Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1165აპ-23 თბილისი

მ-ი ზ., 1165აპ-23 17 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით ზ. მ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ნოემბრისა და 20 ნოემბრის ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 265-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ჯარიმა 5000 ლარი, 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი – ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. მ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 20 ნოემბრიდან; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 ნოემბრისა და 20 ნოემბრის ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 265-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ჯარიმა 5000 ლარი, 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი – ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. მ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ზ. მ-მა ჩაიდინა: გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით, 20:45 საათზე, თ-ში, -ს ქ. №--ის ბინა №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში ზ. მ-ი დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა ქალს თავის საკუთრებად, რომელიც უნდა ყოფილიყო მამაკაცისადმი მორჩილებაში, ამ საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – მ. ხ-ს – და განუცხადა, რომ მოკლავდა, გამოსჭრიდა ყელს. მ. ხ-მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით, 08:55 საათზე, ზ. მ-ი მობილური ტელეფონით სამსახურში დაუკავშირდა მეუღლეს – მ. ხ-ს – და დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესობის, ქალზე ბატონობისა და კონტროლის დემონსტრირების მიზნით, მიიჩნევდა რა ქალს თავის საკუთრებად, მოსთხოვა სახლში დაბრუნება და შერიგება. ამ საკითხებზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს და განუცხადა, რომ, სახლში მისვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირადად მივიდოდა მასთან და ყელს გამოსჭრიდა. მ. ხ-მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· ზ. მ-მა თ-ში, -ის ქ. №--ის ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და ახდენდა მის კულტივირებას 2022 წლის 20 ნოემბრამდე – რწყავდა და უქმნიდა შესაბამის პირობებს. საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა 2022 წლის 20 ნოემბერს ზ. მ-ის საცხოვრებელი სახლის აივანზე ჩხრეკისას ამოიღეს 2 ძირი მცენარე, რომელიც წარმოადგენდა 46,76 გრამ საერთო წონის ნარკოტიკულ საშუალება „მცენარე კანაფს“.

· 2022 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით, 14:25 საათზე, თ-ში, -ის ქ. №--ის ბინა №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე, ზ. მ-ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ასევე უკანონოდ შეძენილ სხვადასხვა ზომისა და რაოდენობის მინის ფლაკონებს და შპრიცებს მათში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერებებით, რომლებიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ (საერთო წონით – 0,069562 გრამი), ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ (საერთო წონით – 0,010319 გრამი) და ნარკოტიკულ საშუალება „ნედლ მარიხუანას“ (საერთო წონით – 19,43 გრამი).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ-მა. დაცვის მხარე ითხოვს ზ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ან სასჯელის შემსუბუქებას.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ზ. მ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული,

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულ მ. ხ-ის, მოწმეების: ნ. მ-ის, ლ. მ-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ი. და მ. მ-ების, გ. ბ-სა და სხვათა ჩვენებები, 2022 წლის 20 ნოემბრის №- შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ზ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 265-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ ზ. მ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენაში.

10. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის როგორც თითოეული მუხლით, ისე – საბოლოო სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი შეფარდებულია ზ. მ-ის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება, მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი (დანაშაულების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით) გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ., ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე