საქმე # 200100121004341476
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №917აპ-23 ქ. თბილისი
ბ. გ. 917აპ-23 17 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა გ. ბ-მ არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 0,04949 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც ასევე უკანონოდ შეინახა. 2020 წლის 25 დეკემბერს შსს კ-ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ. ბ-ს ხსენებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს.
2.2. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა გ. ბ-მ უკანონოდ შეიძინა მცირე ოდენობით - 1,67 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რაც ასევე უკანონოდ შეინახა ქ.თ-ში, ... ქუჩა N...-ში მდებარე თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში. 2020 წლის 25 დეკემბერს შსს კ-ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხსენებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ გ. ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:
3.1. გ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
3.2. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი;
3.3. გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა, 2020 წლის 25 დეკემბრიდან 2021 წლის 7 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის დრო და თანახმად, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა გათავისუფლდა ჯარიმის გადახდისგან;
3.4. გ. ბ-ს ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მანანა თანდაშვილმა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ო-მ და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენი.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მანანა თანდაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით აღნიშნული ქმედებებისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობის წესით შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მხარეთა შორის დავის საგანია გ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ბ-ს გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). შესაბამისად, პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 განაჩენი; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეების – მ. ა-სა და ნ. ბ-სა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს ჩვენებებს, ხოლო გ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას არ იქნა დაცული საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მოთხოვნები.
13. 2020 წლის 25 დეკემბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ. ბ-ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქ. თ-ში, კ-ს ქუჩაზე, რა დროსაც გ. ბ-ს წარედგინა დადგენილება მისი პირადი ჩხრეკის შესახებ, რაზეც მან განაცხადა თანხმობა. აღნიშნულის შემდეგ გ. ბ-მ მარჯვენა წინდიდან წარმოადგინა შავი ფერის ორი ცალი „ბაში“ და განაცხადა, რომ ეს არის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას შეძენილი და შენახული აქვს პირადი მოხმარების მიზნით და რეალიზაციისათვის არ ყოფილა განკუთვნილი. ორივე ბაში მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდში, შემდეგ გამჭირვალე პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა N31 ლუქის ბეჭდით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი (იხ. ტ.1, ს.ფ. 9-14)
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჩხრეკის ოქმში არ არის მითითებული ზუსტი მისამართი, თუ სად მოხდა გ. ბ-ს ჩხრეკა(მითითებულია ქ. თ., კ-ს ქუჩა); მოწმეთა მ. ა-სა და ნ. ბ-ს ჩვენებით (იმყოფებოდნენ ქ. თ-ში, კ-ს ქ. N..ა-ში (მ. ა-ს იქ აქვს სახელოსნო, ამავე მისამართზე ცხოვრობს გ. ბ-ს დედა ნ. ბ.)) დგინდება, რომ მათი თანდასწრებით ჩხრეკა არ ჩატარებია გ. ბ-ს, იგი პირდაპირ ჩასვეს მანქანაში, ხოლო გ. ბ-ს ჩვენების თანახმად, მისთვის ჩხრეკა საერთოდ არ ჩაუტარებიათ და არც უნახავს ნარკოტიკული საშუალება, რომლის შეძენა-შენახვასაც ედავებიან; მოწმის სახით დაკითხულმა მსჯავრდებულისთვის პირადი ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციის თანამშრომელმა დ. ნ-მ და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა ზ. ჯ-მ და ი. ბ-მ ვერ მიუთითეს კონკრეტული ადგილი სადაც ჩატარდა მსჯავრდებულისთვის პირადი ჩხრეკა (მიუთითეს ზოგადი მისამართი ქ. თ., კ-ს ქუჩა). შესაბამისად, დაუდგენილია სად განხორციელდა მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკა; ასევე სადავოა ოქმზე გაკეთებული შენიშვნის კუთვნილება მსჯავრდებულისადმი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული შენიშვნის მსჯავრდებულის მიერ გაკეთებას ( რასაც მსჯავრდებული უარყოფს) არ ადასტურებს არც გრაფიკული ექსპერტიზის N.../გრ დასკვნა (ექსპერტიზის დასკვნა ალბათობითია და უთითებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი სავარაუდოდ მსჯავრდებულს ეკუთვნის. იხ. ტ.1., ს.ფ.174). სასამართლო ითვალისწინებს გ. ბ-ს ჩვენებასაც, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკის განხორციელებისას მან დაიზიანა თითი, რის გამოც შენიშვნას ოქმზე ვერ გააკეთებდა.
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2021 წლის 9 სექტემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნას, რომლის თანახმად, პაკეტში წარწერით „ჰეროინის შემცველი ნივთიერება“ მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტზე(ობ.N1) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა შერეული გენეტიკური პროფილით. ობN1-ის გენეტიკური მაჟორული წილი არ ეკუთვნის გ. ბ-ს (ობN2) და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს. ობN1-ის პროფილის მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია ( ტ.2., ს.ფ. 269).
16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ.გაბინაშვილი