Facebook Twitter

საქმე # 330100123006810588

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1071აპ-23 ქ. თბილისი

ზ. ლ.1071აპ-23 22 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ლ. ზ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. ლ. ზ–ი დისკრიმინაციული მოტივით, თავს თვლიდა ოჯახში დომინანტად, მიიჩნევდა, რომ მას, როგორც კაცს, უნდა დამორჩილებოდა ყოფილი მეუღლე ნ. ბ–ე, ასევე, ამ უკანასკნელს უფლება არ ჰქონდა საკუთარი სურვილით ეკონტაქტა სხვადასხვა პირებთან და ემუშავა. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თ–ში, გუდამაყრის ქუჩა №.., ბინა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ზ–ი, მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ნ. ბ–ს პირადად და ტელეფონის საშუალებით არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „ცოცხლად დამარხავდა და გადაწვავდა“. ამასთან, მითითებულ დროს, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს - მ. ზ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ცოცხლად დამარხავდა და გადაწვავდა“. აღნიშნული მუქარა ორივე დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2. 2022 წლის 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თ–ში, გ–ს ქუჩა №..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ზ–მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს - მ. ზ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ძლიერად მოკიდა მარჯვენა ხელზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით:

3.1. ლ. ზ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ლ. ზ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. ლ. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. მსჯავრდებულ ლ. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 27 დეკემბრიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულ ლ. ზ–ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ფიზიკური ძალადობის განხორციელებას.

ამასთან, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ლ. ზ–ს მიერ მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებას, თუმცა ვერ დადასტურდა აღნიშნული მუქარის განხორციელება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ლ. ზ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შესაბამისი კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა. ასევე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უფრო მკაცრი სასჯელის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანგრძლივი ვადით მოხდის განსაზღვრა.

5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ლ. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. ქ–მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ჩუბინაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენში ცვლილებას და ლ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდებებით და შესაბამისი კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას; ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივი დროით საპატიმრო დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.

7.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ლ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ე. ქ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ლ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში სასჯელის გამკაცრებას.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა – ნ. ბ–მ და მ. ზ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – ლ. ზ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ლ. ზ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით) ჩადენას.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. ზ–ს ქმედებებით დაზარალებულ მ. ზ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).

15. მოწმე ი. კ-ს ჩვენების ის ნაწილი, რომელიც ეხება მის მიერ უშუალოდ ნანახს, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. კერძოდ, აღნიშნული მოწმის ჩვენება პირდაპირია იმ ნაწილში, რომელიც ეხება დაზარალებულების მდგომარეობას შემთხვევიდან მალევე მასთან შეხვედრისას - ი. კ–მა განმარტა, რომ 2022 წლის 27 დეკემბერს, სამმართველოში გამოცხადდნენ დედა-შვილი - ნ. ბ–ე და მ. ზ–ი, რომლებიც იყვნენ უკიდურესად აღელვებულები და საუბრობდნენ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. მანვე აღნიშნა, რომ მათთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას ორივე მათგანი იყო უკიდურესად შეშინებული და გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც კი, მათი ემოციური მდგომარეობა იყო მძიმე - გამუდმებით ტიროდნენ და იყვნენ დათრგუნულები.

16. მოწმეების – გამომძიებელ ი. კ–სა და დეტექტივ ზ. ბ–ს ჩვენებები მ. ზ–ს მიმართ ლ. ზ–სის მიერ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტის ნაწილში წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ფაქტს – 2022 წლის 27 დეკემბერს ლ. ზ–ს მიერ მ. ზ–სათვის მარჯვენა ხელზე ხელის ძლიერად მოკიდებას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ცოცხლად დამარხვისა და გადაწვის მუქარას – თავად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ნ. ბ–ს 2022 წლის 27 დეკემბრის განცხადება ( მისი ყოფილი მეუღლე - ლ. ზ–ი მას და მის არასრულწლოვან შვილს - მ. ზ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას) ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით. ამასთან, განცხადებაში მითითებულია მხოლოდ მუქარის ფაქტზე და არაფერია ნათქვამის ლ. ზ–ს მიერ მ. ზ–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულ მ. ზ–სის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა მ. ზ–სმა (მათ შორის არც ნ. ბ–მ) სასამართლოში არ დაადასტურა (როგორც ძალადობის, ასევე მუქარის ნაწილში). ანალოგიური მსჯელობა მიემართება დათვალიერების ოქმს, რომელშიც ასახულია დაზარალებულ მ. ზ–ს მიერ გადმოცემული ინფორმაცია ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით (დათვალიერების ოქმის თანახმად, მ. ზ–ს მიერ წარმოდგენილი ქურთუკის დათვალიერებისას დადგინდა, რომ ქურთუკს მარჯვენა მკლავზე აღენიშნება დაზიანება, კერძოდ, მოხეული აქვს სამხრე, რაც მ. ზ–ს განმარტებით გამოწვეული იყო ლ. ზ–ს მიერ ხელის მოკიდებით და რამდენჯერმე შენჯღრევით, რითიც მ. ზ–სის განმარტებით განიცადა ფიზიკური ტკივილი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 25)), აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს სასამართლოში არ დაუდასტურებია.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერები: N........ და N........ მხარეების მიერ არ არის უდავოდ ცნობილი. N....... შემაკავებელი ორდერის ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ დაზარალებულ მ. ზ–სის, საპროცესო წარმომადგენლისა და ოქმის შემდგენელი პირის მიერ, ხოლო N......... შემაკავებელი ორდერის ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ დაზარალებულ ნ. ბ–სა და ოქმის შემდგენელი პირის მიერ. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ N.......... და N.......... შემაკავებელი ორდერები მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ლ. ზ–ს მიერ არასრულწლოვანი შვილის – მ. ზ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის სამტკიცებლად ირელევანტურია.

20. დაზარალებულებმა მ. ზ–მა და ნ. ბ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება ლ. ზ–ს მიერ დაზარალებულ მ. ზ–სისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა – არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულების ჩვენებებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას.

21. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

22. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ლ. ზ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

23. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებისას ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება“ (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par.54, ECtHR, 8/07/2021). „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).

23.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

24. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ლ. ზ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ლ. ზ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ლ. ზ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ლ. ზ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, არ არის ნასამართლევი. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

27. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

30. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე