საქმე # 180100122005824239
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №796აპ-23 ქ. თბილისი
ჯ–ი გ., 796აპ-23 12 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის –გ. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ჯ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ჯ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 10 აპრილს, ღამის საათებში, დ–ს რაიონის სოფელ გ–ში, მ. გ–ას საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ჯ–მა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ. გ–ს მუცლისა და თავის არეში მიაყენა დაზიანებები, მათ შორის, დანის გამოყენებით შემავალი ჭრილობა – მუცლის არეში, რის შედეგადაც მ. გ–ა შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ჯ. ჯ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
3.1. ჯ. ჯ–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 10 აპრილიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 10 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 02:30 საათზე დ-ს რაიონის სოფელ გ-ში, მ. გ–ას საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ჯ–სმა, განაწყენებულმა მასზე, რომ მ. გ–ამ, როგორც მგზავრმა, შეაფერხა მისთვის მგზავრობის საფასური ფულადი თანხის გადახდა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ. გ–ას მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოებში – მუცლისა და თავის არეში მიაყენა დაზიანებები, მათ შორის, დანის გამოყენებით შემავალი ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში, რის შედეგადაც, მ. გ–ა შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. ჯ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. თ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა.
5.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – გიორგი კრავეიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენში, ჯ. ჯ–ის მიმართ, შევიდა ცვლილება:
6.1. ჯ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
6.2. ჯ. ჯ–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 10 აპრილიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ჯ. ჯ–მა და მისმა ადვოკატმა გ. თ–მ, რომლებიც ითხოვენ ჯ. ჯ–ს უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო ალტერნატივის სახით, მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირებას.
7.1. საქართველოს უზენაეს სასამარლოში შემოვიდა მსჯავრდებულის განცხადება თანდართული მასალებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებით.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ჯ. ჯ–ს უდანაშაულოდ ცნობას ან მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლისა.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინეს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2022 წლის 10 აპრილს, ღამის საათებში, დ-ს რაიონის სოფელ გ-ში მ. გ–მ მუცლისა და თავის არეში მიიღო დაზიანებები, მათ შორის, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით – დანით შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
10.1. დანის დარტყმის ფაქტთან დაკავშირებით (რაც გახდა მ. გ–ს გარდაცვალების მიზეზი) დაცვის მხარე განმარტავს, რომ მსჯავრდებულს არ მოუკლავს მ. გ–ა და არ იცის – რა ვითარებაში მიიღო მუცლის არეში დაზიანება; ჯ. ჯ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
11. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ჯ. ჯ–მა მ. გ–ას დაარტყა თუ არა დანა და ჩაიდინა თუ არა მ. გ–ას განზრახ მკვლელობა.
12. დაცვის მხარე ჯ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლში გამართლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონია მ. გ–ს მკვლელობის განზრახვა. იმავდროულად, ალტერნატივის სახით უთითებს: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ჯ–ს ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს – განუსაზღვროს საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ჯ. ჯ–ს უდანაშაულობა და ის გარემოება, რომ ჯ. ჯ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ან მის მიერ ჩადენილი ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს; რომ მ. გ–ას ვერსიას სახლში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არასარწმუნოდ ხდის, მათ შორის, მსჯავრდებულის მიერ დასახელებული მოწმეთა ჩვენებები (სახლის პირველ სართულზე მყოფ გარდაცვლილის მეუღლეს და შვილებს, ასევე მეზობლებს კონფლიქტთან დაკავშირებული რაიმე ხმაური არ გაუგიათ; გარდაცვლილის მეუღლის ჩვენების თანახმად, სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე მ. გ–ამ მოასწრო თქმა, რომ მას დანა დაარტყა ჯ. ჯ–სმა).
14. დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მ. გ–ას მხრიდან ჯ. ჯ–ს მობილური ტელეფონის აღებამ და დამალვამ გამოიწვია მსჯავრდებულსა და მ. გ–ას შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება, რაც ,,სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში“ გადაიზარდა, კერძოდ, კამათს საბოლოოდ მ. გ–ას მხრიდან მოჰყვა ჯ. ჯ–ს მიმართ დანის მოქნევა, შედეგად კი, განვითარებული მოვლენისგან აღელვებული ჯ. ჯ–ი აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რათა თავი დაეცვა მ. გსგან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას,
15. იმ პირობებში, როდესაც ჩხუბისა და კონფლიქტის ხმა არავის გაუგია; ჯ. ჯ–სი და მ. გ–ა იყვნენ მარტო, ადგილი არ ჰქონია ჯგუფურ დაპირისპირებას; მ. გ–ა ადგილზე გარდაიცვალა მუცლის მიდამოში მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანების შედეგად (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. გ–ას სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად დაზიანებული ღვიძლის საკუთარი არტერიიდან შინაგანი სისხლდენის განვითარების გამო); მსჯავრდებულის ჩვენებით: მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირებისას მ. გ–ას ხელიდან გაუვარდა დანა, იგი მან აიღო და სასწრაფოდ დატოვა სოფელი, ხოლო დანა გადააგდო (პოლიციის თვალთახედვის არეში მყოფმა, უკვე მშვიდად და დაცულად იგრძნო თავი, თუმცა ვიდრე ავტომანქანას გააჩერებდა, მანქანის მარჯვენა კარის ფანჯრიდან გადააგდო მ. გ–ას სახლიდან წაღებული დანა), –საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ჯ. ჯ–მა არ იცის, რა ვითარებაში მიიღო მ. გ–ამ მუცლის არეში დაზიანება და მისი გარდაცვალების შესახებ გაიგო მოგვიანებით, პოლიციის თანამშრომლისგან; ამასთან, სოფლიდან წამოსული აპირებდა მომხდარის თაობაზე განეცხადებინა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა სოფელ ნ-თან პოლიციის ეკიპაჟი თავად წამოეწია.
16. იმის მიუხედავად თუ რამ გამოიწვია ჯ. ჯ–სსა და მ. გ–ას შორის უთანხმოება (ტაქსის საფასურის გადახდის გაჭიანურებამ თუ მ. გ–ას მხრიდან მისი მობილური ტელეფონის აღებამ/დამალვამ) საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) უტყუარად დგინდება ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ჯ. ჯ–ი დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა მ. გ–ს მოკვლის განზრახვით.
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“ შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის განჩინება N770აპ-19).
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ჯ. ჯ–ს არ ჰქონდა მ. გ–ს მკვლელობის განზრახვა და თავს იცავდა, რა დროსაც გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა (რომლის გარეშეც შეუძლებელია ქმედების მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა) და არც – აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.
19. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჯ. ჯ–მა თავისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
20. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით ჯ. ჯ–ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის დანაწესი (რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება), ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მათ შორის, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
20.1. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ჯ. ჯ–მა დანაშაული ჩაიდინა დანის გამოყენებით, რომელიც შემდეგ მსჯავრდებულმა გადააგდო და, მიუხედავად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებისა, ვერ იქნა მოძიებული, თუმცა, იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გამოსაყენებლად, აუცილებელია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, რომლითაც დგინდება გამოყენებული დანის კუთვნილება ცივ იარაღთა კატეგორიისადმი წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს ბრალად ვერ შეერაცხება ხსენებული დამამძიმებელი გარემოება – „იარაღის“ გამოყენება (მაგ: აქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის №422აპ -23 განაჩენი; საკასაციო სასამართლო არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს, რამეთუ, ერთი მხრივ, არ არის ამოღებული დანაშაულის საგანი და შესაბამისად, არ არის მასზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის №722აპ-23 განაჩენი).
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
22. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი წინაპირობის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე