Facebook Twitter

საქმე # 200100121004570451

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №950აპ-23 ქ. თბილისი

ნ. ა. 950აპ-23 9 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ა. ნ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ნ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2021 წლის 18 თებერვლიდან 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით, ქ. თ–ში, ........... ას ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ნ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა, რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის მითითებებს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ე. ე–ს – სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მისი არასრულწლოვანი შვილის, შვიდი წლის მ. ხ–სის თანდასწრებით, რის გამოც, ე. ე–ი, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას;

2.2. 2021 წლის თებერვლის ბოლოს, ქ. თ–ში, ........... ას ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ნ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა, რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის მითითებებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ე. ე–ს, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა თავში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ე. ე–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.3. 2021 წლის 14 მარტს, ქ. თ–ში, ........... ას ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ნ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა, რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის მითითებებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ე. ე–ს. კერძოდ, რამდენჯერმე ძლიერად გაარტყა ხელი მარჯვენა მხარში, შემდეგ კი დაარტყა ხელი გულმკერდის შუა ნაწილში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ე. ე–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.4. 2021 წლის თებერვლის ბოლოს ორჯერ, და 2021 წლის 14 მარტის დასაწყისში ორჯერ, ხოლო 2021 წლის 16 მარტს, თოფით, ქ. თ–ში, ........... ას ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ნ–სი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა, რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის მითითებებს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ე. ე–ს, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად ე. ე–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით:

3.1. ა. ნ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდში) გამართლდა;

3.2. ა. ნ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი) გამართლდა;

3.3. ა. ნ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2021 წლის 14 მარტის ეპიზოდი) გამართლდა;

3.4. ა. ნ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა;

3.5. ა. ნ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა და მოითხოვა ა. ნ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ქმედების ხასიათის, სიმძიმის, გარემოებების, ა. ნ–ს პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე - შესაბამისი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ო–მა და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განაჩენში ცვლილება, ა. ნ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით;

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ა. ნ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ო–მა და მოითხოვა, არ დაკმაყოფილდეს პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განაჩენი კი დარჩეს უცვლელად.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა – ე. ე–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) – ა. ნ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლოში არ დაკითხულა ე. ე–სის არასრულწლოვანი შვილი, მ. ხ–ი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ა. ნ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.

12. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. ნ–ს ქმედებებით დაზარალებულებისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის ან ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები – ზ. ე–ი (ე. ე–ს ძმა) და გამომძიებელი ლ. ო–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ: ე. ე–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ა. ნ–ს მიერ მის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობისა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) და მუქარის შესახებ, აღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები კი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება). ამასთან, მოწმეები ვ. ზ–იი და გ. ბ–ე არ ყოფილან არცერთი დანაშაულებრივი ფაქტის თვითმხილველნი.

14. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქმეში წარმოდგენილ №........... შემაკავებელი ორდერის ოქმზე, რომლის თანახმად, შსს თ–ს რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა ე. ე–ი, რომელმაც განმარტა, რომ მის მიმართ მუქარას ახორციელებს მისი მეუღლე - ა. ნ–ი. ოქმში მითითებულია, რომ მუქარა განხორციელდა ა. ნ–ს სახელზე რეგისტრირებული თოფით (სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2021 წლის 17 მარტის ა. ნ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მის მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ერთლულიანი სანადირო თოფი). იგი აკონტროლებდა ე. ე–ს მობილურ ტელეფონს და შეტყობინებებს. ოქმში აღნიშნულია რომ ე. ე–ს მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, 2021 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებში და 2021 წლის 14 მარტს ფიზიკურად იძალადა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 131-141). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი დაცვის მხარის მიერ არ არის უდავოდ ცნობილი, შესაბამისად, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში დაუშვებელია, გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის, რადგან არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა საქართველოს სსსკ-ით და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის პირველწყაროს (მაგ.: შემაკავებელი ორდერის შემთხვევაში – დაზარალებულის) დაკითხვისა და შესაბამისად - ორდერში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა. ამასთან, შემაკავებელი ორდერის ოქმში არ არის მითითებული რაში გამოიხატა ფიზიკური ძალადობა თითოეულ ეპიზოდში, დაზარალებული ასევე არ უთითებს სისტემატურ შეურაცხყოფასა და მისგან განცდილ ტანჯვაზე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №........... დასკვნით, 17.03.2021წ-ს პირადი გასინჯვით, ე. ე–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 109-112).

16. დაზარალებულმა ე. ე–სმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით; ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება ა. ნ–ს მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის/ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენება და დაზარალებულ ე. ე–სის მიერ მუქარის რეალურად აღქმა – არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას ან დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის ან ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდას.

17. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

18. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ა. ნ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

20. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე