საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№4I-24 თბილისი
ს-ი პ-რ, 4I-24 21 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – პ. ს-ის (P. S.) – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2020 წლის 23 ოქტომბერს ს-ის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის დადგენილებით პ. ს-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ).
2020 წლის 23 ოქტომბერს ს-ის რესპუბლიკის ქ. ე-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებით პ. ს-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.
2021 წლის 27 აპრილს გამოცხადდა პ. ს-ის ძებნა საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, პ. ს-ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
პ. ს-მა, დარღვევით ს-ის რესპუბლიკის კანონმდებლობისა, რომლის თანახმად, განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, ს-ის რესპუბლიკაში შემსვლელი ან ს-ის რესპუბლიკიდან გამსვლელი პირებისათვის ს-ის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაარსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით პირთა გაშვებას ახორციელებს სასაზღვრო ჯარი, 2020 წელს ნ. კ-თან, ჰ. შ-სთან, ბაკში ს-სა და ჩ. ს-თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთა ს-ის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
3. აღწერილი ქმედება დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
4. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5. 2023 წლის 22 ოქტომბერს პ. ს-ი, ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
6. 2023 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით პ. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით პ. ს-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით – 6 თვემდე (2024 წლის 22 აპრილამდე).
8. 2023 წლის 16 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო პ. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
9. ამჟამად პ. ს-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
10. 2024 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და ითხოვა პ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის 2020 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებაში პ. ს-ის ბრალდებულად ცნობის თაობაზე და ისჯება ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებით დასაშვებად ცნო პ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის 2020 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებაში პ. ს-ის ბრალდებულად ცნობის თაობაზე და ისჯება ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ).
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – პ. ს-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ს-ის რესპუბლიკაში ყოფნისას პ. ს-ი, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების გამო, არაერთხელ გამხდარა დაცინვის, დამამცირებელი მოპყრობისა და ჩაგვრის მსხვერპლი; ექსტრადიციის შემთხვევაში, ს-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც შეიქმნება იგივე საფრთხე და ის დაექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კი დაემუქრება საფრთხე.
13. პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა პ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. პ. ს-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2023 წლის 22 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, პ. ს-ს, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების გამო, არაადამიანურად მოეპყრობიან და მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ პ. ს-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ ს-ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის, მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.
5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
6. პ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ და 1997 წლის 3 მაისის ორმხრივი ხელშეკრულება „საქართველოსა და ს-ის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის შესახებ“.
7. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ პ. ს-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ „აშკარად“ დაირღვევა უფლებები, მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული პ. ს-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
8. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, პ. ს-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ი-ის რესპუბლიკის მოქალაქე.
9. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. როგორც საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობიდან ირკვევა, დეპარტამენტში შეწყდა საერთაშორისო დაცვის შესახებ პ. ს-ის განცხადების განხილვა და იგი არ სარგებლობს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით.
10. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება პ. ს-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, პ. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
11. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც პ. ს-ი ბრალდებულია ს-ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილია 2020 წელს, ხოლო პ. ს-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2020 წლის 23 ოქტომბერს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 5 წლით და აითვლება დანაშაულის ჩადენის მომდევნო დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, იმავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ პირი თავს არიდებს გამოძიებასა და სასამართლოს. შესაბამისად, მითითებულ დანაშაულთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც ს-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
12. საქართველოს პროკურატურამ პ. ს-ის შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ინტერნეტის ღია წყაროებში პ. ს-ის მიმართ დევნის მანიშნებელი ინფორმაცია არ იძებნება. არ არსებობს ,,არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ განხორციელდება დევნა ან/და იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
13. გასათვალისწინებელია ს-ის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში ს-ის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან ს-ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
14. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო. ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში პ. ს-ის მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და მოხდება მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა.
15. ასევე გასათვალისწინებელია ს-ის რესპუბლიკის გარანტიები, კერძოდ:
ა) ბრალდება არ შეიცავს პოლიტიკურ დანაშაულს;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის მოტივირებული სქესის, რასის, რელიგიის, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო;
გ) პირი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან არ დაისჯება წამებით ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობით.
დ) პირს მიეცემა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება.
ე) გარანტია, რომ დაცული იქნება სპეციალობის წესი.
16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად მიიჩნია ექსტრადიცია ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე. ამდენად, არ არსებობს საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მხრიდან არ იქნება დაცული მათ მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
17. საექსტრადიციო მასალების თანახმად, პ. ს-ი არის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე და საქართველოში ხანგრძლივად არ უცხოვრია. ასეთ ვითარებაში პ. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი პ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის 2020 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებაში პ. ს-ის ბრალდებულად ცნობის თაობაზე და ისჯება ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – პალვინდერ სიგჰის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე