Facebook Twitter

საქმე # 160100121004860931

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №824აპ-23 ქ. თბილისი

გ. ი. გ. 824აპ-23 23 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. მ–სა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის – ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. ი. გ. გ–ის, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1.1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.1.2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.2. თ. ნ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.3. ნ. ი–ს, – დაბადებულს 19..წელს, – ბრალად ედებოდა:

1.3.1. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

1.3.2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.4. გ. რ–სს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.4.1. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

1.4.2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. გ. გ–ს, თ. ნ–ს, ნ. ი–სა და გ. რ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ი. გ. გ–ი, თ. ნ–ი, ნ. ი–ი და გ. რ–ი ცნობენ და აღიარებენ „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილ და თვითაღიარებულ სპეციალურ წესებს, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია გადაიხადოს მათ მიერ მოთხოვილი თანხა „ქურდული სამყაროსადმი“ პატივისცემის გამოსახატად, ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ, რაც „ქურდული სამყაროს“ დაფინანსებას და მათი მიზნების განხორციელებას მოხმარდება. ამავე წესების მიხედვით, ადამიანები იყოფიან სხვადასხვა კატეგორიებად, რომელთაგანაც მშრომელი, კანონმორჩილი და სახელმწიფო სერვისებით მოსარგებლე პირები მიეკუთვნებიან სამარცხვინო, „ქურდული სამყაროსთვის“ მიუღებელ კატეგორიას და მათგან „ქურდული სამყაროს“ წევრები უკანონო ხერხებით ცდილობენ მატერიალური სარგებლის მიღებას დაშინების, შანტაჟის, მუქარის, იძულებისა თუ გამოძალვის გზით. „ქურდული სამყაროს“ არსებობის ძირითადი პრინციპია: ყოველგვარი სახელმწიფოებრივის უარყოფა და ალტერნატიული „წესრიგის“ შექმნა, სადაც სამართალდამცავი სისტემისა და სასამართლო ხელისუფლების გვერდის ავლით ხდება ადამიანებს შორის დავების მოგვარება და ამ საქმიანობის შედეგად მიღებული მატერიალური სარგებლის ნაწილის „ქურდული სამყაროსთვის“ შეწირვა. ი. გ. გ–ი დანაშაულებრივად დაკავშირებულია „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, მათ შორის: ნ ს–თან, ტ. ნ–თან, დ. ი–თან და მათ გარემოცვასთან, თ. ნ–სი, დანაშაულებრივად დაკავშირებულია „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, მათ შორის: ნ. ს–თან, ტ. ნ–თან, დ. ი–თან, ი. გ. გ–ითან და მათ გარემოცვასთან, ხოლო ნ. ი–სი და გ. რ–სი დანაშაულებრივად დაკავშირებული არიან „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, მათ შორის: ი. გ. გ–ითან, თ. ნ–სთან და მათ გარემოცვასთან, რომელთაგან მიღებული მითითებების თანახმად, ისინი აქტიურად მოქმედებენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კერძოდ, ი. გ. გ–ი და თ. ნ–ი სისტემატურად ხვდებიან და სატელეფონო კომუნიკაციის გზით უკავშირდებიან სხვადასხვა პირებს, მოითხოვენ მათგან სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხებს „ქურდული სამყაროს“ დასაფინანსებლად, დაზარალებულების დაშინებით ცდილობენ „ქურდული სამყაროსათვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას, გადასცემენ „ქურდული სამყაროს“ წევრების მოთხოვნას, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი – დასჯის სასტიკი მეთოდების შესახებ ინფორმაციას. ისინი უკანონო გზებითა და ძალადობრივი ხერხებით აგვარებენ მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და სხვა სახის დავებს და იღებენ მატერიალურ სარგებელს, იმავდროულად, ნ. ი–ი და გ. რ–ი ასევე იღებდნენ „ქურდული სამყაროს“ მფარველობას, რითაც ხელს უწყობენ კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ზრდასა და გამყარებას საზოგადოებაში. ამასთან, მიღებული თანხის ნაწილს ი. გ. გ–ი და თ. ნ–ი წირავენ „ქურდულ სამყაროს“.

2.2. 2017 წლიდან ვ. ფ–სა და ა. ი–ს შორის არსებობდა ფინანსური დავა ვალთან დაკავშირებით, რომლის მოსაგვარებლადაც ამ უკანასკნელმა „კანონიერ ქურდ“ ნ. ს–ს – „გ–ს“ – მიმართა. „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ნ. ს–სის თანამზრახველები – ტ. ნ–ი და დ. ი–ი – თ–დან სისტემატურად უკავშირდებოდნენ ვ. ფ–ს დ. ი–ს ვალის საკითხის მოსაგვარებლად, რაც „ქურდული სამყაროს“ კუთვნილ თანხად განიხილებოდა და, გადაუხდელობის შემთხვევაში, ვ. ფ–ის პირადი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. „ქურდული“ წესებით საკითხის გადასაწყვეტად ვ. ფ–ი ნ. ს–ს მოთხოვნით თ-ში ჩავიდა, რის შემდეგაც, მას „კანონიერი ქურდებისთვის“ გადასაცემად 50 000 დოლარი დააკისრეს და ს–ში დააბრუნეს. ვინაიდან ვ. ფ–მა დათქმულ დროში ვერ შეასრულა „კანონიერი ქურდის“ – ნ. ს–სა და მისი თანამზრახველების: ტ. ნ–სისა და დ. ი–ს ბრძანება, დაპირებისამებრ, მისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ ფიზიკური ანგარიშსწორებით. ტ. ნ–სის დავალებით, ამ საკითხის ორგანიზება დაევალათ ს–ში მოქმედ მათი „ქურდული“ დაჯგუფების წევრებს: ი. გ. გ–სა და თ. ნ–ს, რომელთაგანაც ი. გ. გ–მა დაგეგმა ვ. ფ–ზე ძალადობის დეტალები: ვ. ფ–ს საცემად თ. ნ–სს მისცა მითითებები სანდო პირების მიყვანის შემდეგ, მათი გადამალვისა და საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავებთან მისაცემი ცრუ ჩვენებების შესახებ. ამავე მიზნით, წინასწარ დაიქირავა ბინა ქ. რ–ში, დანაშაულის ჩამდენი პირების დროებითი თავშესაფრისთვის. მიღებული მითითებების თანხმად, თ. ნ–მა წინასწარ შეარჩია „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი, მათი ნდობით აღჭურვილი პირები: გ. რ–ი და ნ. ი–ი, რომლებსაც პირადად უნდა შეესრულებინათ ნ. ს–ს, მისი „ქურდული ტრადიციების“ მემკვიდრე ძმის – ნ. ს–ისა და მათივე გარემოცვის – ტ. ნ–სა და დ. ი–ის და ს–ში მათი ადგილობრივი „ქურდული სამყაროს წევრების“ – ი. გ. გ–სა და თ. ნ–ს – დავალება ვ. ფ–ს ცემის თაობაზე. ამ მიზნით, 2021 წლის 12 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში ვ. ფ–ის თავს დაესხნენ ლითონის დეტალებითა და ნიღბებით აღჭურვილი გ. რ–ი და ნ. ი–ი და სხეულის არეში ლითონის დეტალების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს ფიზიკური ტკივილი. გ. რ–მა და ნ. ი–მა ძალადობის პროცესში ვ. ფ–ის განუმარტეს, რომ იყვნენ „თენგიზას“ (თ. ნ–სის) დავალების შემსრულებლები. ძალადობის შემდეგ ვ. ფ–ის თ–დან მობილური ტელეფონის მეშვეობით ისევ დაუკავშირდა ტ. ნ–სი და აცნობა, რომ ვ. ფ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობა მათი დაკვეთა იყო, კვლავ მოითხოვა მისგან ფულადი თანხის, 50 000 დოლარის მიტანა „ქურდული სამყაროსთვის“ და, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრა.

2.3. 2021 წლის 4 თებერვალს ს–ს რაიონის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს შეეჯახა შ. ყ–სის მართვის ქვეშ მყოფი, „მერსედესის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით: .......-..) და ე. მ–სის „ფორდ ტრანზიტის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით: ..........) ავტომანქანები, რაც გახდა სამართალდამრღვევი მძღოლის – ე. მ–სის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და შ. ყ–სათვის მიყენებული ზიანის – 7 000 ლარის – ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ ასანაზღაურებული თანხის ოდენობაზე, ე. მ–მა დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრ ი. გ. გ–ის მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე, 2021 წლის თებერვლის თვის დაუდგენელ რიცხვში, ქ. რ–ში, ი. გ. გ–ს მოთხოვნითა და ორგანიზებით, შედგა „ქურდული“ გარჩევა, რა დროსაც ი. გ. გ–მა ე. მ–საგან აიღო ფულადი თანხა 3 000 ლარის ოდენობით, როგორც „ქურდულად“ საქმის მოგვარების ფასი, ხოლო მოლაპარაკების თანახმად, ე. მ–სი აღარ იყო ვალდებული, გადაეხადა ზიანის ასანაზღაურებული თანხა შ. ყ–სთვის. თავის მხრივ, შ. ყ–ს არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა თანხა ე. მ–სისთვის, რადგან საკითხი „ქურდულად“ იყო გადაწყვეტილი ი. გ. გ–იის მიერ.

2.4. 2021 წლის თებერვალში ა. ა–მა მ. შ–საგან 4 500 დოლარად შეიძინა „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა, (სახელმწიფო ნომრით: იყო ..........). მ. შ–ი თვლიდა, რომ აღებული თანხის ნაწილი ყალბი იყო, რასაც უარყოფდა ა. ა–სი. მათ შორის არსებული დავის მოსაგვარებლად ა. ა–მა „ქურდული სამყაროს“ წევრ ი. გ. გ–ის მიმართა, რომელიც, თავის მხრივ, დავასთან დაკავშირებულ საკუთარ გადაწყვეტილებებს და მოთხოვნებს თ–ში მყოფ „კანონიერ ქურდ“ ტ. ნ–სთან ათანხმებდა. აღნიშნულის საფუძველზე, 2021 წლის თებერვლის დაუდგენელ რიცხვში, მ–ს რაიონის სოფელ ყ–ში მდებარე საჩაიეში შედგა საკითხის „ქურდული გარჩევა“ ი. გ. გ–ს მიერ. ამ უკანასკნელმა ა. ა–სს 2 დღის ვადაში – 800 დოლარის, ხოლო მომდევნო 1 კვირის განმავლობაში კიდევ 500 დოლარის გადახდა დააკისრა „ქურდული სამყაროს“ სახელით და მათ სასარგებლოდ. მოთხოვნისამებრ, ა. ა–მა ი. გ. გ–ს მიერ მითითებული პიროვნების სახელზე გადარიცხა ფულადი თანხა 800 დოლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 500 დოლარის ჩარიცხვა დროულად ვერ შეძლო, რის გამოც, ი. გ.გ–ი და რ. ბ–ი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2.5. 2021 წლის თებერვალში, დაუდგენელ რიცხვში, ი. გ. გ–იმა „ქურდული გარჩევის“ გზით მოაგვარა დავა ი. მ–სა და თ–ში მცხოვრებ მის მოვალესთან, რის შედეგადაც, მოვალისთვის მისაცემი თანხა 20 000 დოლარის ოდენობით გადასახდელი აღარ ექნებოდა ი. მ–ს.

2.6. 2021 წლის თებერვლის თვის დაუდგენელ რიცხვში, მ–ს რაიონის სოფელ ყ–ში მდებარე საჩაიეში, „ქურდული სამყაროს“ მიერ მოთხოვილი ფულადი თანხის გადაუხდელობის მოტივით ი. გ. გ–მა რ. ბ–სთან ერთად, ჯგუფურად, სახისა და სხეულის არეში ხელების მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, ფიზიკური ტკივილი მიაყენა ა. ა–ს.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით:

3.1. ი. გ. გ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ა. ა–ს ბრალდების ნაწილში) და გამართლდა;

3.1.1. ი. გ. გ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი (ვ. ფ–ს ბრალდების ნაწილში) და გამართლდა;

3.1.2. ი. გ. გ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი (ა. ა–სა და მ. შ–ს ბრალდების ნაწილში) და გამართლდა;

3.1.3. ი. გ. გ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი (ი. მ–სას ბრალდების ნაწილში) და გამართლდა;

3.1.4. ი. გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ. ყ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;

3.1.5. ი. გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 18 ივლიდან.

3.2. თ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.2. თ. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან.

3.4. ნ. ი–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.4.1. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;

3.4.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

3.4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ი–სს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;

3.4.5. ნ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან.

3.5.1. გ. რ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.5.2. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.5.3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

3.5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 4 წლით – მთლიანად შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. რ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.5.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით, საქართველოს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.5.6. გ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან – 2022 წლის 5 აპრილიდან; მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 19 ივნისიდან 2022 წლის 5 აპრილის ჩათვლით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

4.1. მსჯავრდებულ ი. გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ბ–მმა, მსჯავრდებულ თ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ლ–მა და ლ. დ–მა, მსჯავრდებულმა ნ. ი–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ბ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ი. გ. გ–იის, თ. ნ–სისა და ნ. ი–ს გამართლებას;

4.2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულ ი. გ. გ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში, ასევე, თითოეული მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენში დაშვებული უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის აბზაცი: ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დისკების სახით, გ. რ–ს, ი. გ. გ–ს, ნ. ი–ს და თ. ნ–ს ხმების ამსახველი აუდიო ჩანაწერები (პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები) დისკებზე და ფლეშ მეხსიერების ბარათზე, სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერები დისკებზე, ვ. ფ–ს მობილურიდან გამოთხოვილი ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, რ. ბ–ს ხმის ნიმუში, ,,.......–ს ბანკიდან“ და ,,........ი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციები დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დისკი წარწერით 05.08.2021 დაერთოს სს საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით; ნ. ი–ს მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ვ. ფ–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ვ. ფ–ის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს".

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

6.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელიც ითხოვს ი. გ. გ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას;

6.2. მსჯავრდებულ ი. გ. გ–ს ინტერესების დამცველ ადვოკატმა შ. მ–სემ, რომელიც ითხოვს ი. გ. გ–იის სრულად გამართლებას.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 10 იანვარს შემოსულ რ. ბ–ს განცხადებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს; „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა“ (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები).

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაცვისა და ბრალდების მხარემ გაასაჩივრა მხოლოდ მსჯავრდებულ ი. გ. გ–ს ნაწილში, კერძოდ, ადვოკატი ითხოვს ი. გ. გ–ს სრულად გამართლებას, ხოლო პროკურორი – ი. გ. გ–ს დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი, ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმე რ. ბ–ს ჩვენებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით (ი. გ. გ–ს საუბრის ფარული მოსმენა-მიყურადებისა და ავტომანქანის აღჭურვის შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერებით) დასტურდება ი. გ. გ–ს მხრიდან „ქურდული სამყაროს“ წევრობა, თუმცა, იმავდროულად, ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა, იმავდროულად, ადასტურებს ი. გ. გ–იის მხრიდან კონკრეტულ კერძო პირთა, მათ შორის: ვ. ფ–ს, ა. ა–სა და მ. შ–ს, ასევე, ი. მ–სასთან დაკავშირებულ დავებში მის დანაშაულებრივ მონაწილეობას.

11. ვ. ფ–ს, ა. ა–სა და მ. შ–ს, ასევე, ი. მ–სთან დაკავშირებულ დავებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: მოწმე ვ. ფ–ს ჩვენების თანახმად, მსჯავრდებულ ი. გ. გ–ის არ იცნობს და მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია; მოწმე ა. ა–მა, უარყო ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით ი. გ. გ–ს ჩარევისა და მის მიმართ ძალადობის ფაქტი; მ. შ–მა დაადასტურა სალაპარაკოდ შეხვედრის ფაქტი და ასევე მიუთითა, რომ ა. ა–სთან შეხვედრა მისი ინიციატივა იყო, რათა გაერკვია, რატომ ჰპირდებოდა ფულის მოტანას და არ მიჰქონდა (12:15:07), თუმცა, იმავდროულად, განმარტა, რომ შეხვედრისას ი. გ–მა (რომელიც გაეცნო, როგორც ,,ი–ა“; სახელი ვერ დაიმახსოვრა, შეხვედრაზე გაიცნო ი. გ–მი, იმავდროულად, სასამართლოზე მიუთითა მსჯავრდებულზე (12:12:53)) ჩამოართვა ხელი, გვერდით ეჯდა. ა. ა–სი ეუბნებოდა, რომ მას არაფერი ჰქონდა მისთვის მისაცემი. ი. გ. გ–ის არაფერი უთქვამს იმის მსგავსი, რომ ა. ა–სთვის აღარ მოეთხოვა ფული (12:14:21). ი. გ–მმა მხოლოდ ჰკითხა, თუ ყალბი ფული მისცა, რატომ არ შეამოწმა კუპიურები. აღნიშნულზე აღელვებული, კი დააწყნარა (12:09:28; 12:15:50). მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ვერ მიხვდა შეხვედრაზე რატომ იყვნენ ი. გ–მი და ა. ა–სის თანმხლები სხვა პირები, ისინი ა. ა–ს ნათესავები ეგონა (12:11:09). შეხვედრიდან ისე წამოვიდა, რომ მისთვის არავის უთქვამს მიუტანდნენ თუ არა ფულს (12:12:07); ამასთან, ბრალდების მხარემ 2022 წლის 24 მარტს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმე ი. მ–სა.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულ დავებში (ვ. ფ–ს და ი. მ–სთან დაკავშირებულ დავებში) ი. გ. გ–ს მონაწილეობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ მოწმე რ. ბ–სის ჩვენება. სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი (მათ შორის ნეიტრალური) მამხილებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის მსჯავრდებისათვის.

12.1. რაც შეეხება ა. ა–სა და მ. შ–ს დავაში ი. გ. გ–ს მონაწილეობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, მართალია, ასევე წარმოდგენილია მ. შ–ს ჩვენება, რომელიც გარემოებითი ხასიათის მტკიცებულებაა და ადასტურებს მოწმე რ. ბ–სის ჩვენებას მითითებულ ადგილას ი. გ. გ–ს ყოფნასა და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარში მონაწილეობას, თუმცა საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. შ–ს განმარტებით ი. გ. გ–ის არაფერი უთქვამს იმის მსგავსი, რომ მას ა. ა–სთვის აღარ მოეთხოვა ფული, იმავდროულად, მოწმეს არ განუცხადებია/არ უთქვამს, რომ შეხვედრისას ა. ა–ს მოსთხოვეს ფულის გადახდა. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ შეხვედრიდან ისე წამოვიდა, რომ მისთვის არ უთქვამთ მიუტანდნენ თუ არა ფულს.

12.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

12.3. იმავდროულად, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

13. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ი. გ. გ–ს მონაწილეობა ვ. ფ–ს, ა. ა–სა და მ. შ–ს, ასევე, ი. მ–სთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში. ასევე, რ. ბ–სის ჩვენების გარდა, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ საჩაიეში შეკრებისას ი. გ. გ–მა ცემა ა. ა–ს. თავად ა. ა–მა კატეგორიულად უარყო მის მიერ ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავასა და გადაწყვეტაში ი. გ. გ–ს ჩარევა, ასევე – მის მიმართ ძალადობის ფაქტი.

14. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმე რ. ბ–ს ჩვენებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით, არ დასტურდება ი. გ. გ–ს მხრიდან „ქურდული სამყაროს“ წევრობა და ითვალისწინებს, რომ:

14.1. ი. გ. გ–ს მონაწილეობა შ. ყ–სისა და ე. მ–სის ავტომანქანებს შორის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო წარმოშობილი დავის „ქურდული“ წესით გარჩევაში, გარდა მოწმე რ. ბ–სის ჩვენებისა (დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო ი. გ. გ–ი და მეგობრობდნენ. 2021 წლის თებერვალში უკ–ში მცხოვრებმა „ქურდული სამყაროს“ წევრმა და მეგობარმა ,,ქ–მა“ სთხოვა რ–ს გზაზე ქ–სა და ა–ებს შორის მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დახმარებოდა. რ. ბ–მა ი. გ. გ–ითან ერთად დაურეკა ნ. გ–ს და რ–ში შეხვდნენ. ქ–ების მხრიდან ნ. გ–იი მივიდა, ა–ების მხრიდან – „ლ–ო“. ავტომანქანაში დაიწყეს გარჩევა. ქ–ებს უნდოდათ, ი. მ–ის ავტომანქანა გაეკეთებინა და 5000 ლარი მოსთხოვეს. „ლ–ომ“ და „ი–ამ“ გადაწყვიტეს, რომ ი–ს მხრიდან მათთვის 3000 ლარის გადახდის შემთხვევაში, პრობლემა აღარ იქნებოდა. ერთი დღის შემდეგ ი-მა ფული მიიტანა, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ რ. ბ–სი, „ლ–ო“, თ. ნ–სი და ი. გ–ი. ფული გაიყვეს, ითქვა, რომ თანხა „ქურდებთან“, პატიოსან ბიჭებთან და ციხეშიც უნდა გაეგზავნათ. აღნიშნული თანხიდან რ. ბ–ს 500 ლარი შეხვდა), დასტურდება, მათ შორის: მოწმე ი. მ–იისა და ე. მ–ს ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მას შემდეგ, რაც ი. მ–ი ვერ შეთანხმდა დაზარალებულ შ. ყ–სთან ავარიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე, ი. მ–იი დაიბარეს „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელთან შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდა ხუთამდე ადამიანი, იმავდროულად, ი. მ–იმა არ გამორიცხა შეხვედრაზე მსჯავრდებულის ყოფნის შესაძლებლობა (კერძოდ, ი. მ–იმა განმარტა, რომ მას დაურეკა ნ. გ–იმა და უთხრა, რომ საქმე უნდა გაერჩია, რადგან სიტყვა ჰქონდა მიცემული, ფულს კი არ იხდიდა. საქმის გარჩევაზე დაიბარეს რ–ში, მინდორში. შეხვედრაზე შვილთან ერთად მივიდა, თუმცა იგი ავტომანქანაში დატოვა, რადგან იცოდა, რომ საქმის გასარჩევად „ქურდებთან“ მიდიოდა და ეშინოდა. ადგილზე დახვდა ხუთამდე ადამიანი და „ლ–ო“, რომელმაც უთხრა, რომ 3000 ლარი უნდა გადაეხადა, რაც 2-3 დღის შემდეგ გადასცა. აღნიშნულის შემდეგ, დაურეკეს და უთხრეს, რომ მან სიტყვა მისცა, თუმცა ფული არ გადაიხადა, როგორც გაიგო გადაცემული თანხა შ. ყ–მდე არ მისულა და არც ავტომანქანა შეკეთებულა. მოწმემ განმარტა, რომ ი. (ი.) გ–ს არ იცნობს, თუმცა, შესაძლოა, იგი შეკრებაზე იყო; თავის მხრივ, მოწმე ე. მ–მა განმარტა, რომ დაზარალებულმა მამამისს – ი. მ–ის 7000 ლარი მოსთხოვა, რასთან დაკავშირებითაც ი. მ–ის დაურეკა ნ–მა (რომლის გვარიც არ იცის) და უთხრა, რომ ავტომანქანის საქმეს მოაგვარებდა. მოგვიანებით მამასთან ერთად მივიდა „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელ „ლ–ოსთან“ შესახვედრად, თუმცა ი. მ–ს თხოვნით, თავად შეხვედრას არ დასწრებია. „ლ–ო“ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, ხოლო ი. მ–იმა 3000 ლარი მიუტანა. მოწმემ დაადასტურა, რომ ი. მ–ი და ნ–ი შეთანხმდნენ, რომ 3000 ლარად მოგვარდებოდა საქმე); ავარიასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის „ქურდული სამყაროს“ წესებით მოგვარება უარყო მოწმე ნ. გ–მა, თუმცა დაადასტურა, საქმეზე სასაუბროდ რ–ში, მათ შორის, „ლ–ოსა“ და „ი–ასთან“ შეხვედრა (კერძოდ, განმარტა, რომ 2021 წლის თებერვალში დაურეკა თანამშრომელმა დ. ყ–მა და უთხრა, რომ მის ბიძაშვილს – შ. ყ–სს ა–ი ეროვნების ადამიანებთან მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ენის ბარიერიდან გამომდინარე სთხოვა ჩართვა და დაეკისრა თარჯიმნის ფუნქცია. ი. მ–იმა განაცხადა, რომ დაზარალებულის მიერ მოთხოვნილი თანხა არ ჰქონდა და გადაიხდიდა – 3000 ლარს. საუბრის დასრულების შემდეგ ნ. გ–ის დაურეკე უცნობმა, რომელიც „ლ–ოდ“ გაეცნო და უთხრა, რომ ა-ები მისი ახლობლები იყვნენ და შეხვედრა სთხოვა დალაპარაკების მიზნით. ქ. რ–ში ერთმანეთს შეხვდნენ ნ. გ–იი, დ. ყ–ი, „ლ–ო“ და „ი–ა“. ავტომანქანაში ისაუბრეს; საბოლოოდ ითხოვეს 10 დღე, რათა ი-ს სესხი გამოეტანა. მისთვის შეხვედრაზე არავის უთქვამს, რომ „ი–ა“ და „ლ–ო“ იყვნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები და საკითხს „ქურდული წესით“ მოაგვარებდნენ); გარდა ამისა მოწმე დ. ყ–იმა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მის ბიძაშვილს ავარია შეემთხვა, ვინაიდან უჭირდათ მეორე მხარესთან კომუნიკაცია, დახმარება სთხოვა ნ. გ–ის, რომელმაც თარჯიმნის ფუნქცია იკისრა. ი. მ–იმა დარეკა და განაცხადა, რომ ქურდების ჩარევის გამო თავადაც ჩარევდა ქურდებს. საბოლოოდ ერთმანეთს რ–ში შეხვდნენ. ავტომანქანაში დ. ყ–იი, ნ. გ–იი და ის პირები ისხდნენ, რომლებიც – „ი–ად“ და „ლ–ოდ“ გაეცნენ. ნ–ი მათ უთარგმნიდა, რომ ი. გამტყუნდა იმის გამო, რომ დამნაშავე იყო და არა იმიტომ, რომ ქართველი არ იყო. როგორც ნ–მა უთხრა, ისინი „ძველბიჭურ“, „კაცურ“ და „ვაჟკაცურ“ კანონებზე საუბრობდნენ. საუბრისას დააფიქსირა, რომ იგი მხოლოდ სახელმწიფოში არსებულ კანონებს აღიარებს და მისთვის მიუღებელია სხვა სახის კანონები. ისინი დაჰპირდნენ, რომ მანქანა გაკეთდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, შ–ს არც ფული მისცეს და არც ავტომანქანა გაუკეთეს. იმის გამო, რომ კონტაქტს ვეღარავისთან ამყარებდა, ნ–სთან ერთად ისევ მიაკითხა ი–ს, რომელმაც უთხრა, რომ ფული „ი–ას“ და „ლ–ოს“ გადაუხადა.

14.2. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. გ. გ–ს მონაწილეობა შ. ყ–სა და ი. მ–ს დავის „ქურდული“ წესებით გარჩევაში, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენის შეცვლის საფუძველი.

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობა, რომელიც ბლანკეტური ნორმაა და ქმედების ობიექტური შემადგენლობა მოცემულია „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ-მე-3 პუნქტებში, რომელთა თანახმად, „ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მოიაზრება „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრი გულისხმობს პირს, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირს, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

16. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ი. გ. გ–ს კავშირი „ქურდულ სამყაროსთან“ დასტურდება ფარული აუდიო/ვიდეო ჩანაწერებით, სადაც ღიად და ნათლად მიმდინარეობს საუბრები „კანონიერ ქურდებთან“ კონტაქტებზე, მათგან მიღებულ დავალებებსა და სხვადასხვა დავების მოგვარების „ქურდულ“ მეთოდებზე.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. მ–სა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის – ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი