Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1224აპ-23 თბილისი

ბ-ი ბ., 1224აპ-23 6 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ბ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულებაში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

§ 2021 წლის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული 2022 წლის 17 ივნისამდე დროის განმავლობაში გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში თანაცხოვრების პერიოდში, ბ. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, - წელს დაბადებულ შვილს – ა. ბ-ას – გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, აიძულებდა ქორწინებას, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც კაცისა და ოჯახის უფროსის, გადაწყვეტილებას და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა ი. ბ-ზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარ მისცემდა სწავლის გაგრძელების საშუალებას და სახლიდან გააგდებდა.

§ 2022 წლის 18 ივნისიდან მოყოლებული 2023 წლის 27 აპრილამდე დროის განმავლობაში გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში თანაცხოვრების პერიოდში, ბ. ბ. - წელს დაბადებულ შვილს – ა. ბ-ას – გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, აიძულებდა ქორწინებას, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც კაცისა და ოჯახის უფროსის, გადაწყვეტილებას და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა ი. ბ-ზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარ მისცემდა სწავლის გაგრძელების საშუალებას და სახლიდან გააგდებდა.

§ 2022 წლის ივლისში გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ბ-მა შვილს – ა. ბ-ას – გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, აიძულა, დამორჩილებოდა მამის, როგორც კაცისა და ოჯახის უფროსის, გადაწყვეტილებას და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა ი. ბ-ზე, უარის მიღების გამო კი ბ. ბ-მა ა. ბ-ას გაშლილი ხელი შემოარტყა სახეში, თმაში ჩაავლო ხელი, ძლიერად მოქაჩა და შეანჯღრია რამდენჯერმე. შედეგად ა. ბ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის განაჩენით ბ. ბ., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ლაშა მერაბიშვილი ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. გამართლებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. მ. შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №746აპ-19, №674აპ-20, №1161აპ-23).

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ბ. ბ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია. დაზარალებულმა ა. ბ-ამ (ბრალდებულის შვილმა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით.

9. გარდა დაზარალებულის ამგვარი პოზიციისა, სასამართლოში დაკითხული მოწმეებიდან არცერთმა არ მისცა ბ. ბ-ის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 5 მაისის №- დასკვნის მიხედვით, ა. ბ-ას სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაზარალებულზე ფიზიკურად არ უძალადიათ. სასამართლოში საქმის განხილვისას არ დადასტურდა შემაკავებელ ორდერში ასახული ინფორმაცია, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი კი არ არის საკმარისი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. რაც შეეხება შეტყობინების ავტორს, იგი ვერ ასახელებს არა მხოლოდ ინფორმაციის წყაროს, არამედ სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა მიწოდებული ინფორმაციის შინაარსობრივი მხარეც.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ბარის ბალაჯანოვი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე