საქმე # 330100119003313821
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №806აპ-23 ქ. თბილისი
ე. ა. 806აპ-23 12 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ე–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, დ“ და მე-5 ნაწილის „ა“, დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი);
1.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი);
1.3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ე–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით, ა. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა – ჯარიმა 5 000 ლარი. ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე:
2.1. 2019 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, ე.წ. „....ს ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ე–მა 500 ლარის სანაცვლოდ, ო. ბ–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,3614 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო. ბ–სთან ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
2.2. 2019 წლის 20 სექტემბერს, ქ. რ–ში, ..-ე მ/რ, კორპუსი №..-ის სადარბაზოში, ა. ე–მა 500 ლარის სანაცვლოდ, ო. ბ–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,3957 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო. ბ–სთან ჩატარებული ამოღების შედეგად.
2.3. 2019 წლის 23 სექტემბერს, თ–ში, ე.წ. „.....ს ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ე–სმა 200 ლარის სანაცვლოდ, ო. ბ–სზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,1555 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო. ბ–სთან ჩატარებული ამოღების შედეგად.
2.4. 2019 წლის 1 ოქტომბერს, თ–ში, ე.წ. „.....ს ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ე–სმა 200 ლარის სანაცვლოდ, ო. ბ–სზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,15 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო. ბ–სთან ჩატარებული ამოღების შედეგად.
2.5. ა. ე–სმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინი 0,2527 გრამის ოდენობით, რასაც 2019 წლის 16 ოქტომბერს უკანონოდ ინახავდა პირადად, თ–ში, ე.წ. „.....ს ბაზრობის“ ტერიტორიაზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა. ე–სის პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენით ა. ე–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 23 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ე–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა. ე–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 4 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან –თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.8. ა. ე–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან –2019 წლის 16 ოქტომბრიდან;
3.9. ა. ე–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ე–ს ინტერესების დაცველმა ადვოკატმა თ. გ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. ე–ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ნაწილში გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით ა. ე–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება და ა. ე–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
5.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
5.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2019 წლის 23 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
5.4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2019 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
5.5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
5.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
5.7. მსჯავრდებულ ა. ე–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 16 ოქტომბრიდან;
5.8. ა. ე–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ე–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ბ–მ და მოთხოვა ა. ე–ს გასაღების ნაწილში სრულად გამართლება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, მსჯავრდებულმა გაასაღა თუ არა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. ე–ს მიერ დანაშაულების – ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება (ოთხი ეპიზოდი) – ჩადენა და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: გარდა მოწმე ო. ბ–ს ჩვენებისა, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ქიმიური, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. ე–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.
9.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მოწმე ო. ბ–ს განცხადება ვერ გახდება მსჯავრდებულ ა. ე–ს გამართლების საფუძველი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მოწმე განცხადებაში აფიქსირებს საკუთარ შეფასებას, რომ ა. ე–ი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია და არა გამსაღებელი და იგი, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, როგორც ავადმყოფს და მეგობარს, დაეხმარა, იმავდროულად, დაადასტურა, რომ საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებულია ნარკოტიკული საშუალების სანაცვლოდ მსჯავრდებულისათვის ფულის გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
9.2. გარდა აღნიშნულისა საკასაციო სასამართლო დანაშაულის პროვოკაციასთან მიმართებით ასევე იზიარებს სააპელაციო სასამარლოს მოტივაციას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ა. ე–ს მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ო. ბ–ს ჩართვის მომენტში უკვე სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, ფარული ჩანაწერების შინაარსი ცალსახად ადასტურებს, რომ ა. ე–ს მიმართ გამოძიების დაწყებამდე ო. ბ–ს უკვე შეძენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ა. ე–საგან.
9.3. გარდა აღნიშნულისა, კასატორი არ უთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც უკანონოდ მიაჩნია გასაჩივრებული განაჩენი.
10. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, წარდგენილი ბრალდების ხუთივე ეპიზოდიდან ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშნის – არაერთგზისობის ამორიცხვის თაობაზე, იმ მოტივით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით ა. ე–ი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მითითებული ნორმა მთლიანად ეხება ა. ე–ს წინა ნასამართლობას, იგი ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ნასამართლობის არმქონე პირად უნდა ჩაითვალოს და წარდგენილი ბრალდების ხუთივე ეპიზოდიდან ამოერიცხიოს ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანი – არაერთგზისობა.
10.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნვას, რომ არასწორია ამნისტიის საფუძველზე სასჯელისაგან პირის გათავისუფლების გაიგივება ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობის გაუქმებასთან. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლება ვერაფრით შეცვლის იმ ფაქტს, რომ იგი დანაშაულის ჩადენის დროს, იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რამაც განაპირობა მისი ქმედებების არაერთგზისობით კვალიფიკაცია, რაზეც გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მომავალში გამოჩენილი ლმობიერება და წინა მსჯავრდებისათვის შეფარდებული სასჯელისაგან მისი გათავისუფლება (მაგ., იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის N496აპ-21 განჩინება).
10.2. საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის მსჯავრად შერაცხული კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის კანონიერებას, სასამართლო მოკლებულია მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობას.
11. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ამნისტიის კანონის საფუძველზე, ერთი მხრივ, მსჯავრდებულს ხუთივე ეპიზოდიდან ამოურიცხა ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანი – არაერთგზისობა, რაც არ აუსახავს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში და მიუთითა, რომ ა. ე–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქციით), თუმცა აღნიშნულთან მიმართებით ამომწურავად იმსჯელა განაჩენის სამოტივაციო ნაწილში.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ე–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე