ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 8000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 სექტემბრიდან.
1.3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის (N12/18649) განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა. ყადაღა უნდა მოეხსნას: შპს „ს-ის“ (ს/კ ....) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე კ-ის ქ. N..-ში, მე-.. სადარბაზოში, ბინა N...-ს (ს/კ N...) და ამავე სადარბაზოში მდებარე ბინა N...-ს (ს/კ N...).
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2010 წლის 11 ოქტომბერს შეიქმნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „კ-ი 21“ (ს/კ. ...), რომელსაც ქალაქ თბილისის მერიამ საკუთრებაში გადასცა ქ.თ-ში, კ-ის ქუჩის N..-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით - ..... ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმება, გარდა საცხოვრებელი კორპუსის აშენებისა, ითვალისწინებდა პირობას, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, ბინათმშენებლობის ამხანაგობას ასევე უნდა აეშენებინა საბავშვო ბაღი. ამხანაგობამ მშენებლობა დაიწყო 2011 წელს და 2013 წლამდე ააშენა ხუთი სართული, თუმცა, 2013 წელს, იმის გამო, რომ ვერ მოახერხა სამშენებლოდ თანხის მობილიზება, მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სპონსორის ძიება, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა მშენებლობის დასრულებასა და კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებაზე. 2013 წლის 25 დეკემბერს, ამხანაგობა „კ-ი 21-მა“ სამშენებლო კომპანია შპს „ს-ან“ (ს/კ ...) გააფორმა ნოტარიული წესით დამოწმებული ხელშეკრულება მშენებლობისათვის ურთიერთობის უფლების დელეგირების შესახებ. შეთანხმების თანახმად, შპს „ს-ი“ სრულად იღებდა პასუხისმგებლობას, არაუგვიანეს 2014 წლის 30 ოქტომბრისა, უზრუნველეყო ამხანაგობის მიერ მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება - აეშენებინა საბავშვო ბაღი და დაესრულებინა რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, ამხანაგობა „კ-ი 21“ შპს „ს-ს“ საკუთრებად გადასცემდა ამავე საცხოვრებელი კორპუსის საერთო ფართიდან წინასწარ განსაზღვრულ უძრავ ქონებას.
· შპს „ს-მა“ 2013 წლიდან გააგრძელა ამხანაგობის მიერ დაწყებული მშენებლობა, თუმცა არ უზრუნველყო არც დათქმულ და არც დამატებით გაგრძელებულ ვადაში - 2015 წლის 30 ოქტომბრამდე მისი დასრულება. მშენებლობის პარალელურად, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, ამხანაგობა „კ-სი 21-მა“ შპს „ს-ს“ გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართები, რომლებიც, მართალია, მერიის წინაშე არსებული სამართლებრივი ვალდებულებით იყო დატვირთული, თუმცა შპს „ს-მა“ თბილისის მერიასთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ხსენებული უძრავი ქონებები უკვე მოხსნილი ვალდებულებისგან გათავისუფლებული სახით დაირეგისტრირა კერძო საკუთრებად. ამავდროულად, შპს „ს-ის“ წარმომადგენელი გ. ს-ი, კომპანიის მიერ ამხანაგობა „კ-სი 21-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მისი სახელით მოქმედების დროს ახდენდა ამხანაგობისგან კომპანიისათვის გადაცემული თავისუფალი ფართების ბინების რეალიზაციას, რა დროსაც, თითქოსდა საცხოვრებელი კორპუსის დასრულების შემდგომ, აშენებული ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის დაპირებით, იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მოქალაქეების - ნ. მ-ის, ნ. ა-სა და ა. ზ-ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის დეკემბრიდან ზეპირსიტყვიერად, ხოლო 2016 წლის ივნისიდან - უკვე ოფიციალურად, გ. ს-ის კომპანია შპს „ს-ი“ აღარ იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა რაიმე სამშენებლო სამუშაო ამხანაგობა „კ-სი 21-ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით - .... კ-ს ქუჩა N..-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით, იგი აგრძელებდა ზემოჩამოთვლილი მოქალაქეების დარწმუნებას, რომ კორპუსის მშენებლობას მალე დაასრულებდა, ბინებს ჩააბარებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თეთრი კარკასის მდგომარეობით და ამ მიზეზით აგრძელებდა მათთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურის თანხების მიღებას. ეს მაშინ, როდესაც 2016 წლის 7 ნოემბერს, პირადი გამოყენების მიზნით, ნ. მ-ის, ნ. ა-სა და ა. ზ-ის მიყიდული უძრავი ქონებები, შემძენისა და რეალური მესაკუთრეებისგან მალულად და მათი ნების საწინააღმდეგოდ, როგორც შპს „ს-ის“ საკუთრება, სს „ტ-ის“ სასარგებლოდ, დატვირთა იპოთეკური ვალდებულებით. უფრო კონკრეტულად:
· ნ. მ-ის ეპიზოდი:
· შპს „ს-ის“ დირექტორი გ. ს-ი მოტყუებით, დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ნ. მ--ის კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხას. კერძოდ: ბინის შეძენის მსურველმა ნ. მ-მა მიმართა შპს „ს-ს“ და გამოთქვა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინის შეძენის სურვილი. 2014 წლის 25 იანვარს, ნ. მ-სა და შპს „ს-ის“ (ს/კ ...) დირექტორ გ. ს-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება N3, რომლის მიხედვითაც, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ.თ-ში, კ-ის ქ. N..-ში მდებარე ..... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტით, მე-5 სართულზე გათვალისწინებული ბინა, ფართით 113,5 კვ/მ და ავტოსადგომის ადგილი ერთ ავტომანქანაზე, ნიშნული 3.30-ზე, სართული 1. ხელშეკრულების მიხედვით, ბინის ნასყიდობის ფასი შეადგენდა 90 800 აშშ დოლარს, ხოლო ავტოსადგომის საფასური - 7000 აშშ დოლარს, რაც უნდა ჩარიცხულიყო შპს „ს-ის“ სს „ს-ის“ NGE27BG0000000501180700GEL ანგარიშზე. ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორ დღეში, მყიდველს გამყიდველისთვის, ავანსის სახით, უნდა გადაეხადა 20000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 15 აგვისტომდე უნდა მომხდარიყო ნასყიდობის ხელშეკრულების სრული ღირებულების გადახდა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ს-ი“ იღებდა ვალდებულებას, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაესრულებინა და ბინა მყიდველისათვის ჩაებარებინა თეთრი კარკასის მდგომარეობით, არაუგვიანეს 2014 წლის 15 ოქტომბრისა. ვინაიდან, 2014 წლის ოქტომბრის ბოლო პერიოდისათვის მშენებლობა დასრულებული არ იყო, ნ. მ-ი მივიდა ობიექტზე, რათა შეემოწმებინა შეძენილი უძრავი ქონების მდგომარეობა. ადგილზე მისულმა ნ. მ-მა გაარკვია, რომ მის მიერ შეძენილი ზემოხსენებული უძრავი ქონება გასხვისებული იყო სხვა პირზე, რომელიც ბინაში უკვე აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს. ნ. მ-ა გ. ს-ს დაუყოვნებლივ მოსთხოვა ვითარებაში გარკვევა. მითითებული დროისთვის ნ. მ-ს, უძრავი ქონების ღირებულებიდან უკვე გადახდილი ჰქონდა - 58000 აშშ დოლარი. გ. ს-მა დაარწმუნა ნ. მ-სი, თითქოსდა ერთი და იგივე ბინის ორი პირისთვის გასხვისება წარმოადგენდა მხოლოდ გაუგებრობას და მის დაზარალებას არ ისახავდა მიზნად, შესთავაზა ნასყიდობის საგნის სხვა უძრავი ქონებით ჩანაცვლება. შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლის 6 ნოემბერს, შპს „ს-ის“ დირექტორ გ. ს-სა და ნ. მ-სს შორის დაიდო შეთანხმება ხელშეკრულება N3-ის ცვლილებაზე. ხსენებული შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულება N3-ში მითითებული ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება ჩანაცვლდა ახლით - ქ. თ-ში, კ-ის ქ. N...-ში მდებარე .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტით, მე-8 სართულზე, ნიშნული +25,35-ზე, გათვალისწინებული ბინა, ფართით 143 კვ/მ და ავტოსადგომის ადგილი ერთ ავტომანქანაზე, ნიშნული 3.30- ზე, სართული 1. ხელშეკრულების მიხედვით, ბინის ნასყიდობის ფასი შეადგენდა 96375 აშშ დოლარს, ხოლო ავტოსადგომის საფასური - 3000 აშშ დოლარს. 2015 წლის 30 მარტამდე, ნასყიდობის თანხა სრულად უნდა დაფარულიყო. გამყიდველი ამ შემთხვევაში კისრულობდა ვალდებულებას, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაესრულებინა და ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით მყიდველისთვის ჩაებარებინა არაუგვიანეს 2015 წლის 30 მაისისა. აღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, მხარეებს საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ. ნ. მ-მა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და საბანკო და ნაღდი ანგარიშსწორების გზით შპს „ს-ს“ დირექტორს გ. ს-ს, სხვადასხვა დროს, გადაუხადა 114175 აშშ დოლარი. 2015 წლის 31 დეკემბერს, შპს „ს-მა“ საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირა ნ. მ-ის მიერ შეძენილი საცხოვრებელი ბინა, საკადასტრო კოდით - N..... 2016 წლის 7 ნოემბერს კი შპს „ს-ის“ დირექტორმა გ. ს-მა, ნ. მ*ის მიერ ხელშეკრულებით შეძენილი საცხოვრებელი ბინა, ბინის შემძენისა და რეალური მესაკუთრისგან მალულად და მისი ნების საწინააღმდეგოდ, როგორც შპს „ს-ის“ საკუთრება, სს „ტ-ის“ სასარგებლოდ, დატვირთა იპოთეკური ვალდებულებით. ამდენად, გ. ს-ი მოტყუებით, დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენებით, დაეუფლა ნ. მ-ის კუთვნილ 114 175 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში - 195 284,7 ლარს.
· ნ. ა-ის ეპიზოდი:
· ანალოგიურად, შპს „ს-ის“ დირექტორი გ. ს-ი მოტყუებით, დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ნ. ა-ის კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხას. კერძოდ: ბინის შეძენის მსურველმა ნ. ა-მა მიმართა შპს „ს-ს“ და გამოთქვა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინის შეძენის სურვილი. 2015 წლის 14 იანვარს, ნ. ა-სა და შპს „ს-ის“ (ს/კ ...) დირექტორ გ. ს-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება N19, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ.თ-ში, კ-ის ქ. N..-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტით, მე-8 სართულზე გათვალისწინებული ბინა, ფართით - 113 კვ/მ. და ავტოსადგომის ადგილი. ხელშეკრულების თანახმად, ბინის ღირებულებად განისაზღვრა 67000 აშშ დოლარი, ხოლო ავტოსადგომის საფასურს შეადგებდა - 3000 აშშ ხელმოწერისთანავე, გამყიდველისათვის ავანსის სახით გადაეხადა 10000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 60000 აშშ დოლარი - თავისუფალი გადახდის გრაფიკით უნდა დაეფარა მომავალი ოთხი თვის განმავლობაში. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ნ. ა-ს ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად უნდა დაეფარა არაუგვიანეს 2015 წლის 30 მაისისა. შპს „ს-ან“ ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სს „ს-ში“ გახსნილი NGE27BG0000000501180700GEL ანგარიშის მეშვეობით. აღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება მხარეებს საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ. შპს „ს-მა“ დათქმულ ვადაში არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ნ.ა-ი ხშირად უკავშირდებოდა კომპანიის დირექტორ გ. ს-ს, რომელიც, თავისი მხრივ, ჰპირდებოდა მას მშენებლობის უახლოეს მომავალში დასრულებასა და შეძენილი ბინის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ჩაბარებას. 2016 წლის 23 თებერვალს, შპს „ს-მა“ საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირა ნ. ა-ს მიერ შეძენილი ბინა, საკადასტრო კოდით N... 2016 წლის მარტში ნ. ა-სა და შპს „ს-ს“ შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება დამატებითი შეთანხმების თაობაზე. მითითებული დროისთვის ნ. ა-ს გადახდილი ჰქონდა ბინის ღირებულების თანხის ნაწილი - 13000 აშშ დოლარი და გადასახდელად დარჩენილი იყო 57000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ხსენებული შეთანხმების თანახმად, განისაზღვრა ბინის ღირებულების გადახდის ახალი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის მარტიდან 2018 წლის მარტამდე, ნ. ა-ს შპს „ს-ს“ ანგარიშზე უნდა შეეტანა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ნ. ა-ი ახალი გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას იხდიდა 2017 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით, მანამ, სანამ შეიტყობდა, რომ 2016 წლის 7 ნოემბერს გ. ს-მა მის მიერ ხელშეკრულებით შეძენილი ბინა მყიდველისგან მალულად და მისი ნების საწინააღმდეგოდ იპოთეკური ვალდებულებით დატვირთა სს ,,ტ-ის“ სასარგებლოდ. ნ. ა-მა შპს „ს-ს“ GE27BG0000000501180700GEL საბანკო ანგარიშზე, საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად შეიტანა ჯამურად 80543,95 ლარი. ამდენად, გ. ს-ი მოტყუებით, დაზარალებულის ნდობის გამოყენებით დაეუფლა ნ. ა-ის კუთვნილ 80543,95 ლარს.
· ა. ზ-ს ეპიზოდი:
· შპს „ს-ის“ დირექტორი გ. ს-ი მოტყუებით, დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ა. ზ-ის კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხას. კერძოდ: ბინების შეძენის მსურველმა, ნ. ა-ის მეგობარმა, ისრაელის მოქალაქე - ა. ზ-მა, მეგობრის რჩევითა და მასთან მეზობლობის სურვილით, მიმართა შპს „ს-ს“ და გამოთქვა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების შეძენის სურვილი. 2015 წლის 18 თებერვალს, ა. ზ-სა და შპს „ს-ის“ (ს/კ ...) დირექტორ გ. ს-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის 71,0 კვ/მ. წინარე ხელშეკრულება N23/01, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თ-ში, კ-ის ქ. N...-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტით, მე-3 სადარბაზოს მე-8 სართულზე გათვალისწინებული ბინა, ფართით ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის ფასი შეადგენდა 50000 აშშ დოლარს, საიდანაც აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, მყიდველს გამყიდველისათვის ავანსის სახით უნდა გადაეხადა 20000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 30 მაისამდე - დარჩენილი 30000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ს-ი“ იღებდა ვალდებულებას, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაესრულებინა და ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაებარებინა მყიდველისთვის არაუგვიანეს 2015 წლის 30 მაისისა. მყიდველმა ა. ზ-მა, 2015 წლის 18 თებერვალს, შპს „ს-ის“ დირექტორ გ. ს-ან გააფორმა მეორე - უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება N22/01, რომლის მიხედვითაც, ა. ზ-მა, იმავე მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, კვლავ მე-3 სადარბაზოში, ამჯერად მე-7 სართულზე, შეიძინა 113.5 კვ/მ ფართობის მქონე ბინა. მეორე ბინის ღირებულებას წარმოადგენდა 67000 აშშ დოლარი თავისი ავტოფარეხით, რომლის ღირებულებად, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო 3000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, მყიდველს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, გამყიდველისათვის ავანსის სახით გადაეხადა 30000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 40000 აშშ დოლართან დაკავშირებით ვადა მითითებული არ ყოფილა. მეორეს მხრივ, გამყიდველი, მეორე შემთხვევაშიც, კისრულობდა ვალდებულებას, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაესრულებინა და ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით მყიდველისათვის ჩაებარებინა არაუგვიანეს 2015 წლის 30 მაისისა. ვინაიდან ა. ზ-ი, როგორც ისრაელის მოქალაქე, ძირითადად იმყოფებოდა სამშობლოში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშსწორებას შპს „ს-ან“ ახდენდა მეგობარ ნ. ა-ს მეშვეობით. ნ. ა-მა ა. ზ-ის სასარგებლოდ, შპს „სალვუს დეველოპმენტის“ NGE27BG0000000501180700GEL საბანკო ანგარიშზე, 2015 წლის 18 თებერვლიდან ამავე წლის 28 ივლისის ჩათვლით, შეიტანა 110000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ჯამში 241620 ლარი. არცერთი ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება მხარეებს საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ. შპს „სალვუს დეველოპმენტმა“ დათქმულ ვადაში არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ა. ზ-ის მეგობარი ნ. ა-ი ხშირად უკავშირდებოდა კომპანიის დირექტორ გ. ს-ს. იგი პირდებოდა მას, რომ უახლოეს მომავალში დაასრულებდა მშენებლობას, რის შემდეგაც ა. ზ-ნს, ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, ჩააბარებდა შეძენილ ბინებს. 2016 წლის 23 თებერვალს შპს „ს-მა" საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირა - ა. ზ-ს მიერ შეძენილი ერთ-ერთი ბინა (113 კვ/მ ფართობით), საკადასტრო კოდით N..... 2016 წლის 7 ნოემბერს შპს „ს-ის“ დირექტორმა გ. ს-მა ა. ზ-ს მიერ ხელშეკრულებით შეძენილი ერთ-ერთი ბინა - (სკ ...) ბინის შეძენისა და რეალური მესაკუთრისგან მალულად და მისი ნების საწინააღმდეგოდ, როგორც შპს „ს-ის“ საკუთრება, სს „ტ-ის“ სასარგებლოდ დატვირთა იპოთეკური ვალდებულებით, ხოლო საჯარო რეესტრში დღემდე დაურეგისტრირებელი მეორე საცხოვრებელი ბინა (71.0 კვ/მ. ფართი) არ გადასცა საკუთრების უფლებით ა. ზ-ს. ამდენად, გ. ს-ი მოტყუებით, დაზარალებულის ნდობის გამოყენებით, დაეუფლა ა. ზ-ის კუთვნილ 110000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში - 241620 ლარს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ნ. მ-ის ეპიზოდი) - ჯარიმა 70000 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ნ. ა-ის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ა. ზ-ის ეპიზოდი) - ჯარიმა 86600 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე დანიშვნის უფლება.
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ს-ს შეეფარდა ჯარიმა - 86600 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე დანიშვნის უფლება.
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოებრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 8000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 86600 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე დანიშვნის უფლება.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, გ. ს-ს პატიმრობაში ყოფნის დღეების გათვალისწინებით (2021 წლის 17 სექტემბრიდან 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით) შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 50000 ლარი. გ. ს-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3.6. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის (N12/18649) განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა უნდა მოეხსნას: შპს „ს-ის“ (ს/კ ...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე - კ-ის ქ. N..-ში, მე-.. სადარბაზოში მდებარე, ბინა N...-ს (ს/კ N...) და ამავე სადარბაზოში მდებარე ბინა N...-ს (ს/კ N....).
4. კასატორმა - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - ნ. მ-ის, ნ. ა-ის, ა. ზ-ის, მ. ა-ის, თ. რ-ის, თ. მ-ის, თ. ჩ-ს, დ. გ-ის, დ. ჩ-ს, მა. გ-ის, შ. ფ-ის, გ. მ-ის ჩვენებებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ნოემბრის წერილით, უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ №23/01 წინარე ხელშეკრულებით, უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ №22/01 წინარე ხელშეკრულებით, 2018 წლის 24 ივლისის ს-ს მიერ გაცემული ცნობით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ №19 წინარე ხელშეკრულებით, №3 წინარე ხელშეკრულებით, №3 წინარე ხელშეკრულების ცვლილებით, ს-ის მიერ გაცემული ცნობით, იპოთეკის ხელშეკრულებებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის N14.29.404 განკარგულებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,კ-სი N21“-ის 2015 წლის 20 თებერვლის წევრთა საერთო კრების ოქმით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 4 ივნისის A19208106-011/001 მომართვით, ნ. მ-ს მიერ წარმოდგენილი შპს ,,ს-ის“ სახელზე ჩარიცხული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაციით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ გ. ს-მა ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გ. ს-ის დანიშნული სასჯელების დამძიმებას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, გ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) საბოლოოდ შეუფარდა სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე), კერძოდ: გ. ს-ი ნასამართლობის არმქონეა (დანაშაულის ჩადენის დროს), მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აანაზღაურა ზიანი და შეურიგდა დაზარალებულებს (ტ.7.ს.ფ.47-52;ს.ფ.80-84;ს.ფ.90-92); აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა (საქმეში წარმოდგენილია ცნობა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტ.7.ს.ფ.105-109).
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი