Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-40-740-03 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მაია ახალაძე (თავმჯდომარე),

ნუნუ კვანტალიანი,

მ. ცისკაძე

სარჩელის საგანი: სამუშაო ფუნქციების აღდგენა, ბრძანების გაუქმება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 26 ნოემბერს მ. მ-ემ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ბ. გ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა ბრძანების გაუქმება, სამუშაო ფუნქციების აღდგენა, ბ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.

სარჩელის განხილვამდე მ.მ-ემ გაზარდა სასარჩელი მოთხოვნა და მიუთითა, რომ ბ.გ-ს უნდა დაეკისროს მორალური ზიანის სახით 500000 ლარისა და მატერიალური ზიანის – 10000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 2 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობის მიხედვით გადააგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში, სადაც მ.მ-ემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 450000 ლარამდე. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქმე განსახილველად გაიგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2002წ. 29 ივლისს მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, გაუქმდა ს/ს “მ-ის” დირექტორის 2001წ. 24 სექტემბრის ¹12 ბრძანება და 2000წ. 18 დეკემბრის თანამდებობრივი დებულება. 2001წ. 19 სექტემბრის ¹8 ბრძანების საფუძველზე მ.მ-ეს აღუდგა თანამდებობრივი ფუნქციები, ხოლო ბ.გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით დაეკისრა 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნებს მოპასუხის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის და და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

2002წ. 2 აგვისტოს ბ.გ-მ საჩივარი შეიტანა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 29 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, სადაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. რაიონულმა სასამართლომ საჩივარი მიიღო წარმოებაში, თუმცა მისი განხილვა შეაჩერა, ვინაიდან, 2002წ. 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ.მ-ემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქმესთან ერთად გაიგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის განჩინებით მ.მ-ის წარმომადგენელ ნ.მ-ის შუამდგომლობას მის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 365-ე მუხლებით აღძრული საქმის დამთავრებამდე მოცემული დავის წარმოების შეჩერების შესახებ უარი ეთქვა, რაზეც მ.მ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი. მან არ გაიზიარა სასამართლოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ მითითებული სისხლის სამართლის საქმე მიმდინარე სამოქალაქო დავასთან არანაირ კავშირში არ არის და იმავე საფუძვლით კვლავ მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება შემდეგი მოტივებით: 1. 2002წ. 11 სექტემბერს მ. მ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლო პროცესზე ჩადენილ დანაშაულზე მჭიდრო კავშირშია მ. მ-ის სამუშაოზე აღდგენის საქმესთან და სამოქალაქო საქმის განხილვა შეუძლებელია სისხლის სამართლის წესით საქმის განხილვამდე. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია იმ მიზნით, რომ ბ.გ-ს მიმართ მ. მ-ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს. მ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია გ-ს მიერ მოსყიდული სამართალდამცველის მიერ. ამიტომაც სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს. 2. განჩინებით საქმის წარმოების შეჩერებას უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დადგინდეს მ. მ-ის ბრალეულობის საკითხი, რასაც კავშირი არა აქვს სამოქალაქო საქმესთან, რაც არასწორია, ვინაიდან, თუ არ დადგინდა მ. მ-ის არაბრალეულობა, მაშინ მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ფიქციად იქცევა. 3. სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს მ. მ-ის ჯანმრთელობის საკითხი. მ.მ-ის მიმართ ბ.გ-ს მხრიდან ადგილი აქვს მუქარას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მ-ემ ითხოვა პროცესის გადადება, მაგრამ უშედეგოდ.

სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინებით 12 დღიანი ვადის გაშვების გამო კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და განსახილველად გაიგზავნა საკასაციო სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ბ.გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი ს/ს “მ-ის” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში მ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად სს-ს დირექტორატის შექმნის, დირექტორების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ საკითხების გადაწყვეტა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს პრეროგატივაა, ამიტომ სსკ-ს 272-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად ს/ს “მ-ის” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს არ უნდა ემსჯელა. სააპელაციო პალატის აზრით, სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს არც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, რადგან დანაშაულის ნიშნების არსებობისას პირმა უნდა მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს – პროკურატურას.

მ.მ-ის მოთხოვნას მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. საოლქო სასამართლომ მიუთითა სკ-ს 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთა ბ.გ-ს მიერ მისი პატივისა და ღირსების შელახვით, რაც გამოიხატა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, თუმცა მითითებულ ფაქტებზე მოპასუხის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილ იქნა. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 450000 ლარის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა კანონით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ – მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, საქმეში მოცემულია მოპასუხის მიერ მისთვის მორალური ზიანის მიყენების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. ასევე, არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კასატორმა მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა 450000 ლარის დაკისრების ნაწილში სამართლიანი და გონივრულია, ასევე, აკმაყოფილებს სკ-ს 18-ე მუხლის მოთხოვნებს. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ეხება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებას მთლიანად, რაც არასწორია. მ. მ-ის აპელაცია ეხებოდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილების მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. განჩინებაში არაფერია ნათქვამი, რომ მ. მ-ის მიმართ 1998 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა მისი უდანაშაულობის გამო, რომ ეს საქმე უკანონოდ იყო აღძრული ბ. გ-ს ცრუ ბრალდების საფუძველზე, რითაც შეილახა მ. მ-ის პატივი და ღირსება. ბ. გ-ს მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები უამრავი დოკუმენტებით დგინდება, რაზედაც სასამართლოს არ უმსჯელია. სასამართლომ არ გაითვალისწინა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მ. მ-ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ბ. გ-ს მიერ, რასაც წლების განმავლობაში სისტემატური ხასიათი აქვს. მ. მ-ის ფსიქიური ავადმყოფობა მოგონილია, რაც ფაქტია იმისა, რომ ბ. გ-ს მიერ მისი ღირსება განზრახ ილახება. საქმეში არის დოკუმენტები და არც გ-ა უარყოფს, რომ კასატორს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს ადასტურებს საზოგადოების თვალწინ სამსახურში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ციხეში მოთავსება, პატიმრის რანგში უკანონოდ ყოფნა და შეთითხნილი ბრალდებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო და საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის განჩინებით მ. მ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განხილვის შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე მ. მ-ემ სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი, რაც სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული იმ მოტივით, რომ განჩინება გადაეგზავნა 2003წ. 8 მარტს, ხოლო კერძო საჩივრით სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი 12 დღიანი ვადის დარღვევით 2003წ. 29 აპრილს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ კერძო საჩივრის შეტანა სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 282-ე მუხლით კი კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება. რაც შეეხება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებას, მის გასაჩივრებას კანონი არ აწესებს და შესაბამისად მასზე კერძო საჩივარი დაუშვებელია. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის მიერ ასეთი სახის პრეტენზია წარმოდგენილი არ ყოფილა, გასაჩივრებული განჩინებით კი საოლქო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:

დადგენილია ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა ზუგდიდის სამმართველოს მოკვლევის სამსახურის 1998წ. 22 ოქტომბრის დადგენილებით ბ. გ-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე მ. მ-ის სხეულის დაზიანების ფაქტზე წარმოებით შეწყდა ბ. გ-ს ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო.

კასატორი მ. მ-ე ბ. გ-სათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნას აყრდნობს ბ. გ-ს მიერ კასატორის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცილისწამებას ფსიქიურ არასრულფასოვნებაზე, ციხეში, პატიმრის რანგში უკანონოდ მოთავსებას და უკანონოდ შეთითხნილ ბრალდებებს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მ. მ-ის მიერ, მიუხედავად მისი არაერთხელ წარმოდგენილი სარჩელებისა, ვერ იქნა მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მოტივირებული საფუძველი.

როგორც ზემოხსენებული მტკიცებულებით დასტურდება მ. მ-ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებულია დადგენილება. ხსენებული დადგენილების გასაჩივრების ან გაუქმების შესახებ ინფორმაცია საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული უსაფუძვლოს ხდის კასატორის მოსაზრებას, რომ იგი არ ეთანხმება მითითებულ დადგენილებას, რაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა.

სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისათვის პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით. მ. მ-ემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მის მიმართ მორალური ზიანის მიყენების და შესაბამისად, ბ. გ-ს ბრალეულობის საკითხი. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს მე-4 მუხლზე მითითებით სწორად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებლად. ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად მიეთითა მ. მ-ის მიერ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილების მთლიანად გასაჩივრება, მაშინ, როდესაც მ. მ-ის აპელაცია ეხებოდა მხოლოდ მორალურ ზიანს. მ. მ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სააქციო საზოგადოების დირექტორის ბ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, თანამდებობიდან გათავისუფლების და მორალური ზიანის 450000 ლარის დაკისრებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. საოლქო სასამართლომ 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით იმსჯელა რა ზემოხსენებულ საკითხებზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, რითაც დაცულია სსკ-ს 248-ე და 249-ე მუხლის მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ და გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე და 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის კერძო და საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება და 2002წ. 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.