Facebook Twitter

საქმე # 330100121005278917

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №853აპ-23 ქ. თბილისი

ჭ. გ. 853აპ-23 9 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. დ–სა და ი. ჯ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ჭ–ს, – დაბადებულს 19.. წელს - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ჭ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 03:45 საათზე, ქ.თ.ში, ჩ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლით მთვრალი გ. ჭ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ო. ც–სსა და მ. ბ–სს, კერძოდ, მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ურტყამდა საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს და ყვიროდა, რომ ორივე მათგანს მოკლავდა. აღნიშნული ქმედებით ო. ც–სსა და მ. ბ–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით:

3.1. გ. ჭ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება – 1 წლით;

3.3. მსჯავრდებულ გ. ჭ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 5 ნოემბრიდან.

3.4. მსჯავრდებულ გ. ჭ–სს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ჭ–სს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. ჯ–მა და მ. დ–მ მოითხოვეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი გაუქმება, გ. ჭ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ჭ–სს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. დ–მ და ი. ჯ–მა, რომლებიც ითხოვენ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენის გაუქმებას, გ. ჭ–სს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

6.1. 2023 წლის 24 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ჯ–მა და წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, სადაც გ. ჭ–ს (და ლ. მ–მა) გამართლდა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს გ. ჭ–სს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ჭ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, კასატორების არგუმენტებზე.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ. ჭ–სს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა, მათ შორის - დაზარალებულთა ო. ც–სა და მ. ბ–ს, მოწმეთა: ს. ც–ს შ. გ–ს და ჯ. მ–ს ჩვენებებით, 2021 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ჭ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

12. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (2021 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმით, ასევე – დაზარალებულებისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით) დასტურდება გ. ჭ–სს ქმედებით დაზარალებულებისათვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

13. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დაზარალებულების – ო. ც–ისა და მ. ბ–სა და მოწმე ს. ც–ს ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობის შესახებ და კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17; 264აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენება თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

13.1. დაზარალებულ ო. ც–ს ჩვენებით, დგინდება, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, გვიან ღამით, გააღვიძა არასრულწლოვანმა შვილმა ს–მ და უთხრა, რომ ეზოს ჭიშკართან ვიღაც იგინებოდა და კარს ურტყამდა რაღაც საგანს. ო–მა გაიხედა გარეთ მე.. სართულის ფანჯრიდან (სახლი მდებარეობს ჭიშკრიდან დაახლოებით 10-15 მეტრში, ფანჯარა კი გადაყურებს ეზოს ჭიშკარს) და დაინახა ალკოჰოლით მთვრალი გ. ჭ–ს(მათი მეზობელი), რომელიც რაღაც რკინის საგანს ურტყამდა დაზარალებულის ჭიშკარს, იგინებოდა და იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ო–რ, ჩაგკლავთ ღორივით ორივე ცოლ-ქმარსო. პერიოდულად ბრალდებული ცდილობდა კარზე ამობობღებას, მაგრამ ვერ ახერხებდა, ვინაიდან ჭიშკარი და ღობე საკმაოდ მაღალია. დაზარალებულის განმარტებით, ინციდენტის დროს, მისი მეუღლე მ. ბ–სი და ქალიშვილი ნ–ო იმყოფებოდნენ გვერდით ოთახში და ხმაურზე მათაც გაეღვიძათ. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორიაზე არის გარე განათება, მე.. სართულის ფანჯრიდან მხედველობა იყო კარგი და კატეგორიულად ადასტურებს, რომ პირი, რომელიც მის ჭიშკარზე აბრახუნებდა რკინის საგანს, იგინებოდა და იმუქრებოდა დაზარალებულების მისამართით, რომ სიცოცხლეს მოუსპობდა, არის გ. ჭ–ს. შეკითხვაზე, თუ როგორ ხედავდა ბრალდებულს, დაახლოებით, 2.5 მეტრის სიმაღლის ჭიშკრისა და ღობის მიღმა, დაზარალებულმა გარკვევით ახსნა, რომ როდესაც გ–ი იდგა უშუალოდ კართან და აბრახუნებდა, მაშინ, ცხადია, არ ჩანდა, თუმცა როდესაც შიგადაშიგ უკან იხევდა (გზის მხარეს) და აგრძელებდა გინება-მუქარას, იგი ექცეოდა დაზარალებულის მხედველობის არეში. გ. ჭ–სს დანაშაულებრივი ქმედების უშუალო თვითმხილველია ცი–ების ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის, მისი შვილი ნ. ც–ც, თუმცა იმდენად არის შეშინებული, რომ უარი განაცხადა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ გ–ის მხრიდან წლების მანძილზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო მისი ოჯახი არის უმძიმეს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, განიცდიან მუდმივ შიშს, რომ ბრალდებულის მუქარა რეალურად განხორციელდება, ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება და არ აქვთ მშვიდი ცხოვრების საშუალება. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გ. ჭ–ს მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს მისმა შვილმა ს–მ და მეუღლემ (რაც შემდგომში წარუდგინეს გამოძიებას). გ. ჭ–ს არაადეკვატურობისა და მისი წარსული გამოცდილების, აგრეთვე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული არ წყნარდებოდა და მისი მხრიდან აგრესია გრძელდებოდა, ო. ც–მა მუქარა აღიქვა რეალურად და დარეკა პოლიციაში. სამართალდამცველების გამოჩენისთანავე, ბრალდებული შეეცადა მიმალვას, თუმცა დაზარალებულის მითითებით მოხდა მისი დაკავება. დაზარალებულის ჩვენებით, შემთხვევის დღეს არცერთი მეზობელი არ გამოსულა გარეთ და არ შესწრებია მომხდარს.

13.2. 2021 წლის 5 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე იდენტურად მიუთითა დაზარალებულმა მ. ბ–სმა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ გ. ჭ–ს მათი მეზობელია, ფხიზელ მდგომარეობაში ბრალდებულს აქვს კარგი ხასიათი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კი ხდება სრულიად არაადეკვატური და საშიში. გ. ჭ–ს წლების მანძილზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა ც–ლ-ბ–ს ოჯახზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა იარაღით, ასევე დაჭრა მათი არასრულწლოვანი შვილი ს–ო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახი იმყოფება მუდმივ სტრესში და განიცდის შიშს, რომ გ. ჭ–ს მუქარას განახორციელებს. დაზარალებულის განმარტებით, მათი ოჯახისა და გ. ჭ–სს ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც ო–მა ბრალდებულის მიერ მამის მკვლელობის თაობაზე სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია.

14. დაზარალებულების ო. ც–სა და მ. ბ–სის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის:

14.1. დაზარალებულთა ჩვენებები თანხვდენილია ასევე არასრულწლოვანი მოწმის ს–ო ც–ს ჩვენებასთან, რომელმაც მიუთითა, რომ არის ო. ც–სისა და მ. ბ–სის შვილი. მათ მეზობლად ცხოვრობს გ. ჭ–ს. 2021 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, ეზოში გარედან გაისმა გინებისა და ჭიშკარზე რკინის დარტყმის ხმა. ხმაურზე მას შეეშინდა და გააღვიძა მისსავე ოთახში მყოფი მამა. მათ გვერდით ოთახში ეძინათ დედას - მ–ს და დას - ნ–ს. არასრულწლოვნის განმარტებით, მან და მამამ გაიხედეს მესამე სართულის ფანჯრიდან, რომელიც პირდაპირ უყურებს ეზოში შემოსასვლელ ჭიშკარს და დაინახეს, რომ კართან იდგა გ. ჭ., რომელიც რაღაც რკინას ურტყამდა ჭიშკარს, აგინებდა მათ, მიმართავდა უხამსი სიტყვებით და ეძახდა, რომ ყველას მოკლავდა, დახოცავდა, „გააღეთ კარები ლოგინში უნდა ჩაგკლათო.“ მოწმის განმარტებით, საკუთარი თვალით დაინახა გ. ჭ–ს და იცნო ხმითაც, მართალია, გ–ი როდესაც ჭიშკართან ახლოს იდგა არ ჩანდა, მაგრამ პერიოდულად უკან იხევდა (გზისკენ) და მთლიანად ექცეოდა თვალთახედვის არეში. არასრულწლოვანმა დაადასტურა, რომ მან მამის თხოვნით, ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებები გადაიღო მობილური ტელეფონით, მისთვის ცნობილია, რომ ვიდეოგადაღება განახორციელა გვერდით ოთახში მყოფმა მ. ბ–სმაც. არასრულწლოვანმა განმარტა, რომ ვინაიდან გ. ჭ–ს არ ჩერდებოდა, ო. ც–ი იძულებული გახდა დაერეკა პოლიციაში. ადგილზე მისულმა სამართალდაცავებმა გ. ჭ–ს დააკავეს მათი ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი ცდილობდა მიმალვას, თუმცა მასზე მიუთითა ო. ც–სმა.

14.2. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის შეფასებას შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორების – შ. გ–სა და ჯ. მ–ს ჩვენებებთან მიმართებით და მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, ღამის საათებში, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ. თ–ში, ჩ–ს ქუჩის №..-ში, სადაც დახვდათ ინიციატორი ო. ც–ი, რომელმაც მიუთითა იქვე მიმავალ პირზე და განმარტა, რომ იგი დაემუქრა ო. ც–სსა და მის მეუღლეს, მ. ბ–სს, სიცოცხლის მოსპობით და ჭიშკარზე ძლიერად უბრახუნებდა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა სახლში მყოფმა ქალბატონმა, მ. ბ–სმაც. ჯ. მ–მა დამატებით განმარტა, რომ, დაზარალებულის მითითებით, შეჩერებისკენ მოუწოდა ბრალდებულს, რომელიც იმყოფებოდა ო. ც–სის ჭიშკრიდან, დაახლოებით 10 მეტრში. გასაუბრების შემდეგ, გ. ჭ–ს შემოწმდა ალკოტესტით და დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. ბრალდებული იყო აგრესიული, აგრძელებდა ყვირილსა და გინებას, სავარაუდოდ, დაზარალებულსა და მის ოჯახს ემუქრებოდა დახოცვით, მართალია სახელებით არ მიმართავდა, მაგრამ გამოძახებაში მითითებული გარემოებების იდენტურად სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. არ ახსოვს დაზარალებულმა მიუთითა თუ არა ნივთზე, რომლითაც უნგრევდა კარებს გ. ჭ–ს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გ. ჭ–ს დააკავეს ადგილზე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის სხდომის ოქმი 16:24:20 – 16:28:20).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. მ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არ გამორიცხავს გ. ჭ–სს მიერ დაზარალებულების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას (მოწმემ განმარტა, ნასვამი გ–ისათვის გასაღების წართმევისა და მისი მხრიდან გინების მოსმენის შემდეგ, ლ. მ–მამ დატოვა გ. ჭ–ს და წავიდა სახლში, თუმცა გზად მიმავალს კვლავ ესმოდა კარის ბრახუნის, რკინის დარტყმისა და გინების ხმა. მოწმის ვარაუდით, ეს იყო ბრალდებულის ავტოფარეხის კარის ხმა, რომელიც ძნელად იხურება) სასამართლო ითვალისწინებს რომ მოწმე ადგილზე აღარ იმყოფებოდა და მისი მითითება ავტოფარეხის კარის ხმაზე , თუმცა ეს არის მხოლოდ ვარაუდი. იმავდროულად, მოწმის აღნიშნული ჩვენება ეწინააღმდეგება 2021წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დაზარალებულთა ( ასევე მოწმე ს–ო ც-ს) ჩვენებებს; და შესაბამისად, მოცემული მოწმის ჩვენება ვერ გამორიცხავს, რომ მასთან დაშორების შემდეგ გ. ჭ–მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება - დაზარალებულთა კარზე ბრახუნი, გინება და მუქარა.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მოწმეები: მ. დ–ე, ა. ც–ი, გ. გ–ა გ. ჭ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებას არ შესწრებიან. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის აპელირება წარსულში გ. ჭ–ს მიმართ დადგენილ გამამართლებელ განაჩენებზე (მათ შორის დაცვის მხარის მიერ ......... განცხადებით წარმოდგენილი გამამართლებელი განაჩენი), ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ გ. ჭ–ს ო. ც–სის და მ. ბ–ს ქმედებებით(ზოგადად მათი ურთიერთობიდან გამომდინარე, რაზეც მითითებულია მეზობლების გამოკითხვის ოქმებში) განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მოცემულ შემთხვევაში (მათ შორის 2021 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმის გათვალისწინებით) არ გამორიცხავს გ. ჭ–ს მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

17. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ჭ–სს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

18. ამასთან, კასატორი დაცვის მხარის პოზიციაზე ო. ც–სის მობილურით გადაღებული ვიდეოჩანაწერისა და საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების დათვალიერების ნებართვის გაცემაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებათა მოპოვების წესსა და სტანდარტს განსაზღვრას საქართველოს სსსკ-ი, მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს დაცვის მხარის მოთხოვნაზე და მიიღეს სათანადო გადაწყვეტილება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. დ–სა და ი. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე