საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1300აპ-23 თბილისი
გ-ა ლ., 1300აპ-23 27 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის განაჩენით ლ. გ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა – და ლ. გ-ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 15 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ-ამ ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 8 თებერვალს, დღის საათებში, თ-ში, მ. გ-ის გამზირის №--ში მდებარე სს “ს. რ-ის“ კუთვნილი მაღაზია “ს-იდან“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი ლ. გ-ა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 20 ლარად ღირებულ „არომაგეოს“ ჰაერის არომატიზატორს, რითიც დაზარალებულ სს “ს. რ-ს“ მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის 7 აპრილს, შუადღის საათებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ლ. გ-ამ უკანონოდ შეაღწია თ-ში, კ. მ-ის ქუჩის №--ის №- კორპუსში მდებარე ნ. ა-ის საცხოვრებელ №- ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ. თ-ის კუთვნილ ნივთებს, ნ. ა-ის კუთვნილ ფულად თანხასა და სხვადასხვა ნივთს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ. დ-ა ითხოვს განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ლ. გ-ასათვის 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, ერთი მესამედის პირობითად ჩათვლას, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად (განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, აქედან, ასევე სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, ერთი მესამედის პირობითად ჩათვლას; განაჩენის დანარჩენი ნაწილის –უცვლელად დატოვებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებასა და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ლ. გ-ას, როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და სათანადო მუხლებით დადგენილი სანქციების ფარგლებშია. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი გამოსაცდელ ვადაში პირობით მსჯავრდებულის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის დანიშვნის თაობაზე. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. სააპელაციო პალატამ, ზემოჩამოთვლილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გამოიყენა სასჯელთა სრულად შთანთქმის პრინციპი და მსჯავრდებულ ლ. გ-ას განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციების მინიმუმთან მიახლოებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელები.
8. კასატორი ასევე ითხოვს მსჯავრდებულისათვის სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლას. იმის გათვალისწინებით, რომ ლ. გ-ამ ახალი დანაშაულები ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.
9. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სიმძიმის, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ლ. გ-ას დანიშნული აქვს სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომლის შემსუბუქების საფუძველი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
10. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაიშვას განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე