საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №874აპ-23 თბილისი
გეწაძე ანზორ, 874აპ-23 17 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განაჩენით ა. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის ივნისის ეპიზოდი) – 80 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივნისის ეპიზოდი) – 400 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) – 80 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 400 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2021 წლის 24 სექტემბრიდან იმავე წლის 27 სექტემბრის ჩათვლით. ა. გ-ეს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სასწავლო კურსის გავლა.
2. განაჩენის მიხედვით, ა. გ-ეს მსჯავრად დაედო:
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2021 წლის პირველი ივნისიდან იმავე წლის 6 ივნისამდე პერიოდში (ზუსტი თარიღი უცნობია), თბილისში, თემქის მე-4 მკ/რ-ის მე-12 კორპუსის ბინა №27-ში, ა. გ-ემ ურთიერთშელაპარაკების გამო დაწყებული კონფლიქტისას თავის მეუღლე სალომე დეკანაძეს მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, ასევე, ყელზე მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2021 წლის ივნისის შუა რიცხვებში (ზუსტი თარიღი უცნობია), თბილისში, თემქის მე-4 მკ/რ-ის მე-12 კორპუსის ბინა №27-ში, ა. გ-ემ ურთიერთშელაპარაკების გამო დაწყებული კონფლიქტისას თავის მეუღლე სალომე დეკანაძეს, მისივე არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 27 მაისს დაბადებული ოთო ოთიაშვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ: ხელები ძლიერად მოჰკიდა ორივე მკლავზე, შემდეგ ამავე არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2021 წლის პირველი აგვისტოდან იმავე წლის 5 აგვისტომდე პერიოდში (ზუსტი თარიღი უცნობია), თბილისში, თემქის მე-4 მკ/რ-ის მე-12 კორპუსის ბინა №27-ში, ა. გ-ემ ურთიერთშელაპარაკების გამო დაწყებული კონფლიქტისას თავის მეუღლე სალომე დეკანაძეს ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, ხოლო ფეხი ჩაარტყა ბარძაყის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2021 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თბილისში, ველისციხის ქუჩის №4-ში მდებარე სახლში, ა. გ-ემ ურთიერთშელაპარაკების გამო დაწყებული კონფლიქტისას თავის მეუღლე სალომე დეკანაძეს, მისივე არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 27 მაისს დაბადებული ოთო ოთიაშვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ: ხელი მოუჭირა ყელში, ასევე, მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მუცელში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2021 წლის პირველი აგვისტოდან იმავე წლის 5 აგვისტომდე პერიოდში (ზუსტი თარიღი უცნობია), თბილისში, თემქის მე-4 მკ/რ-ის მე-12 კორპუსის ბინა №27-ში, ა. გ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, 2015 წლის 27 მაისს დაბადებულ არასრულწლოვან ოთო ოთიაშვილს, კერძოდ, ესროლა ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე მოხვდა, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თამთა გახარიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ა. გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს პალატა აცნობებს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგსა და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თამთა გახარიამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ა. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ა. გ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
10. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ა. გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
11. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ. Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე