Facebook Twitter

¹ ბს-1623-1197(2კ-05) 6 ივლისი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი საგადასახადო შემოწმების აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

20.04.05წ. გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. გ-ემ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ 20.07.04წ. ¹180-საჩ-01 და 29.07.04წ. ¹180-საჩ-04 წერილებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადი ინსპექციას და ი/მ «გ. გ-ისა» და შპს «ტ-ას» ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმება სთხოვა. აღნიშნული წერილების საფუძველზე გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა გამოსცა ი/მ «გ. გ-ის» საგადასახადო შემოწმების შესახებ 26.07.04წ. ¹122/01 ბრძანება და შპს «ტ-ას» საგადასახადო შემოწმების შესახებ 30.07.04წ. ¹127/01 ბრძანება. ორივე ბრძანების შესრულება დაევალა ქ. გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა შემოწმების განყოფილების უფროსს, რომელიც ბრძანებების გამოცემის დღესვე შეუდგა საწარმოების შემოწმებას და 01.08.04წ. შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტები. ინდმეწარმე «გ. გ-ეს» 01.08.04წ. ¹1 საგადასახადო აქტით დაეკისრა 214012,20 ლარის გადახდა, ხოლო შპს «ტ-ას» 01.08.04წ. ¹2 საგადასახადო აქტით _ 4902,75 ლარის გადახდა. 01.11.04წ. აღნიშნული აქტები გაასაჩივრა საგადასახადო დეპარტამენტში. საჩივარი განსახილველად გორის საგადასახადო ინსპექციას გადაეცა. გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ 17.12.04წ. დამტკიცებული იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს დასკვნის თანახმად, ინდმეწარმე «გ. გ-თვის» 01.08.04წ. შემოწმების აქტით სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის სახით დარიცხული 209666,15 ლარი, როგორც უსაფუძვლოდ დარიცხული, დაექვემდებარა გაუქმებას. აქტის ნაწილის ბათილობის მოთხოვნას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, ხოლო გ. გ-ის მიერ სადავოდ გამხდარ 01.08.04წ. ¹2 საგადასახადო აქტზე საგადასახადო ორგანომ მსჯელობა საერთოდ არ იქონია. მოსარჩელის აზრით, გორის საგადასახადო ინსპექციას, რომელმაც საგადასახადო შემოწმებები ჩაატარა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის წერილების საფუძველზე, «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მეწარმის შემოწმების უფლება უნდა მოეპოვებინასასამართლოსთვის მიმართვის შედეგად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გ. გ-ეს შემოწმების განხორციელებამდე არ გადასცემია ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლებებისა და მოვალეობების წერილობითი ჩამონათვალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გორისსაოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 26.07.04წ. ¹122/01 და 30.07.04წ. ¹127/01 ბრძანებების საფუძველზე შედგენილი 01.08.04წ. ¹1 და ¹2 აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 28.04.05წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ინდმეწარმე «გ. გ-ის» საგადასახადო შემოწმების შესახებ გორის საგადასახადო ინსპექციის 01.08.04წ. ¹1 აქტი და შპს «ტ-ას» საგადასახადო შემოწმების შესახებ გორის საგადასახადო ინსპექციის 01.08.04წ. ¹2 აქტი. გორის რაიონული სასამართლოს 28.04.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ. აპელანტმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დეპარტამენტის 23.07.04წ. ¹1957-მ ბრძანებით გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მესამე კვარტლის საგადასახადო შემოწმებათა გეგმაში შეტანილ იქნა ინდმეწარმე «გ. გ-ე» და მისი შემოწმება ატარებდა გეგმიურ ხასიათს, რომლის ჩატარებაც «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლის ბრძანებას არ საჭიროებდა. საგადასახადო ინსპექციის განმარტებით, შპს «ტ-ა» და ინდმეწარმე «გ. გ-ე» წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, რის გამო შპს «ტ-ას» საგადასახადო შემოწმება ასევე არ საჭიროებდა მოსამართლის ბრძანებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.06.05წ. საოქმო განჩინებით ასკ-ის მე-16 მუხლის მე-1 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.10.05წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილისადავო აქტები და გორის საგადასახადო ინსპექციას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტები შედგენილი იყო საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. მათში აღნიშნული არ იყო, თუ რა სახის შემოწმება ჩაატარა საგადასახადო ორგანომ: კამერალური თუ გასვლითი, გასვლითი გეგმიური თუ გასვლითი საკონტროლო. სააპელაციო პალატის განმარტებით, მაკონტროლებელ ორგანოს გეგმიური შემოწმების შემთხვევაში უნდა დაეცვა საგადასახადო კოდექსის 217.32მუხლის მოთხოვნები, ხოლო შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში უნდა დაეცვა «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ»კანონის 5.4 მუხლის მოთხოვნები, რადგან აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოები სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმებას ატარებენ მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე და მხოლოდ ამ მოთხოვნების დაცვის შემდეგ უნდა გამოეცა სადავო აქტები. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 24-ე მუხლის და 2004წ. შესაბამისი პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 217.34 მუხლის მიხედვით შპს «ტ-ას», როგორც ინდმეწარმე «გ. გ-თან» დაკავშირებული საწარმოს შემოწმება მოსამართლის ბრძანებას არ საჭიროებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს «ტ-ას» 01.08.04წ. ¹2 შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმება ჩატარდა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 30.07.04წ. ¹ 127/01 ბრძანებით, რომელსაც საფუძვლად დაედო შიდა ქართლის საოლქო პროკურორის 29.07.04წ. წერილი. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ფიზიკური პირი გ. გ-ე ერთდროულად არის ინდივიდუალური საწარმო «გ. გ-ის» მფლობელი და შპს «ტ-ას» ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, არ ადასტურებს ამ ორი საწარმოს შორის ეკონომიკური კავშირების არსებობას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის 5.4 მუხლის, საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით დადგენილი Mმოთხოვნები, რის გამო ეს აქტები არის კანონშეუსაბამო, ამასთანავე არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

სააპელაციო პალატის აზრით, სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამო პალატა უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ეს აქტები და გორის საგადასახადო ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.10.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ემ და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსეპქციამ.

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადსახადო ინსპექციამ აღნიშნა, რომ 1997 წ. საგადასახადო კოდექსის არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებდა «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონს და მოსამართლის ბრძანებას, ხოლო მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აკრძალული იყო არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების დარეგულირება, რომლებიც გადასახადებით დაბეგვრას უკავშირდებოდა, გარდა ამავე მუხლში მითითებული აქტებისა, რომელთა შორის «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონი მოხსენიებული არ იყო. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსაფუძვლობას ადასტურებს ასევე შეტყობინებებისა და სხვა დოკუმენტების სრულფასოვნების შესახებ საგადასახადო კოდექსის 226-ე მუხლი. კასატორი თვლის, რომ ორივე სადავო აქტი შედგენილია აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «ლ» ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულები არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა სააპელაციო და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა მოითხოვა, აგრეთვე, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და ნაცვლად ასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილისა ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად საგადასახადო დეპარტამენტის ჩართვა.

კასატორმა გ. გ-ემ აღნიშნა, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონს, შედგენილიაგანსახილველ სამართალურთიერთობის დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამო სამართლიანად იქნა ბათილად ცნობილი გორის რაიონული სასამართლოს მიერ. კასატორმა უკანონოდ მიიჩნია აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება. გ. გ-ემ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გორის რაიონული სასამართლოს 28.04.05წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 09.01.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 10.06.06წ. განჩინებით მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული აპელანტ გორის საგადასახადო ინსპექციის განმარტება იმის თაობაზე, რომ ინდმეწარმე «გ. გ-ის» საგადასახადო შემოწმება ატარებდა გეგმიურ ხასიათს.საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულბების სამართლებრივ შეფასებას. შემოწმების აქტებში პროკურორის მიმართვაზე მითითება არ ადასტურებს იმას, რომ შემოწმება არ ყოფილა გეგმიური. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 20,07.04წ. წერილით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004წ.III კვარტლის ჩასატარებელ საგადასახადო შემოწმებების გეგმაში ინდმეწარმე «გ. გ-ის» შეყვანა მოითხოვა. «2004წ. III კვარტლის საგადასახადო შემოწმებების გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ» ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 23.07.04წ. ¹1957-მ ბრძანებით დაკმაყოფილდა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის თხოვნა და გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო შესამოწმებელ ობიექტთა ნუსხას დაემატა ინდმეწარმე «გ. გ-ე». «შპს «ტ-ში» და ინდმეწარმე «გ. გ-თან» გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ ჩატარებული 01.08.04წ. შემოწმების აქტებით გადასახდელად დაკისრებული თანხების კანონიერების თაობაზე» გორის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს დასკვნაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ შიდა ქართლის საოლქო პროკურორის 20.07.04წ. და 29.07.04წ. ¹180/-საჩ-01 და ¹180-საჩ-04 შუამდგომლობების გათვალისწინებით გორის საგადასახადო ინსპექციამ 20.07.04წ. ¹05-40/2443 წერილით მიმართა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ინდმეწარმე «გ. გ-ის» ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობის 2004წ. III კვარტლის გეგმაში შეტანის შესახებ, რაც გათვალისწინებული იქნა და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 23.07.04წ. ¹1957-მ ბრძანებით მესამე კვარტლის საგადასახადო შემოწმებათა გეგმაში შეტანილ იქნა ინდმეწარმე «გ. გ-ის» ობიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქმეში დაცულ მტკიცებულებებს და აღნიშნულის გათვალისწინებით დაადგინოს, ინდმეწარმე «გ. გ-ის» საგადასახადო შემოწმების მართლზომიერება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ გორის გაგადასახადო ინსპექციის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა «სამეწარმეო საქმიანობის შესახებ» კანონი და საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების კანონიერება საგადასახადო კოდექსის ნორმათა საფუძველზე უნდა შეემოწმებინა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ნორმატიული აქტები ნორმატიული აქტების იერარქიაში ერთი და იმავე საფეხურზე მდგომ საკანონმდებლო აქტებს წარმოადგენენ. საგადასახადო ორგანოების მიერ სამეწარმეო საქმიანობაზე საგადასახადო კონტროლის განხორციელების ფორმებს განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსი. აღნიშნული კოდექსი მაკონტროლებელი ორგანოსმიერ სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, ხოლო «სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის შესახებ» კანონი ადგენს საგადასახადო ორგანოს მოქმედებაზე სასამართლო კონტროლის მექანიზმს. კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას (30.2 მუხლი). საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო შემოწმება განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო კანონმდებლობითა და «სამეწარმეო საქმიანობის შესახებ» კანონით დადგენილი წესით.

ასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ, აქტის შეუსაბამობა საგადასახადო კოდექსის 217-ე, 2173, 2174და 217-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებთან, არ ქმნიდა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობას, ვინაიდან განჩინებაში მოყვანილი მოტივაცია საგადასახადო აქტის კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით მიღებას ადასტურებს და არა რაიმე ფაქტის გამოკვლევისა და დადგენის საჭიროებას. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრებები არ შეესაბამება სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ დასკვნას. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება შესაძლოა გამხდარიყო ზაკ-ის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და არა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის მითითების გარეშე, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ასკ-ის 32.4 მუხლი ადმინისტრაციული აქტის მიღების პროცედურის დარღვევის გამო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მის ბათილად ცნობასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტაცია ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველს არ ქმნიდა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოტივაცია არ შეესაბამება სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე გაკეთებულ დასკვნას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 01.08.04წ. ¹2 აქტი შედგენილია შპს «ტ-ას» მიმართ. აღნიშნული აქტი გასაჩივრებულია გ. გ-ის მიერ, ისე რომ უშუალოდ შპს «ტ-ა» განსახილველ საქმეში მხარედ ჩაბმული არ არის. გორის რაიონული სასამართლოს 28.04.05წ. და სააპელაციო სასამართლოს 06.10.05წ. გადაწყვეტილებები გამოტანილია აგრეთვე გ. გ-ის მიმართ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა იქონიოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე და პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვიტოს შპს «ტ-ას» საქმეში მახარედ მოწვევის საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ისა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.10.05წ. გადაწყვეტილება;

2. საქმე განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.