საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1227აპ-23 თბილისი
ა-ი რ., 1227აპ-23 21 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენით რ.ა-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 6-6 წლითა და 3-3 თვით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და რ. ა-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ასევე შთანთქა წინა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 8 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა – და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 2 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ.ა-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (სამი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით რ.ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
· 2021 წლის აგვისტოში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა რ.ა-მა განიზრახა, თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებოდა ნ. გ-ის კუთვნილ 6 სულ ხბოს. განზრახვის განსახორციელებლად მან მოიპოვა რა ნ. გ-ის ნდობა, 2021 წლის აგვისტოში ა-ის რაიონის სოფელ ო-ი მდებარე ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თანხის მომავალში გადახდის ცრუ დაპირებით, დაეუფლა ნ. გ-ის კუთვნილ 3 სულ ხბოს. ამ ფაქტიდან მეორე დღეს რ.ა-ი კვლავ მივიდა ა-ის რაიონის სოფელ ო-ი მდებარე ნ. გ-ის საცხოვრებელ სახლში და მის მეუღლეს – ჟ. დ-ს – განუცხადა, რომ, თითქოს, ნ. გ-თან იყო შეთანხმებული მასზედ, რომ წაეყვანა მისი კუთვნილი 3 სული ხბო. ჟ. დ-ი დასთანხმდა და რ.ა-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, კვლავ დაეუფლა ნ. გ-ის კუთვნილ 3 სულ ხბოს. რ. ა-ის აღნიშნული ქმედებით ნ. გ-მა განიცადა ჯამურად 3300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით რ.ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა რ.ა-მა განიზრახა, თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებოდა ი. ი-ის ერთ სულ დეკეულს. განზრახვის განსახორციელებლად მან მოიპოვა ილია იდიძის ნდობა და 2021 ოქტომბრის თვეში ა-ის რაიონის სოფელ - ა-ში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თანხის მომავალში გადახდის ცრუ დაპირებით, დაეუფლა ი. ი-ის კუთვნილ ერთ სულ დეკეულს. აღნიშნული ქმედებით ი. ი-ემ განიცადა 1600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით რ.ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2021 წლის დეკემბერში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა რ.ა-მა განიზრახა, თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებოდა მ. თ-ის კუთვნილ ერთ სულ ხბოს. განზრახვის განსახორციელებლად მან მოიპოვა მ. თ-ის ნდობა და 2021 წლის დეკემბერში ა-ის რაიონის სოფელ ვ-ში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თანხის მომავალში გადახდის ცრუ დაპირებით, დაეუფლა მ. თ-ის კუთვნილ ერთ სულ ხბოს. აღნიშნული ქმედებით მ. თ-მა განიცადა 600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ.ა-მა, რომელიც ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, მისი კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულთა პოზიცია (მათთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია და ამიტომ არ აქვთ პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ), განზრახი დანაშაულების ჩადენა გამოსაცდელ ვადაში და რ.ა-ს როგორც თითოეული ეპიზოდისათვის, ისე – დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით – განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლითა და 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მსჯავრდებულის მოთხოვნა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ საფუძველს მოკლებულია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაიშვას განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე