საქმე # 010142223701260124
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №26აგ-23 ქ. თბილისი
კ. ვ. 26აგ-23 15 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად:
1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ვ. კ–სა – დაბადებული 19.. წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ვ. კ–სა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ნაწილობრივი შეკრებით, ვ. კ–ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლით. საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისიწინებით, რომ 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, მას დანიშნული ჰქონდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, განაჩენთა ერთობლიობით ვ. კ–ას საბოლოოდ განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული ვ. კ–ა პატიმრობაში იმყოფება 2000 წლის 24 იანვრიდან.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, ვ. კ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 13 წლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – დარჩა უცვლელი.
1.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ვ. კ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელები, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – დარჩა უცვლელი.
1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო გადასინჯვის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება ვ. კ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.
1.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენი ვ. კ–ს მიმართ.
1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. კ–ს შუამდგომლობა დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. კ–ს შუამდგომლობა დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
1.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინება ვ. კ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.
1.10. 2023 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. კ–მ და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 285-ე პრიმა მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე - დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლება.
1.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ვ. კ–ს შუამდგომლობა, მის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების შესახებ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – დარჩა უცვლელი.
1.12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინება ვ. კ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.
2. 2023 წლის 24 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ვ. კ–მ და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა სასამართლო შემადგენლობამ სახალხო მსაჯულების მონაწილეობით, რაც მსგავსი შინაარსის მქონე საქმეზე („გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“) უკანონოდ აღიარა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ვ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. კ–მ. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების – „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საფუძველზე.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.
3. კასატორის მტკიცებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი გამოტანილია არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ, ვინაიდან საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდა ორი სახალხო მსაჯული. მსჯავრდებული უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის (,,გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“) გადაწყვეტილებაზე.
3.1. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
4. კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვას ითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების (Gorgiladze v. Georgia, app. no. 4313/04, ECtHR, 20/10/2009) საფუძველზე.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა ვ. კ–მ 2001 წლის 12 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა მოითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. იმავდროულად, კასატორი განაჩენის დამდგენი სასამართლოს შემადგენლობის უკანონობის მტკიცებისთვის უთითებს ერთადერთ საფუძველს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებას (Gorgiladze v. Georgia, app. no. 4313/04, ECtHR, 20/10/2009). შესაბამისად, ვინაიდან კასატორის მოთხოვნა სრულად ემყარება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვ. კ–სას მოთხოვნა შეესაბამება არა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, არამედ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს.
5.1. საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, პირი უფლებამოსილია 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.
5.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 333-ე მუხლს, რომლის თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდა 2012 წლის 1 იანვრიდან; ასევე საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლს (საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლში 2012 წლის 27 მარტს შევიდა ცვლილება, რომლითაც, დადგინდა 1 წლიანი ვადა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათავლისწინებული საფუძვლით განაჩენის გადასინჯვისთვის. კერძოდ, ცვლილებამდე მუხლის დანაწესის თანახმად, სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული ნებისმიერი საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა იყო შეუზღუდავი, ხოლო აღნიშნული ცვლილების შემდეგ დადგინდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის 1 წლიანი ვადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან.
5.3. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის იმპერატიულ ხასიათს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულმა ვ. კ–მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა (Gorgiladze v. Georgia, app. no. 4313/04, ECtHR, 20/10/2009) საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა 2023 წლის 24 ივლისს, გასულია საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლით დადგენილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნის ვადა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას .
5.4. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ევროპულმა სასამართლომ კონვენციის ან/და მისი ოქმების დარღვევა დაადგინა „ ამ საქმესთან“ დაკავშირებით.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას და კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა ორ კონკრეტულ საქმეზე (Gorgiladze v. Georgia, app. no 4313/04, ECtHR, 20.01.2010; Pandjikidze and others v. Georgia, app no. 30323/02, ECtHR, 27.01.2010) და მას ე.წ. „მასობრივი დარღვევების“ საკითხზე არ უმსჯელია. ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (No R (2000) 2 წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ დონეზე, ზოგიერთი საქმის გადასინჯვის ან საქმისწარმოების განახლების შესახებ) მიხედვით განსაზღვრულია, რომ „მასობრივი“ დარღვევების შემთხვევაში, საქმეთა გადასინჯვა/დარღვეული უფლების სხვაგვარი გამოსწორება სახელმწიფოს დისკრეციას წარმოადგენს (იხ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია No. R (2000) 2, პარ. 14); ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის თანახმად, კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში სხვა საქმეების გადასინჯვის ვალდებულება სახელმწიფოს კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად პირდაპირ არ აქვს. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ გორგილაძისა და ფანჯიკიძის გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების საქმეები მინისტრთა კომიტეტმა დახურა სხვა საქმეთა გადასინჯვის მოთხოვნის გარეშე. კერძოდ, მან საკმარისად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები, რითაც ამ კონკრეტულ პირებს მიენიჭათ გადასინჯვის მოთხოვნის უფლება (მინისტრთა კომიტეტის 2012 წლის 26 სექტემბრის საბოლოო რეზოლუციები ფანჯიკიძისა და გორგილაძის საქმეებზე); ამასთან, აღსანიშნავია, რომ გორგილაძე/ფანჯიკიძის საქმეები თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არ ყოფილა კლასიფიცირებული არც პილოტურ და არც კვაზიპილოტურ გადაწყვეტილებად; შესაბამისად, სასამართლოს არ დაუდგენია სისტემური პრობლემა, რის გამოც სტრასბურგის ორგანოების მიერ არასოდეს წამოჭრილა სხვა იდენტურ საქმეთა გადასინჯვის აუცილებლობის ან ეროვნულ დონეზე აღსრულების სხვა ღონისძიების გატარების საკითხი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის N33აგ-17 და 2023 წლის 3 მაისის N2აგ-23 განჩინებები).
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ ვ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინება, მსჯავრდებულ ვ. კ–ს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი