საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1229აპ-23 თბილისი
ა-ე ა., 1229აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენით ა. ა-ე, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა. ა-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 29 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ა. ა-ემ ჩაიდინა: ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით; განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, 23:30 საათზე, თ-ში, დ. გ-ის გამზირის №- საცხოვრებელი კორპუსის №- სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ა. ა-ე ცდილობდა, აშკარად, ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, დაუფლებოდა ნ. რ-ას კუთვნილ, 2800 ლარად ღირებულ, „WANGYE EIVISSA 150CC-ის“ მარკის მოპედს (სახელმწიფო №---). კერძოდ, ა. ა-ე ზემოაღნიშნული ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელ ე. მ-ს დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და შეეცადა, დაუფლებოდა მოპედს (სახელმწიფო №---), რაც მან ვერ აღასრულა ე. მ-ის წინააღმდეგობის გამო. ა. ა-ის ქმედებით ე. მ-ს მიადგა მორალური, ხოლო ნ. რატიას, შესაძლოა, მისდგომოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2022 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, 23:30 საათზე, თ-ში, დ. გ-ის გამზირის №- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო შეღწევის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ა. ა-ე, ე. მ-ის თანდასწრებით, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვალერიან ც-ის კუთვნილ, 12500 ლარად ღირებულ, „SUZUKI CARRY-ის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას, ტრანზიტული ნომრით – -. ა. ა-ის ქმედებით ვ. ც-ეს მიადგა 12500 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა თ. მ-ემ. დაცვის მხარე ითხოვს ა. ა-ის გამართლებას მოპედის ძარცვის ნაწილში, ავტომანქანის ეპიზოდში კი – ქმედების დაკვალიფიცირებას ქურდობით, ასევე – სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულების: ნ. რ-ასა და ვ. ც-ის, მოწმე ე. მ-ის ჩვენებები, პირის ამოცნობის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღების, ინფორმაციის გამოთხოვის, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, სასაქონლო, დაქტილოსკოპიური, კრიმინალისტიკური, ოდოროლოგიური, ქიმიური ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. ა-ის საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. კერძოდ:
7.1. დაზარალებულ ნ. რ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 29 აგვისტოს პოლიციიდან აცნობეს სადარბაზოს შესასვლელიდან მოპედის წაყვანის მცდელობის შესახებ; ა. ა-ეს არ იცნობს და მისთვის არ მიუცია მოპედით სარგებლობის უფლება.
7.2. დაზარალებულ ვ. ც-ის ჩვენების მიხედვით, ავტომანქანების განსათავსებელი ადგილი არის შემოსაზღვრული და აქვს ჭიშკარი; ე. მ-მა უთხრა მისი ავტომანქანის წაყვანამდე ა. ა-ესთან, რომელიც ცდილობდა მოპედის წაყვანას, შეხლა-შემოხლის თაობაზე,; ა. ა-ეს არ ჰქონია მისი ავტომანქანის წაყვანის უფლება.
7.3. მოწმე ე. მ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, 23:30 საათზე, ა. ა-ეს უნდოდა მოპედის წაყვანა, რომელიც ეჭირა ცალი ხელით, მეორე ხელით კი იქნევდა დანას მისი მიმართულებით და დაჟინებით ითხოვდა მოპედის გადაცემას; მოწმემ არ მისცა მას მოპედის წაყვანის საშუალება და დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში ეძიძგილავებოდა; ამის შემდეგ ა. ა-ემ უთხრა, რომ წაიყვანდა ვ-ის მანქანას და დაიძრა იქვე მდებარე ავტოსახელოსნოს მიმართულებით; იქიდან გამოიყვანა თეთრი ფერის პატარა სატვირთო ავტომობილი; ა. ა-ეს იცნობდა, როგორც იქ მცხოვრებ მეზობელს.
7.4. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2022 წლის 29 აგვისტოს მოწმე ე. მ-მა ამოიცნო ა. ა-ე.
7.5. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით (რომლის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა თ. თ-ემ), ავტომანქანის კარის გარე ზედაპირიდან ამოღებული კვალი №- იდენტურია ერთიან ბაზაში რიცხული ა. ა-ის მარცხენა ხელის ნეკა თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
7.6. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ. ჩ-ემ) დადგენილია, რომ ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ა. ა-ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
7.7. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად (რომელთა სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა: მ. ჯ-მა და ზ. შ-ემ), ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2004 წელს გამოშვებული, „SUZUKI CARRY-ის“ მარკის ავტომანქანის (ტრანზიტული №-) საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 12500 ლარს, ხოლო „WANGYE EIVISSA 150CC-ის“ მარკის მოპედისა (სახელმწიფო №---) – 2800 ლარს.
7.8. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით (რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ი. მ-მა), ავტომანქანა „SUZUKI CARRY-ის“ მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილიდან წებოვანი ფირით ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ მომწვანო-მოხაკისფრო ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ა. ა-ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მომწვანო-მოხაკისფრო ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
7.9. მოწმე ე. მ-ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, საიდანაც ირკვევა, რომ ჩანაწერში ჩანს, როგორ მიდის სადარბაზოს შესასვლელთან გაჩერებულ მოპედთან ა. ა-ე და ცდილობს მის წაყვანას, რის საშუალებასაც არ აძლევს ე. მ-ი, ამიტომ ა. ა-ე ტოვებს იმ ადგილს, შემდეგ კი (22:43:40 საათზე) კადრში ჩანს, რომ ინთება ავტომანქანის მაშუქები და დ. გ-ის გამზირის №- მიმდებარე ტერიტორიიდან გადის ავტომანქანა. ამასთან, არ გამოვლენილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევები ინფორმაციის გამოთხოვისა და შემდგომში – მისი დათვალიერების დროს. ასევე არ იკვეთება მოწმე ე. მ-ის რაიმე სახის ინტერესი მსჯავრდებულის მიმართ, მისი ჩვენება გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით და, შესაბამისად, ამ ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
8. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის აშკარა სურათს, რომ ა. ა-ემ სცადა მოპედის აშკარა დაუფლება, ხოლო ავტომანქანას დაეუფლა.
9. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ავტომანქანის ეპიზოდში მსჯავრდებულის ქმედების ქურდობით დაკვალიფიცირების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: ქურდობა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა, რა დროსაც დამნაშავეს სურს, დანაშაულის ჩადენისას თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე – სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს. ქურდობის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია. ფარულობის სუბიექტური კრიტერიუმი მდგომარეობს დამნაშავის სურვილში, დანაშაული ჩაიდინოს ფარულად, ასევე – იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისაგან შეუმჩნევლად, თუმცა, შესაძლოა, მისი ქმედება აშკარა ხასიათს ატარებდეს. რაც შეეხება ძარცვას, მისთვის დამახასიათებელია აშკარა ხასიათი, რაც ამ დანაშაულს უფრო საშიშს ხდის საზოგადოებისათვის. ძარცვის დროს ხდება სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება აშკარად, თვალნათლივ ან იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ან სხვა ადამიანისათვის. ამ დროს დამნაშავემ იცის, რომ შემსწრე პირებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი.
10. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ავტომანქანის ეპიზოდში ა. ა-ის ქმედება სწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით, რადგან, როგორც მოწმე ე. მ-ის ჩვენებით დადგინდა, მას შემდეგ, რაც ა. ა-ემ ვერ მოახერხა, დაუფლებოდა ნ. რ-ას მოპედს, თქვა, რომ წავიდოდა და წაიყვანდა ვალერის (ვალერიან ც-ის) მანქანას, რაც გააკეთა კიდეც. ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მოქმედება ატარებდა აშკარა ხასიათს, როგორც თვითონ, ისე – დანაშაულის შემსწრე მოწმეს გააზრებული ჰქონდათ ქმედების დანაშაულებრიობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ა. ა-ის ქმედებები სწორადაა დაკვალიფიცირებული.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ ა. ა-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.
12. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის როგორც თითოეული მუხლით, ისე – საბოლოო სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი შეფარდებულია ა. ა-ის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 58-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
13. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
16. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე