Facebook Twitter

საქმე # 120100121005114033

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №947აპ-23 ქ. თბილისი

ი. ნ. 947აპ-23 29 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – პ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ი-ს, – დაბადებულს 1..წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2021 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 19:40 საათზე, ქ. ა-ში, ე. ა-ს ქ.-ის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნ. ი., შურისძიების მოტივით, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ი. ნ-ს დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენით ნ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. მ-მ მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენის გაუქმება, ნ. ი-ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენის გაუქმებას, ნ. ი-ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის შესაგებელი, რომლითც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ნ. ი-ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. ი-ს მიერ დანაშაულის – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – ჩადენა. საკასაციო სასამართლო, ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ: სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ნ. ი-ს მუქარა დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას; დაცვის მხარის მიერ დასახელებული ვერსია მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არის დაძაბული ურთიერთობა, წლებია, მათ შორის არსებობს კონფლიქტი, მუქარის შიში კი არ შეიძლება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით განისაზღვროს, არამედ საჭიროა სხვა ობიექტური მტკიცებულებებიც, რაც სასამართლოზე არ წარმოდგენილა, დაუსაბუთებელია და წარმოადგენს კასატორის უსაფუძვლო პოზიციას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა, დაირღვეს, როდესაც დაზარალებულს ემუქრებიან ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარის ფორმა ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს. ამასთან, მუქარა თავისი ფორმით, განხორციელების ვითარებით და განმახორციელებელი სუბიექტის გათვალისწინებით ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების რეალურობის განცდას.

12. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ ი. ნ-ს, მოწმეების: თ. ლ-ს, ჯ. ნ-ს, არასრულწლოვანი მოწმეების –ა. მ-სა და ლ. მ-ს, ჯ.მ-ს ჩვენებებით) დასტურდება ნ. ი-ს ქმედებით დაზარალებულისათვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

13. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ი. ნ-ს ჩვენებას (2021 წლის 10 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, იმყოფებოდა თავის სახლში, ქ. ა-ში, ე. ა-ს ქ. №..-ში, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. მეორე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა თ. ლ-მ დაპატიჟა ყავაზე და ისიც ავიდა მეორე სართულზე, სადაც, ასევე, იყო ჯ. ნ.. თ. ყავის მოსადუღებლად გავიდა სამზარეულოში, რა დროსაც მათი სახლის ეზოდან შემოესმათ ნ. ი-ს ყვირილის, ლანძღვისა და მუქარის ხმა. ნ. ი. იმუქრებოდა, რომ ი.ნ-ს სადაც ნახავდა, იქ მოკლავდა. ფანჯარაში გაიხედა, მაგრამ ჯ. ნ-მ და თ. ლ-მ გარეთ არ გაუშვეს, თ-მ ნ-ს ფანჯრიდან გადასძახა, რომ ი. არ იყო სახლში, დამშვიდებულიყო და წასულიყო, მაგრამ ნ.მაინც იმუქრებოდა, რომ როცა ნახავდა და სადაც ნახავდა ი. ნ-ს, იქ მოკლავდა. მას ძალიან შეეშინდა, ცუდად გახდა, თ-მ და ჯ-მ წამალი დაალევინეს. როდესაც გამოკეთდა, დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. თ. ლ-მ აღნიშნული ფაქტი ტელეფნოთაც კი გადაიღო. ნ-ს ყვირილზე ეზოში გამოვიდა მეზობელი ჯ. მ. და ნ. ი-ს მოუწოდებდა, დაწყნარებულიყო და წასულიყო. აღნიშნულ ფაქტს, ასევე, შეესწრნენ თ. ლ-ს შვილები - ა. და ლ. მ. ნ. ი-ს იმიტომ ეშინია, რომ ფიქრობს, რადგან ნ. ი-ს შვილის გამო თავის შვილს ბრალი აქვს წაყენებული, ნ. ი. შურისძიების მიზნით რაიმეს დაუშავებს მას, შეიძლება მოკლას კიდეც. ამ ორ ოჯახს შორის 2018 წლიდან არის კონფლიქტი. ნ. ი. სხვა დროსაც ემუქრებოდა ი. ნ-ს, მაგრამ ადრე მას არ მიუმართავს პოლიციისთვის. ამ შემთხვევის დროს კი, ისეთი აგრესიული იყო ნ. ი., რომ მას ძალიან შეეშინდა), რომელიც თანხვდენილია შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველი მოწმეების: თ. ლ-ს, ჯ. ნ-ს, არასრულწლოვანი მოწმეების – ა. მ-სა და ლ.მ-ს ჩვენებებთან, ასევე - მოწმე ჯ. მ-ს ჩვენებასთან.

14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნ. ი-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. ი-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – პ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე