საქმე # 020100123006941149
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №934აპ-23 ქ. თბილისი
ჭ. დ. 934აპ-23 23 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: დ. ჭ–ას, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ჭ–ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის მაისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქალაქ ზ–ში, ........ის მე-.. შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-ს პ-ს დ-ს უ-მა ი-მ, დ. ჭ–ამ, ურთიერთშელაპარაკებისას ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაში მეუღლეს – მ. გ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2022 წლის 20 ივნისს, ქალაქ ზ–ში, ი–ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-ს პ-ს დ-ს უ-მა ი-მ დ. ჭ–ამ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მუშტი ერთხელ დაარტყა ნეკნების არეში მეუღლეს – მ. გ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2018 წლიდან, 2022 წლის მაისის თვის ბოლომდე, ქალაქ ზ–ში, ........ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-ს პ-ს დ-ს უ. ი., დ. ჭ–ა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სისტემატურად ურტყამდა ხელს სახეში მეუღლეს – მ. გ–ს, რომელიც აღნიშნულით განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს;
2.4. 2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქალაქ ზ–ში, ..........ის მე-.. შესახვევი N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლით მთვრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-ს პ-ს დ-ს უ. ი., დ. ჭ–ა, თანნაქონი სანადირო თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - მ. გ–სს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.5. 2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით, 01:00 საათზე ქ. ზ–ში, .........ის მეორე შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-ს პ-ს დ-ს თანაშმრომელი, დ. ჭ–ა, თანნაქონი სანადირო თოფის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა გ. გ–სს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით:
3.1. დ. ჭ–ა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. დ. ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.2.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2022 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.2.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.2.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლიდან -2022 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
3.2.5. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ჭ–ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით - 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათი;
3.4. დ. ჭ–ას, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო კურსის გავლა;
3.5. დ. ჭ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2023 წლის 17 იანვრიდან – 2023 წლის 03 აპრილის ჩათვლით;
3.6. დ. ჭ–ას საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალა კონტროლი დ. ჭ–ას ყოფაქცევაზე და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში; საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ და მოითხოვა დ. ჭ–ას დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის განჩნებით აღმოიფხვრა ნივთმტკიცების განკარგვის აბზაცში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ნივთმტკიცების განკარგვის აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება – დ. ჭ–ას კუთვნილი ............ მოდელის სანადირო თოფი ნომრით ........., შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.“
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე ითხოვს დ. ჭ–ას დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს დ. ჭ–ას დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში რეალური თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ დ. ჭ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
11.1. სასამართლო ითვალისწინებს მ. გ–სა და ა. ლ–ს ჩვენებებს, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2023 წლის 1 იანვარს დ. ჭ–ა სანადირო თოფით დაემუქრა მ. გ–სა და გ. გ–ს და უთხრა „ამ თოფით მოგკლავთ ორივესო“.
11.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დ. ჭ–ს აღიარებას, თუმცა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.
11.3. უტყუარად არ დასტურდება (არც ობიექტური და არც სუბიექტური კრიტერიუმებით) რომ დ. ჭ–ს ქმედებით დაზარალებულ გ. გ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს (ელემენტს) კერძოდ, დაზარალებულმა გ. გ–მ გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ ახალი წლის ღამეს, 2023 წლის 1 იანვარს იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ და არ ახსოვს იმ ღამეს მომხდარი მოვლენები.
12. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით არ დასტურდება დ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
13. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენების მუქარით (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით) და გენდერის ნიშნით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას; მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დ. ჭ–მ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 20 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - იარაღის გამოყენების მუქარით.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის განაჩენში მითითებული არ არის დ. ჭ–სათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დანიშვნის შესახებ, თუმცა დ. ჭ–სათვის დანიშნული სასჯელები შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი შეცვლის/დამძიმების საფუძველი.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი(ორი ეპიზოდი) სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
17. გასაჩივრებული განაჩენით, დ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) სასჯელის სახით დანიშნული აქვს მაქსიმალური ვადით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მაქსიმალური ვადით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ორი ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თუმცა დ. ჭ–მ აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ნასამართლობის არ მქონეა, ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები.
17.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, დ. ჭ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
17.2. სააპელაციო სასამართლომ დ. ჭ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე