საქმე # 190100122005854973
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1072აპ-23 ქ. თბილისი
მ. ე. 1072აპ-23 25 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ე. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2022 წლის გაზაფხულის დასაწყისში, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. რ–ში მე-.. მიკრორაიონის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ე. მ–მმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, 15 წლის ლ. ა–სას, იმის გამო, რომ შეეპასუხა, იატაკის ჯოხი დაარტყა მარცხენა ხელზე და მარჯვენა ფეხზე. ე. მ–ს ძალადობრივი ქმედებებით ლ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენით:
3.1. ე. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ე. მ–ს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა და მოითხოვა განაჩენის გაუქმება, ე. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი თინათინ სტურუა ითხოვს ე. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ე. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით,
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ე. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ლ. ა–მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა დედის – ე. მ–ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ე. მ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე. მ–ს ქმედებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის მიყენება.
14. დაზარალებულმა ლ. ა–მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2022 წლის 11 მაისს, როდესაც დედა სახლში დაბრუნდა, უყვირა, რადგან ხაჭაპური დაწვა. ის შეეპასუხა, დედა ცოტა ნასვამი იყო და იჩხუბეს. სკამს მოჰკიდა ხელი და შემდეგ ისევ დადო. მათი კონფლიქტი რომ არ გამწვავებულიყო, დარეკა პოლიციაში. გამოკითხვის დროს ჰკითხეს, სხვა დროს თუ ჰქონდა მის მიმართ ძალადობას ადგილი და მოიტყუა, რომ დედამ ჯოხი დაარტყა, რადგან იმ პერიოდში იგი ხშირად აძლევდა შენიშვნას სხვადასხვა პირებთან მეგობრობის გამო. ახლა თავადაც დარწმუნებულია, რომ ისინი მასზე ცუდ ზეგავლენას ახდენდნენ და მათთან დაშორების შემდეგ დედასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. არც ამ შემთხვევაში და არც ადრე დედას მისთვის არ დაურტყამს.
15. მოწმე მ. შ-მ (მეზობელი) დაადასტურა 2022 წლის 10 მაისს ე. მ–სსა და ლ. ა–ს შორის სიტყვიერი კონფლიქტის ფაქტი. მოწმის განმარტებით მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო გააშველა ისინი. მოწმემ მიუთითა, რომ ე. მ–ი ხშირად ეჩხუბება ლ. ა–ს ჰიგიენის დაუცველობის გამო.
16. ე. მ–მა მიუთითა, რომ ქცევის პრობლემებთან დაკავშირებით ხშირი კონფლიქტები აქვს შვილთან, ლ. ა–სასთან, თუმცა გამორიცხა ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 10 მაისის №.......... შეტყობინებაში მითითებული არ არის ვისგან ხორციელდება ფიზიკური ძალადობა შეტყობინების ინიციატორის მიმართ (იხ. ტ.1, ს.ფ. 2); 2022 წლის 10 მაისის №.......... შეტყობინების თანახმად კი ლ. ა–მ განაცხადა, რომ დედამ – ე. მ-მ –მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იძალადა ფსიქოლოგიურად, ხოლო რამდენიმე თვით ადრე ჯოხით იძალადა ფიზიკურად (იხ.: ტ.1, ს.ფ. 3).
17.1. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა არ დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია (რამდენიმე თვით ადრე ჯოხით ძალადობასთან მიმართებით) შეუძლებელია, მოცემული შეტყობინება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ე. მ–ს მიმართ გამოცემულ N...... შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმში (ლ. ა–სას განცხადებით 2022 წლის 10 მაისს დედამ – ე. მ–სმა იძალადა ფსიქოლოგიურად, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო რამდენიმე თვის უკან ჯოხის საშუალებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა) მხოლოდ ზოგადადაა მითითებული ფიზიკურ ძალადობაზე, არ არის აღწერილი ე. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები; არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 5-15).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე: ლ. მ. არ არის შემთხვევის თვითმხილველი და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულ ლ. ა–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ე. მ–ს მიერ მის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ. აღნიშნული მოწმის ირიბი ჩვენება კი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
20. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა ლ. ა–მ არ დაადასტურა დედის – ე. მ–ს მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა ე. მ–ს მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენებას, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით არ დადასტურდა ე. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
21. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.
22. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
22.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
24. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე