Facebook Twitter

საქმე # 330100121004551348

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №948აპ-23 ქ. თბილისი

კ. ნ. 948აპ-23 16 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ნ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2020 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ქ.თ–ში, ..........ს გამზირის მე-.. შესახვევში, N.. კორპუსის ბინა N..-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ნ. კ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს – კ. შ–ს – მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, რის შედეგადაც კ. შ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2021 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თ–ში, ...........ის გამზირზე, მე-.. შესახვევის N.. კორპუსის ბინა N..-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ნ. კ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს – კ. შ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ძლიერად დაარტყა მუშტი მხარში, რის შედეგადაც კ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენით:

3.1. ნ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ნ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. ნ. კ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ და მოითხოვა განაჩენის გაუქმება, ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ მოითხოვა ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და მკაცრი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა კ. შ–მ და მოწმე ვ. შ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – ნ. კ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ნ. კ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. კ–ს ქმედებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის მიყენება.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 2 მაისის ოქმში მიუთითა ქ. თ–ში, ..........ის გამზირის მე-.. შესახვევის კორპუსი N.. ბინა N..-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში არსებულ სკამზე და განმარტა, რომ 2021 წლის 22 თებერვალს, ამ სკამზე ჯდომის დროს, დედამ - ნ. კ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კ. შ–მ ასევე მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც 2020 წლის 15 სექტემბერს ნ. კ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 49-61). სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებულმა მხოლოდ ზოგადად მიუთითა ფიზიკურ ძალადობაზე. ამასთან საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21). შესაბამისად, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება, სასამართლო მოკლებულია აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოყენების შესაძლებლობას.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ნ. კ–ს მიმართ 2021 წლის 2 მაისს გამოცემულ N..... შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმში მითითებულია, რომ 2021 წლის 22 თებერვალს, ნ. კ–მ შვილის - კ. შ–ს მიმართ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ ოქმშიც მხოლოდ ზოგადადაა მითითებული ფიზიკურ ძალადობაზე, არ არის აღწერილი ნ. კ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები; არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდაზე; სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმში არ არის მითითებული 2020 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდზე(იხ. ტ.1, ს.ფ.88-93).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: ლ. კ–ა, ვ. ო–ა, ნ. ქ–ი, ს. რ–ე, მ. ც–ე, მ. ქ–ა, მ. კ–ა, თ. ჩ–ი და გ. მ–ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი. ისინი ნ. კ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ დაზარალებულ კ. შ–სგანაც კი და შესაბამისად, მათ ჩვენებები არაინფორმატიულია.

17. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა კ. შ–მმ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა ნ. კ–ს მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენებას, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით არ დადასტურდა ნ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის(ორი ეპიზოდი) ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

18. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

19. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).

19.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე