Facebook Twitter

საქმე # 120100121004458377

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №852აპ-23 ქ. თბილისი

პ. ო. 852აპ-23 25 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ელიზავეტა დურგლიშვილისა და მსჯავრდებულ ო. პ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. პ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;

1.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 1 იანვარს, გამთენიისას, ნ–ს რაიონის სოფელ ს–ში საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს ო. პ–სა ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სცადა – ვ. ბ–ს, ს. ბ–სა და ს. ა–სის მკვლელობა. კერძოდ, ვ. ბ–ს, ს. ბ–ს და ს. ა–ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები, რა დროსაც ს. ა–ი მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ვ. ბ–მა და ს. ბ–მა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.

2.2. ო. პ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაშიმართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. 2021 წლის 1 იანვარს, გამთენიისას, იგი ნ-ს რაიონის სოფელ ს-ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რა დროსაც სცადა ვ. ბ–სის, ს. ბ–სა და ს. ა–ს მკვლელობა და ესროლა იარაღიდან.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ო. პ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში;

3.1. ო. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.1.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1.5. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

3.2. ო. პ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 1 იანვრიდან.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. პ–მა ჩაიდინა: ს. ა–ს განზრახ მკვლელობა, ვ. ბ–ს – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ს. ბ–ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, კერძოდ: ო. პ–ას მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. იგი 2021 წლის 1 იანვარს, გამთენიისას, ნ–ს რაიონის სოფელ ს–ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. იმავე დღეს ო. პ–მა ნ–ს რაიონის სოფელ ს–ში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით განზრახ მოკლა ს. ა–სი, მანვე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ. ბ–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ს. ბ–ს – სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა მოითხოვა ო. პ–სის დამნაშავედ ცნობა ბრალადშერაცხილი კვალიფიკაციით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით;

5.2. მსჯავრდებულ ო. პ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ბ–მ – მოითხოვა მსჯავრდებულ ო. პ–ს სრულად გამართლება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

5.3. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა, რომელიც ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და ო. პ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

7.1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ელიზავეტა დურგლიშვილი ითხოვს ო. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

7.2. მსჯავრდებული ო. პ–ს ადვოკატი ლ. ბ. ითხოვს ო. პ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლში.

8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ელიზავეტა დურგლიშვილმა, რომელიც ითხოვს, რომ არ იქნეს დაშვებული და არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი.

9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ: პროკურორი ითხოვს მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი – ბრალად წარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით) – კვალიფიკაციით, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს შერაცხილ მსჯავრში მსჯავრდებულის გამართლებას.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ო. პ–ს შემთხვევის დროს ჰქონდა იარაღი და სამჯერ გაისროლა, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით მას არცერთი იქ მყოფის მოკვლა არ სურდა და მხოლოდ თავს იცავდა, შესაბამისად, მსჯავრდებული უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლში; ბრალდების მხარის მტკიცებით ო. პ–ს განზრახული ჰქონდა – გააჩნდა ერთიანი მიზანი და საერთო განზრახვა – ს. ბ–ს, ვ. ბ–სა და ს. ა–ს სიცოცხლის მოსპობა, თუმცა დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, შესაბამისად, ბრალდების მხარის პოზიციით, ო. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

12. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ო. პ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდება და მხარებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს მკვლელობის განზრახვა, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი ( საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული) დანაშაულები თუ ბრალადშერაცხილი (საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული) დანაშაული.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულების – ს. ბ–ს და ვ. ბ–ს ჩვენებები, მოწმეების: ხ. ი–ს, ვ. კ–ს, ა. ს–ს, ა. მ–ს, ვ. ბ–ს ჩვენებები, დათვალიერების და ამოღების ოქმებით, სამედიცინო, ბიოლოგიური, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ო. პ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული – დანაშაულები. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ო. პ–მა გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც დაცვის მხარეც არ უარყოფს. მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით ასევე დასტურდება, რომ ო. პ–ს მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი, რომლითაც გამიზნულად ისროდა ჩხუბის მონაწილეების ვ. ბ–ს, ს. ბ–ს და ს. ა–ს მიმართულებით. მსჯავრდებულმა ჯერ დამიზნებით ფეხების არეში ესროლა ს. ბ–სს, ხოლო შემდეგ – ვ. ბ–ს კიდურების არეში. სროლის შემდეგ ო. პ–მა სცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, თუმცა მას შეპყრობის მიზნით გაეკიდა ს. ა–სი. მოწმეები ადასტურებენ, რომ მსჯავრდებული ხედავდა, რომ ს. ა–სი მას მისდევდა და მოუწოდებდა, შეეწყვიტა მისი დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოკლავდა. ს. ა–სმა განაგრძო ო. პ–ს დევნა, რის შედეგადაც, მსჯავრდებულმა დაპირებისამებრ ესროლა.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ შემთხვევის დროს მსჯავრდებული იცავდა თავს ან ს. ა–ი გარდაიცვალა გაუფრთხილებლობით გასროლილი და მოხვედრილი ტყვიით.

16. სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ითვალისწინებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 იანვრისა და 22 მარტის დასკვნებს, რომელთა თანახმად:

16.1. ვ. ბ–ს 2021 წლის 1 იანვარს მიყენებულ ტრამვასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა ბარძაყის არეში, ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო.

16.2. ს. ბ–სს 2021 წლის 1 იანვარს მიყენებულ ტრამვასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა წვივის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

16.3. ს. ა–ს გვამს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი შემავალი ჭრილობა მარცხენა პარასტერნალურ და მედიოკლავიკულარულ ხაზებს შორის ნეკნთა რკალის ოდნავ დაბლა განივი კოლინჯის, მლივი ნაწლავების და ჯორჯლის ქვემო არტერიის დაზიანებით ვრცელი სისხლჩაქცევები ჯორჯალში, მარჯვენა პარანეფრალურ არეში და მარჯვენა თირკმლის არეში, ცეცხლნასროლი შემხები ჭრილობა მარცხენა წინამხრის ზემო მესამედის გვერდით ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით; აღნიშნული შემავალი ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, ზემოდან ქვემოთ და ოდნავ მარცხნიდან მარჯვნივ. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში. ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია;

16.3.1. ს. ა–სის მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო, ხოლო მარცხენა წინამხრის არეში არსებული შემხები ცეცხლნასროლი ჭრილობა ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ს. ა–ს სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია განივი კოლინჯის, მლივი ნაწლავების და ჯორჯლის ქვემო არტერიის დაზიანების შედეგად განვითარებული, რაც გამოწვეულია მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასრილი ჭრილობის შედეგად.

17. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხა – მოხსნა მოწმეთა ნაწილი, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმის თანახმად, რომელიც ხელმოწერილია ადვოკატის მიერ, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმე მ. ი-ს გამოკითხვის ოქმი (ტ. N3; ს.ფ. 267-286), ხოლო დაცვის მხარეს არ წარუდგენია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, მათ შორის, სადავო მოწმის/მოწმეების დაკითხვის მოთხოვნით (2021 წლის 24 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი; 18:32:23), შესაბამისად, იმ შემთხვეაში, თუ დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ კონკრეტულ მოწმეებს შეეძლოთ, დაედასტურებინათ მსჯავრდებულის უდანაშაულობა ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც მას ბრალი დაედო, ან/და დაცვის მხარის სასარგებლო პოზიცია, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდათ შესაძლებლობა, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მეორე მხარისა და სასამართლოსათვის მიეწოდებინათ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებდნენ, იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით მოეთხოვა სასურველი მოწმეების დაკითხვა არსებით სასამართლო სხდომაზე.

18. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ო. პ–სს ჰქონდა, როგორც ს. ა–ს, ასევე – ვ. ბ–სა და ს. ბ–ს მკვლელობის განზრახვა და მის მიერ ჩადენილი ქმედებები, რომელთა შედეგადაც ს. ა–სი გარდაიცვალა, ვ. ბ–სმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ს. ბ–მა მიიღო მსუბუქ ხარისხს დაზიანება – უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მართალია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულ ს. ა–სათვის მიყენებული სხეულის დაზიანებათა რაოდენობა და ლოკალიზაცია ადასტურებს მისი მხრიდან მკვლელობის განზრახვას (რომ იგი ითვალისწინებდა ს. ა–ს სიცოცხლის მოსპობას), თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მსჯავრდებულის განზრახვა, სიცოცხლე მოესპო ს. ბ–სა და ვ. ბ–სათვის, ვინაიდან, შემთხვევის უშუალო თვითმხილველ პირთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა დაზარალებულების – ს. ბ–ს და ვ. ბ–სათვის ცეცხლსასროლი ჭრილობების მიყენების შესაძლებლობა, თუმცა, მიუხედავად ახლო მანძილისა და ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობისა, ო. პ–მა აღნიშნულ დაზარალებულებს მიაყენა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანება. ხელისშემშლელი გარემოებების არარარსებობა, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ მსჯავრდებულს, მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო კიდევ გაესროლა დაზარალებულების მიმართულებით. იმავდროულად, ს. ბ–მა და ვ. ბ–მა დაადასტურეს, რომ კონფლიქტის დროს ო. პ–მა პირისპირ ესროლა, ახლო მანძილიდან კიდურების არეში.

19. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე, რაც გულისხმობს – განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილს ორი ან მეტი პირის მიმართ და საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არასაკმარისია იმის მტკიცებისათვის, რომ ო. პ–ს ჰქონდა, როგორც ს. ა–ს, ასევე ვ. ბ–სა და ს. ბ–ს მკვლელობის განზრახვა და მის მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

20. ამდენად, პროკურორის პოზიცია არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ელიზავეტა დურგლიშვილისა და მსჯავრდებულ ო. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ბ–ს – საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე