Facebook Twitter

¹ბს-1626-1200(კ-05) 31 მაისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) _ გ. ი-ი და გ. მ-ი, წარმომადგენელი დ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები):

1. მარნეულის რაიონის გამგეობა, წარმომადგენლები: თ. ფ-ი, ბ. ნ-ე

2. მარნეულის რაიონის სოფ. ქუთლიარის საკრებულო, ... _ ა. შ-ი

მესამე პირი _ რ. გ-ი

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 24 მაისს გ. ი-მა და გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს მდივნის _ ჯ. ზ-ის, მარნეულის რაიონის გამგეობისა და ა. შ-ის მიმართ და მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 ოქმის ბათილად ცნობა, საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილებისა და სამუშაოზე აღდგენა, საკრებულოს ბეჭდის, გასაღებებისა და ხელყოფილი დოკუმენტების დაბრუნება, აგრეთვე, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვეს.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს წევრები იყვნენ, ხოლო გ. ი-ი ამავე დროს აღნიშნული საკრებულოს გამგებელსაც წარმოადგენდა. 2004 წლის 12 მაისს მარნეულის რაიონის გამგებლის მოადგილე ტ. გა-მა გ. ი-ი მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად თავისთან დაიბარა, მათ დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ მის მიერვე მომზადებული განცხადებები გადასცა და მუქარით, შანტაჟითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულა მოსარჩელეები, ხსენებულ განცხადებებზე ხელი მოეწერათ. ტ. გა-მა იმავე დღეს მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს მდივანს საკრებულოს ბეჭედი და გასაღებები ჩამოართვა და ა. შ-ს ჩააბარა. მოსარჩელეებმა აღნიშნულ უკანონობასთან დაკავშირებით, მოიწვიეს დეპუტატები, ამომრჩევლები და მიიღეს გადაწყვეტილება, ტ. გა-ის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიისა და მარნეულის რაიონის პროკურატურისათვის მიემართათ. გ. ი-მა და გ. მ-მა მარნეულის რაიონის გამგებელ ა. შ-ესა და მის მოადგილე ტ. გა-ს დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ მათი ზეწოლის ქვეშ ხელმოწერილი განცხადებების განადგურება და სამსახურში აღდგენა მოსთხოვეს, თუმცა ისინი უკანონოდ ჩატარებულ სესიაზე, 2004 წლის 12 მაისს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელეებმა 2004 წლის 10 ივნისს სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს და სოფ. ქუთლიარის საკრებულოს გამგეობის დეპუტატთა 2004 წლის 12 მაისის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და ა. შ-ის სამუშაო ოთახიდან გამოსახლება მოითხოვეს.

2004 წლის 20 დეკემბერს გ. ი-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხედ მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულო მიუთითა. გ. ი-მა საკრებულოს 2004 წლის 12 მაისს ¹1 ოქმის ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა. მისი განმარტებით, იგი 2002 წლიდან იყო მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს წევრი _ დეპუტატი და ამავე დროს _ საკრებულოს გამგებელი. მოპასუხემ 2004 წლის 12 მაისს ¹1 ოქმი შეადგინა იმის თაობაზე, თითქოს მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს სესია ჩატარდა და მოსარჩელეები სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებული. მოსარჩელის თქმით, საკრებულოს სესია საერთოდ არ ჩატარებულა, რასაც მოწმეებიც ადასტურებდნენ. ამასთანავე, თუ იგი ჩატარებულად მიიჩნეოდა, მისი მოწვევა და ჩატარება, შესაბამისად, თავმჯდომარისა და ნუმერაციის საკითხი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო.

მოსარჩელე დამატებით მიუთითებდა, რომ ხსენებულ სესიაზე მისი და გ. მ-ის უფლებამოსილების საკითხი ისე გადაწყდა, რომ მათთვის აღნიშნულის შესახებ არ უცნობებიათ, შესაბამისად, საკრებულოს არც “განმცხადებელთა" ახსნა-განმარტება მოუსმენია ამ საკითხზე. მეტიც, ხსენებულ ე.წ. განცხადებებს ადრესატი არ ჰყავდა და არც სადმე იყო რეგისტრირებული, ამდენად, იგი ოფიციალურ განცხადებად არ უნდა მიჩნეულიყო, შესაბამისად, არც მსვლელობა მისცემოდა.

დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაზე მოპასუხე ა. შ-მა სასამართლოში შესაგებელი წარადგინა და მიუთითა შემდეგზე:

გ. ი-ის მიმართ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მოტივით, აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და მისი განხილვა საოლქო სასამართლოში მიმდინარეობდა. აღნიშნულ საქმეზე საპროცესო შეთანხმება იქნა მიღწეული, რაც გულისხმობდა, რომ ბრალდებულმა _ გ. ი-მა დანაშაული აღიარა.

მოპასუხე უსაფუძვლოდ მიიჩნევდა გ. ი-ის მტკიცებას იმის შესახებ, თითქოს განცხადების დაწერა მუქარისა და ზეწოლის შედეგად მოხდა და განმარტავდა, რომ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს რაიონის პროკურატურისათვის არ მიუმართავს, რაც აღნიშნული ფაქტის უსაფუძვლობას მოწმობდა.

ა. შ-ის განმარტებით, სოფ. ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 ოქმი შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, კერძოდ: “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22.5 მუხლის “ა" ქვეპუნქის თანახმად, საკრებულოს წევრს პირადი განცხადებით უწყდება უფლებამოსილება. ამავე კანონის 22.6 მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საკრებულო იღებს ცნობად. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ" კანონის 6.1 მუხლის “ა" ქვეპუნქტი მის მიმართ გამამტყუნებელი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლას უთითებს. ა. შ-ის თქმით, გ. ი-ის მიმართ ზემოხსენებული ყველა გარემოება არსებობდა, შესაბამისად, კანონიერი იყო მისი უფლებამოსილების შეწყვეტაც.

მოპასუხემ მიიჩნია, რომ სარჩელი არასათანადო მოპასუხეების მიმართ იყო შეტანილი, რაც მის სარჩელზე უარის თქმის საფუძველს იძლეოდა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიაურის საკრებულოს დეპუტატ რ. გ-ის განცხადება და იგი მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება.

2005 წლის 25 მარტს ყ. მ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს და საბოლოოდ მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიაურის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის სესიის ¹1 ოქმის ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა, აგრეთვე გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ი-ისა და გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 ოქმი; მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისა და საკრებულოს ...დან გ. ი-ის გადადგომის შესახებ გ. ი-ისა და გ. მ-ის განცხადებების განხილვა და გადაწყვეტა დაევალა; მოსარჩელეებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე უარი ეთქვათ.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს 204 წლის 12 მაისის სესია მოწვეულ და ჩატარებულ იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 15.2 და 16.4 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნულ სესიაზე დაამტკიცეს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები _ ყ. მ-ისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისა და მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს წევრებად (კრებას თავმჯდომარეობდა აღნიშნული საკრებულოს წევრი ა. ბ-ი) ა. შ-ისა და რ. გ-ის დამტკიცების შესახებ. დაირღვა, აგრეთვე, “ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნა საკრებულოს წევრის განცხადებით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს, რაც მას არ გაუკეთებია.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა, რამდენადაც ეს საკითხი საკრებულოს ფაქტობრივად არ განუხილავს და არ გადაუწყვეტია. სასამართლომ კი მტკიცება იმის Aშესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ განცხადებების დაწერა მუქარისა და ზეწოლის შედეგად მოხდა, არ გაიზიარა, ვინაიდან საკრებულოს წევრის თანამდებობა არ არის დანიშვნითი, იგი არჩევითია, არავის ემორჩილება და არავინ იყო უფლებამოსილი, აღნიშნული იძულება განეხორციელებინა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს გამგებელმა ა. შ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტის თქმით, მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, მათი განცხადებების საფუძველზე, მათზე ყოველგვარი ზეწოლისა და მუქარის გარეშე. მისივე თქმით, მოსარჩელეებს განცხადება რომც არ დაეწერათ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნული შედეგი მაინც დადგებოდა, ვინაიდან საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას თავისთავად გამოიწვევდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ი-ისა და გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ი-მა და გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს: მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის @¹1 ოქმის ბათილად ცნობა, საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილებისა და სამუშაოზე აღდგენა, საკრებულოს ბეჭდის, გასაღებებისა და ხელყოფილი დოკუმენტების დაბრუნება და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის “დ" ქვეპუნქტი (იმ დროს მოქმედი რედაქციით), “ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 16.2 მუხლი და მე-17 მუხლი მიუთითეს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 ოქმი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე მოკლებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის “დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფლებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ მარნეულის რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 31.3 მუხლები), გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-15 და მე-16 მუხლები) და არასწორად განმარტა კანონი (“ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლი).

სასამართლოს მტკიცებით, მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 ოქმით საკრებულოს სესიაზე დამსწრე წევრების მიერ გ. ი-ისა და გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ დასტურდებოდა. მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 ოქმის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოკლებული იქნებოდა სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 342.1 მუხლით, ხოლო ამავე კოლეგიის 2005 წლის 24 მარტის განჩინებით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლითაც გ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 332.1 მუხლით, ამასთან, გ. ი-ს მიესაჯა ჯარიმა და ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 6 თვის ვადით. სასამართლოს განმარტებით, გ. ი-სა და გ. მ-ს აღნიშნული განჩნების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 6.1 მუხლის “გ" ქვეპუნქტის თანახმად, თავისთავად შეუწყდათ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, რაც მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ი-მა და გ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლი _ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა კანონზე, რომლითაც იხელმძღვანელა, აგრეთვე, არასწორად მიიჩნია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 ოქმი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე მოკლებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის “დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებნა, კერძოდ, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 19.3 მუხლი, რომელიც საკრებულოს სხდომის ოქმს შეეხება და ადგენს, რომ საკრებულოს სხდომის ოქმი ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, ეს მოთხოვნები კი სწორედ რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვითაა დადგენილი.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნაც გადაწყვეტილების ფარგლების შესახებ, რადგან კიდევ ერთხელ იმსჯელა და არ დააკმაყოფილა სარჩელი ამ ნაწილში, რომელიც უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, კერძოდ, არ გამოიკვლია და არ შეაფასა, თუU რამდენად შეესაბამებოდა კანონს მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 ოქმი, რამდენადაც აღნიშნული ოქმის შედგენით დარღვეული იყო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.

კასატორის განმარტებით, მათ მიერ გამხდარი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას არავითარი კავშირი არ აქვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 12 ივლისისა და 2005 წლის 24 მარტის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებებთან, ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მათზე მითითება უკანონო იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 იანვრის განჩნებით გ. ი-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე წლის 15 მარტის განჩინებით იგი დაშვებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ გ. ი-ის და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის და ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. ი-ი და გ. მ-ი სარჩელით მოითხოვდნენ მარნეულის რაიონის სოფ. ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენას იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადება დაწერილი იყო მუქარისა და შანტაჟის შედეგად და იგი მათ ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სოფ. ქუთლიარის საკრებულოს სდომის ოქმი იმ მოტივით, რომ მისი მოწვევა და ჩატარება ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა. მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა და დაუსაბუთებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მიერ განცხადებების დაწერისას მათი ნამდვილი ნება გამოვლენილი არ ყოფილა და აღნიშნული ზეწოლისა და მუქარის შედეგს წარმოადგენდა. ამავე გადაწყვეტილებით საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეთა შრომითი მოწყობის საკითხზე სოფ. ქუთლიარის საკრებულოს გადაწყვეტილების მიღება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე გ. ი-სა და გ. მ-ს არ გაუსაჩივრებიათ, მასზე სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მოპასუხე მარნეულის რაიონის სოფ. ქუთლიარის საკრებულოს გამგებელმა ა. შ-მა წარადგინა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს კასატორების მტკიცებაზე იმის შესახებ, რომ მათ მიერ განცხადებების დაწერა იძულებისა და ზეწოლის შედეგად მოხდა, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სსაამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიმე სახის ზეწოლა ან იძულება არ დასტურდებოდა. მოსარჩელეთა მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. დამატებით აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად სოფ. ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 14 მაისის სხდომაზე გ. ი-ის განმარტებისა, რომ იგი რაიონის ხელმძღვანელობის მიერ მათ მიმართ ზეწოლისა და იძულების ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისათვის პროკურატურას მიმართავდა, აღნიშნულ განცხადებას მსვლელობა არ მისცემია, უცნობია, მოსარჩელეებმა აღნიშნული მოთხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს თუ არა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 და 407.1 მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საკასაციო საჩივრის ფარგლებს გასცდეს და იმსჯელოს იმ საკითხზე, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განხილვის საგანი არ ყოფილა.

საქმეში წარმოდგენილია ასევე მოსარჩელეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები, კერძოდ, თილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2005 წლის 24 მარტს განიხილა ბრალდებულ გ. ი-ის საქმე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და მიესაჯა ჯარიმა, ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას ექვსი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთა (ს.ფ. 268). ამავე კოლეგიის 2004 წლის 12 ივლისის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის (სამსახურებრივი გულგრილობა) შესაბამისად და მიესაჯა ჯარიმა, ამასთან, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი (ს.ფ. 260), ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის განაჩენით განხილულ იქნა სოფ. ქუთლიარის საკრებულოს ყოფილი მდივნის - ჯ. ზ-ის ბრალდების საქმე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) თანახმად ჩადენილი დანაშაულისათვის და ჯარიმა მიესაჯა. ამასთან, ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება (ს.ფ. 265).

საკასაციო სასამართლო ყურადებას მიაქცევს კანონისმიერ დათქმას იმის შესახებ, რომ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პირობად მიჩნეულია დეპუტატის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა (,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 22.5 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტი, ,,ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ კანონის 6.1 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტი). ხოლო ის გარემოება, რომ გ. ი-ის და გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები და ისინი შესულია კანონიერ ძალაში, უდავოდ დასტურდება საქმის მასალებით.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებიც: 2002 წლის 20 ივნისს შედგა სოფ. ქუთლიარის სოფლის საკრებულოს I ყრილობის I სესია, რომელსაც ესწრებოდნენ ახლად არჩეული დეპუტატები: გ. ი-ი, ჯ. ზ-ი, გ. მ-ი, ა. ბ-ი, მ. ა-ი. ამავე სხდომაზე საკრებულოს ...ედ დეპუტატი გ. ი-ი, ხოლო ...ად ამავე საკრებულოს დეპუტატი ჯ. ზ-ი იქნენ არჩეული (ს.ფ.11). სოფ. ქუთლიარის საკრებულოს სესიის 2004 წლის 12 მაისის ¹1 სხდომაზე განხილულ იქნა საკრებულოს ყოფილი წევრების: გ. ი-ისა და გ. მ-ის პირადი განცხადებები უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, საკრებულომ დაადგინა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით სოფ. ქუთლიარის სოფლის საკრებულოს დეპუტატობის უფლებამოსილება ენიჭებოდათ კანდიდატობის შემდეგ წევრებს: რ. გ-სა და ა. შ-ს, რის შედეგადაც 2004 წლის 12 მაისისათვის საკრებულოს წევრები გახდნენ: 1. ა. შ-ი, 2. ჯ. ზ-ი, 3. ა. ბ-ი, 4. რ. გ-ი, 5. მ. ა-ი. ამავე სხდომაზე სოფ. ქუთლიარის საკრებულოს ...ედ ა. შ-ი აირჩიეს (ს.ფ. 75).

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული 2004 წლის 12 მაისის საკრებულოს სხდომის ოქმი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილების მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სოფ. ქუთლიარის საკრებულოს სხდომაზე 2004 წლის 12 მაისს განხილული იყო რამდენიმე საკითხი, კერძოდ, გ. ი-ისა და გ. მ-ის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადებები და მათ ნაცვლად საკრებულოს წევრებად ა. შ-ისა და რ. გ-ის დამტკიცება. ამდენად, უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ 2004 წლის 12 მაისის სხდომის ოქმმა ხსენებულ პირთა მიმართ გამოიწვია სამართლებრივი შედეგი და მოსარჩელეთა უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად საკრებულოს წევრობის ორ კანდიდატს დეპუტატის უფლებამოსილება მიანიჭა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 1.2 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული განისაზვრება როგორც საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობის ორგანო. იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი - გამგეობა (მთავრობა). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტი: იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის შესაბამისადაა გამოცემული და ,,პირთა შეზღუდული წრის" მიმართ სამართლებრივ შედეგს იწვევს. საკასაციო სასამართლო აქვე ნიშანდობლივად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 19.3 მუხლის თანახმად, საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ,,საქმისწარმოების ერთიანი წესები" დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით, რომლის მე-20 მუხლი კოლეგიური ორგანოების სხდომებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების ოქმში შეტანის წესსა და პირობებს ეხება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 22.1 მუხლზე რომლის შესაბამისადაც, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება (,,ა" ქვეპუნქტი). საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საკრებულოს იღებს ცნობად (22.6 მუხლი). ზემოაღნიშნულს ითვალისწინებს ,,ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” კანონის 6.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტიც.

ამდეანდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2004 წლის 12 მაისის სხდომაზე საკრებულოს ჰქონდა უფლება, განეხილა გ. ი-ისა და გ. მ-ის განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული მის კომპეტენციას წარმოადგენდა, ხოლო, რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ ამ საკითხზე საკრებლოს წევრებს კენჭისყრა არ ჩაუტარებიათ და გადაწყვეტილება არ მიუღიათ, სასამართლო კანონდარღვევად ვერ მიიჩნევს, რადგან, როგორც აღინიშნა, დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს წევრის პირადი განცხადება მიიღება ცნობად, ვინაიდან აღნიშნული პირად უფლებას წარმოადგენს დ მასზე კენჭისყრა რაიმე განსხვავებულ შედეგს ვერ გამოიწვევს.

საკასაციო სასამართლო, მართალია, ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სოფ. ქუთლიარის საკრებულოს სხდომის მოწვევისა და ჩატარებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევებს, მაგრამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (დღეს მოქმედი რედაქციით) მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს შეიძლება წარმოადგენს ის გარემოება, თუ აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი არსებით დარღვევად მიიჩნევს კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სოფ. ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის ¹1 სხდომის მოწვევისა და ჩატარებისას ისეთი სახის არსებით დარღვევას არ ჰქონია ადგილი, რომელიც მის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოშობდა. ამრიგად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობა არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ 2004 წლის 12 მაისს საკრებულოს ახალი წევრების ჩანაცვლება კანონდარღვევით მოხდა და განმარტავს შემდეგს: სადავო ოქმით დასტურდება, რომ სხდომას ესწრებოდა და მოხსენება წარმოადგინა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელმაც აღნიშნა. რომ სოფ. ქუთლიარის საკრებულოს წევრების: გ. ი-ისა და გ. მ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მათი პირადი განცხადებების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სოფ. ქუთლიარის საკრებულოს ახალი წევრებისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, ხოლო ის გარემოება, რომ ახალი წევრები გახდნენ კანდიდატობის მე-6 და მე-9 ნომრები, განპირობებული იყო იმით, რომ მათ წინა ნომრად დარეგისტრირებულმა კანდიდატებმა: ტ. დ-მა და ტ. ტ-მა საკრებულოს წევრის უფლებამოსილებაზე უარი განაცხადეს (ს.ფ. 75). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სოფ. ქუთლიარის საკრებულოს 2004 წლის 12 მაისის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც გ. ი-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვნელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ი-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა თანაბარწილად;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.