Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №993აპ-23 თბილისი

გ. ლ., 993აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ლ. გ-ისა და ლ. ვ-ის ადვოკატის – ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით:

§ ლ. გ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2020 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) – 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის მოხდისგან სრულად გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე; 273-ე მუხლით (2020 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) – 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის მოხდისგან სრულად გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ და მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; 2020 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ და მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; 2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ და მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; 2020 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. გ-ეს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განაჩენითა და 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. გ-ეს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 15 ოქტომბრიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

§ ლ. ვ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის მოხდისგან სრულად გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე; 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; 2020 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; 2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; 2020 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; 2020 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; 2020 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; 2020 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა და უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ვ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 15 ოქტომბრიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. განაჩენის მიხედვით, ლ. გ-ეს მსჯავრად დაედო:

· ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული (სამი ეპიზოდი);

· ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

· ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

3. ლ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2020 წლის 11 სექტემბერს, თ-ში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით ნასამართლევმა ლ. გ-ემ, ლ. ვ-თან ერთად, 150 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ-ზე უკანონოდ გაასაღა მათ მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.027 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ზ. გ-ისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o 2020 წლის 15 სექტემბერს, თ-ში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით ნასამართლევმა ლ. გ-ემ, ლ. ვ-თან ერთად, 150 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ-ზე უკანონოდ გაასაღა მათ მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.0345 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ზ. გ-ისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o 2020 წლის 19 სექტემბერს, თ-ში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით ნასამართლევმა ლ. გ-ემ, ლ. ვ-თან ერთად, 150 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ-ზე უკანონოდ გაასაღა მათ მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.01033 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ზ. გ-ისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევ ლ. გ-ეს, 2020 წლის 15 ოქტომბერს, ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი;

o ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა ლ. გ-ემ, 2020 წლის 11 სექტემბერს, თ-ში, ზ. გ-ზე უკანონოდ გასაღების მიზნით, ლ. ვ-თან ერთად, უკანონოდ შეიძინა და ზ. გ-ზე გასაღებამდე ასევე უკანონოდ ინახავდა 0.00098 გრამ ნარკოტიკულ ნივთიერება „მორფინსა“ (ფუძე) და 0.00039 გრამ ნარკოტიკულ ნივთიერება „კოდეინს“ (ფუძე), რომლებიც 2020 წლის 11 სექტემბერს ზ. გ-ისაგან ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

4. განაჩენის მიხედვით, ლ. ვ-ს მსჯავრად დაედო:

· ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (სამი ეპიზოდი);

· ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გასაღება (სამი ეპიზოდი);

· მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.

5. ლ. ვ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2020 წლის 11 სექტემბერს, თ-ში, ლ. ვ-მა და ლ. გ-ემ, 150 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ-ზე უკანონოდ გაასაღეს მათ მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.027 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ზ. გ-ისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o 2020 წლის 15 სექტემბერს, თ-ში, ლ. ვ-მა და ლ. გ-ემ, 150 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ-ზე უკანონოდ გაასაღეს მათ მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.0345 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ზ. გ-ისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o 2020 წლის 19 სექტემბერს, თ-ში, ლ. ვ-მა და ლ. გ-ემ 150 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ-ზე უკანონოდ გაასაღეს მათ მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.01033 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ზ. გ-ისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o 2020 წლის 12 სექტემბერს, თ-ში, ლ. ვ-მა, 150 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ-ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.0388 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ზ. გ-ისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o 2020 წლის 24 სექტემბერს, თ-ში, ლ. ვ-მა, 150 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ-ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.08076 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ზ. გ-ისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o 2020 წლის 29 სექტემბერს, თ-ში, ლ. ვ-მა, 200 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ-ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.0465 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ზ. გ-ისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o ლ. ვ-მა უკანონოდ შეიძინა 26.18 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომელსაც 2020 წლის 16 ოქტომბერს ასევე უკანონოდ ინახავდა თ-ში, რ-ის - №-ის, მე- კორპუსის ბინა №-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების – ლ. გ-ისა და ლ. ვ-ის ადვოკატებმა ლ. ბ-ემ და თ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა გამართლება, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებასთან მიმართებით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულთა ადვოკატების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – ლ. გ-ისა და ლ. ვ-ის ადვოკატმა, ლ. ბ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულთა გამართლებას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ლ. გ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა (ორი ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ და მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; სამი ეპიზოდი), ხოლო ლ. ვ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებითა (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; სამი ეპიზოდი) და 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია; სამი ეპიზოდი). ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის, მსჯავრდებულთა მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასთან მიმართებით), რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

12. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

13. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების – ლ. გ-ისა და ლ. ვ-ის ადვოკატის – ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე