Facebook Twitter

საქმე # 330100122005933613

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №808აპ-23 ქ. თბილისი

ი. დ.808აპ-23 11 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ი–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების ვ. კ–სა და ა. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ი–ს, – დაბადებულს 19.. წელს - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ი–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. დ. ი–სმა მოიპოვა პ. ღ–ს ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის ს–ში რეალიზაციას ღირებულების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–მა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის 6 მარტს, პ. ღ–ს მიერ გამოგზავნილი 18 261 ლარად ღირებული „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: ........., ქ.რ–ში, .........ის მე-.. კილომეტრზე მდებარე ა–ს ბაზრობაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–ს მიაყენა 18 261 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;

2.2. დ. ი–სმა მოიპოვა პ. ღ–ს ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას ღირებულების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–სმა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის 05 მაისს, პ. ღ–ს მიერ გამოგზავნილი 34 398 ლარად ღირებული „VOLVO FL6“-ის მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: ........., თ–ში, ბ–ს ქუჩაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–სს მიაყენა 34 398 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;

2.3. დ. ი–სმა მოიპოვა პ. ღ–ს ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას ღირებულების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–სმა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის აგვისტოში, პ. ღ–ს მიერ გამოგზავნილი 31 305 ლარად ღირებული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელი, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომობილების ბაზაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–სს მიაყენა 31 305 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;

2.4. დ. ი–სმა მოიპოვა პ. ღ–ს ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის ს–ში რეალიზაციას ღირებულების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–სმა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის აგვისტოში, პ. ღ–სის მიერ გამოგზავნილი 5 321 ლარად ღირებული კონტეინერი, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომობილების ბაზაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–სს მიაყენა 5 321 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

2.5. დ. ი–სმა მოიპოვა პ. ღ–სის ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას ღირებულების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–სმა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის აგვისტოში, პ. ღ–სის მიერ გამოგზავნილი 5 634 ლარად ღირებული კონტეინერი, თ–ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომობილების ბაზაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–ს მიაყენა 5 634 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

2.6. დ. ი–სმა მოიპოვა პ. ღ–ს ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას ღირებულების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ი–სმა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის აგვისტოში, პ. ღ–სის მიერ გამოგზავნილი 3 130 ლარად ღირებული „ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანა, თ-ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომობილების ბაზაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–ს მიაყენა 3 130 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით:

3.1. დ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

3.2. დ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 5 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

3.3. დ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

3.4. დ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

3.5. დ. ი–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

3.6. დ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს მესამე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელებმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ი–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. დ. ი–ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

3.9. მსჯავრდებულ დ. ი–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 11 მაისის 10:25 საათიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

4.1. დ. ი–მა მოიპოვა პ. ღ–ს ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის სში რეალიზაციას მიღებული მოგების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–სმა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის 6 მარტს, პ. ღ–ს მიერ გამოგზავნილი 18 261 ლარად ღირებული „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: ............., ქ.რ–ში, ...........ის მე-.. კილომეტრზე მდებარე ავტომანქანების ბაზრობაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–ს მიაყენა 18 261 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;

4.2. დ. ი–მა მოიპოვა პ. ღ–სის ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის ს–ში რეალიზაციას მიღებული მოგების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–მა ისარგებლა პ. ღ–ის ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის 05 მაისს, პ. ღ–სის მიერ გამოგზავნილი 34 398 ლარად ღირებული „VOLVO FL6“-ის მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: ........, თ–ში, ბ–ს ქუჩაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–ს მიაყენა 34 398 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;

4.3. დ. ი–სმა მოიპოვა პ. ღ–ს ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას მიღებული მოგების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–მა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის აგვისტოში, პ. ღ–ს მიერ გამოგზავნილი 31 305 ლარად ღირებული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელი, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომობილების ბაზაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–ს მიაყენა 31 305 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;

4.4. დ. ი–მა მოიპოვა პ. ღ–ს ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის ს–ში რეალიზაციას მიღებული მოგების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–მა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის აგვისტოში, პ. ღ–ს მიერ გამოგზავნილი 5 321 ლარად ღირებული კონტეინერი, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომობილების ბაზაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–ს მიაყენა 5 321 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

4.5. დ. ი–სმა მოიპოვა პ. ღ–სის ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას მიღებული მოგების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე დ. ი–მა ისარგებლა პ. ღ–ს ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის აგვისტოში, პ. ღ–ს მიერ გამოგზავნილი 5 634 ლარად ღირებული კონტეინერი, თ–ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომობილების ბაზაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–სს მიაყენა 5 634 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

4.6. დ. ი–სმა მოიპოვა პ. ღ–სის ნდობა, რომელსაც დაჰპირდა ავტომანქანების და ტექნიკის ს–ში რეალიზაციას მიღებული მოგების თანხის ნახევრის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ი–სმა ისარგებლა პ. ღ–სის ნდობით და ნაცვლად ვალდებულების შესრულებისა, 2021 წლის აგვისტოში, პ. ღ–სის მიერ გამოგზავნილი 3 130 ლარად ღირებული „ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანა, თ–ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომობილების ბაზაზე გაასხვისა და თანხა პირადი დანიშნულებისამებრ მოიხმარა, რითაც დაზარალებულ პ. ღ–სს მიაყენა 3 130 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ დ. ი–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ. კ–მა და ა. ჩ–მა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმება, და დ. ი–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ. კ–მა და ა. ჩ–მა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ დ. ი–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით დაკვალიფიცირებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს დ. ი–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით დაკვალიფიცირებას.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში ვერ/არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. ი–ს ბრალეულობას და გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. ი–ს ქმედებების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) კვალიფიკაცია, მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ პ. ღ–ს, მოწმეების: კ. კ–ს, ვ. ღ–ს, ჟ. ღ–ს, კ. ა–ს, ვ. ჭ–ს, ა. კ–ს, ჯ. კ–ს, გ. ხ–ს ჩვენებებით, პ. ღ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით „სქრინშოტების“ სახით, პ. ღ–სის 2021 წლის 3 სექტემბრის განცხადებით, ამოღების ოქმით, საზღვრის კვეთის მონაცემებით, საჯარო სამსახურის იურიდიული პირის – შსს მომსახურების სააგენტოს წერილით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, შსს სპეციალურ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დათვალიერების ოქმით, შპს „..........ს“ 2022 წლის 9 ივნისს გაცემული დასკვნებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ფარული საგამოძიებო მოქმედებით (პ. ღ–სა და დ. ი–ს შორის შეხვედრის ვიდეოჩანაწერით და კრებსითი ამონაბეჭდებით) და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ. ი–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სამი ეპიზოდი).

12. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ. საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სამეწარმეო და სხვა ორგანიზაციის როგორც ქონებრივი ისე სხვა მართლზომიერი ინტერესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებაში ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ. პირი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ იყენებს თავის უფლებამოსილებას, თუ იგი კეთილსინდისიერად და გონივრულად არ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში კი არ დგინდება არც ორგანიზაციის არსებობა ( მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ დ. ი–ს და პ. ღ–ს არ ჰქონდათ დაფუძნებული საწარმო/ორგანიზაცია, არ არსებობს სადამფუძნებლო დოკუმენტი რომელიც განსაზღვრავდა დ. ი–ს უფლება- მოვალეობებს ამ ორგანიზაციის/ საწარმოს ფარგლებში, ამ ორგანიზაციის მიზნებს და კანონიერ ინტერესებსა და არც ორგანიზაციისთვის/ საწარმოსთვის ზიანის მიყენება - ზიანი მიადგა დაზარალებულ ფიზიკურ პირს – პ. ღ–ს. საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის ამსრულებელია სპეციალური სუბიექტი - კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე პირი, რომელიც აღჭურვილია შესაბამის ორგანიზაციაში/საწარმოში რაიმე სპეციალური უფლებამოსილებით. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი შეიძლება იყოს მოქმედების განმახორციელებელი ნებისმიერი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება მას უნდა აღჭურავდეს ორგანიზაციის და არა კონკრეტული კერძო პირის სახელით და ინტერესებში მოქმედების უფლებით.

13. სასამართლო ითვალისწინებს, 2020 წლის 15 ივლისს პ. ღ–ს მიერ დ. ი–ზე გაცემულ მინდობილობას, რომლის თანახმად, მინდობილობა გაიცა ორი წლით. პ. ღ–მა, როგორც ფიზიკურმა პირმა დ. ი–ს მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა მის სახელზე გამოგზავნილი/რიცხული ნებისმიერი მარკის ავტომანქანა; მოეხდინა ავტომანქანის და მასში არსებული ტვირთის განბაჟება, გამოყვანა ფოთის ან ბ–ს პორტიდან (ტერმინალი, გეზი, გაფორმების ეკონომიკური ზონა და ა.შ); გაეყიდა, გაეცვალა, გადაეფორმებინა საკუთარ თავზე მისი კუთვნილი ნებისმიერი მარკის ავტომანქანა, გაეყიდა რეექსპორტის წესით, მოეხდინა საბუთების გაფორმება, ჩაეტარებინა რემონტი და ტექნიკური დათვალიერება, მოეხსნა აღრიცხვიდან, აეყვანა აღრიცხვაზე, შეესრულებინა მასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი მოქმედება; შეედგინა ამისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი და ხელი მოეწერა მათთვის; აეღო საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობები; განეახლებინა, აღედგინა ტექნიკური პასპორტი და რეგისტრაციის მოწმობა; შეესრულებინა აღნიშნულთან დაკავშირებით კანონით ნებადართული ყოველგვარი მოქმედება; ყოფილიყო მისი წარმომადგენელი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში, იურიდიულ პირებთან, ფიზიკურ პირებთან, ნებისმიერ საბაჟო ტერმინალში, საგადასახადო ინსპექციაში, საპატრულო პოლიციაში, სსიპ-ებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში; ჩაებარებინა და მიეღო ნებისმიერი საჭირო დოკუმენტაცია; მიეღო ნებისმიერი გადაწყვეტილება, გადაეხადა გადასახადები, მოსაკრებელი, ბაჟები, ჯარიმები; გამოეყვანა ავტომანქანები საჯარიმო სადგომიდან და შეესრულებინა ყველა მოქმედება დავალების შესასრულებლად.

14. დაზარალებულმა პ. ღ–სმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ მინდობილობით დ. ი–სს ევალებოდა ს–ში დარჩენილი ტექნიკის მოვლა და გასხვისება, ასევე მის მიერ გამოგზავნილი ტექნიკის პორტში დახვედრა, დაბინავება, შეკეთება და რეალიზაცია. დ. ი–სთან ერთად საქართველოში კომპანია არ დაუფუძნებია და საერთო საქმიანობას არ ეწეოდნენ. ტექნიკისთვის შესაძენი თანხა სრულად მას ეკუთვნოდა. გამოსაგზავნ ტექნიკას იძენდა, როგორც ფიზიკური პირი და საქართველოშიც მის სახელზე შემოდიოდა. ავტომანქანების განბაჟების, შეკეთების, დაქირავების და სხვა ხარჯებს იხდიდა თავად, ხოლო გაყიდვის შედეგად მიღებული მოგების ნაწილი ეძლეოდა დ. ი–ს, ნაწილი კი რჩებოდა მას. ავტომანქანების რემონტს ხმარდებოდა წინა ავტომანქანის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულადი თანხა მხოლოდ მისი წილიდან. მძიმე ტექნიკის ს–ში ჩამოსვლის შემდეგ მათი პორტიდან გამოყვანის, ჭამის და სხვა ხარჯი ითვლებოდა და ფინანსდებოდა მის მიერ. მანქანის გაყიდვის შემდეგ თანხას აკლდებოდა მანქანის ღირებულება, ასევე გაწეული ხარჯი და მოგების ნახევარი ეძლეოდა დ. ი–სს. დაზარალებულის განმარტებით, მოლაპარაკების თანახმად, დ. ი–სს ნებისმიერი ტექნიკა უნდა გაეყიდა მასთან შეთანხმებით. მას უნდა სცოდნოდა სად, ვისზე და რა ფასად ყიდდა თითოეულ მათგანს. მასთან შეთანხმების გარეშე, დ. ი–ს არ ჰქონდა გაყიდვის, დალომბარდების ან თავის თავზე გადაფორმების უფლება. პ. ღ–მა ასევე უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ სატრანსპორტო საშუალებების - „Volvo FM6“-ის მარკის სატვირთო ფურგონის, „MERSEDES BENZ SPRINTER“-ის, „OPEL COMBO“-ს, მისაბმელის და კონტეინერების გაყიდვის შესახებ გაიგო შ. შ–სგან, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. მას „OPEL COMBO“-ს და კონტეინერების გაყიდვა არ სურდა, რაც ცნობილი იყო დ. ი–სთვისაც. ამასთან, დაზარალებულმა ცალსახად განმარტა, რომ მანქანის თანხიდან 4 000 აშშ დოლარი მისთვის სასწრაფოდ უნდა ჩაერიცხა დ. ი–ს, რასაც რამდენიმე დღე ელოდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ტელეფონი გათიშა და კონტაქტიც აღარ ჰქონია მასთან.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ პ. ღ–ს ჩვენება თანმიმდევრულად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, საჯარო სამსახურის იურიდიული პირის – შსს მომსახურების სააგენტოს წერილებთან (რომლითაც დგინდება პ. ღ–სის კუთვნილი ავტომობილების: „Volvo FM6”-ის, „Mersedes Benz Sprinter”-ის, „Opel Combo”-ს დ. ი–სის მიერ გასხვისების ფაქტი), ვ. ჭ–ს, ა. კ–ს, ჯ. კ–ს, გ. ხ–ს ჩვენებებთან (რომლებმაც დაადასტურეს დ. ი–საგან ავტომობილების შეძენის ფაქტი), პ. ღ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან (რომლითაც დგინდება, რომ დ. ი–ი საქმის კურსში იყო პ. ღ–ს მიერ გამოსაგზავნი ტექნიკის მდგომარეობის და ფასების შესახებ. ე.წ. „სქრინშოთებში“ დაფიქსირებულია დეტალური საუბარი გამოსაგზავნი მანქანების მდგომარეობის და ფასების შესახებ, ფოტოსურათების მითითებით), მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად პ. ღ–სა და დ. ი–ს შეხვედრის ვიდეოჩანაწერსა და კრებსით ამონაბეჭდებთან (დ. ი–სი აღიარებს პ. ღ–სათვის მისი კუთვნილი თანხის გადაუხდელობის ფაქტს. პ. ღ–სის კითხვაზე: „შენი რამე ერთი მანეთი იყო ჩადებული სადმე? დ. ი–სი პასუხობს: „არაფერი ძმაო“. პ. ღ–სი: „ეს ფული ხომ უნდა მოგეცა ჩემთვის ტო?“ დ. ი–სი: „კი ჩემო ძმაო, უნდა მომეცა“; პ. ღ–სი: „შენ რამე ფული ჩადე? ჩემ საქმესთან დაკავშირებით შენ ფული ჩადებული გქონდა, ტო?“ დ. ი–სი: „შენ საქმესთან დაკავშირებით, არაფერი, ტო, არაფერი არ ჩამიდია“; პ. ღ–სი: „ყველაფერი ხომ იყო ჩემი?“. დ. ი–სი: „კი“; პ. ღ–სი: „იღებდი მაგაში ნახევარს, რაც მოგება რჩებოდა?“ დ. ი–სი: „კი ბატონო“, პ. ღ–სი: „ნახევარი იყო ჩემი, ნახევარი იყო შენი“. დ. ი–სი: „კი ბატონო, ჰო, ვინმე იძახის?! მერე მაგას ვაღიარებ და სულ ყოველთვის მაგას გეუბნებოდი ყველა კითხვაზე და ყველაფერზე. ეს ყველაფერი მოხდა სულ ბოლო პერიოდში. ბოლო პერიოდში ავირიე, დავირიე, ათასი რაღაცა, ის ვიფიქრე, ეს ვიფიქრე და რაღაც, დავუშვი ისეთი შეცდომა რომელიც არ უნდა დამეშვა, რომელიც არ უნდა გამეკეთებინა, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო ხუთიანზე“).

16. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა კ. კ–სა და შ. შ–ს ჩვენებებს. მოწმე კ. კ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ პ. ღ–ს დ. ი–სთან შეექმნა პრობლემა, მოგვიანებით კი, თავად დ. ი–სგან შეიტყო, რომ გადასახდელი ჰქონდა პ. ღ–სის თანხა, რომელიც საქმეში ჩადო, თუმცა პრობლემა შეექმნა და ვეღარ უბრუნებდა. ამასთან, პ. ღ–სისთვის ვალის დაბრუნების პირობას დებდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დ. ი–ს, მასსა და პ. ღ–ს შორის ერთობლივი შეხვედრისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ საუბარი იყო 30 000 აშშ დოლარზე. მოწმე შ. შ-ს განმარტებით, პ. ღ–ი დ. ი–ს უგზავნიდა ავტომანქანებს, რასაც ეს უკანასკნელი აკეთებდა და ერთად ყიდდნენ, თუმცა 2021 წლის ზაფხულში დ. ი–სი აღარ გამოჩნდა და ვერც ტელეფონის საშუალებით შეძლო მასთან დაკავშირება. მოგვიანებით, პ. ღ–სისგან შეიტყო, რომ დ. ი–ს მისთვის მისაცემი ჰქონდა მანქანების გაყიდვიდან მიღებული ფულადი თანხა, დაახლოებით 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოწმემ დაადასტურა, რომ მისაბმელი იდგა მასთან, რაც დ. ი–მა გააკეთა და გაყიდა.

17. სასამართლო ერთის მხრივ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში ზიანის ნაწილში ჯამურად მითითებულია სხვადასხვა თანხა – 34 000, 32 000, 31 000, 27 000, 25 000, თუმცა არ ეთანხმება კასატორს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით, არ დგინდება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. სასამართლო ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად პ. ღ–სა და დ. ი–ს შეხვედრის ვიდეოჩანაწერსა და კრებსით ამონაბეჭდებში მითითებულ ინფორმაციას, საიდანაც დგინდება, რომ დ. ი–სს სადავო თანხა უნდა მიეცა პ. ღ–სისათვის (პ.ღ. - ეს ფული ხომ უნდა მოგეცა ჩემთვის? დ.ი. - კი ჩემო ძმაო, უნდა მომეცა; დ.ი. - ხო შენი ფულია და მე მაგას დავიბრუნებ; პ.ღ. – ყველაფერი ხომ იყო ჩემი? დ.ი. -კი). მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მხარეთა შეთანხმებით მანქანების/ტექნიკის რეალიზაციით მიღებული მოგების ნაწილი ეკუთვნოდა დ. ი–ს იმავდროულად, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს რომ მანქანის რეალიზაციით მიღებული თანხებიდან ხდებოდა დაზარალებულის მიერ მიმდინარე ხარჯების (მათ შორის შეკეთების, განბაჟების, შემდეგი მანქანის შეკეთებისთვის საჭირო ხარჯების) დაფარვა და მხოლოდ მოგება იყოფოდა შუაზე, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ დ. ი–სთვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დ. ი–ს მიერ სადავო ტექნიკის რეალიზაციით მიღებული თანხის ზუსტი ოდენობა, ასევე ითვალისწინებს „უძრავი ქონების ექსპერტ უქეს“ 2022 წლის 9 ივნისს გაცემულ დასკვნებს (Volvo FM6”-ის საბაზრო ღირებულებად განსაზღვრულია – 40 000 ლარი; „Mersedes Benz Sprinter” – 26 000 ლარი, სატვირთო ავტომობილიდ მისაბმელი – 32 500 ლარი). შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა ობიექტურად იყო 10 000 ლარზე ნაკლები.

17.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დ. ი–ს ქმედებით პ. ღ–სათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის დადგენა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის, წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მოიპოვეს და წარმოადგინეს მხარეებმა; საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმნიან დ. ი–ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

19. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს რა საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლს, 44-ე მუხლის პირველ ნაწილს (იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილს ( ადვოკატს ანიჭებს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას - მათ შორის უფლებას ბრალდების უარსაყოფად საჭირო მტკიცებულებების მოპოვებაზე, გამოთხოვასა და წარდგენაზე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე), რომ არ დასტურდება დაცვის მხარისათვის სასურველი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობის არ მიცემის/ხელის შეშლის ფაქტი, მათ შორის - კასატორის მიერ მითითებული აუდიტების წარმოდგენის და დაკითხვის ნაწილში, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული ეჭვების(მათ შორის ხარჯების შეჯამება, გამოგზავნილი მანქანების რეალური ღირებულება) დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი - სასამართლო მოკლებულია კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ი–მა თავისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ვ. კ–სა და ა. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე