Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1084აპ-23 თბილისი

ს-ა პ., 1084აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ. ს-ას ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის ივლისში წ-ის რაიონის სოფელ ლ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში პ. ს-ამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ე. ა-ს – ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელით ძლიერად მოქაჩა თმა და სახის მარჯვენა მხარეს ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი, რის შედეგად ე. ა-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის აგვისტოში წ-ის რაიონის სოფელ ლ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში პ. ს-ამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ე. ა-ს – ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის მარჯვენა და მარცხენა არეში, რა დროსაც ე. ა-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის სექტემბერში წ-ის რაიონის სოფელ ლ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში პ. ს-ამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ე. ა-ს – ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გაშლილი ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენით პ. ს-ა, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის ეპიზოდები). გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის შესახებ უფლების შესახებ.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მაია ჯაბუა ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, პ. ს-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის ეპიზოდები), იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა და ამ მიზნით მისი მოთავსება შპს -- (--) მოთავსება იმ მოტივით, რომ სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პ. ს-ას აღენიშნება პარანოიდული შიზოფრენია (კოდი – -), რომლითაც დაავადებული იყო ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს; ამის საფუძველზე და საქართველოს სსსკ-ის 33-ე, 81-ე, 105-ე, 106-ე და 191-ე მუხლების შესაბამისად, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა პ. ს-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, სასამართლომ კი, ნაცვლად ამისა, განმარტა, რომ ბრალდებას არ უთხოვია დევნის შეწყვეტა სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დევნის შეწყვეტის საფუძვლიანობაზე ამ ნაწილით. ბრალდების მხარემ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-ე მუხლით, ნაწილების დაკონკრეტების გარეშე, სასამართლოს კი შეეძლო, თავად ემსჯელა მოცემული მუხლის რელევანტური ნაწილით. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ, თუ დადგინდა ბრალდებულის შეურაცხაობა დანაშაულის ჩადენისას, სასამართლო, მხარის შუამდგომლობით, წყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას და ამ პირისათვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხს.

5. გამართლებულ პ. ს-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ქ. შესაგებლით ითხოვს პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და პ. ს-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს – პროკურორს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

9. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა პ. ს-ას ბრალეულობა. მიუხედავად ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნისა, რომლის საფუძველზეც პროკურორმა მოითხოვა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულის მოთავსება იძულებით სამკურნალოდ, დაცვის მხარემ, სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, ითხოვა საქმის განხილვის გაგრძელება, რადგან მიაჩნდა, რომ პ. ს-ას არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნიდან და მოწმეების – დ. მ-სა და ვ. ჭ-ის – ჩვენებებიდან დადგენილია, რომ ექსპერტების დასკვნა გამომდინარეობს წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან და არა – მათთან ბრალდებულის ქცევიდან. ბრალდებულ პ. ს-ას აქვს თვალთვალის ბოდვა, სმენითი ჰალუცინაციები, აღქმის პათოლოგია და მკვეთრად დაქვეითებული კრიტიკა, თუმცა ექსპერტებთან აგრესიული ქცევის ნიშნები არ გამოუვლენია, არ აქვს დაავადების ავთვისებიანი ფორმა და შეიძლება, დაექვემდებაროს მკურნალობას.

10. სასამართლოში მტკიცების საგანია ქმედების ჩადენა ბრალდებულის მიერ, ქმედების მართლწინააღმდეგობა და ბრალი. სწორედ ბრალის გამომრიცხველი გარემოებაა პირის შერაცხადობა/შეურაცხადობა, თუმცა მის დადგენამდე სასამართლო ადგენს ქმედების შემადგენლობას არსებობა-არარსებობას. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ქმედების შემადგენლობა, სასამართლო მოკლებულია ბრალის შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას, რადგან ქმედების არარსებობა გამორიცხავს ბრალის დადგენის საჭიროებას.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც ორგანულად უკავშირდება კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული) (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა კანონიერად გაითვალისწინეს დაცვის მხარის ლეგიტიმური ინტერესი, საქმის სამართლიანი განხილვის შედეგად გამოერკვია წარდგენილ ბრალდებებში პ. ს-ას დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხი, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული შესაძლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხთან. სისხლისსამართლებრივი დევნის უპირობოდ შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებით დაცვის მხარეს მოესპობოდა შესაძლებლობა, ერთი მხრივ, მხარეთა თანასწორი და შეჯიბრებითი პროცესის პირობებში გაექარწყლებინა ბრალდების მხარის არგუმენტები, მტკიცებულებების სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევაში უშუალო მონაწილეობით გაებათილებინა პ. ს-ასათვის წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა და სასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენით დაემტკიცებინა მისი უდანაშაულობა, ხოლო, მეორე მხრივ, შეექმნა ადეკვატური და რეალური საფუძველი, რათა სამართლებრივად იდავოს უკანონოდ მიყენებული შესაძლო ზიანის ანაზღაურებისათვის.

13. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ბრალდებულისათვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ფსიქიკური დახმარების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ფსიქიატრიული დახმარების ფორმებს. ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს გაეწევა არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება, როდესაც მას ფსიქიკური აშლილობის გამო არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი; ამ პირისათვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა მისი სტაციონარში მოთავსების გარეშე შეუძლებელია და დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შესაძლებელია, პაციენტმა საკუთარი მოქმედებით მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ შესაბამისი ბრძანების გამოცემის მოთხოვნით კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი მიმართავს სასამართლოს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ.

14. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს კანონიერი განაჩენი, პ. ს-ა გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (3 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე