საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1134აპ-23 თბილისი
დ. გ., 1134აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – გ. დ-ის, ტ. დ-ისა და ჯ. დ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
გ. დ-ეს, - – საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. დარჩიძეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ტ. დ-ეს, - საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 4-4 წლითა და 6-6 თვით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ტ. დ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ჯ. დ-ეს, - – საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელი აეთვალათ 2021 წლის 17 ნოემბრიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. დ-ემ და ტ. დ-ემ ჩაიდინეს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ხოლო ჯ. დ-ემ – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს “ბ. კ. ----ის“ (ს/ნ ---) ფაქტობრივმა ხელმძღვანელებმა – ტ. დ-ემ (დირექტორმა და 100% მეწილე) და ჯ. დ-ემ, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და მათში არარსებული ე.წ. „ჩათვლების“ ხელოვნურად შეტანის გზით, შპს “ბ. კ. ----ს“ შეუქმნეს დღგ-ს 2 209 207 ლარის ყალბი აქტივი. 2016-2018 წლებში სრულად იქნა გამოყენებული საბაჟო ოპერაციებსა და ბიუჯეტის მიმართ არსებულ მიმდინარე გადასახადებში, რითაც მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· შპს “ბ. კ. ---“ (ს/ნ ---) რეგისტრირებულია 2015 წლის 24 დეკემბერს, დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2015 წლის 25 დეკემბერს. მისი საქმიანობის სფერო იყო სამშენებლო მასალების იმპორტი-რეალიზაცია. მეწარმის იურიდიული მისამართია: -ი, ა-ის ქუჩის №-, კორპუსი №-, ბინა №-, ხოლო ფაქტობრივად საქმიანობდა მისამართზე: თ-ი, ხ-ის ქუჩის №-. შპს “ბ. კ. ----ის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ტ. დ-ე (გ. დ-ის შვილი).
· შპს “ა-- --“ (ს/ნ --) რეგისტრირებულ იქნა 2018 წლის 13 აპრილს, იმავე დღეს დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად. საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ა. ბ., თუმცა საწარმოს სრულ პერიოდში ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა გ. დ-ე.
· სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივლისის №- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს “ბ. კ. ----ის“ საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნულ ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 2018 წლის 20 ივლისს. შპს “ბ. კ. ----ის“ მიმართ 2018 წლის 10 ოქტომბერს შედგა №- აქტის პროექტი, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2018 წლის 11 ოქტომბერს. ტ. დ-ემ იცოდა, რომ შპს “ბ. კ. ----ს“ დაერიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი თანხები, ამიტომ, მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მამის – გ. დ-ის – კუთვნილ კომპანია შპს “ა-- ---ს“ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ფიქტიური ნასყიდობის №- ხელშეკრულებისა და -- 0-- ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე გადაუფორმა შპს “ბ. კ. ----ის“ საკუთრებაში არსებული, 2 583 968 ლარად ღირებული 26 ბინა, ასევე – შპს “ბ. კ. ----ის“ მიერ შპს “ა-- ---ზე“ --- ---------------- ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და 2 ერთეული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე განხორციელდა ჯამურად – 519 229 ლარის სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, სახელმწიფოს კი მოესპო შესაძლებლობა, შპს “ბ. კ. ----ის“ კუთვნილი ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო დავალიანება.
· 2018 წლის შემოდგომაზე გ. დ-ემ და ტ. დ-ემ განიზრახეს, თავიანთ მმართველობაში არსებული ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით შეექმნათ დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდნენ სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად.
· განზრახვის აღსასრულებლად შპს “ბ. კ. ----ის“ (ს/ნ ---) სახელით 2018 წლის 16 ოქტომბერს დამზადდა ყალბი სადასახადო ანგარიშფაქტურა ---, რომლითაც ფიქტიურად აჩვენეს 7 050 494.88 ლარად ღირებული, 26 ერთეული ბინის მიწოდება შპს “ა-- ---ისთვის“, ხოლო ----- ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით შპს “ბ. კ. ----ის“ მიერ “ა-- ---ზე“ განხორციელდა ჯამურად 462 837.49 ლარის სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები დადასტურდა შპს “ა-- ---ის“ მიერ და ჩაითვალა 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების დღგ-ს დეკლარაციებით, ხოლო შპს “ბ. კ. ----მა“ არ დაბეგრა აღნიშნული დღგ-ს თანხა. 2018 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის - ხელშეკრულების საფუძველზე კი ზემოხსენებული 26 ერთეული უძრავი ქონება აისახა შპს “ა-- ---ის“ საკუთრებად.
· აღნიშნულის საფუძველზე შპს “ა-- ---მა“ მიიღო 1 146 101 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, საიდანაც 554 634 ლარი გამოიყენეს ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გასაქვითად, რითაც მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – მსჯავრდებულების:, გ. დ-ის, ტ. დ-ისა და ჯ. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და სამივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: №375აპ-22, №164აპ-21, №843აპ-20, №216აპ-22, №621აპ-18), რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ გ. დ-ის, ტ. დ-ისა და ჯ. დ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (კერძოდ: მოწმეების – ო. ც-ას, გ. ფ-ის, გ. ხ-ის, გ. გ-ას, მ. კ-ის, ლ. ა-ის, ნ. მ-ისა და სხვათა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით, სალაროს შემოსავლის ორდერებით და ჩეკებით, საბანკო ამონაწერებით, შპს “ბ. კ. ----ის“ გადახდისუუნაროდ ცნობის შესახებ საქმის მასალებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული გ. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ტ. დ-ის მიერ – საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (2 ეპიზოდი) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ჯ. დ-ის მიერ – საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულთა ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
10. სააპელაციო სასამართლომ გ. დ-ის, ტ. დ-ისა და ჯ. დ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულთა მიერ გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ., ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და იზიარებს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების – გ. დ-ის, ტ. დ-ისა და ჯ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე