Facebook Twitter

საქმე # 820100120003858120

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №788აპ-23 ქ. თბილისი

ჯ. ი. 788აპ-23 11 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. დ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ჯ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით;

1.2. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ჯ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 9 მაისს, 21:30 საათიდან 23:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ი. ჯ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. ბ–ში, დ-ს ქ. N ..-ის ბინა N..-ში მდებარე ც. ფ–ს საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ც. ფ–სა და ი. გ–სის, 4300 ლარის საერთო ღირებულების, კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ნივთებს. დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2.2. 2020 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. ბ–ში, ..........ის გამზირზე N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ჯ–სე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ე. კ–ს კუთვნილ ,, Xiaomi Redmi Note 3” მოდელის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ი. ჯ–სის ქმედებით ე. კ–ს მიადგა 170 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ი. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარი სასჯელიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ჯ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.4. ი. ჯ–ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან; მასვე სასჯელის მოხდილ ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 6 ივნისიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით.

4. ძებნილის დაკავების 2022 წლის 26 ივნისის ოქმის თანახმად, მსჯავრდებული ი. ჯ–სე დააკავეს – 2022 წლის 26 ივნისს, 12:55 საათზე .

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ჯ–მ და მოითხოვა უდანაშაულოდ ცნობა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ჯ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. დ–მა და მოითხოვა ი. ჯ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ი. ჯ–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (ქურდობის ნაწილში – მათ შორის: დაზარალებულებისა და მოწმეების, მათ შორის, ფ. ა–ს ჩვენებები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 3 ივლისის დასკვნა, სამკაულების ამოცნობის ოქმი და სხვა მტკიცებულებები; ხოლო თაღლითობის ეპიზოდში – მათ შორის, დაზარალებულ ე. კ–ს ჩვენება, ვიდეოჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ი. ჯ–მ ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ჯ–ს მიერ ქურდობის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა (ც. ფ–სა და ი. გ–ს ჩვენებების თანახმად, 2020 წლის 9 მაისს, საღამოს, სახლში დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ კარი შიგნიდან იყო დაკეტილი, საბოლოდ ნახეს, რომ ოთახებში არეულობა იყო, სამკაულები, ნოუთბუკი და სხვა ნივთები კი მოპარული. ამასთან, ი. გ–მ განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო დამნაშავის ვინაობა. ი. ჯ–ს ბავშვობიდან იცნობს, არიან მეზობლები და მასთან დაზარალებულებს პრეტენზია არ აქვთ, ვინაიდან მის ოჯახთან (დედასთან) შეთანხმდნენ, რომ იგი ეტაპობრივად აუნაზღაურებს ზიანს (18.02.2021; 16:14:29). ი–ი მათ სახლში ორჯერ იყო სტუმრად, პატარა ლეკვი ჰყავდა შეყვანილი (16:18:01). ოჯახთან შეთანხმება დაადასტურა ასევე დაზარალებულმა ც. ფ–სემ (16:34:12)), დასტურდება, მათ შორის, ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 3 ივლისის დასკვნით, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან – ც. ფ–სის საცხოვრებელი სახლიდან – აღებული სუნის კვალის ნიმუში და ი. ჯ–სგან აღებული სუნის ნიმუში იდენტურია (კერძოდ: საძინებელ ოთახში, სარკიანი კომოდის წინ იატაკის ზედაპირიდან და საძინებელ ოთახში, ჭურჭლის კარადის წინ იატაკის ზედაპირიდან, აღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ი. ჯ–საგან აღებული სუნის ნიმუშის) და მოწმე ფ. ა–ს ჩვენებით (ჩვენების თანახმად, იგი ეწევა ფერადი ლითონების ყიდვა-გაყიდვას. 2020 წლის 10 მაისს ი. ჯ–მ მიუტანა, მისივე განმარტებით, კუთვნილი, დაახლოებით 50 ლარის ვერცხლეული, რომელიც პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ ჩაიბარა. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი დააკვირდა ფოტოს და დარწმუნდა, რომ ნამდვილად ი–ი იყო, შესაბამისად, ნივთები გააფორმა ჟურნალში და ჩაიბარა. გარდა ამისა, მსჯავრდებულმა განუმარტა, რომ ფული სასწრაფოდ სჭირდებოდა. მანამდე არ იცნობდა ი. ჯ–ს, შესაძლებელია ნანახი ჰყავდა, რადგან მის სამუშაო ადგილას ბევრი ადამიანი მოძრაობს, ამიტომ დაზუსტებით ვერ იტყვის, თუმცა ცნობით ნამდვილად არ იცნობდა (17:32:47)).

10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულების ჩვენებას, რომ მსჯავრდებული მათ სახლში რამდენჯერმე იყო ნამყოფი, მათ შორის, დაზარალებულ ი. გ–სის ჩვენებას, რომ ი–ი მათ სახლში ორჯერ იყო სტუმრად, პატარა ლეკვი ჰყავდა შეყვანილი, თუმცა, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ჯ–საგან აღებული სუნის ნიმუშის იდენტური სუნის კვალის ნიმუშები იყო დაზარალებულების საძინებელ ოთახებში.

10.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ შესაძლოა მოწმე ფ. ა–მ პოლიციის ზემოქმედებით იცრუა, ვინაიდან აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება. ამასთან, სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის გაჩენის საფუძველი გახდებოდა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ამოღების 2020 წლის 10 მაისის ოქმს და თანდართულ ფოტომასალას, რომლის თანახმად, ფ. ა–სგან, გარდა ვერცხლის სამკაულებისა, ამოიღეს ასევე რვეული წარწერით – ,,ოქროსა და ვერცხლის ჟურნალი; 13.10.2019 წ“, რომლის მე-11 გვერდზე მითითებულია ტექსტი: ,,10.05.2020. ვერცხლის ნაკეთობა, ლომი, 51 გრ. ი. ჯ–სე, პN............, 50 ლ.“ ამასთან, აღნიშნულ ოქმზე, ფ. ა–სეს ხელმოწერით, ,,საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადების“ გრაფაში, მითითებული აქვს, რომ ამოღებული სამკაულები იმავე დილით მიჰყიდა მისთვის უცნობმა პირმა – ი. ჯ–მ, რაც აღნიშნული აქვს კიდეც ამოღებულ რვეულში.

11. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებას, ი. ჯ–ის მიერ თაღლითობის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, გარდა დაზარალებულ ე. კ–ს ჩვენებისა, დასტურდება, მათ შორის, ასევე ამოცნობის 2020 წლის 6 ივნისის ოქმით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით (00:01:55).

11.1. დაუსაბუთებლობის გამო, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ დანაშაულის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ადგილი აქვს გაურკვევლობას და, რომ არარეალისტურია ასლარიანი ტელეფონისათვის დანაშაულის ჩადენა, ისევე, როგორც კასატორის აბსტრაქტულ და დაუსაბუთებელ მტკიცებას, რომ მსჯავრდებულმა ნამდვილად დარეკვის მიზნით ითხოვა დაზარალებულისაგან მობილური ტელეფონი, თუმცა საუბრისას ვიღაც პირისგან იგრძნო საფრთხე, გაერიდა იქაურობას და მოგვიანებით ეძებდა დაზარალებულს ნივთის დასაბრუნებლად.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, მათ შორის, მაშინ, თუ იგი თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას; ასევე, საქართველოს სსსკ-ის 249-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წარადგინონ დასკვნითი სიტყვები.

13.1. მოცემულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის არსებით სხდომას ადვოკატთან ერთად ესწრებოდა ი. ჯ–ე, ვიდრე 2021 წლის 5 მარტს სასამართლო სხდომაზე, მის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეიცვალა გირაოთი და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

13.2. მომდევნო 2021 წლის 17 მარტის სასამართლო სხდომა, რომელსაც არ ესწრებოდა ბრალდებული, გადაიდო დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. აღნიშნულის შემდეგ – 2021 წლის 5 და 22 აპრილის, 27 მაისის, 21 ივნისის სასამართლო სხდომებზე, კვლავ არ გამოცხადდა ბრალდებული, თუმცა საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – ბ. ბ–ე. იმავდროულად, წარმოდგენილი იქნა საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ი. ჯ–სემ 2021 წლის 17 ივნისს გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

13.3. სასამართლო სხდომის 2021 წლის 8 ივლისის ოქმის თანახმად, სხდომაზე გამოცხადებულმა ადვოკატმა ბ. ბ–მ იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო და მიუთითა, რომ ბრალდებული დააკავეს თ–ს რესპუბლიკაში, 2021 წლის 25 ივლისს დანიშნულია სასამართლო სხდომა, მიღწეულია შეთანხმება – თავისუფლების აღკვეთის ჯარიმით შეცვლის თაობაზე, შესაბამისად, იგი აპირებს ს–ში დაბრუნებას და სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე საქმის განხილვაში. დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის განხილვა გაგრძელდეს ბრალდებულის დაუსწრებლად. იმავე სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ გამოაქვეყნა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, რის შემდეგაც, სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა და საქმის განხილვა გადაიდო ადვოკატის შუამდგომლობის – დაცვის მხარისათვის დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად გონივრული ვადის მიცემის – საფუძველზე.

13.4. შემდეგი 2021 წლის 15 ივლისის სასამართლო სხდომა გადაიდო ტექნიკური შეფერხების გამო, ხოლო 2021 წლის 12 აგვისტოს სასამართლო სხდომა – დაცვის მხარის, მათ შორის, ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო.

13.5. საბოლოოდ, 2021 წლის 23 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარეს უნდა ესარგებლა დასკვნითი სიტყვის წარმოდგენის უფლებით, თუმცა არც ბრალდებული და არც ადვოკატი არ გამოცხადდნენ, ხოლო სასამართლომ განმარტა, რომ: სასამართლომ მიიღო ყველა ზომა, რათა არ დარღვეულიყო დაცვის მხარის უფლება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლო განაჩენს გამოიტანდა დაცვის მხარის დასწრების გარეშე. შესაბამისად, საქმის განხილვა გააგრძელა და რეპლიკის უფლება მიეცა ბრალდების მხარეს, რის შემდეგაც, გამოცხადდა გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის 249-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნებს, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 300-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. ამასთან, განაჩენი უკანონოა, თუ, მათ შორის, არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ, მათ შორის, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაცვის მხარის უფლების მნიშვნელოვან დარღვევას, როდესაც ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვის პირობებში, ადვოკატის გამოუცხადებლობისას (მიუხედავად იმისა, რამდენჯერ ან/და რა მიზეზით არ გამოცხადდა დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატი), საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, არ დანიშნა სავალდებულო დაცვა, გამოტოვა საქართველოს სსსკ-ით გარანტირებული უფლება – წარედგინა დასკვნითი სიტყვა და გადავიდა ბრალდების მხარის რეპლიკის ეტაპზე.

14.1. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დარღვევა – დაცვის მხარისათვის დასკვნითი სიტყვის წარმოდგენის შესაძლებლობის შეზღუდვა (ჩამორთმევა) ეფექტიანად დაბალანსდა მთლიანობაში სამართალწარმოებისას, კერძოდ, მსჯავრდებული პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას მონაწილეობდა (პირადად და ადვოკატის მეშვეობით) ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში, ჰქონდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის და სარწმუნოობის შედავების, მტკიცებულების მოპოვების და წარმოდგენის შესაძლებლობა; სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, როგორც ადვოკატს, ისე მსჯავრდებულს, ჰქონდათ შესაძლებლობა, სრულყოფილად ესარგებლათ, როგორც შესავალი სიტყვით, ასევე რეპლიკისა და დასკვნითი სიტყვით; დაცვის მხარეს, მათ შორის, პროცესში მონაწილე ადვოკატს – ვ. დ–ს (ახალი ადვოკატი) – არ დაუყენებია შუამდგომლობა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე (19.04.2023; 13:38:20); სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არსებითად იქნა განხილული მსჯავრდებულის საჩივარი და შესაბამისად – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება; დაცვის მხარემ ისარგებლა ასევე შესაძლებლობით და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით და სისხლის სამართლის საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო საჩივარში შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, მათი საკმარისობა მსჯავრდებისთვის) და მიუთითა ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც დაცვის მხარე არ ეთანხმება და უკანონოდ მიიჩნევს ი. ჯ–ს მსჯავრდებას.

14.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაშვებული ზემოაღნიშნული დარღვევა არის მნიშვნელოვანი, თუმცა არა იმდაგვარი, რასაც, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ი. ჯ–მ ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები, შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14.3. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, მათ შორის, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში მონაწილეობდა ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი – ბ. ბ–მე; სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს, კერძოდ, მსჯავრდებულსა და მის მიერ მოწვეულ ახალ ადვოკატს – ვ. დ–ს – მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ, როგორც შესავალი სიტყვით, ასევე რეპლიკისა და დასკვნითი სიტყვით; დაცვის მხარეს, მათ შორის, ახლადმოწვეულ ადვოკატს – ვ. დ–ს – არ დაუყენებია შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე, შესაბამისად, არ უდავია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების შესაძლო კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლევაზე; დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეაფასა პირველ ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებები, მათი კანონიერება და საკმარისობა, იმავდროულად, ჰქონდა შესაძლებლობა საკასაციო საჩივარშიც, შეეჯამებინა პოზიციები და მიეთითებინა შესაბამისი არგუმენტები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის ეტაპზე, დაცვის მხარის უფლების შეზღუდვა, კერძოდ, ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვისას, ადვოკატის გამოუცხადებლობისას, სავალდებულო დაცვის არდანიშნა და დაცვის მხარისათვის დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობის არმიცემა, მართალია, არის საქმის საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით განხილვა, თუმცა არა იმდაგვარი, რომელსაც შეეძლებოდა არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, ი. ჯ–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულების ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია კვალიფიკაცია, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ი. ჯ–ს გამართლება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. დ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი