საქმე # 010100119003049331
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №943აპ-23 ქ. თბილისი
მ. ა. 943აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: ა. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2019 წლის 18 მაისს, საღამოს საათებში, ა. მ–ე, მფლობელის – თავისი ოჯახის წევრის – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ა. ს–ს ნების საწინააღმდეგოდ, საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინის დაზიანების გზით შევიდა ქ. ბ–ში, ..........ას ქუჩის N..-ში მდებარე ა. ს–ს საცხოვრებელ სახლში;
2.2. 2020 წლის 29 აგვისტოდან 2020 წლის 28 სექტემბრამდე (შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან მოქმედების ვადის გასვლამდე) დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა N..–ში ყოფნისას, შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის (საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევი ა. მ–ე სოციალური ქსელების და მობილური ტელეფონის მეშვეობით, სისტემატიურად ამყარებდა კომუნიკაციას თავის ოჯახის წევრთან – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ს–სთან, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რითაც ა. მ–მ არ შეასრულა 2020 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ..........ის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე.. სამმართველოს მიერ გაცემული N......... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;
2.3. 2019 წლის 18 მაისს, შსს ბ-ს ......... სამმართველოს პოლიციის მე-.. განყოფილების თანამშრომლების მიერ, ა. მ–სის მიმართ, ოცდაათი დღის ვადით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N........., რომლითაც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლთან – თავისი ოჯახის წევრთან – ყოფილ მეუღლე ა. ს–სთან, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ყოველგვარი კომუნიკაცია. მიუხედავად N......... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვისა, 2019 წლის 18 მაისს, ღამის საათებში, ა. მ–სე მივიდა ა. ს–ს საცხოვრებელ სახლთან მდებარე: ქ. ბ–ში, ..........ს ქუჩის N...-ში, შესაბამისად, ა. მ–მ დაარღვია N......... შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები;
2.4. 2019 წლის 18 მაისს, საღამოს საათებში, ა. მ–სე, თავის ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს – ა. ს–ს, რომელთანაც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ს–მმ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი;
2.5. 2020 წლის 3 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ............ს ქუჩის N...-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინა N..-ის კართან, შურისძიების ნიადაგზე, ა. მ–სე სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ს–ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც დაზარალებულმა ა. ს–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის განაჩენით:
3.1. ა. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
3.2. ა. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.2.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
3.2.2. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 200 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
3.2.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 200 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ა. მ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა – 200 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ა. მ–სის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თავისუფლების აღკვეთა 1 თვისა და 13 დღის ვადით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2019 წლის 18 მაისიდან 2019 წლის 21 მაისამდე, ასევე, 2020 წლის 4 ნოემბრიდან – 2020 წლის 14 დეკემბრამდე, პერიოდის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად და საბოლოოდ, ა. მ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 200 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ა. მ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით, ხოლო სასჯელის სახით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით – მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის დაწესებულებაში მოხდასთან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს ა. მ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით, სასჯელის სახით კი დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით – მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის დაწესებულებაში მოხდასთან.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. მ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ყველა წარდგენილი ბრალდებისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
11. ა. მ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს:
11.1. ა. მ–ს ჩვენებას, სადაც მოწმე უთითებს, რომ ქ. ბ–ში, გ–ს ქ. ..-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა ა. ს–სთან ერთად. ბინის ქირას ერთად იხდიდნენ, შესაბამისად, თვითონაც ითვლებოდა ბინის მფლობელად, 2019 წლის 18 მაისს ბინაში არსებული თავისი ტანსაცმლის და საბუთების აღება და თ–ში გამგზავრება სურდა. ამ დროს ანასთან უკვე კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა, მოერიდა მასთან კონტაქტს და ანას დედას სთხოვა დახმარებოდა კუთვნილი ნივთების ბინიდან გამოტანაში. თუმცა თხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ იძულებული გახდა შუშა ჩაეტეხა და ისე შესულიყო ბინაში თავისი ნივთების ასაღებად. მას ბინის ხელშეუხებლობა არ დაურღვევია. მეპატრონეს ბოდიშიც მოუხადა, შუშაც ჩასვა თვითონ და ზიანიც აუნაზღაურა.
11.2. დაზარალებულ ა. ს–ს ჩვენებას, რომლითაც მოწმემ დაადასტურა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. მ–სესთან. ცხოვრობდნენ ერთად ნაქირავებ ბინაში, მდებარე გ–ს ქ. N..-ში. 2019 წლის 18 მაისს მისი სახლში არყოფნისას, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ა–მ ჩატეხა ფანჯრის შუშა და შევიდა ბინაში. სახლში დაბრუნებულს ა. მ–სე ბინაში დახვდა, პარალელურად მას პოლიცია ჰყავდა გამოძახებული. იცის, რომ შემდეგ ა–მ შუშა ჩასვა და ზიანი სრულად აუნაზღაურა ბინის მეპატრონეს.
11.3. ქ. ბ–ში, გ–ას ქ. N..-ში ა. მ–სა და ა. ს–ს ერთად ცხოვრებისა და ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების ფაქტი დასტურდება ასევე ბინის მესაკუთრის ნ. მ–ს ჩვენებით.
11.4. სასამართლო ითვალისწინებს 112-ის სამსახურში შესული შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ ა. მ–მ ნამდვილად თვითონ დარეკა 112-ში და დააფიქსირა მის მიერ ქ. ბ–ში, გ–ს N..-ში მდებარე ბინაში ფანჯრის დაზიანებით შესვლის ფაქტი. აღნიშნული გარემოებები დასტურდება ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ინსპექტორ-გამომძიებლების გ. ი–ს და გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადნენ მითითებულ მისამართზე და ა. მ–სე ადგილზე დახვდათ.
11.5. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ა. მ–ს ქ. ბ–ში, გ–ს N..-ში მდებარე ბინაში ფანჯრის დაზიანებით შესვლის ფაქტთან მიმართებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც შეიცვალა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ (დასკვნის თანახმად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 36,66 ლარი).
12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ა. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
13. ა. მ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. მ–ს გამართლების შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
13.1. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის მამხილებელი ჩვენება; ხოლო ა. მ–მ მიუთითა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ, ა. ს–სთან კომუნიკაციის ინიციატივა ერთხელაც არ გამოუჩენია. პირიქით, ეს უკანასკნელი არ აძლევდა მოსვენებას, წერდა "მესენჯერში" შეტყობინებებს.
13.2. 2020 წლის 6 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად ა. ს–ამ მისი კუთვნილი "ფ–ს" გვერდის დათვალიერებისას განმარტა, რომ აღნიშნული ქსელის "მესენჯერში" არსებული მიმოწერა წაშალა, თუმცა 3, 4 და 5 სექტემბრის მიმოწერის ამსახველი ფოტოები ე.წ. „სქრინშოტების“ სახით შენახული აქვს ტელეფონის მეხსიერებაში და სურს გადასცეს გამოძიებას. ტელეფონის ეკრანზე ასახული 64 ე.წ. „სქრინშოტი“ დაერთო საქმეს.
13.3. 2020 წლის 21 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ა. მ–მ გამომძიებელს წარუდგინა 35 ე.წ. "სქრინშოტი" სოციალური ქსელის "ფ–ს" გვერდიდან და "მესენჯერიდან".
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ა. ს–სა და ა. მ–სის მიერ წარმოდგენილი მიმოწერის ამსახველი ე.წ. „სქრინშოტები“ შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამასთან, ე.წ. „სქრინშოტებში“ არ არის ასახული სრულყოფილი ინფორმაცია მიმოწერის ზუსტ დროსთან ( თარიღთან) დაკავშირებით.
15. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ა. მ–სის საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
16. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
17. სასამართლო, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
18. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.
19. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ა. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ა. მ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და მის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
21. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე