Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №984აპ-23 თბილისი

კ-ე ი., 984აპ-23 22 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. კ-ეს ბრალად დაედო:

· გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი – სამი ეპიზოდი – 2022 წლის 19, 22 და 26 ივლისის ეპიზოდები);

· გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2022 წლის 19 ივლისს, საღამოს საათებში, თ-ში, გ-ოს ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მთვრალმა ი. კ-ემ მ. ლ-ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ იგი ქალი იყო და არ უნდა დაელია ალკოჰოლური სასმელი, ასევე, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, უყვირა და სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, შემდეგ დააგდო იატაკზე და წიხლები ურტყა სახის, მუცლისა და ხელების არეებში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2022 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თ-ში, გ-ს ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ი. კ-ემ მ. ლ-ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ დაელია ალკოჰოლური სასმელი, ასევე, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, სახისა და მუცლის არეებში მუშტები დაარტყა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2022 წლის 26 ივლისს, დაახლოებით, 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში, თ-ში, გ-ს ქუჩის №-- -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ი. კ-ემ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, მ. ლ-ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახეში ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2022 წლის 26 ივლისს, დაახლოებით, 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში, თ-ში, გ-ს ქუჩის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ი. კ-ემ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, მ. ლ-ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახეში ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, მან მ. ლ-ს უთხრა, რომ, თუ ისე არ მოიქცეოდა, როგორც მას სურდა და არ დაუჯერებდა, მოკლავდა. დაზარალებულმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით:

§ ი. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი – 2022 წლის 19 და 22 ივლისის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებისათვის;

§ ი. კ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით შეფარდებული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. კ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან – 2023 წლის 25 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა: მოცემულ საქმეზე პატიმრობის დრო – 2022 წლის 27 ივლისიდან იმავე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან მოხდილი თავისუფლების აღკვეთა – 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

4. განაჩენის მიხედვით, ი. კ-ეს მსჯავრად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი – 2022 წლის 26 ივლისის ეპიზოდი).

5. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 26 ივლისს, დაახლოებით, 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში, თ-ში, გ-ს ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ი. კ-ემ მ. ლ-ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახეში ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ი. კ-ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. კ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი – 2022 წლის 19 და 22 ივლისის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნაზი მირიანაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ი. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სამივე ეპიზოდისათვის (2022 წლის 19, 22 და 26 ივლისის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნაზი მირიანაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ი. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სამივე ეპიზოდისათვის (2022 წლის 19, 22 და 26 ივლისის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ი. კ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2022 წლის 26 ივლისის ეპიზოდისათვის გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით; ასევე ვერ ადასტურებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2022 წლის 19 და 22 ივლისის ეპიზოდებისა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ი. კ-ის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2022 წლის 26 ივლისის ეპიზოდისათვის მსჯავრდებასთან (მათ შორის სასჯელთან) მიმართებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2022 წლის 19 და 22 ივლისის ეპიზოდებისა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ი. კ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამავე დროს, ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს სააპელაციო პალატამ არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

14. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

15. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე