საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №995აპ-23 თბილისი
ბ-ი ზ., 995აპ-23 22 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივნისის განაჩენით ზ. ბ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2023 წლის 15 მარტიდან იმავე წლის 16 მარტის ჩათვლით.
2. განაჩენის მიხედვით, ზ. ბ-ს მსჯავრად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 12 მარტს ზ. ბ-ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ნ. ო-ის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და მის სავარაუდო ადგილსამყოფელთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ. ბ-მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2023 წლის 14 მარტს, საღამოს საათებში, მივიდა თ-ში, ზ-ში, ა-ს ქუჩის №--ში მდებარე ნ. ო-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დაელოდა მის დაბრუნებას და დაზარალებულს დახვდა სახლის ეზოში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანი ჩუბინაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ზ. ბ-ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანი ჩუბინაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ზ. ბ-ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ზ. ბ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
9. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ზ. ბ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
10. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე