Facebook Twitter

საქმე # 340100122006344972

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №828აპ-23 ქ. თბილისი

პ. ვ. 828აპ-23 22 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. კ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. პ–ს, – დაბადებულს 19.. წელს - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ვ. პ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 16:10 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ შ–ში მდებარე მ. დ–ს კუთვნილი ვენახების სადარაჯო ოთახში, ვ. პ–მა, გამოძიებით დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ სროლის შედეგად, თანასოფლელ გ. ხ–ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება;

2.2. ვ. პ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2022 წლის 29 ივლისამდე ყ-ის რაიონის სოფელ შ-ში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 9X18 მმ კალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას (ვაზნას).

2.3. 2022 წლის 29 ივლისს, დაახლოებით, 16:10 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ შ–ში მდებარე მ. დ–ს კუთვნილი ვენახების ტერიტორიაზე, ვ. პ–ი, პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ, 9X18 მმ კალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას (ვაზნებს).

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

3.1. ვ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ვ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. ვ. პ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. პ–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. ვ. პ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 29 ივლისის 21:30 საათიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ვ. პ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. კ–მ მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ვ. პ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. პ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. კ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენის გაუქმებას, ვ. პ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ვ. პ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. პ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, კასატორის არგუმენტებზე.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვ. პ–ს უდანაშაულობის შესახებ იმ მოტივით, რომ როგორც პირველი ასევე სააპელაცო ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილებები ეყრდნობა ვ. პ–სის ჩვენებას ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა, მათ შორის - დაზარალებულ გ. ხ–სის, მოწმეთა: რ. მ–ს, ვ. ჭ–ს, ექსპერტ გ. კ–ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ. პ–სმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. პ–სმა პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე (იხ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი), ხოლო საბოლოო სიტყვის თქმის ეტაპზე განმარტა, რომ შემთხვევის დროს ის ისეთ სიტუაციაში იყო, რომ არ ემოქმედა, შესაძლებელი იყო თვითონ იგი მოეკლათ. იარაღი იქ გ. ა–მა მიიტანა და გ. ა–ს ეკუთვნოდა. ვ. პ–ს იარაღი არ ჰქონია. მან უბრალოდ აიღო ეს იარაღი და ესროლა გ. ხ–ს. მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ეს ფაქტი უარჰყო და გამორიცხა მისი მონაწილეობა დაზარალებულის დაჭრაში. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას ვ. პ–ს 2022 წლის 30 ივლისისა და 31 ივლისის გამოკითხვის ოქმებზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ გ. ხ–სა და შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების: რ. მ–სა და ვ. ჭ–ს ჩვენებებში დეტალურად არის გადმოცემული 2022 წლის 29 ივლისს განვითარებული მოვლენები. კერძოდ,

12.1. დაზარალებულმა გ. ხ–სმა მიუთითა, რომ ვ. პ–სი მისი ნათესავია. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა ვ. პ–სის კუთვნილი ბატკნების დაკარგვის გამო. გ. ხ–სი ვენახში მუშაობდა დარაჯად. 2022 წლის 29 ივლისს მივიდა სამუშაოზე, სადარაჯო ოთახში. მასთან ერთად იმყოფებოდნენ კ. ა–ი და ვ. ჭ–ი და სვამდნენ ალკოჰოლს. ტელეფონზე დაურეკა გ. ა–მმა, ჰკითხა, სად იყო. გ. ხ–სმა უპასუხა, რომ საყარაულოში იყო. ცოტა ხანში რ. მ–იი მივიდა მათთან, ამის შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში, საყარაულო ოთახში ასევე შევიდნენ ვ. პ–სი, გ. ა–მი და გ. პ–ი. ვ. ჭ–ი ამ დროს გარეთ იყო გასული. დანარჩენებს გ. ა–მმა უთხრა, დაგვტოვეთო. გ. ხ–სის მეგობრები გარეთ გავიდნენ. ვ. პ–სი საწოლზე დაჯდა. გ. ხ–სი და გ. ა–მი ოთახის შუაში ჩაიცუცქნენ, ვ. პ–სი მათგან, დაახლოებით, სამი მეტრის მანძილზე იჯდა. არაფერი უთქვამთ, ვ. პ–სმა პირდაპირ ესროლა ისე, რომ საწოლიდან არც ამდგარა. დაინახა რომ წითელტარიანი იარაღი იყო. დაბლა, ფეხებში უმიზნებდა ვ. პ–სი. პირველი ტყვია ფეხში, კუნთში მოხვდა, მეორე კი – მუხლში. ამის შემდეგ, გ. ხ–სი ოთახიდან გარეთ გამოიქცა. გამოჰყვა ვ. პ–სის შვილი - გ. პ–ი და დაარტყა უკნიდან. ვ. ჭ–იმა შეაჩერა, დაჭრილს რატომ ურტყამო. გ. ხ–სი ამის შემდეგ რ. მ–იის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. გ. ხ–სის თქმით, მას შესვლისას ვ. პ–სის ხელში იარაღი არ დაუნახავს. არც ის იცის, რატომ ესროლა, რადგან ვ. პ–სს მისთვის ხმა არ გაუცია, პირდაპირ ესროლა.

12.2. მოწმე რ. მ–მა მიუთითა, რომ საყარაულო ოთახში მოსაუბრე პირებიდან იცნობდა მხოლოდ გ. ა–ს. გ–მ უთხრათ, გარეთ დალოდებოდნენ. გავიდნენ, ოთახში გ. ხ–სი დარჩა. რაღაც პერიოდის შემდეგ გ. ხ–სი გამოვიდა ოთახიდან, ფეხში იყო დაჭრილი, სისხლი მოსდიოდა. რ. მ–ი დაიბნა და მანქანისკენ გაიქცა, რომ გ–ი წაეყვანა საავადმყოფოში. ყვირილის ხმა გაიგო, გ. ა–მი ყვიროდა, ეს რა გააკეთეო. გ. ხ–სი საავადმყოფოში წაიყვანა. მხოლოდ საავადმყოფოში შეიტყო, რომ ის ორი პირი, რომელიც გ. ხ–სთან და გ. ა–მთან ერთად იყვნენ ოთახში, ვ. პ–ი და გ. პ–ი იყვნენ. თავად რ. მ–ის იარაღი არ დაუნახავს, მხოლოდ გასროლის ხმა გაიგო, როდესაც გარეთ იცდიდა. ორი გასროლა იყო, რამდენადაც ახსოვს.

12.3. მოწმე ვ. ჭ–იმა მიუთითა, რომ 2022 წლის 29 ივლისს ვენახში მივიდა თავის საქმეზე. კ. ა–იი და გ. ხ–სი ქეიფობდნენ, ვ–მაც დალია დაახლოებით სამი ჭიქა. დაღლილი იყო და დაეძინა. ხმაურზე გაეღვიძა, გ. ხ–სი აღვიძებდა. შუადღე იქნებოდა. ოთახში დაინახა ვ. პ–სი და ორი უცხო ბიჭი. ვ–ს უთხრეს, რომ სალაპარაკო ჰქონდათ და გარეთ გასულიყვნენ. ვ–ი და კ. ა–ი გარეთ გავიდნენ. დანარჩენები დარჩნენ ოთახში სალაპარაკოდ. ვ. ჭ–ი გარეთ ნერგებს რწყავდა. ამ დროს გ. ხ–სი გამოვარდა ოთახიდან, ფერი ჰქონდა დაკარგული. მარჯვენა ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. გ. ხ–სმა უთხრა, რომ ვ. პ–სმა დაჭრა. გ. ხ–სი ჩასვეს მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს. ვ. პ–სი და მისი თანმხლები პირებიც ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ.

13. სასამართლო ითვალისწინებს ექსპერტ გ. კ–სის ჩვენებასა და მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის N............ დასკვნას, რითიც დადასტურდა, რომ გ. ხ–ს „დაზიანება მარცხენა კიდურზე არსებული მუხლქვეშა არტერიისა და ვენის სრული დაზიანების და დიდი წვივის ნერვის დაზიანების სახით მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დაზიანება მარჯვენა მუხლის გარეთა ზედაპირზე არსებული ჭრილობის სახით, ჭრილობაში უცხო სხეულით, მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. აღნიშნული ჭრილობები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 29.07.2022 წელს“.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია, 2022 წლის 29 ივლისს სადარჯო ოთახში განვითარებული მოვლენებისა და ვ. პ–სის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის (გ. ხ–სმა დაინახა წითელტარიანი იარაღი, რ. მ–ის იარაღი არ დაუნახავს, მხოლოდ გასროლის ხმა გაიგო, ასევე გაიგო გ. ა–მის ყვირილი, ეს რა გააკეთეო) და ოთახიდან ფეხში დაჭრილი გ. ხ–სის გამოსვლის ნაწილში. მათი ჩვენებებითა და საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით დასტურდება ვ. პ–სის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით გ. ხ–სის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი. მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2022 წლის 29 ივლისის ოქმით, რომელიც ადასტურებს შემთხვევის ადგილზე კონფლიქტის არსებობას და შედეგად გ. ხ–სის ჯანმრთელობის დაზიანებას.

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ვ. პ–სის უდანაშაულობისა და დანაშაულის გ. ა–მის მიერ ჩადენის შესახებ, ვინაიდან გასროლის შემდეგ ოთახიდან გამოსულმა დაზარალებულმა მომხდარი შემთხვევის შემდეგ პირველივე წუთებში კონტაქტში მყოფ პირებს (რ. მ–იი, ვ. ჭ–იი) უთხრა, რომ ვ. პ–სმა ესროლა, ანალოგიური პოზიცია ჰქონდა როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას. ამასთან, რ. მ–იმა მიუთითა, რომ გაიგონა ყვირილის ხმა, გ. ა–მი ყვიროდა ეს რა გააკეთეო. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ა–მის ჩვენება დაცვის მხარემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ცნო უდავოდ (იხ.: გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის სხდომის ოქმი 16:59:16 – 17:03:23).

15.1. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ. ხ–სი ფეხზე ჭრილობებს უკანა მხრიდან სროლის შედეგად ვერ მიიღებდა, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით და წარმოადგენს მხოლოდ დაცვის მხარის ვარაუდს.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება (და არც დაცვის მხარე მიუთითებს) დაზარალებულის რაიმე საეჭვო, პირადი ან ზოგადი ხასიათის დაინტერესებაზე ვ. პ–სის წინააღმდეგ, რაც მისი ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა და შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. პ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე დაცვის მხარის პოზიციას ვ. პ–სის უდანაშაულობის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მსჯავრდების ნაწილში. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმე გ. ხ–სის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით) დასტურდება, რომ 2022 წლის 29 ივლისს სოფელ შ-ში მდებარე მ. დ–სის კუთვნილი ვენახების ტერიტორიაზე, ვ. პ–სი პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ 9X18 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს და მისთვის განკუთვნილ მასალას(ვაზნებს).

18. სასამართლო ითვალისწინებს გ. ხ–ს ჩვენებას (მოწმემ მიუთითა, რომ სამორიგეო ოთახში, დაახლოებით, სამი მეტრი მანძილიდან ფეხში ორჯერ ესროლა ვ. პ–სმა წითელტარიანი იარაღით), 2022 წლის 29 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (მ. დ–სის კუთვნილ სავენახე ტერიტორიაზე შიგნით მდგარი სადარაჯო-სასაწყობე ნაგებობის დათვალიერების შედეგად ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ამოიღეს და დალუქეს ერთი ცალი დეფორმირებული გულა და მასრა (იხ. ტ.1, ს.ფ. 33-3811)), ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნას (ექსპერტიზაზე წარდგენილი N.. პაკეტში მოთავსებული 1 ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1.. წლის ნიმუშის 9X18 მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი მასრა, განკუთვნილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის და „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის. აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისთვის ..., ..., ... და სხვა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N.. პაკეტში მოთავსებული 1 ცალი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1... წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი – მასრა, განკუთვნილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის და „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის. აგრეთვე – პისტოლეტებისთვის: ...., ..., ... და სხვა.; ექსპერტიზაზე წარდგენილ N... პაკეტში მოთავსებული 1 ცალი ტყვია (სამედიცინო დაწესებულებაში გ. ხ–სისაგან ამოღებული ერთი ცალი მრგვალი ფორმის მეტალი) არის ქარხნული წესით დამზადებული, 1... წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, ტყვია განკუთვნილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის და „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის. აგრეთვე – პისტოლეტებისთვის: ...., ..., .... და სხვა.“) და მიუთითებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. პ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე