საქმე # 330100122005884070
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №777აპ-23 ქ. თბილისი
გ. ლ. 777აპ-23 12 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას, მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ა-ს, ასევე მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-ს და თ. მ-ს – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ლ. გ-ს, – დაბადებულს 1.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, სამი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით;
1.1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
1.1.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
1.2. გ. ხ-ს, – დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა:
1.2.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, სამი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
1.2.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
1.2.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
2.1. ლ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1.1. 2022 წლის 8 მარტს ნაცნობებს: გ. ღ-ს და ვ. ვ-ს შორის სატელეფონო საუბრისას თანხასთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში და ისინი შეთანხმდნენ, რომ საქმის გასარკვევად ერთმანეთს შეხვდებოდნენ. 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით, 01:00 საათზე, გ. ღ. – თანმხლებ პირებთან ნ. მ-სთან, გ. ხ-სთან და ლ. გ-სთან ერთად ქ. თ-ში, ს. ჭ-ს ქუჩაზე N..-ის მიმდებარედ შეხვდნენ ვ. ვ-ს, რომელსაც ახლდა ს. ჭ. და ნ. ა. შეხვედრისას მხარეებს შორის შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით გ. ხ-მ და ლ. გ-მ მათ ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან, კერძოდ, გ. ხ-მ კუსტარულად დამზადებული რევოლვერიდან, ხოლო ლ. გ-მ – 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტიდან, რამდენჯერმე გაისროლეს ვ. ვ-ს, ს. ჭ-ს და ნ. ა-ს მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად, ვ. ვ-მ მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაზიანებით, ნ. ა-მ მიიღო ასევე ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში შინაგანი ორგანოს დაზიანებით, ხოლო ს. ჭ-მ – ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვენა ბარძაყისა და წვივის არეში. ლ. გ-მ და გ.ხ-მ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში, ვინაიდან ვ. ვ., ს. ჭ. და ნ. ა. დროულად იყვნენ გადაყვანილი სხვადასხვა კლინიკებში, სადაც სათანადოდ გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.
2.1.2. ლ. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ამ ეტაპზე დაუდგენელი მოდელის 9 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – 9X17 მმ (.380) კალიბრიანი 1. წლის ნიმუშის „BROWNING“ ვაზნები, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თ-ში, ი. ნ-ს ქუჩზე, N., N..-ში მდებარე გ. ხ-ს საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გამოყენებით, ლ. გ-მ 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში ს. ჭ-ს ქუჩაზე, N..-ის მიმდებარედ, ჩაიდინა ვ. ვ-ს, ს. ჭ-ს და ნ. ა-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად.
2.1.3. ლ. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ამ ეტაპზე დაუდგენელი მოდელის 9 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – 9X17 მმ (.380) კალიბრიანი 1. წლის ნიმუშის „BROWNING“ ვაზნები, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში, ს. ჭ-ს ქუჩაზე, N..-ის მიმდებარედ, სადაც მათი გამოყენებით ჩაიდინა ვ. ვ-ს, ს. ჭ-ს და ნ. ა-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად.
2.2. გ. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.2.1. 2022 წლის 8 მარტს ნაცნობებს: გ. ღ-ს და ვ. ვ-ს შორის, სატელეფონო საუბრისას თანხასთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში და ისინი შეთანხმდნენ, რომ საქმის გასარკვევად ერთმანეთს შეხვდებოდნენ. 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ. ღ., თანმხლებ პირებთან – ნ. მ-სთან, გ. ხ-სთან და ლ. გ-სთან – ერთად თ-ში, ს. ჭ-ს ქუჩაზე, N..-ის მიმდებარედ შეხვდნენ ვ. ვ-ს, რომელსაც ახლდა ს. ჭ. და ნ. ა. შეხვედრისას მხარეებს შორის შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით გ. ხ-მ და ლ. გ-მ მათ ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან, კერძოდ, გ. ხ-მ კუსტარულად დამზადებული რევოლვერიდან, ხოლო ლ. გ-მ – 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტიდან, რამდენჯერმე გაისროლეს ვ. ვ-ს, ს. ჭ-ს და ნ. ა-ს მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად ვ. ვ-მ მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაზიანებით, ნ. ა-მ მიიღო ასევე ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში შინაგანი ორგანოს დაზიანებით, ხოლო ს. ჭ-მ – ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვენა ბარძაყისა და წვივის არეში. ლ. გ-მ და გ. ხ-მ, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში, ვინაიდან ვ. ვ., ს. ჭ. და ნ. ა. დროულად იყვნენ გადაყვანილი სხვადასხვა კლინიკებში, სადაც სათანადოდ გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.
2.2.2. გ. ხ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X18 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი (8209) და საბრძოლო მასალა – 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი ვაზნები, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თ-ში, ი. ნ-ის ქუჩაზე, N.., N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გამოყენებით, გ. ხ-მ 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში, ს. ჭ-ს ქუჩაზე N..-ის, მიმდებარედ ჩაიდინა ვ. ვ-ს, ს. ჭ-ს და ნ. ა-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად.
2.2.3. გ. ხ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 9X18 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი (8209) და საბრძოლო მასალა – 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი ვაზნები, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში, ს. ჭ-ის ქუჩაზე, N..-ის მიმდებარედ მათი გამოყენებით ჩაიდინა ვ. ვ-ს, ს. ჭ-ს და ნ. ა-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:
3.1. გ. ხ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.1. გ. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
3.1.2. გ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
3.1.3. გ. ხ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 28 მარტიდან;
3.2. ლ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2.1. ლ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
3.2.2. ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
3.2.3. ლ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 9 მარტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
4.1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ მოითხოვა ლ. გ-სა და გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4.2. გ. ხ-ს ადვოკატმა ჯ. კ-მ მოითხოვა გ. ხ-ს სრულად გამართლება.
5. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა პროკურორმა ნინო ჟვანიამ და მოითხოვა მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს ლ. გ-ს ადვოკატებმა – ც. წ-მ და ნ. წ-მა და მოითხოვეს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება;
6.1. ლ. გ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე (ს. ჭ-ს ეპიზოდი);
6.1.1. ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
6.1.2. საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლით (ს. ჭ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
6.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
6.1.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
6.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
6.1.6. ლ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დროიდან – 2022 წლის 9 მარტიდან;
6.2. გ. ხ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე (ვ. ვ-ს ეპიზოდი);
6.2.1. გ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
6.2.2. საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლით (ვ. ვ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
6.2.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
6.2.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
6.2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
6.2.6. მსჯავრდებულ გ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დროიდან – 2022 წლის 28 მარტიდან.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
7.1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნინო ჟვანია ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ლ. გ-სა და გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 9 მარტის რედაქცია) დამნაშავედ ცნობას და მათთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას; სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას;
7.2. მსჯავრდებულ გ. ხ-ს ადვოკატები – ტ. კ. და თ. მ. – ითხოვენ გ. ხ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით შერაცხილ მსჯავრში.
7.3. მსჯავრდებული ლ. გ. და მისი ადვოკატი გ. ა. ითხოვენ ლ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლით შერაცხილ მსჯავრში; ამასთან, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შესაბამისად ლ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობას;
8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ნინო ჟვანიამ, რომელიც ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის შესაბამისად.
9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ: დაცვის მხარე ითხოვს გ. ხ-ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას, ლ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობას შერაცხილ მსჯავრში და მის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ბრალდების მხარე მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი – ბრალად წარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით) – კვალიფიკაციით.
10.1. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ლ. გ-მ და გ. ხ-მ ჩაიდინეს თუ არა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღებით მიაყენეს თუ არა დაზიანებები ვ. ვ-ს და ს. ჭ-ს, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობად (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით), თუ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – მოწმეების, მათ შორის, დაზარალებულების – ვ. ვ-სა და ს. ჭ-ს ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის, სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით – არ დასტურდება ლ. გ-სა და გ. ხ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების, ასევე ლ. გ-ს მიერ – ს. ჭ-ს, ხოლო გ. ხ-ს მიერ – ვ. ვ-ის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. გ-სა და გ. ხ-ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N 400აპ-21). შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ჩვენებებს, კერძოდ:
13.1. დაზარალებულმა ვ. ვ-მ განმარტა, რომ მეგობარ თ. ჩ-სთან ერთად იმყოფებოდა ს-ში მეგობრის წვეულებაზე 2022 წლის 8 მარტს, რა დროსაც დაურეკა ნაცნობმა გ. ღ-მ და შესთავაზა ერთად ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის შეძენა, რაზეც უარი უთხრა, ვინაიდან გოგოსთან ერთად იყო და არ სურდა ნარკოტიკის მოხმარება. უარის მიღების შემდეგ გ. ღ-მ სთხოვა ფულით დახმარებოდა, რაზეც ვ. ვ. დასთანხმდა და გადაურიცხა თანხა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ გ. ღ. ჩარიცხულ თანხას საღამოს დაუბრუნებდა, რადგან ვ. ვ-ს აღნიშნული დროისათვის სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ჰქონდა დალეული, მთვრალი არ ყოფილა. თ-ში გამომგზავრებამდე გ. ღ-ს დაურეკა, მაგრამ იგი ხან არ პასუხობდა ტელეფონს, ხან ტყუილს ეუბნებოდა ფულის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ვ. ვ-მ უთხრა, რომ მისი ნახვა სურდა. გ. ღ-მ ვერაზე დაიბარა. მოწმემ განმარტა, რომ მომხდარის გამო ის გაბრაზდა და ჰქონდა უსიამოვნო საუბარი. თავის მხრივ, თ. ჩ-მ, რომელიც ისმენდა საუბარს, ვ. ვ-ს უთხრა, რომ შეხვედრაზე გ. ღ-სთან მარტოს არ მიიყვანდა და შესთავაზა, რომ ან სახლში წაიყვანდა ან ვ. ვ-ს მეგობრებისთვის დაერეკა. მიუხედავად იმისა, რომ ვ. ვ-ს გ. ღ-ს ნახვა სხვების თანდასწრების გარეშე უნდოდა, დაურეკა მეგობარ ს. ჭ-ს და უთხრა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გ. ღ. ხალხს დაახვედრებდა, დასჭირდებოდა დახმარება. რ-ს მოედანზე შეხვდა ს. ჭ-ს, რომელიც მივიდა თეთრი ,,პრიუსის“ მარკის ტაქსით. მძღოლი იყო ს. ჭ-ს ახლობელი, ხოლო ტაქსიში ასევე ისხდნენ: ნ. ა., გ. და ორი ბიჭი. როგორც ახსოვს, იმავე ადგილზე თ-ს ავტომანქანაში ტაქსიდან გადასხდნენ ს. ჭ. და ნ. ა., ხოლო დანარჩენები იმავე ტაქსით უკან გაჰყვნენ. მივიდნენ გ. ღ-ს მიერ მიწოდებულ მისამართზე – ნ-ს ქუჩაზე. თავდაპირველად ავტომანქანიდან მხოლოდ თვითონ გადავიდა, თანმხლებ პირებს კი უთხრა, რომ გ. ღ-ს მარტო ნახავდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასულიყვნენ ისინი ავტომანქანებიდან, თუ გ. ღ. სხვებთან ერთად მივიდოდა. ადგილზე მისულს, გ. ღ-მ საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან გადმოსძახა და სახლში მიიწვია, რაზეც ვ. ვ-მ უარით უპასუხა და ეზოში დაიბარა.
13.1.1. შესახვედრად გ. ღ. ჩავიდა ნ. მ-სდთან, ლ. გ-სთან და გ. ხ-სთან ერთად. ისინი იქვე, დაახლოებით 50 მეტრში დადგნენ და უყურებდნენ. აღნიშნულის დანახვისას ვ. ვ-საკენ გაემართა ს. ჭ. (13:25:57). ვ. ვ-მ ბიჭებს მიმართა, რომ მათთან საქმე არ ჰქონდა, საუბარი სურდა მხოლოდ გ. ღ-სთან, რომელსაც სთხოვა გვერდზე გასვლა. აღნიშნულს მოჰყვა შელაპარაკება, საუბარში ჩაერია ს. ჭ., შემდეგ – ყველა – ორივე მხარის წევრები, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. სწორედ ამ დროს (,,როცა ტონს აუწიეს“) მათ შეუერთდათ ნ. ა.. ლ. გ-მ თქვა: ,,ამათ უყურე, რამდენს ლაპარაკობენ“ და ს. ჭ-ს თავზე დაადო იარაღი, ს-მ ხელი აუკრა და უთხრა: ,,შენ თუ გგონია მაგით შეგვაშინებ“. იმავდროულად, გაისმა გასროლის ხმა, ხოლო, პარალელურად, იმავე წამს, გ. ხ-მ მას (ვ. ვ-ს) ესროლა მუცელში, თუმცა იმ მომენტში ვერ იგრძნო. იფიქრა, რომ გ. ხ-მ პნევმატური იარაღიდან ესროლა, ვინაიდან იმ დროს ტანით დიდი იყო. გადაწყვიტა მოწინააღმდეგის შებოჭვა, რა დროსაც გ. ხ-მ კვლავ გაისროლა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ნ. ა-ს მოხვდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მიერ იარაღის წართმევის ცდამდე, მსჯავრდებულმა მეორეჯერ გაისროლა, რის შემდეგაც მან მოახერხა იარაღის წართმევა (13:50:23). აღნიშნულის პარალელურად გაიგო დაახლოებით 5-6 ხმა (13:27:30). იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოოდ იარაღი წაართვა გ. ხ-ს, იცის, რომ მან რევოლვერიდან ესროლა, ხოლო ს. ჭ-ს რა იარაღიდან ესროლა ლ. გ-მ – არ იცის. ს. ჭ-ს ორი ტყვია ჰქონდა ფეხში მოხვედრილი და ის დაჭრა ლ. გ-მ (13:29:45).
13.1.2. მოწმემ დაადასტურა, რომ ზუსტად არ ახსოვს, ვინ რას აკეთებდა, რადგან იყო დაჭრილი და გ. ხ-სთვის იარაღის წართმევასა და მის მოგერიებაზე იყო ორიენტირებული (13:47:04). რაც შეეხება ნ. ა-ს, იგი მის ტაქსამდე მიყვანას ცდილობდა. სწორედ ამ დროს ვ. ვ-მ ნ. ა-ს გადასცა გ. ხ-სთვის წართმეული იარაღი, რადგან თავად გონებას კარგავდა და სიარული არ შეეძლო. მეორე დღეს საავადმყოფოდან დაურეკა ს-ს და შეიტყო, რომ მათთან ერთად ნ. ა-ც დაუჭრიათ. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე, გ. ხ-ს და ლ. გ-ს გარდა, იარაღი სხვა პირის ხელში არ დაუნახავს (13:34:52). მანვე დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ფოტოსურათით ამოცნობაში მონაწილეობა, დაახლოებით 5 წუთი აკვირდებოდა წარდგენილ 4 ფოტოს და დარწმუნებულია, რომ ზუსტად ამოიცნო. ამასთან, შეკითხვაზე – ფოტოსურათით ამოცნობილი პირი ჰგავდა თუ არა სხვა ფოტოებზე ასახულ პირებს, უპასუხა, რომ როგორც ახსოვს ჰგავდნენ, თუმცა ზუსტად ვერ იხსენებს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ არც გ. ხ-ს და არც იქ მყოფ სხვა პირს არ იცნობდა (13:54:55). გ. ხ-ს სახელი და გვარი შემთხვევის დროს გაცნობისას გაიგო (13:56:10).
13.2. დაზარალებულმა ს. ჭ-მ განმარტა, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა 2022 წლის 8 მარტს, რა დროსაც დაურეკა ასევე მეგობარმა ვ. ვ-მ და სთხოვა გ. ღ-სთვის ფულის გამოსართმევად გაყოლა. ს. ჭ-ს წასაყვანად მიაკითხა ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა, თეთრი ,,პრიუსის“ მარკის ავტომანქანით. მასთან ერთად გაემგზავრნენ: ნ. ა., დ. ე. და კიდევ ერთი ბიჭი, რომლის სახელი არ ახსოვს. გზად იყიდეს არაყი და ავტომანქანაში სვამდნენ, არ ახსოვს, მანქანაში ჩაისვეს თუ არა კიდევ ვინმე. რ-ს გამზირზე შეხვდნენ ვ. ვ-ს, რომელიც მეგობარ თ-სთან ერთად იყო. მათ ავტომანქანაში გადასხდნენ ს. ჭ. და ნ. ა., ყველანი ერთად წავიდნენ და გაჩერდნენ ნ-ს ქუჩის N..-თან. ვ. ვ. გადავიდა ავტომანქანიდან, თან მობილური ტელეფონით გ. ღ-ს ეუბნებოდა, რომ მივიდა და პირდაპირ წავიდა შესახვედრად, ისე, რომ მათთან (თანმხლებ პირებთან) კომუნიკაცია აღარ ჰქონია (13:28:19; 13:31:45). პარალელურად, ს. ჭ-მ ტაქსიში მსხდომთ უთხრა, რომ თავდაპირველად მხოლოდ ვ. წავიდოდა გ. ღ-სთან შესახვედრად, ხოლო თუ იგი (გ. ღ.) მარტო არ იქნებოდა და დაახვედრებდა ბიჭებს, ს. ჭ. დაუძახებდა მათ (ტაქსიში მსხდომთ; (13:05:20)). ნ-ს №..-ში ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან გ. ღ. გამოვიდა სამ ბიჭთან ერთად, ჭ-ს ქუჩაზე გაიშალნენ და დაიწყეს ლაპარაკი. კერძოდ, იმის გამო, რომ გ. ღ. ბიჭებთან ერთად მივიდა, ს. ჭ. შეუერთდა მათ და ერთმანეთს გაეცნენ. აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ: გ. ღ., გ. ხ., ლ. გ. და მ., რომლის სახელიც არ ახსოვს (13:06:30). სიტუაცია დაიძაბა, ორივე მხარის წევრები ყვიროდნენ (,,მაღალი ტონით საუბრობდნენ“). ლ. გ. ამბობდა, რომ ხმადაბლა ესაუბრათ, რადგან უბანში ხალხი წუხდებოდა, რაზეც უპასუხეს, რომ პირველ რიგში მას უნდა ეცა პატივი საკუთარი უბნისათვის და დაეწია ხმა. ლ. გ-მ ასევე შესთავაზა სახლში ასვლა, რაზეც უარი მიღო. საუბრისას, რომელიც კვლავ ხმამაღლა გრძელდებოდა, სავარაუდოდ, ლ. გ-ს ,,აღარ ეყო ნერვები“ და შუბლისკენ მიუშვირა იარაღი, რაზეც მიმართა: ,,ამითი მაშინებ?“ (13:08:13). აღნიშნულის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, ვეღარ ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა, თუმცა აცნობიერებდა, რომ სიკვდილს ებრძოდა, ყველა მხრიდან ხვდებოდა ტყვიები, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სავარაუდოდ გაუთავდათ ტყვიები. მოწმემ განმარტა, რომ მას ტყვიები წინა მხრიდან ხვდებოდა, თუმცა მოძრაობდა და მსროლელს არ აძლევდა დამიზნებით სროლის საშუალებას (13:09:34). თავის მხრივ, სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, თავდაცვის მიზნით, ლ. გ-ს უქნევდა პატარა დანას, რომელიც ჯიბეში ედო, თუმცა მისთვის უცნობია, მოხვდა თუ არა მისი მოქნეული დანა. ლ. გ-მ პირველად იარაღი სახეში დაუმიზნა. გასროლილი ტყვია ასცდა, თუმცა ყურთან გაუარა (,,ყურთან ამიფეთქდა გასროლა“), მეორე გასროლამ ,,თვალი დაწვა“, შემდეგ სხეულის ქვედა მხარეს ესროლა და პირდაპირ ფეხში მოხვდა 2 ტყვია (13:10:35; 14:22:55). აღნიშნულის შემდეგ, ვიღაცამ უკნიდან თავში ჩაარტყა და დაეცა (13:08:21), შეეცადა აღნიშნულ პირს დადევნებოდა, თუმცა დაზიანებული ფეხის გამო ვერ მოახერხა. შეტრიალდა კვლავ ლ. გ-სკენ, თუმცა ის ადგილზე აღარ დახვდა, გაიხედა მეორე მხარეს, იქაც ვერავინ დაინახა, ამიტომაც წავიდა ტაქსისკენ, სადაც ბიჭები ელოდებოდნენ, რომლებსაც მოუყვა მომხდარი და იმავდროულად, გამოთქვა ვარაუდი, რომ ვ. ვ. მოკლეს. აღნიშნული ვარაუდი გამოთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ლ. გ-ს სროლების პარალელურად გ. ხ. ისროდა (დაიწყო სროლა) ვ. ვ-ს მისამართით (13:12:57), ასევე გაიგო ვ. ვ-ს შეძახილი: ,,დამჭრა“ (13:15:07), თუმცა ვ-ს ვინ ესროდა, არ დაუნახავს (13:48:45). მისი პირდაპირი ხედვის არეში ექცეოდა მხოლოდ ლ. გ. (14:20:36). ნ. ა., რომელიც იმალებოდა არკასთან, მათ დასახმარებლად გაიქცა იმ დროს, როდესაც მსჯავრდებულებმა დაზარალებულების მისამართით გაისროლეს. სწორედ ამ დროს ნ. ა-ს მოხვდა, სავარაუდოდ, გ. ხ-ს მიერ გასროლილი ტყვია (13:13:50). მოწმემ დააზუსტა, რომ გ. ხ-სა და ვ. ვ-ს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა, თავად მეორე მხარეს (,,აქეთ მხარეს“) ლ. გ-სთან იყო დაპირისპირებაში (13:14:17). გასროლების შემდეგ ადგილზე დარჩნენ მხოლოდ თავად ს. ჭ., ვ. ვ. და ნ. ა.. ს. ჭ-მ ვ. ვ., რომელიც ძირს უგონოდ ეგდო, ჩასვა ტაქსიში და უნდა წაეყვანათ საავადმყოფოში. ამ დროს გაიგო, რომ ჩხუბის დროს დაჭრილმა ვ. ვ-მ გ. ხ-ს წაართვა იარაღი – რევოლვერი – და გადააბარა ნ. ა-ს, რადგან თავად გონებას კარგავდა. ავტომანქანაში ჩაჯდომიდან მალევე, არკასთან, გზა გადაუკეტა პოლიციის ავტომანქანამ და დააკავეს.
13.2.1. მანვე დაადასტურა, რომ კონფლიქტისას იარაღი ჰქონდათ გ. ხ-ს და ლ. გ-ს. ტაქსიში ყოფნისას დაინახა, რომ გ. ხ-სათვის წართმეული იარაღი იყო შავი რევოლვერი, ხოლო უშუალოდ მასთან დაპირისპირებულ ლ. გ-ს ჰქონდა შავი პისტოლეტი (13:17:14). თავად და თანმხლები პირები, მათ შორის – ვ. ვ. და ნ. ა. შეიარაღებულები არ ყოფილან.
13.2.2. აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო ორივე მსჯავრდებული; დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის სისწორე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი და განმარტა, რომ მან მიუთითა კონკრეტული შემთხვევის ადგილი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ სამი ოპერაცია გაუკეთეს, უკვე სეფსისიც კი ჰქონდა; ოპერაცია გაუკეთეს ვ-აც, ნ. ა-ს კი ტყვია დღემდე მენჯში აქვს ჩარჩენილი.
13.2.3. პროკურორის კითხვაზე – რა გარემოებაზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ გ. ხ-ს და ვ. ვ-ს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება, აღნიშნული დაინახა თუ გაიგო – დაზარალებულმა უპასუხა, რომ თავად ვ. ვ-მ დაიყვირა: ,,დამჭრა“ (13:14:47).
13.3. ნ. ა-მ განმარტა, რომ 2022 წლის 8 მარტს იმყოფებოდა მეგობრის – დ. მ-ს – დაბადების დღეზე. სუფრაზე მყოფებს შორის იცნობდა – ს. ჭ-სა და დ. ე-ს. ს. ჭ-მ განაცხადა, რომ ვ. ვ. უნდა ენახა და ტაქსის მძღოლს დაურეკა. იმის გამო, რომ თვითონაც სამსახურში მიდიოდა, გაყოლა გადაწყვიტა. მათთან ერთად ასევე წავიდნენ დ. ე. და გ., რომელიც იმ დღეს პირველად ნახა. მგზავრობისას ჩაუჯდათ თუ არა ვინმე, არ ახსოვს. ახსოვს, რომ უკანა სალონში სამნი ისხდნენ, ხოლო ს. ჭ. – წინ. ვ. ვ-ს შეხვდნენ ვ-ს ძეგლთან, რომელიც შეყვარებულ თ-სთან ერთად, შეყვარებულის ავტომანქანით მივიდა. იმ დროს არ იცოდა და მოგვიანებით გაიგო, რა საკითხთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდა ს. ჭ. და ვ. ვ.. იგი უბრალოდ დაემგზავრა ს. ჭ-ს – ერთი ტრანსპორტით მოუწიათ მგზავრობა. ვ. ვ-სთან შეხვედრისას ცოტა ხნით ჩასხდნენ თ-ს ავტომანქანაში, გასაცნობად. საუბრის შემდეგ ნ. ა. გადაჯდა უკან ტაქსიში და ყველანი წავიდნენ ნ-ს ქუჩაზე. ვ. ვ. ტელეფონზე საუბრით შევიდა არკაში ვიღაცის სანახავად. მას გაჰყვა ს. ჭ-ც, ხოლო თავად ნ. ა. არკასთან, გარეთა მხარეს, სიგარეტს ეწეოდა და ელოდებოდა მათ. ამ დროს მოულოდნელად შემოესმა ს-ს ყვირილი, რის გამოც შევიდა არკაში. დაინახა, რომ ს. მირბოდა მისი მიმართულებით, ხოლო ვ. ძირს იწვა და იძახდა - ,,დამჭრეს“. ნ. ა-მ სცადა ვ. ვ-ს წამოყენება, მის სხეულზე სისხლი არ დაუნახავს, ამიტომაც ვ. ვ-ს უთხრა, რომ არ იქნებოდა დაჭრილი, ვინაიდან სროლის ხმა არ გაუგია. ამ დროს ვ. ვ-მ მისცა მუქი ფერის იარაღი, რომელიც ნ. ა-მ ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო, მოგვიანებით ჩადო ტაქსიში, საბოლოოდ კი პატრულის თანამშრომელმა ამოიღო. ვ. ყვიროდა, რომ ეს იყო ჩხუბის დროს სხვისთვის წართმეული იარაღი (14:11:10). არკაში შესვლისას იგი შეიარაღებული არ ყოფილა, ხოლო ს. ჭ. და ვ. ვ. იყვნენ თუ არა, არ იცის, ვინაიდან არ დაუნახავს (14:15:15). ნ. ა-მ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს დაიჭრა მენჯის ძვალში, თუმცა ზუსტად რა დროს არ იცის, ამასთან, ტყვია დღემდე სხეულში აქვს. შემთხვევის ადგილთან პატრულ-ინსპექტორსაც ეუბნებოდა, რომ დაჭრილი არ იყო და ვინც დაჭრილი იყო იმისთვის მიეხედათ (14:17:01). ს. ჭ-ს და ვ. ვ-ს დაჭრის შესახებ გაიგო საავადმყოფოში ყოფნისას, თუმცა ადასტურებს, რომ არკაში შესვლამდე ისინი დაჭრილები არ ყოფილან და კონკრეტული შემთხვევის შემდეგ გადაიყვანეს ისინი საავადმყოფოში.
13.3.1. არკაში შესვლისას დაინახა რამდენიმე კაცის სილუეტი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ (14:42:02), მაგრამ მას ყურადღება ს. ჭ-ს და ვ. ვ-ზე ჰქონდა გადატანილი. ვისი გასროლილი ტყვია მოხვდა, მისთვის უცნობია. შემთხვევისას არავის, მათ შორის – მსჯავრდებულების ხელში – მას იარაღი არ დაუნახავს, მის მიერ დანახული სილუეტები მსჯავრდებულებს არ გვანან, თუმცა სხდომის დარბაზში, რომ უყურებს, თითქოს ერთ-ერთის სახე აღუდგა, მაგრამ, შესაძლებელია, პოლიციაში ნანახი ფოტოსურათიდან ჩარჩა მეხსიერებაში; ზუსტად ვერ დაადასტურებს, რომ ისინი იყვნენ შემთხვევის ადგილზე. მათ გარდა იქ კიდევ 5-6 კაცი იყო, მაგრამ მათი სახეები არ დაუნახავს (14:33:55). ვ. ვ. ვის შეხვდა, ან რამდენ პირს – არ დაუნახავს.
13.3.2. დაზარალებულმა ასევე განაცხადა, რომ გამომძიებელს რამდენიმე ჩვენება დაახევინა, რადგან იმას არ წერდა, რასაც კარნახობდა (14:12:05; 14:29:33). ასევე აჩვენებდნენ ფოტოებს, ეუბნებოდნენ სახელსა და გვარებს და სთხოვდნენ, ხელი დაედო, თითქოს მათ ესროლეს, მაგრამ ვინც არ დაუნახავს, იმას ხელს ვერ დაადებდა (14:28:53). ატყუებდნენ, რომ ის დაწერეს, რაც მან უკარნახა, თუმცა წაკითხვის შემდეგ ნახა, რომ არ ემთხვეოდა (14:29:53). საბოლოო ვერსია ახლოს იყო მის ნაკარნახებ ტექსტთან (14:44:03).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს ჰქონდათ არსებით სასამართლო სხდომაზე დაზარალებულთა დაკითხვის და თავიანთი პოზიციისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა; ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილს; მოცემულ შემთხვევაში ამოცნობის მიზანს და იმ გარემოებას, რომ ვ. ვ-მ და ს. ჭ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს კონფლიქტში გ. ხ-ს და ლ. გ-ს მონაწილეობა; სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია (და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია), რაც მიუთითებდა დაზარალებულების მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მსჯავრდებულთა მიმართ და სასამართლოს მისცემდა დაზარალებულთა ჩვენებების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის და არგაზიარების შესაძლებლობას.
15. დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ ს. ჭ-ს დაზიანებები არ არის ცეცხლნასროლი, მათ შორის, ისინი არ უკავშირდებოდა შემთხვევის ღამეს და წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, ასევე დაზიანებების მდებარეობის გათვალისწინებით, გამორიცხავს მის წინ მდგომი პირის მიერ მათ მიყენებას, საკასაციო სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს:
15.1. დაზარალებულ ს. ჭ-ს ჩვენებას (მას ტყვიები წინა მხრიდან ხვდებოდა, თუმცა მოძრაობდა და მსროლელს არ აძლევდა დამიზნებით სროლის საშუალებას (13:09:34); ლ. გ-მ პირველად იარაღი სახეში დაუმიზნა. გასროლილი ტყვია ასცდა, თუმცა ყურთან გაუარა, მეორე გასროლამ ,,თვალი დაწვა“, შემდეგ სხეულის ქვედა მხარეს ესროლა და პირდაპირ ფეხში მოხვდა 2 ტყვია (13:10:35; 14:22:55)); ამოღების 2022 წლის 10 მარტის ოქმს, რომლის თანახმად: შპს ,,ნ. ჰ-ში“ ზოგადი ქირურგის – კ. ა-საგან ამოიღეს ს. ჭ-ს ქვედა მარჯვენა კიდურიდან ოპერაციის დროს ამოღებული ტყვია; სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნას, რომლის თანახმად, წარდგენილი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი N...-ის ჩანაწერების მიხედვით, ს. ჭ-ს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია 2022 წლის 9 სექტემბრის 01:33 საათზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებიდან ირკვევა: „ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობები მარჯვენა ქვედა კიდურის მუხლის არეში და მარცხენა ქვედა კიდურზე ბარძაყის მიდამოში“, აღენიშნება ექსკორიაციები თავისა და მარცხენა თვალბუდის მიდამოში; სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ს. ბ-ს განმარტებას, კერძოდ, ექსპერტმა, მათ შორის, თავისა და მარცხენა თვალბუდის მიდამოში არსებულ ექსკორიაციებითან მიმართებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როცა ტყვია მოქმედებს დაბალი კინეტიკური ენერგიით, მხვრეტავი მოქმედება არ აქვს და შესაძლებელია ნაჭდევი ანუ ექსკორიაცია განვითარდეს, ანუ ტყვია, რომელსაც დაკარგული აქვს კინეტიკური ენერგია, იგი შეიძლება მოქმედებდეს, როგორც მკვრივ-ბლაგვი საგანი. მოცემულ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო დოკუმენტებში დეტალურად არ არის აღწერილი ნაჭდევები (მითითებულია მხოლოდ, რომ მარცხენა თვალბუდეზე და მტევანზე აქვს ექსკორიაციები), ვერ იტყვის, რომ ისინი არის ცეცხლნასროლი (13:39:23). ასევე, ექსპერტმა განმარტა, რომ ს. ჭ-ს ძვლოვანი სისტემა არ იყო დაზიანებული და სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია რბილი ქსოვილების დაზიანებაზე, თუმცა მუხლის სახსარში ასევე არის მყესები და ხრტილოვანი ქსოვილი, რაც რენტგენზე არ ჩანს. ამასთან, ოსტეომიელიტი ზოგადად არის ინფექციური დაავადება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში რამდენად არის იგი კავშირში ტრავმასთან საჭიროა სრული დოკუმენტაცია და შესაბამისი სპეციალისტები (13:47:33). მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც კვლევას ატარებს სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლის სისწორეს ვერ ამოწმებს, იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო დოკუმენტაციაში არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია, ჩანაწერებს ვერ მიიღებს მხედველობაში და აღნიშნულის შესახებ მიუთითებს დასკვნაში (13:51:27). მოცემულ შემთხვევაში მან პირადად გასინჯა ს. ჭ. და ნახა, რომ ყავარჯნით გადაადგილდებოდა და აგრძელებდა მკურნალობას (მკურნალობის გასაგრძელებლად გაგზავნილი იყო ვ. ბ-ის სახელობის კლინიკაში), შესაბამისად დაზიანებების ხარისხი ვერ შეაფასა. კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია 9 მმ კალიბრიანი ტყვია შესულიყო მუხლის სახსარში და ძვლები არ დაეზიანებინა, ექსპერტმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იყო მუხლის სახსარში შემავალი ჭრილობა, მუხლის სახსარი, რომ გაევლო გაგლიჯავდა ყველაფერს და მოტეხავდა, ამ შემთხვევაში გაიარა – გაკრა, საბოლოოდ, წვივის რბილი ქსოვილიდან იქნა ამოღებული. ამ შემთხვევაში შემავლობა არასწორი ინტერპრეტაციაა, ვინაიდან შემავალი ჭრილობა არსებობს მხოლოდ ღრუებში, ადამიანს კი აქვს მხოლოდ სამი: ქალას, მუცლისა და გულმკერდის ღრუ. ოპერაციის ოქმის ჩანაწერებით ეს ჭრილობა მუხლის სახსარში შემავალი არ ყოფილა, თუმცა როგორც წესი შესაბამისი კლინიცისტები ასე წერენ (14:07:41).
15.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ ს. ბ-ს ჩვენების თანახმად, ს. ჭ-ს სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისათვის საჭიროა დაინიშნოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ტრავმის მიღებიდან (09.03.22წ-დან) ცხრა თვის შემდგომ, შპს ... სახელობის კლინიკაში და ასევე არსებობის შემთხვევაში 17.05.22წ-ის შემდგომ პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ამბულატორიული მკურნალობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციების და მარჯვენა მუხლის სახსრის რენტგენოგრამებისა და მრტ კვლევის ელ.ვერსიის (განმეორებით) წარმოდგენით და სპეციალისტის (სპეციალისტების) მონაწილეობით.
15.3. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის 2022 წლის 11 მარტის N.. დასკვნის თანახმად, ს. ჭ-ს ორგანიზმიდან ამოღებული ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 9X17 მმ (.380) კალიბრიანი, 1. წლის ნიმუშის, „BROWNING-ის“ ვაზნის შემადგენელი ნაწილი; განკუთვნილია „BROWNING-ის“, „BERETTA-ს“, „GLOCK-ის“ მოდელის პისტოლეტებისთვის და სხვა; გასროლილია 9 მმ კალიბრიან იარაღში, რომელიც გათვალისწინებულია 9X17 მმ კალიბრიანი 1. წლის ნიმუშის „BROWNING-ის“ ვაზნების გასასროლად; ტყვია არ არის გასროლილი წარდგენილ კუსტარულად დამზადებული რევოლვერიდან.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულების – ვ. ვ-სა და ს. ჭ-ს ჩვენებებით, ასევე წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ს. ჭ. დაჭრა ლ. გ-მ, ხოლო ვ. ვ. – გ. ხ-მ რევოლვერის ტიპის იარაღით, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
17. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 12 მარტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი რევოლვერის სახელურის ზედაპირზე გამოვლინდა პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისი ხელის კვალი. მეტალის საგნის, მასრების და ვაზნების ზედაპირებზე ხელის კვლები არ გამოვლინდა. ამასთან, დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, რევოლვერის სახელურის ზედაპირზე გამოვლინდა ხელის კვალი, რომელშიც არ გამოისახა დვრილოვანი ხაზების საერთო და კერძო ინდივიდუალური ნიშნების საკმარისი რაოდენობა, რომელთა ერთობლიობა ინდივიდუალურია და საკმარისია დასკვნისათვის, რომ ხელის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
18. რაც შეეხება კასატორთა პოზიციას, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2022 წლის 7 სექტემბრის №... დასკვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. გ-საგან დენთის ნიმუშის აღება მოხდა 2022 წლის 9 მარტს, 16:10-16:25 საათების შუალედში, ხოლო მისი ტანსაცმელი ამოღებული იქნა 2022 წლის 9 მარტს, 14:05-15:15 საათების შუალედში; ამასთან ამოღებული ტანსაცმლიდან ქურთუკი იყო სველი (ლ. გ-ს მეუღლის – ე. ჩ-ს ინფორმაციით ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლ. გ-ს ქურთუკი გასარეცხად ჰქონდა სარეცხმანქანაში და იყო სველი; გამომძიებელმა გ. მ-ც დაადასტურა, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლ. გ-ს ქურთუკი იყო სველი (13:41:31)); ხოლო გ. ხ. დააკავეს 2022 წლის 28 მარტს.
19. ამასთან, დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქმის ფარგლებში არ იქნა მოძიებული შემთხვევის ადგილის ამსახველი ვოდეოკამერები და ჩანაწერები, გამომძიებელმა გ. მ-მ (მოცემულ საქმეში ძირითადი/მთავარი გამომძიებელი) განმარტა, რომ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე იმ დროისათვის არ იყო დამონტაჟებული არცერთი ვიდეოკამერა, ასეთის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად დაამაგრებდა საქმეში შესაბამის მტკიცებულებას (13:37:35).
20. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები (რაზეც უთითებს ასეთის არსებობის შემთხვევაში) და არც საკასაციო საჩივრიდან არ დგინდება, რომ მას არ მიეცა/შეეზღუდა მის მიერ მითითებული ასეთი ჩანაწერების მოპოვების შესაძლებლობა.
21. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწმე მ. ე-ს ჩვენებას შემთხვევის ადგილზე მესამე ჯგუფის არსებობის შესახებ – სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენება წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, მათ შორის, თვითმხილველ დაზარალებულთა ჩვენებებთან; მოწმეს არ შეუძლია მის მიერ მითითებული მესამე ჯგუფის წევრების ამოცნობა; დაპირისპირებას არ უყურებდა უწყვეტად დასაწყისიდან დასასრულამდე; აბსტრაქტულად უთითებს მესამე ჯგუფის არსებობაზე, რომელიც ღამის საათებში მეექვსე სართულიდან დაინახა.
22. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირების თაობაზე.
23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია: კონფლიქტი ჰქონდათ გ. ღ-ს და ვ. ვ-ს; შეხვედრაზე გ. ღ. მივიდა, ლ. გ-სთან და გ. ხ-სთან ერთად და შესაბამისად, ისინი იმყოფებოდნენ ერთად, ხოლო ვ. ვ. უშუალოდ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ს. ჭ-სთან ერთად; ერთი ჯგუფის ორმა წევრმა ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა მეორე დაპირისპირებულ ჯგუფის წევრებს, კერძოდ, გ. ხ-მ ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლა ვ. ვ-ს, ხოლო ლ. გ-მ – ს. ჭ-ს მიმართულებით, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცება, რომ მსჯავრდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, განიზრახეს დანაშაულის ჩადენა არის, ვარაუდი, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია არ არის დადასტურებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პროკურორის ვერსიას. ამასთან, შემთხვევის ადგილზე ორი პირის ერთად შეიარაღებული მისვლა, სხვადასხვა დაზარალებულის მიმართ დამოუკიდებლად ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, a priori არ ნიშნავს და არ ადასტურებს, რომ ისინი ეთანხმებოდნენ, მხარს უჭერდნენ, იწონებდნენ ან/და მით უფრო ხელს უწყობდნენ ერთმანეთს დანაშაულის ჩადენაში; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე ვერ დასტურდება პროკურორის ეჭვი, რომ მოცემულ შემთხვევაში ორი ამსრულებელი ეხმარებოდა ერთმანეთს და დაზარალებულებს უსპობდნენ თავის დაცვის საშუალებას და დამდგარი შედეგის მიღება შეუძლებელი იყო დანაშაულების ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად ჩადენის შემთხვევაში.
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების: ვ. ვ-ს, ს. ჭ-ს და ნ. ა-ს ჩვენებებზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ლ. გ-სა და გ. ხ-ს მიერ ჯგუფურად სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა; ბრალდების მხარის პოზიცია არის მხოლოდ ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
26. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას, მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ა-ს, ასევე მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-სა და თ. მ-ს – საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე