Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №7აგ-24 თბილისი

გ. გ., 7აგ-24 5 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ის ეპიზოდი – მუქარა მობილური ტელეფონის მეშვეობით) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ეს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 23 ივნისიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებისათვის. გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ის ეპიზოდი – მუქარა მობილური ტელეფონის მეშვეობით) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ეს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 23 ივნისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით გ. გ-ე, -- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 364-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით მისთვის შეფარდებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, გ. გ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოხდილი ნაწილი – 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტამდე.

5. განაჩენის მიხედვით, გ. გ-ეს მსჯავრად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისათვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა; სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა.

6. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o გ. გ-ეს შსს ბ-ის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა;

o 2020 წლის 15 ივლისს გ. გ-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისათვის გაგზავნილი წერილებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა კოხოძეების ოჯახს, მათ შორის – მ. ჩ-ესა და რ. კ-ეს, თუ პროკურორი და მოსამართლე მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაუშვებლად არ ცნობდნენ მტკიცებულებებს და მიესჯებოდა თუნდაც ერთი დღით თავისუფლების აღკვეთა. მ. ჩ-ემ და რ. კ-ემ იცოდნენ, რომ გ. გ-ე იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რის გამოც მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში;

o 2020 წლის 15 ივლისს, ბრალდებული გ. გ-ე, საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისათვის ხელის შეშლის მიზნით, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით სილაგაძეს, რომელიც მის სისხლის სამართლის საქმეზე იყო საპროცესო ხელმძღვანელი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაგზავნილი წერილით დაემუქრა, რომ თუ მხარს არ დაუჭერდა მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას და მიესჯებოდა თუნდაც ერთი დღით თავისუფლების აღკვეთა, კ-ების ოჯახს ცოცხალს არ დატოვებდა;

o 2020 წლის 15 ივლისს, ბრალდებული გ. გ-ე, სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ც. მ-ეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაგზავნილი წერილით დაემუქრა, რომ თუ დაუშვებლად არ ცნობდა მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებს, არ შეწყდებოდა გამოძიება და მიესჯებოდა თუნდაც ერთი დღით თავისუფლების აღკვეთა, კოხოძეების ოჯახს ცოცხალს არ დატოვებდა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

9. 2023 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა და გაუქმება. შუამდგომლობაში მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა დაუშვებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-ემ, რომელიც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებითა და არგუმენტებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაუშვას მისი შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, კერძოდ: კასატორს არ წარმოუდგენია ისეთი ახალი გარემოება, რაც არ იყო ცნობილი სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და რაც დაადასტურებდა იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს.

4. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ეს შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე უნდა ედავა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, ხოლო ამ მოცემულობით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში აღნიშნული გარემოებების შეფასების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე