საქმე # 330100122005955427
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №766აპ-23 ქ. თბილისი
გ. ვ. 766აპ-23 10 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძისა და მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ს-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ვ. გ-ვს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 20 მაისს, დაახლოებით, 00:00 საათიდან 00:30 საათამდე პერიოდში, ქ. თ-ში, ქ. დ-ის გამზირზე, ი-ს მეტროს მიმდებარედ, სკვერში, ვ. გ-მ, შელაპარაკებისას, ვ. ჩ-ს მოკვლის განზრახვით თან ნაქონი ბასრი საგანი რამდენჯერმე დაარტყა სხეულზე, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა მუცლის ღრუში, ასევე, დაუზიანა გულმკერდის წინა ზედაპირი და კისერი. ვ. გ-ს განზრახვის სისრულეში მოყვანას ხელი შეუშალეს როგორც დაზარალებულმა, ასევე – სხვა პირებმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
3.1. ვ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით;
3.2. ვ. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ვ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 20 მაისის 22:27 საათიდან.
4. სასამართლომ დაადგინა:
4.1. ვ. გ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით.
4.2. 2022 წლის 20 მაისს, დაახლოებით 00:00 საათიდან, 00:30 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თ-ში, ქ. დ-ს გამზირზე, ი-ს მეტროს მიმდებარედ, სკვერში, ვ. გ-მ, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ბასრი საგნის გამოყენებით ვ. ჩ-ს მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის, ხოლო გულმკერდის წინა ზედაპირზე და კისრის არეში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენში, ვ. გ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლიდან 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის მიზნის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა;
5.2. მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დ. ს-მ და მ. ჩ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ვ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
7.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ჩუბინიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენში ცვლილებას, ვ. გ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და შესაბამისი კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას;
7.2. მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. ს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენში ცვლილებას, ვ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნობას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ვ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე ვ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში.
10. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ვ. გ-მ ჩაიდინა თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, რომელი მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს, ბრალად წარდგენილი - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, თუ მსჯავრად შერაცხილი - საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთი მხრივ, დასტურდება ვ. გ-ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა (ბრალდების მხარის პოზიცია), მეორე მხრივ კი, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით) საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა; გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ვ.გ-ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
13. ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენი №142აპ-13, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის №158აპ-21 განჩინება). საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი იძლეოდეს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი საქმეზე №213აპ-20 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, საქმეზე №527აპ-17). განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საქმეზე №309აპ-19, ასევე – 2018 წლის 17 მაისის განაჩენი საქმეზე №680აპ-17 და 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საქმეზე №227აპ-16).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიცია ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით კვალიფიკაციის თაობაზე ემყარება ვარაუდს და არა კონკრეტულ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ. გ-ს განზრახ მკვლელობის განზრახვა, და ითვალისწინებს, რომ ვ. გ-სა და ვ. ჩ-ს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაერთო ასევე გ.ფ., რაც დასტურდება ვიდეოჩანაწერით, 2022 წლის 20 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N.. დასკვნითა და მოწმე გ. ფ-ს ჩვენებით (გ. ფ. კონფლიქტის დაწყებას არ შესწრებია, კონფლიქტის დაწყება და მიზეზები არ ახსოვს ვ. ჩ-ას). პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით უტყუარად დგინდება, რომ ვ. ჩ. და გ. ფ. ხელებითა და ფეხებით აყენებენ დარტყმებს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ვ. გ-ს, რომელიც ცდილობს მათ მოგერიებას, შემდგომ ვარდება შადრევანში (არ ფარავს კამერის ჩანაწერები), სადაც ჩადის ასევე ვ. ჩ. და გრძელდება ფიზიკური დაპირისპირება (იხ.: ვიდეოჩანაწერი – 00:13:24 საათზე მარჯვენა მხრიდან კადრში ჩნდება მამაკაცი – ვ.გ., რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი და თეთრი ფერის ფეხსაცმელები, უკანასვლით მიდის კადრში (თითქოს ვიღაცის ძალის ზემოქმედების შედეგად). ვ. გ. აგრძელებს უკუსვლას, კადრში შემოდის მეორე მამაკაცი, რომელსაც ნახევრად შემელოტებული თავი აქვს და 00:13:26 საათზე ეს მამაკაცი (ვ. ჩ.) მარჯვენა ფეხს არტყამს ფეხში ვ. გ-ს და მარჯვენა ხელს არტყამს თავში, ვ. გ. მარცხენა ხელით ცდილობს მის მოგერიებას, ხოლო მარჯვენა ხელი ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში აქვს. 00:13:28 საათზე კადრში სირბილით შემოდის კიდევ ერთი მამაკაცი (გ. ფ.), რომელსაც ზედა ჩასაცმელი იდაყვებამდე აქვს აწეული და მთელი ძალით ორივე ხელს ჰკრავს ვ. გ-ს, რის შემდეგაც ვ. გ. რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს და ნახევრად შებრუნებულია მარჯვენა მხარეს, 00:13:31 საათზე მასთან ისევ მიიჭრა გ. ფ., რომელიც წინ გადახრილია, ორივე წინგაწვდილი ხელით ეჭიდება ვ. გ-ს, დაახლოებით მკერდის ან მხრების მიდამოში, გ. ფ. ეძიძგილავება ვ. გ-ს, ამ დროს ვ. გ. ტრიალდება მარცხენა მხარეს, ხოლო გ.ფ. მას არ ეშვება, წინ გადახრილი აგრძელებს ძიძგილაობას და 00:13:33 საათზე ვ. გ. ძირს ვარდება, მასთან ერთად 00:13:36 საათზე ვ. გ. ვარდება რაღაც სიღრმეში და კადრში ჩანს მხოლოდ მისი თეთრი ფეხსაცმელები. იქვე ჩადის ვ. ჩ. და გრძელდება ფიზიკური დაპირსპირება, გ. ფ. კი დგას შადრევნის კიდეზე 00:13:38 საათზე, ამ დროს ჩანს მხოლოდ მისი ფეხები და 00:13:43 საათზე გადის კამერის არეალიდან. შადრევნის კიდეს უახლოვდება სამი ადამიანი. 00:13:55 საათზე კადრში ჩნდება გ. ფ. და ხელების ქნევით 00:13:59 საათზე გადის კამერის ხედვის არედან. მას უკან მოჰყვება ვ. ჩ. და 00:14:01 საათზე ისიც გადის კამერის ხედვის არედან. ვ. ჩ-ს უკან მიჰყვება ზემოაღნიშნული სამი ადამიანი, მისკენ იშვერენ ხელს და თითქოს რაღაც უკმაყოფილების მსგავს მოქმედებას გამოხატავენ. ამ დროს ვიდეოჩანაწერის კადრში ჩნდება ვ. გ., რომელიც ცდილობს შადრევნიდან ამოსვლას, ვერ იყენებს მარჯვენა ხელს. 00:14:32 საათზე ამოდის და ბარბაცით მიდის იქვე არსებულ ჯებირთან 00:14:44 საათზე და იქ ჩერდება დროის რაღაც მონაკვეთი, 00:15:08 საათზე ჩანს მისი ქვემოთ ჩამოშვებული მარჯვენა ხელი. 00:16:46 საათზე გადის კამერის ხედვის არიდან). ამასთან, სასამართლო არ იზიარებს გ. ფ-ს ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მოწმე მიუთითებს ვ. ჩ-სა და ვ. გ-ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საკუთარ ვერსიას, რომელიც არ შეესაბამება ვიდეოჩანაწერსა და გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ვ. გ-ს მდგომარეობა (იყო ნაცემი, თავს გრძნობდა შეუძლოდ) ვიდეოჩანაწერთან ერთად დასტურდება მოწმეთა მ. ზ-სა და გ. ზ-ს ჩვენებებით. მ. ზ-მ მიუთითა, რომ ვ. გ. მისი მეზობელი და შვილის მეგობარია, რომელიც 2022 წლის 20 მაისს, ღამის 00:20 საათზე, მივიდა მათთან, იყო ძალიან ნაცემი და დახმარება სთხოვა. ვ. გ-მ უთხრა, რომ რაღაც კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც მაგრად სცემეს. მოწმის განცხადებით, ქურთუკი ჰქონდა დახეული, სპორტულ ტანსაცმელზე ჰქონდა ფეხების ნაკვალევი, თავის არეში ჰქონდა დაზიანებები მიყენებული სავარაუდოდ ფეხით და ხელით და ასევე მარცხენა ხელის ცერა თითი ჰქონდა დაზიანებული და უჩიოდა მარჯვენა ხელის ტკივილს, მხარი ჰქონდა ამოვარდნილი. მოწმის განცხადებით, მუშაობს ექთნის პოზიციაზე და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ვ. გ-ს, კერძოდ დაუმუშავა დაზიანებული თითი. ვ. გ-მა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე უარი უთხრა. აღნიშნული გარემოებები დაადასტურა გ. ზ-მ და მიუთითა, რომ 2022 წლის 20 მაისს, სახლში დაბრუნებულს დახვდა ვ. გ., რომელიც იყო ძალიან ნაცემი, სახეზე ეტყობოდა დაჟეჟილობა, ტკიოდა მარჯვენა მკლავი, იყო სულ მტვრიანი. ტანსაცმელზე ეტყობოდა ფეხის დარტყმების კვალი და ,,ეტყობოდა, რომ იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში“.
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2022 წლის 13 ივნისის, N.. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებით, 23/05/2022 წელს, ვ. გ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობების, სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით – მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ, 20/05/2022 წელს, თარიღს. სწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით.
17. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ვ. გ. მოქმედებდა განზრახ მკვლელობის მიზნით და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. გ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ვ. ჩ-სა და გ. ფ-ს მხრიდან ვ. გ-ზე თავდასხმა იყო რეალურად საშიში, იმწუთიერი და მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, ვ. გ-ს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, მაგრამ მის მიერ გამოყენებული საშუალება იყო მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან შეუსაბამო (სასამართლო ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნას, დაზარალებულ ვ. ჩ-ს და გ. ფ-ს ფიზიკურ მონაცემებს, მათი მხრიდან ვ. გ-ს მიმართ ძალადობის ხერხს, დაზარალებულისა და ვ. გ-სათვის მიყენებული დაზიანებების სახეს, რაოდენობას, ლოკალიზაციას). შესაბამისად, ვინაიდან გამოკვეთილია თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა, ვ. გ-ს ქმედება სცილდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. ვ. გ-ს მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებული მოქმედება – დაზარალებულ ვ. ჩ-სათვის ბასრი საგნის (მჩხვლეტავ-მჭრელი) გამოყენებით ჭრილობების მიყენება, მათ შორის, მარჯვენა ფერდქვეშა არეში არსებული ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის დაზიანებით – წარმოადგენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. შესაბამისად, ვ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე.
18. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ. გ-ს მიერ ბასრი საგნის გამოყენებით ვ. ჩ-სათვის დაზიანებების მიყენების ფაქტი.
19. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო სხვაგან და სხვა ვითარებაში, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით –სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვ. ჩ-ს ვ. გ-სთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სხვა პირთან/პირებთან ჰქონდა რაიმე სახის კონფლიქტი, აღნიშნულის საპირისპიროდ, შპს ... კლინიკის სტაციონალურ სამედიცინო დოკუმენტაციითა და მოწმეთა გ. ფ-სა და გ. ზ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 მაისს ვ. ჩ. მომხდარი შემთხვევიდან (00:00-00:30 საათი) მალევე მიიყვანეს კლინიკაში(სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად ვ. ჩ. კლინიკაში თვითდინებით შეიყვანეს 00:40 საათზე).
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის ანალიზით ცალსახად დასტურდება ვ. გ-სა და ვ. ჩ-ს, გ. ფ-ს შორის მომხდარი კონფლიქტი და მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ვ. ჩ-სა და გ. ფ-ს ტანსაცმელი ჰქონდათ ტალახიანი და შემთხვევის ადგილზე არ იყო ტალახი, არ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ვ. გ-ს მიერ ჩადენას.
21. სასამართლო არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვინაიდან შემთხვევის ადგილზე და თავად ვ. გ-ს ტანსაცმელზე არ იყო ვ. ჩ-ს სისხლის კვალი, მას დაზიანება შემთხვევის ადგილზე არ მიუღია და ითვალისწინებს კონფლიქტის ხანგრძლივობას და დინამიკას(კონფლიქტი გაგრძელდა რამდენიმე წუთი, კონფლიქტის შემდეგ კი ვ. ჩ-მ და გ. ფ-მ მაშინვე დატოვეს შემთხვევის ადგილი), დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათს (სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნით დგინდება, რომ ვ. ჩ-სათვის მიყენებული დაზიანებები იყო არასისხლმდენი ან ზომიერად სისხლმდენი) და მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილსა და ვ. გ-ს ტანსაცმელზე ვ. ჩ-ს სისხლის კვალის არარსებობა არ გამორიცხავს ვ. გ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
22. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს 2022 წლის 23 იანვარის N.. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ „...ობ. N1,2,3,4 (სულ ოთხი ობიექტი) ამოღებულია მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალომოყავისფრო ლაქები (ობ. N1-4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ვ. გ-ს (ობ. N43; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ 1994წ. დაბ. ვ. გ-ს პირის ღრუდან...“); პაკეტში, წარწერით: „...ვ. ჩ-ს ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შავი ფერის სვიტერზე (ოზ. N29,29ა,30 -32), მომწვანო ფერის მაისურზე (ობ. N33,34,343), ჯინსის შარვალზე (ობ. 35-38), ქვედა საცვალზე (ობ. N39), წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N40,41) და ერთ-ერთ წინდაზე (ობ. N42) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს; ობ. 29,29ა,33 -ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ. გ-ს (ობ. 43), ობ. N30–32,34,34ა,35 -42-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ. ჩ-ს (ობ. N44);
23. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვ. გ-ს შადრევანში გადავარდნის შემდეგ ვ. ჩ. დგას შადრევნის კიდესთან და ზემოდან უყურებს მოვლენებს, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით – ვიდეოჩანაწერით. ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ვ. გ-ს გ. ფ. აგდებს შადრევანში, ვ. ჩ-ც ჩადის და გრძელდება ფიზიკური დაპირისპირება (00:13:35 საათი), ხოლო გ. ფ. დგას შადრევნის კიდეზე (00:13:38 საათზე), ამ დროს ჩანს მხოლოდ მისი ფეხები და 00:13:43 საათზე გადის კამერის არეალიდან.
24. დაცვის მხარის მითითებაზე, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი სამი ახალგაზრდას ვინაობა არ დადგენილა, რომლებიც ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, სასამართლო ერთი მხრივ ეთანხმება კასატორს მოცემულ მოწმეთა იდენტიფიცირებისა და მათი ჩვენების მნიშვნელობის შესახებ და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103). იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს და ვინაიდან არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა მის მიერვე მითითებული მოწმეების წარმოდგენისა და დაკითხვის შესაძლებლობა - სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
25. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, საგამოძიებო მოქმედება – ამოცნობის კანონის დარღვევით ჩატარების შესახებ, ამასთან ითვალისწინებს, რომ მოწმე გ. ფ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული ვ. გ.
26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ვ. გ-ს უდანაშაულობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ. გ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
27. ამასთან, ვ. გ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 § 33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, § 52 and §56, ECtHR, 17/07/2021, Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, § 32, ECtHR, 24/07/2007).
28. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა დაცვის უფლებით და თავისი არგუმენტები საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრთან დაკავშირებით წარედგინა როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსათვის, ასევე საკასაციო სასამართლოსათვის, რა დროსაც სასამართლოებმა შეისწავლეს ახალი კვალიფიკაციის დასაბუთება და კანონიერება, გადაკვალიფიცირებული ბრალდების ელემენტები განხილულ იყო სამართალწარმოების პროცესში (იხ.: Penev v. Bulgaria, no 20494/04, §41, ECtHR, 07/04/2010; Sipavicius v. Lithunia, no. 49093/99, §31-32, ECtHR, 21/02/2002), ვ. გ-ს ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა შეცვლილი კვალიფიკაციის პირობებში ჯეროვნად დაეცვა საკუთარი უფლებები.
29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
30. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
32. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძისა და მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე