Facebook Twitter

საქმე # 330100122005929547

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №920აპ-23 ქ. თბილისი

ც. ბ. 920აპ-23 26 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანისა და მსჯავრდებულ ბ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. მ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ც–ს, – დაბადებულს 19.. წელს - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2022 წლის 25 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, ..........ას ქუჩის №..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ბ. ც–მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გ. მ–სი, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მოთხოვნები, უკრძალავდა თავისუფლად გადაადგილებას და უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად იძალადა გ. მ–სის მიმართ, კერძოდ, მარჯვენა მუშტი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც გ. მ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2022 წლის 25 მაისის ჩათვლით, ქ. თ–ში, ........ას ქუჩის №..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების პერიოდში, ბ. ც–ე, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გ. მ–სი, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მოთხოვნები, უკრძალავდა თავისუფლად გადაადგილებას და უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოველდღიურად, სისტემატურად, გ. მ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას. ბ. ც–სის მიერ განხორციელებული შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათის მხედველობაში მიღებით, გ. მ–სი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბ. ც–სე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ბ. ც–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა ბ. ც–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ც–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. მსჯავრდებულ ბ. ც–სეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 26 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

4.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილება და ბ. ც–ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენის გათვალისწინებით კი კანონიერი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

4.2. მსჯავრდებულ ბ. ც–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. მ–მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ბ. ც–სის უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

6.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიანა ონიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და ბ. ც–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას;

6.2. მსჯავრდებულ ბ. ც–სის ინტერესების დამცველი ადვოკატი – გ. მ–სე ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობას, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს ბ. ც–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), ასევე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებულ ბ. ც–სის ინტერესების დამცველი ადვოკატი – გ. მ–სე ბ. ც–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობას;

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ც–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ. ც–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისათვის. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ გ. მ–სის ჩვენება. ბრალდების მხარის მოწმეები (ნ. ვ–ეე (მეზობელი), ე. ს–ა(სასწრაფოს ექიმი), ე. ლ–ი(სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი), გ. ხ–ა(გამომძიებელი)) არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, უშუალოდ ძალადობის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან, აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). 2022 წლის 26 მაისის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ გ. მ–ს ვიზუალურად დაზიანების ნიშანი არ აღენიშნება (სამედიცინო ბარათში მხოლოდ გ. მ–ს გადმოცემით(„უჩივის თავის ტკივილს“) მიეთითა თავის ზედაპირული ტრამვა). ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ 2022 წლის 27 მაისს მოქალაქე გ. მ–სს პირადი შემოწმებისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ბ. ც–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ბ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ გ. მ–ს, ექსპერტ მ. ბ–ს ჩვენებებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დაკსვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, ბ. ც–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედების - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩადენა.

11. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ გ. მ–სის ჩვენებას, რომელიც უთითებს, რომ თანაცხოვრების პერიოდში ბ. ც–სის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას - მუდმივად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით და მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, რის გამოც განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

12. დაზარალებულის მიერ განცდილი ფსიქოლოგიური ტანჯვა დასტურდება ასევე 2022 წლის 22 ივნისს ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #.............. დასკვნითა და ექსპერტ მ. ბ–სის პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და გ. მ–სის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გ. მ–სმა მეუღლის – ბ. ც–სის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კლინიკური საუბრისას გ. მ–სი შემდეგნაირად გადმოსცემდა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ ინფორმაციას: „...ჩემი მეუღლე ბ. ც–სე ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მომხმარებელია. მე არ ვმუშაობ და თავს ვირჩენ მათხოვრობით. ჩემი მეუღლე არაფერში არ მეხმარება და მუშაობის დაწყებაზე უარს აცხადებს. ამის გარდა, ის სისტემატურად მოიხმარს ალკოჰოლს და ასეთ მდგომარეობაში ჩემს მიმართ ხდება აგრესიული. სრულიად უმიზეზოდ მლანძღავს, მაგინებს და ფიზიკურადაც მეხება. ასეთი საქციელისათვის ის უკვე იყო ნასამართლევი, თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგივე გააგრძელა და კვლავ განაგრძო ჩემი დამცირება. მე მაქვს რეალური საშიშროების განცდა, რომ ბ. ნასვამ მდგომარეობაში მე სიცოცხლეს მომისპობს და გადავწყვიტე კვლავ მიმემართა პოლიციისათვის.“ ამასთან, ექსპერტმა მ. ბ–მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს დეტალურად განმარტა ექსპერტიზის მიმდინარეობა, კვლევისას გამოყენებული მეთოდოლოგია და დაადასტურა ის გარემოებაც, რომ მიზეზობრივი კავშირი ოჯახში ძალადობასა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას შორის კუმულაციურად დადგა სამი კომპონენტის ურთიერთთანხვედრით - არამარტო შესამოწმებელ პირთან კლინიკური საუბრით, არამედ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით.

13. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ფსიქოლოგიური ესქპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ მ. ბ–სის ჩვენების გაუზიარებლობის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაზარალებულს ექსპერტ მ. ბ–სის განმარტებით აქვს ლაბილური ფსიქიკა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტმა ჩაატარა დაზარალებულის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევა (რა დროსაც გამოყენებულია როგორც ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციათა კვლევის მეთოდები, ასევე ის ტესტები და კითხვები, რომლებიც პიროვნებას შეისწავლის მისი მთლიანობის ასპექტში) და დაადგინა, რომ გ. მ–სს მეუღლის ბ. ც–სის ქმედებებით განცდილი აქვს ფსიქოლოგიური ტანჯვა (იხ. ტ.2, ს.ფ. 70-77).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები - ნ. ვ–ეე და ვ. ა–ი მათივე ჩვენებების თანახმად, ბ. ც–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების თვითმხილველნი არ არიან და არც უშუალოდ არ შესწრებიან ბ. ც–სის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობის რაიმე ფაქტს. ამასთან, მათ მიერ ჩვენებებში მითითებული გარემოებები ვერ გამორიცხავს ბ. ც–სის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენას (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ც–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

16. სასამართლო იზიარებს ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ბ. ც–სის ბრალდებიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენა.

17. კასატორი პროკურორის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

18. სასამართლო, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

19. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ბ. ც–ს საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ბ. ც–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანისა და მსჯავრდებულ ბ. ც–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე