საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1012აპ-23 თბილისი
ძ-ი გ., 1012აპ-23 31 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ძ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი), რაც გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე, გ-ში, შ-ის გ-ის გამზირის №-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ გ. ძ-მა თანნაქონი დანა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის გულმკერდის არეში, რამდენჯერმე დაარტყა ს. ქ-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენით გ. ძ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 27 დეკემბრიდან.
3. განაჩენის მიხედვით, გ. ძ-ს მსჯავრად დაედო განზრახ მკვლელობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი), რაც გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე, გ-ში, შ-ის გ-ის გამზირის №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში გ. ძ-მა თანნაქონი დანა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის გულმკერდის არეში, რამდენჯერმე დაარტყა ს. ქ-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
Ø შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, მიხეილ ბერიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ. ძ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
Ø მსჯავრდებულმა გ. ძ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება;
Ø მსჯავრდებულ გ. ძ-ის ადვოკატმა, კ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. ძ-ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის – დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
§ გ. ძ-ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე;
§ გ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 27 დეკემბრიდან.
6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გ. ძ-ს მსჯავრად დაედო მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე, გ-ში, შ-ის გ-ის გამზირის №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში გ. ძ-ს თავს დაესხნენ ალკოჰოლით მთვრალი ძმები, ს. და მ. ქ-ები, რომლებმაც მას მიაყენეს დაზიანებები (მათ შორის – მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობა). შემდეგ მ. ქ-მა ბინა დატოვა, ხოლო ს. ქ-ი გ. ძ-მა მოიგერია, რომელიც თავდაცვის მიზნით მოგერიებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ძ-ი თავს იცავდა თავდამსხმელებისგან, თუმცა თავდაცვის მიზნით ს. ქ-ის მოგერიებისას გამოყენებული თავდაცვითი საშუალება და მისთვის მიყენებული ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, რამაც დაზარალებულის გარდაცვალება გამოიწვია, აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა გ. ძ-ზე თავდასხმის საშიშროებასთან, რის გამოც, სააპელაციო პალატამ მისი ქმედება დააკვალიფიცირა მკვლელობად აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, მიხეილ ბერიაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას: გ. ძ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრას.
8. მსჯავრდებულ გ. ძ-ის ადვოკატი კ. კ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურორის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ძ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება გ. ძ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით მსჯავრდების შესახებ (როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელთან დაკავშირებით), ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. ძ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
12. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
13. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე